8-9 მარტის საპროტესტო აქციაზე გადამღები ჯგუფები დაშავდნენ
09.03.2023


რა ხდება?

8-9 მარტს რუსთველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის გაშუქებისას სამართალდამცველებმა ხელი შეუშალეს ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობის შესრულებაში.

რას ყვებიან დაზარალებული ჟურნალისტები?

აქციის გაშუქებისას, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს "ფორმულას" რამდენიმე გადამღებ ჯგუფს.

  • "ვერ ვახერხებდი იმ პირების იდენტიფიცირებას, რომლებიც ჩვენს მიმართ იყვნენ აგრესიულები, მათ ეცვათ შავი სამოსი, იყვნენ აღჭურვილი აირწინაღებით და ჯიბეში ჰქონდათ წიწაკის სპრეი, არ ჰქონდათ მინიშნება (წარწერა), რომ იყვნენ ძალოვანები, თუმცა დარბევაში იღებდნენ მონაწილეობას. დასასრულისკენ, როდესაც პოლიცია ცდილობდა, რომ გზა გაეთავისუფლებინა და ხალხს აკავებდა, ამის გადაღების საშუალებას არ გვაძლევდნენ, მიზანმიმართულად, ისეთ ადგილას გადმოვყავდით, საიდანაც არ ჩანდა ეს პროცესი" ამბობს "მედიაჩეკერთან" საუბრისას "ფორმულას ჟურნალისტი სალომე ჩადუნელი, რომელიც ოპერატორ თემო ხუხიასთან ერთად აშუქებდა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას.
  • სამართალდამცველების მხრიდან სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე საუბრობს "ფორმულას" კიდევ ერთი ჟურნალისტი გიორგი კვიჟინაძე, რომელიც ოპერატორ დათო მანიასთან ერთად იმყოფებოდა გადაღებაზე, როგორც ჟურნალისტი იხსენებს, "დაახლოებით დილის 7 საათისთვის ვიმყოფებოდით რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე, როდესაც სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს დასდევდნენ და აკავებდნენ, ერთ-ერთი ასეთი ფაქტის გადაღების დროს 6-7 სამართალდამცველი შემოგვეხვია, გვირტყამდნენ მე და ჩემს ოპერატორს და კამერაზე აფარებდნენ ხელს. "
  • როგორც "ფორმულას" ჟურნალისტი, თეა თეთრაშვილი ამბობს, პარლამენტის ზედა მხარეს, ცდილობდნენ, რომ გადაეღოთ, როგორ ემატებოდა დამატებითი ძალები, სწორედ ამ დროს ხელი ჰკრეს "ფორმულას" ოპერატორს, ნიკა კოკაიას, "მე ვუხსნიდი რომ ჟურნალისტები ვიყავით, მივუთითებდი კამერასა და მიკროფონზე, მაგრამ მიზანმიმართულად თვალებში შემასხეს წიწაკის სპრეი".
დაზარალებულებს შორის არიან გამოცემა "პუბლიკას" ჟურნალისტები, ბასტი მგალობლიშვილი და ალექსანდრე ქეშელაშვილი.
  • "ცრემლსადენი გაზი ჩავყლაპე და ცოტახანი გავჩერდი, იქვე აღმოვაჩინე, რომ პროტესტის მონაწილეებს აკავებდნენ და დავიწყე გადაღება, სწორედ ამ დროს ერთ-ერთმა სამართალდამცველმა დაიყვირა "მოაშორეთ ჟურნალისტებიო" და დაიწყეს ჩემი გადაყვანა ძალის გამოყენებით, როდესაც მათ სიტყვიერ მოთხოვნას ისედაც დავემორჩილე და უკან-უკან მივდიოდი კამერით საითაც მიმითითეს"- ამბობს ალექსანდრე ქეშელაშვილი, მისი გადაღებული ვიდეომასალა "პუბლიკას" ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
  • "როდესაც პარლამენტის წინ სიტუაცია დაიძაბა, წამოვედით პირველი სკოლისკენ და მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავდიოდით, ვიდეოს ვიღებდი, როდესაც ერთ-ერთი სპეცრაზმელი მოვარდა, ამ დროს ჩემმა რედაქტორმა, ნესტან ცეცხლაძემ დაიყვირა, რომ ჟურნალისტები ვიყავით და მეც მეკეთა პრესის ბარათი, მაგრამ ამ ფრაზიდან რამდენიმე წამში სპეცრაზმელმა წიხლი ჩამარტყა, ვიდეოს გადაღება სწორედ ამ მომენტში წყდება, იმედია სათვალთვალო კამერა დააფიქსირებდა ამ შემთხვევას" - ამბობს "ნეტგაზეთის" ჟურნალისტი, მიხეილ გვაძაბია.
"მედიის ადვოკატირების კოალიციას ჰქონდა ცხელი ხაზი ჟურნალისტებისთვის, რადგან მოსალოდნელი იყო, რომ ხელისუფლება ტრადიციულად, უგულებელყოფდა ჟურნალისტების უსაფრთხოებას, ჩვენ პირდაპირ ეთერში ვადევნებდით თვალს და ვაფიქსირებდით, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებს, ხვალიდან იწყება გამოკითხვის პროცედურები და სამი ჟურნალისტი საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზეა დაბარებული" - ამბობს "მედიაომბუდსმენის" ხელმძღვანელი ნათია კაპანაძე.

ცხელი ხაზის ნომერი ჟურნალისტებისთვის 555 79 57 76

ავტორი : თამარ თოიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ