როგორ იქცა 3 თვის უკრაინული სტარტაპი მსოფლიოში წამყვან რეგიონულ გამოცემად
10.10.2022
რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის პირველივე დღეებიდან, ინგლისურენოვანი გამოცემა The Kyiv Independent საერთაშორისო საზოგადოებისთვის ომის შესახებ ამბების ერთ-ერთ ძირითად წყაროდ იქცა.

  • 2022 წლის 24 თებერვლიდან ერთი კვირის შემდეგ, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გამოცემის სარედაქციო სვეტიდან ამონარიდი წაიკითხა.alt
  • 23 მაისს, ამავე გამოცემის მთავარი რედაქტორი, ოლგა რუდენკო, ჟურნალ Time-ის გარეკანზე გამოჩნდა. 
 
მოკლე დროში The Kyiv Independent-მა საერთაშორისო აღიარება და მილიონობით ადამიანის, მათ შორის კანადელი მწერლის, მარგარეტ ეტვუდის, მხარდაჭერა მოიპოვა.

რედაქცია

2021 წლის 8 ნოემბერს, უკრაინაში ყველაზე ძველი ინგლისურენოვანი გამოცემა “კიევ პოსტი”, რომელიც არსებობის 26 წელიწადს ითვლიდა, მფლობელმა დროებით დახურა. გათავისუფლებული ჟურნალისტები მაშინ ამბობდნენ, რომ “კიევ პოსტის” მესაკუთრის ეს ნაბიჯი ნიუსრუმზე სრული კონტროლის მოპოვებასა და სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევას ემსახურებოდა.

3 დღის შემდეგ “კიევ პოსტის” 30-მა ყოფილმა თანამშრომელმა ახალი გამოცემა - “კიევ ინდიფენდენტი” შექმნა და მთავარ რედაქტორად “კიევ პოსტის” ყოფილი მთავარი რედაქტორის მოადგილე ოლგა რუდენკო აირჩია.

“დამოუკიდებელი “კიევ პოსტის” სარედაქციო ჯგუფმა უარი თქვა გაჩუმებაზე. თუკი არ შეგვეძლო “კიევ პოსტის” ბრენდის გადარჩენა, შეგვეძლო მისი ღირებულებები გადაგვერჩინა” - წერს “კიევ ინდიფენდენტის” რედაქცია და თავის ღირებულებებს ასე აყალიბებს:

  • ახალი გამოცემა მოემსახურება თავის მკითხველსა და საზოგადოებას და არავის სხვას.
  • გამოცემა არ იქნება დამოკიდებული მდიდარ მფლობელზე ან ოლიგარქზე. გამოცემა დამოკიდებული იქნება მკითხველებისა და დონორებისგან დაფინანსების მოზიდვაზე და შემდგომ, კომერციულ საქმიანობაზე.
  • ნიუსრუმი გადაწყვეტს და განსაზღვრავს გამოცემის სარედაქციო პოლიტიკას საზოგადოების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. მასზე გავლენის მოხდენის მცდელობა გარედან დაუშვებელია.
  • გამოცემა ყოველთვის ნაწილობრივ მაინც იქნება თავისი ჟურნალისტების საკუთრება.
  • გამოცემა შეეცდება, მიაღწიოს ფინანსურ მდგრადობას მომავალში დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად.

დღეს გამოცემა 33 თანამშრომელს აერთიანებს, მათ შორის არიან ჟურნალისტები, რედაქტორები, ფოტოგრაფები, ოპერატორები, მენეჯერები და მარკეტერები. თუმცა მათი უმრავლესობა (75%) სარედაქციო გუნდის წევრია, დანარჩენები ორგანიზაციის ბიზნეს განვითარებაზე მუშაობენ. სარეკლამო მიმართულებით კი კომპანია გარე გაყიდვების სააგენტოსთან მუშაობს.

"კიევ ინდიფენდენტი” ორგანიზაციული თვალსაზრისით ძალიან ახალგაზრდაა, ჟურნალისტური ტრადიცია კი მრავალწლიანი აქვს. ნიუსრუმი ამჟამად ორგანიზაციის უდიდესი ნაწილია. ეს იყო ახალი ორგანიზაციის ხერხემალი, როდესაც ნიურუმი "კიევ პოსტიდან" "კიევ ინდიფენდენტში" გადმოვიდა.", - გვეუბნება გამოცემის განვითარების ხელმძღვანელი და The Fix Media-ს თანადამფუძნებელი ზახარ პროტსიუკი, რომელსაც თბილისში, “ინტერიუსის” საერთაშორისო კონფერენციაზე ვესაუბრეთ.

ფინანსები

ბევრი დამოუკიდებელი მედიასაშუალებისგან განსხვავებით, “კიევ ინდიფენდენტს” ფინანსურად არ უჭირს. გამოცემამ მუშაობა თავდაპირველად კანადის მთავრობის დახმარებით, გრანტით დაიწყო, თუმცა დღეს მათი შემოსავლის მთავარი წყარო მკითხველისგან მიღებული თანხაა, რომელიც ერთჯერადი და მუდმივი შემოწირულობებისგან შედგება.

  • “კიევ ინდიფენდენტის” gofundme-ის გვერდზე ამ დროისთვის მილიონ-ნახევარ ფუნტ სტერლინგზე მეტია შეგროვებული, ვებგვერდზე ჩანს, რომ ზოგიერთი მხარდამჭერი მინიმალურ თანხას, მაგალითად 7 ფუნტს რიცხავს, ზოგი კი 50 000 ფუნტ სტერლინგს.
  • გამოცემას აქვს Patreon-ის გვერდიც, სადაც მკითხველს თანხის სანაცვლოდ დამატებით ექსკლუზიურ მასალებს სთავაზობს. აქ ამჟამად გამოცემას 7 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს და ყოველთვიურად $71,168 აშშ დოლარს გამოიმუშავებს.

altმედიასაშუალებამ Patreon-ის გვერდი დაფუძნებისთანავე, ნოემბერშივე შექმნა. ერთი თვით ადრე, სანამ ოფიციალური ვებგვერდი ექნებოდათ. მათ იმ პერიოდში უკვე დააგროვეს 500 რეგულარული შემომწირველი.

“ამ ეტაპზე ფული ჩვენი მთავარი პრობლემა არაა. დიდი მხარდაჭერა გვაქვს ჩვენი მკითხველებისგან, რაც კომფორტულ, უსაფრთხო გარემოს გვიქმნის. ჩვენ საკმარისი ფინანსური შესაძლებლობა გვაქვს მომდევნო წელს სამუშაოდ და ვიცით, რომ არაფერი გვემუქრება” - ამბობს ზახარ პროტსიუკი.

ომის გაშუქება თავდაცვის საშუალებებთან და გაზრდილ ხარჯთან არის დაკავშირებული, ამ მხრივ გამოცემამ აღჭურვილობის ნაწილი თავად შეიძინა, დახმარების დიდი ნაწილი კი სხვადასხვა ორგანიზაციისგან მიიღო.

ზახარ პროტსიუკი ამბობს, რომ მკითხველისგან მიღებული თანხის ძირითად შემოსავლად ქცევა იმითაცაა განპირობებული, რომ “კიევ ინდიფენდენტის” ძირითადი აუდიტორია უკრაინის გარეთაა. მკითხველების მესამედი აშშ-დანაა, სადაც ახალ ამბებში თანხის გადახდის კულტურა განვითარებულია. თუმცა ეს კულტურა ნელ-ნელა ყალიბდება უკრაინაშიც.

“რუსეთის სრულმასშტაბიან შემოჭრამდე, 2020 წლიდან ბევრმა მედია პროექტმა დაიწყო გამომწერების პროგრამის შექმნა, მათ შორის “უკრაინსკა პრავდამ” და “ნოვაია ვრემიამ”. მაშინ ბაზარზე პირველად გამოჩნდა ასეთი მოდელები. ახალ ამბებში თანხის გადახდის კულტურა უკრაინაში ნელ-ნელა იცვლებოდა,” - ამბობს პროტსიუკი.

ვინ არის The Kyiv Independent-ის აუდიტორია?

აშშ-ის შემდეგ “კიევ ინდიფენდენტს” ყველაზე მეტად გაერთიანებულ სამეფოში, გერმანიაში, საფრანგეთსა და სხვა ევროპულ ქვეყნებში ეცნობიან. პირველ ათეულშია ინდოეთიც.

გამოცემას ბევრი გავლენიანი და ცნობილი ადამიანიც უჭერს მხარს.

“ეს ჩვენი მუშაობის შედეგია. ვფიქრობ, “კიევ ინდიფენდენტმა” საკუთარი თავი ნამდვილად გააცნო დასავლურ სამყაროს. ჩვენ ვხვდებით სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტებს და ვიცით, რომ ისინი “კიევ ინდიფენდენტს” კითხულობენ. მაგალითად, ინტერვიუ გვქონდა ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან, და მან თქვა, რომ ხშირად ეცნობა ამბებს ჩვენთან.” - ამბობს პროტსიუკი.

თუმცა, უკრაინაში ინგლისურად ბევრი სხვა გამოცემაც აქვეყნებს მასალას. მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მედიასაშუალება “უკრაინსკა პრავდა”. ინგლისურ ენაზე სთავაზობს მასალებს საერთაშორისო აუდიტორიას “კიევ ინდიფენდენტის” “წინაპარი გამოცემა” “კიევ პოსტიც”, რომელმაც მუშაობა 2021 წლის დეკემბერში განაახლა.

“არიან უფრო პატარა, ნიშური მედიასაშუალებებიც, რომლებსაც ინგლისურენოვანი ვერსიები აქვთ. ვიტყოდი,რომ უკრაინული მედიის უმრავლესობამ სცადა ინგლისურენოვანი ვერსიების დამატება, რადგან ბაზარზე პოტენციალს ხედავენ და დარწმუნებული ვარ, “კიევ ინდიფენდენტი” მათთვის იმის პოტენციალის მაგალითია, რასაც შეიძლება მიაღწიონ”, - გვეუბნება გამოცემის განვითარების ხელმძღვანელი.

მაშინ რამ განაპირობა გამოცემის ასეთი წარმატება?

ზახარ პროტსიუკის აზრით, წარმატების მიღმა რამდენიმე ფაქტორია:

  • გამოცემა მხოლოდ ინგლისურენოვანია და ჟურნალისტიკის მაღალ სტანდარტებს იცავს.
  • გამოცემა 24 თებერვალს უკვე მუშაობდა, ხოლო სხვა დიდმა გამოცემებმა ინგლისურად გაშუქება რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან რამდენიმე დღის შემდეგ დაიწყეს.

“სისწრაფემ და მონდომებამ თავისი გააკეთაო” - ამბობს პროტსიუკი - “ვფიქრობ, ჩვენი შემთხვევა შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია ხარისხიანმა ჟურნალისტიკამ დაამტკიცოს, რომ წარმატების მთავარი ფაქტორია.”

სოციალური მედია

“კიევ ინდიფენდენტისთისთვის” სოციალური ქსელი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. გამოცემას ყველაზე დიდი აუდიტორია “ტვიტერზე” ჰყავს.

გარდა ამისა:
  • “ინსტაგარამზე” - 68 ათასი.
  • “ფეისბუქზე” - 64 ათასი.
  • “ტელეგრამზე” - 52 ათასი.

მათ ახლახან შექმნეს “ლინკდინის” გვერდიც და სამომავლოდ “ტიკტოკის” ათვისებასაც გეგმავენ .

“ახლახანს დავიწყეთ ვიდეო დეპარტამენტის შექმნა. 2 თვის წინ შემოგვიერთდა ანნა იაკუტენკო ვიდეოს მიმართულების ხელმძღვანელად. ახლა ვიწყებთ ვიდეო კონტენტის წარმოებასაც და “ტიკტოკს” ვუყურებთ. ადრე თუ გვიან, ამ პლატფორმაზეც ვიქნებით.” - ამბობს ზახარ პროტსიუკი - გამოცემისთვის ვებგვერდი მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ არის ჩვენთვის ერთადერთი მნიშვნელოვანი პლატფორმა. ახალ ამბებს “ტვიტერზე” ვებგვერდის ბმულის გარეშე ვაქვეყნებთ და ბევრი ადამიანი, ვინც გვკითხულობს, გვიცნობს და ფინანსურად მხარს გვიჭერს, ჩვენს ვებგვერდს იშვიათად სტუმრობსო.

“კიევ ინდეფენდენტს” განსხვავებული მიდგომა აქვს ახალი ამბების გამოქვეყნებისას. გარდა იმისა, რომ “ტვიტერზე” ინფორმაციას ბმულების გარეშე, ცალკე პროდუქტად ავრცელებს. მსგავს ფორმატს იყენებს ვებგვერდის მთავარ გვერდზეც, სადაც News Feed-ის განყოფილებაში ამბებს მოკლედ, ერთ აბზაცად, ცალკე ბმულის გარეშე აქვეყნებს.

“ეს ფორმატი ვებგვერდიდან ტრაფიკს არ გვაძლევს, მაგრამ მოსახერხებელია, განსაკუთრებით მაშინ, როცა სწრაფად აშუქებ. ომის პირობებში სწრაფი და ზუსტი უნდა იყო. ვფიქრობ, ჩვენი წარმატების ერთ-ერთი ფაქტორია, რომ კონტენტის სტრუქტურა და მისი მოხმარების სიჩქარე ხელსაყრელი იყო ბევრი ადამიანისთვის, რათა სწრაფად გაეგოთ რა ხდებოდა. რუსეთის შემოჭრისას ადამიანები შოკში იყვნენ და კონტენტის მოხმარება მუდმივად სურდათ, ახალი ამბების ასეთ პატარა ნაჭრებად მიწოდება კი ამისთვის კარგი ფორმატი აღმოჩნდა.”, - განმარტავს პროტსიუკი.

alt

“კიევ ინდიფენდენტის” გუნდი ცდილობს, სოციალური მედიის პლატფორმები მაქსიმალურად სასარგებლოდ გამოიყენოს.

თუ გაქვთ ერთი პლატფორმა, რომელიც სხვა პლატფორმებზე [ჩართულობით] მაღლა დგას. გააანალიზეთ რატომ, ეცადეთ მაქსიმალურად ეფექტიანად გამოიყენოთ ეს პლატფორმა, რადგან სწორედ მას მოაქვს თქვენთვის ყველაზე დიდი შედეგი. ეს პლატფორმა კი სხვა პლატფორმების გასაზრდელად გამოიყენეთ.” - ასეთი სტრატეგიით შექმნა “კიევ ინდიფენდენტმა” “ტელეგრამის” არხი “ტვიტერის” გვერდის გამოყენებით.

გამოცემაში კარგად ესმით ისიც, რომ მხოლოდ სოციალურ ქსელებზე დამოკიდებული ვერ იქნები, რადგან ამ პლატფორმებზე სტრუქტურულ და ალგორითმის ცვლილებებს თავად ვერ აკონტროლებ, ეს კი ყოველთვის სარისკოა. ამიტომ ისევ ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება ვებგვერდის განვითარება.

“კიევ ინდიფენდენტის” მიზანია ვებგვერდი მომხმარებლისთვის მაქსიმალურად კომფორტული გახადოს. ახლანდელი ვერსია დროებითია და სამომავლოდ კიდევ შეიცვლება. ამ ეტაპზე გუნდი ვებგვერდზე გამომწერების პროგრამის ჩაშენებაზე მუშაობს, რის შემდეგაც გამომწერებს არა გარე პლატფორმებიდან გადმოიყვანს, არამედ პირდაპირ გამოცემის ვებგვერდიდან დააკავშირებს.

მთავარი გამოწვევა

მცირე დროში 10 ათასიდან დან 2 მილიონ მკითხველამდე გაზრდამ “კიევ ინდიფენდენტის” გამოწვევებიც შეცვალა. ზახარ პროტსიუკი ამბობს, რომ ახლა მათი მიზანია, ამ ყველაფერს დაეწიონ ორგანიზაციული განვითარების თვალსაზრისით.

ამისთვის, ბოლო სამ თვეში ორგანიზაციამ 10 ახალი თანამშრომელი დაიქირავა და სამომავლოდ კიდევ ათ ადამიანს დაასაქმებს. ამ ეტაპზე ეძებენ მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელს, რომელიც მთელ გუნდს შექმნის.

“ადამიანების დაქირავება ყოველთვის პრობლემა იყო ინგლისურენოვანი ნიშის მედიაში. მარტივი არაა ადამიანების პოვნა, რომლებსაც ესმით უკრაინის კონტექსტიც და აკმაყოფილებენ იმ დასავლურ, ინგლისურ სტანდარტებს, რომლებსაც ჩვენ ვითხოვთ. შედარებით მარტივია არასარედაქციო კადრების აყვანა”, - განმარტავს ზახარ პროტსიუკი.

ზახარი გვეუბნება, რომ ამ ეტაპზე ორგანიზაციის მთავარი გამოწვევებია:

  • გუნდის უსაფრთხოება.
  • გუნდის სტრუქტურა.
  • გუნდისა და აუდიტორიის ზრდა.

“რათა დავრწმუნდეთ, რომ “კიევ ინდიფენდენტმა” ხანგრძლივ პერსპექტივაში რელევანტურობა და დიდი აუდიტორია შეინარჩუნოს. ორგანიზაციული გამოწვევაა იმის უზრუნველყოფა, რომ ადამიანები, რომლებიც უკრაინას და მასთან ერთად “კიევ ინდიფენდენტს” აღმოაჩენენ, ჩვენთან დარჩნენ”

რას აკეთებს გამოცემა ამ მიზნის მისაღწევად?

  • გამოცემა მკითხველებს სთავაზობს საინფორმაციო ბიულეტენებს ელექტრონული ფოსტით, რათა მკითხველისგან მიიღონ ინფორმაცია და შემდეგ ახალი ამბებით დაუბრუნდნენ.
  • სარედაქციო თვალსაზრისით, მკითხველებს უფრო ფართო კონტექსტი შესთავაზოს: “ეს არამხოლოდ ძირითადი დეტალებია უკრაინის შესახებ, არამედ ის, თუ როგორ არის უკრაინა რელევანტური აღმოსავლეთ ევროპის, ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოების კონტექსტში.”- ამბობს ზახარ პროტსიუკი.

მაგალითად, გამოცემამ დაიწყო პოდკასტი Power Lines, რომელიც უკრაინის შესახებაა, თუმცა რეგიონში მიმდინარე მოვლენებს ეხება აღმოსავლეთ ევროპის კონტექსტში.

შესაბამისად, გამოცემის კონტენტი უფრო ფართო აუდიტორიისკენაა მიმართული - მედიასაშუალება ცდილობს ახალი სამიზნე აუდიტორიის ათვისებას შესაბამისი სარედაქციო პროდუქტების შექმნითაც. მაგალითად, აუდოტორიას სთავაზობენ საინფორმაციო ბიულეტენს ბელარუსის შესახებაც.

“ხანგრძლივ პერსპექტივაში გვინდა ჩვენი ამბები უკრაინაზე უფრო იყოს ფოკურისრებული, მაგრამ ასევე გვსურს, აღმოსავლეთ ევროპის ამბებით დაინტერესებული აუდიტორია “კიევ ინდიფენდენტზე” მოვიზიდოთ”, - ამბობს ზახარ პროტსიუკი.

ავტორი : ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ