სამოქალაქო პროტესტის პოლიტიკური იარლიყი დილის საინფორმაციო გამოშვებებში
06.03.2023
რა ხდება?
დღეს, 6 მარტს, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტებს, რომლითაც საპარლამენტო უმრავლესობას — "ოცნებას" და "ხალხის ძალას", სურთ, საქართველოში "აგენტად" გამოაცხადონ დამოუკიდებელი მედია და არასამთავრობო სექტორი, ისევე, როგორც ეს რუსეთში მოხდა.

ამის პარალელურად, პარლამენტის შენობასთან სამოქალაქო პროტესტი მიმდინარეობს, თუმცა,

პრობლემაა, რომ:
  • ტელევიზიების ნაწილი ამბავს აშუქებს სათაურით — "ამერიკული კანონპროექტების განხილვა", იმის მიუხედავად, რომ მათ "საფუძვლად უდევს ანალოგიური რუსული და უნგრული კანონმდებლობა და არა ამერიკული კანონმდებლობა", — ამბობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.
  • ტელევიზიების ნაწილმა, დილის, 10-საათიან საინფორმაციო გამოშვებებში სცადა, ტელემაყურებლისთვის შეექმნათ წარმოდგენა, თითქოს, აქცია, მხოლოდ პოლიტიკური პარტიების მიერ არის ორგანიზებული;
  • და რომ, თითქოს, აქციის მონაწილეები აპროტესტებენ "მეტ გამჭვირვალობას", რაც ასევე მცდარია.

რეალურად, ეს სამოქალაქო პროტესტია,
რადგან წარდგენილ კანონპროექტებში რუსულ შინაარსს ხედავს არამხოლოდ პოლიტიკური ოპოზიცია, არამედ:
  • დამოუკიდებელი მედია;
  • მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები;
  • სამეცნიერო სფერო;
  • სახელოვნებო სფერო;
  • არასამთავრობო სექტორი, რომელთა საქმიანობა, მათ შორის, მოიცავს ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისა და ქალების, შშმ პირების, მშრომელთა, ახალგაზრდების, უმცირესობების, მეცნიერთა, სოციალურად დაუცველთა, დევნილების, თუ უსახლკარო ადამიანების უფლებრივი მდგომარეობების გაუმჯობესებას და სხვ.
დეტალები:

სამოქალაქო პროტესტი უგულებელყოფილია საზოგადოებრივი მაუწყებლის "მოამბის" 10-საათიანი გამოშვების წამყვანის ტექსტში. ახალი ამბების წამყვანმა მაყურებელს ამ საპროტესტო აქციის შესახებ მოუყვა, რომ:
  • "ამ წუთებში ოპოზიცია "ხალხის ძალის" ინიცირებულ კანონპროექტებს აპროტესტებს. აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის", "ევროპული საქართველოს", "დროას" და სხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები არიან შეკრებილი."
რუსთავი 2-ის 10-საათიანი "კურიერში" წამყვანმა ტელემაყურებელს პროტესტი წარუდგინა, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებული:
  • "აგენტების" ამერიკული კანონპროექტების განხილვა პარლამენტში პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაგეგმა. პარტიის წარმომადგენლები, აქტივისტებთან ერთად, "უცხოური გავლენის აგენტების" თაობაზე მეტ გამჭვირვალობას აპროტესტებენ",— უთხრა "კურიერის" წამყვანმა აუდიტორიას.
ამ არხებისგან განსხვავებით, ის, რომ კანონპროექტების შინაარსს ოპოზიციასთან ერთად, სამოქალაქო სექტორი და მედიაორგანიზაციები აპროტესტებენ, უთხრეს მაყურებელს "იმედზე", საპროტესტო აქციის შესახებ პირდაპირი ჩართვის შემდეგ კი, გამოშვება განაგრძეს ცნობით იმ რამდენიმე პლაკატის შესახებ, რომელიც არასამთავრობო სექტორის "დემონიზებას" ისახავს მიზნად.
საგულისხმოა, რომ ეს პლაკატები გამოჩნდა მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები "ეკლესიის მაგინებლებად" სწორედ ტელეიმედის პირდაპირი ეთერიდან მოიხსენია.

alt

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ