დედასთვის #4 - მარეხ მემანიშვილი - მათემატიკის მასწავლებელი - 54 წლის
26.09.2021

ამ ეპიზოდის გმირი 54 წლის მარეხი მემანიშვილია, რომელიც თერჯოლის მეორე საჯარო სკოლაში მათემატიკას ასწავლის. წერს ლექსებს, ნოველებსა და მოთხრობებს, რომელთაც აქვეყნებს როგორც ფეისბუქის პირად გვერდზე, ასევე საკუთარ ბლოგზე. მარეხი რამდენიმე თვეა ინტერნეტ-გაყიდვების პროფესიას ეუფლება და მეუღლის საოჯახო სანერგე მუერნეობის ფეისბუქის გვერდს მართავს.

მარეხ მემანიშვილი თავად გამოგვეხმაურა პოდკასტში მონაწილეობის მისაღებად. რეგიონში ვერ ჩავედით, ამიტომ გამონაკლისი დავუშვით და პოდკასტი Zoom-ის პლატფორმაზე ჩავწერეთ. კამერები გამოვრთეთ რომ ჩაწერა არ შეფერხებულიყო. გამორთული კამერის უკან ხშირად მეღიმებოდა, ზოგჯერ ხმამაღლაც მეცინებოდა.

გამაოცა მისმა განსაკუთრებულმა სიფხიზლემ ციფრულ სივრცეში ინფორმაციის დამუშავების თვალსაზრისით. ისე ზუსტად და გასაგებად ჩამოაყალიბა კრიტერიუმები, რის მიხედვითაც ინფორმაციას ამოწმებს, ვკითხე მედიაწიგნიერების ან ციფრული უსაფრთხოების ტრენინგი ხომ არ გაქვთ გავლილი მეთქი, რაზეც მითხრა რომ არა. უფრო მეტიც, მედიაწიგნიერების არსი სულ არ ვიცოდი, სანამ შეხვედრას შემოვუერთდებოდი, დავგუგლე რომ შენთან არ შევრცხვენილიყავიო.

მომხიბლა მისმა ცნობისმოყვარეობამ და იუმორმა. „რა საჭიროა ახალი ტერმინის „პოდკასტის“ შემოტანა, როცა არსებობს ინტერვიუ?“-, რიტორიკულად მკითხა. პოდკასტი ჯერ „ჭორაობას“ შეადარა, მერე მითხრა ორი ადამიანის ყავაზე ჩამოჯდომას და უშუალო საუბარს ჰგავსო. ასეა, ქალბატონო მარეხ. პოდკასტის მთავარი არსი სწორედ ამ უშუალობაშია, ყველგან და ყველა სიტუაციაში რომ ისმინება.

ემოციებისგან თავის შეკავება ყველაზე მეტად მაშინ გამიჭირდა, როცა მითხრა რომ ფეისბუქზე მხოლოდ ორი ჯგუფის წევრი და შვიდი გვერდის გამომწერია. ნერვებს მინაგვიანებს ბევრი ინფორმაცია და ასე ვფილტრავო. ნელ-ნელა ვრწმუნდები, რომ ამაში აუცილებლად უნდა მივბაძოთ ჩვენს მშობლებს. დათვლაც გამიჭირდება იმდენი გვერდის და ჯგუფის გამომწერი ვარ ფეისბუქზე და ინსტაგრამზე, რაც ნერვებთან ერთად ჩემს საბანაკო ანგარიშებზეც (ჯიბეზე) აისახება ხოლმე.

ქალბატონი მარეხი მასწავლებელია და, ცხადია, ონლაინ სწავლებაზე ვკითხე. მითხრა, ჩემი უპირატესობა იმაშია, რომ ინფორმატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული და ძალიან არ გამჭირვებია კომპიუტერული პროგრამების შესწავლაო, მაგრამ თქვა რომ პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა ასწავლა რომ მუდმივად ახალ ინფორმაციას უნდა ეძებდეს, რომ ბავშვების ყურადღება არ დაკარგოს გაკვეთილზე. თვითონ ბავშვებისგანაც ბევრს ვსწავლობო, მითხრა და ამით კიდევ უფრო მეტად მოიგო ჩემი გული.

მარეხ მემანიშვილი ინფორმაციას, ძირითადათ, ფეისბუკიდან იღებს და ამავე სოციალურ ქსელს იყენებს ამბების გასაცვლელად კოლეგებთან, მეგობრებთან და მკითხველებთან. „სიტყვებით ვერ აღვწერ, რამდენად მნიშვნელოვანია ფეისბუქი ჩემთვისო“. ის რაც ქალბატონმა მარეხმა მითხრა, შეიძლება ავხსნათ ცნობილი თეორიით, რომელსაც ხშირად იყენებენ ხოლმე მედიისა და კომუნიკაციის მკვლევრები.

ეს არის ხელმისაწვდომობის (affordances) თეორია, რომელსაც მისი შემქმნელი, ფსიქოლოგი ჯეიმს გიბსონი განმარტავს, როგორც შესაძლებლობებს, რომელთაც ადამიანები გარემოს მიაწერენ, შესაძლებლობებს, რომლებიც ამ გარემოშია. აქ მთავარი აღქმაა, და არა ფაქტობრივი მოცემულობა. ამ თეორიით იხსნება ალბათ ისიც, რომ, რაც უფრო დრო გადის, ციფრულ ტექნოლოგიებსა და ინტერნეტს სულ უფრო დიდი მნიშვნელობას ვანიჭებთ.

მედიაწიგნიერების ექსპერიმენტი

ექსპერიმენტის თანახმად ეპიზოდის გმირთან ერთად, შემთხვევითობის პრინციპით ვარჩევთ ამბავს და ვუსვამთ მედიაწიგნიერების 5 მთავარ კითხვას.

ქალბატონ მარეხს ზუმის ეკრანის გაზიარება ვთხოვე, რომ მისი ფეისბუკის ნიუსფიდი ერთად გაგვეანალიზებინა. სქროლვისას მალევე გადავეყარეთ სტატიას სათაურით „ბედის გახსნა, შაკიკის განკურნება, წელკავის მოხსნა... 10 ქართული შელოცვა, რომელსაც ბებიები ჩურჩულებდნენ“. გავარკვიეთ რომ ეს სტატია ფსიქოლოგიის მოყვარულთა გვერდზე გააზიარეს, რომლის გავლითაც ის ქალბატონი მარეხის ფეისბუქის ნიუსფიდში მოხვდა.

alt

უკვე მერამდენე შემთხვევაა იმისა რომ სენსაციური ამბის/ყალბი ამბის/დამახინჯებული ამბის გასავრცელებლად ფეისბუქზე ვხვდებით ვიწრო ინტერესებით მანიპულირების სტრატეგიას. მაგალითად, პოდკასტის მეორე ეპიზოდის გმირის, მასწავლებლის დავით ახალაიას შემთხვევაში ეს იყო განათლების თემაზე შექმნილი ვირუსული ვიდეო. ექიმ ლიანა გოგუას ფეისბუქმა მანიპულაციური ციტატა კოვიდის შესახებ შესთავაზა. დღევანდელი ეპიზოდის გმირის მრავალმხრივ ინტერესებში ფსიქოლოგიაც არის. მან ინტერვიუში ამას რამდენჯერმე გაუსვა ხაზი. სწორედ ფსიქოლოგიის გვერდიდან მოხვდა ზემოთ ნახსენები სტატია მის საინფორმაციო ველში.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ეპიზოდის გმირმა არაერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ექსპერიმენტი რომ არა, ამ მძაფრი ემოციების გამომწვევ სტატიას არ გახსნიდა. ქალბატონი მარეხის სიფხიზლეს ფეისბუქის ყველა მომხმარებელს ვერ მივაწერთ, ამიტომ ვფიქრობ, საკითხის პრობლემატიზაცია უნდა დაიწყოს იქიდან, რომ ეს მასალა ფეისბუქზე გავრცელდა და ის გავრცელდა თემატური გვერდის გავლით.

არ ვიცი რამდენად დაეხმარა ქალბატონ მარეხს მათემატიკური ფორმულების კარგად ცოდნა, მაგრამ ფაქტია, რომ მან მედიაწიგნიერების ამოცანა შესაშური წარმატებით ამოხსნა.

რა გვასწავლა ამ ექსპერიმენტმა?

იმ ფონზეც კი, როცა დღევანდელი ეპიზოდის გმირს გამოწერილი გვერდების რაოდენობა მინიმუმამდე აქვს შემცირებული, მის ნიუსფიდში მაინც მოხვდა ვირუსული შინაარსის შემცველი მასალა. ამ კონკრეტული მასალიდან გამომდინარე, ვირუსულობის ხარისხი რთული ამოსაცნობი არ იყო.

არც შინაარსი იყო, მაინცდამაინც მავნებელი, თუმცა საყურადღებოა ამ ვირუსული კონტენტის გავრცელების მეთოდი და კონტექსტი. ქალბატონ მარეხის ეგონა რომ ვირუსული გვერდების რაოდენობა შეზღუდა, თუმცა იმ 10-მდე გამოწერილ გვერდსა და ჯგუფშიც აღმოჩნდა ისეთი ვირუსული ინფორმაცია, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ. წინა ეპიზოდების გმირების მსგავსად, ამ ეპიზოდშიც გამოვლინდა დადებითი ტენდენცია იმისა, რომ ჩვენი მშობლების თაობაში არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ამოიცნონ მანიპულირება იმ ინფორმაციულ ხმაურში, რომელიც მათი სოციალური მედიის გვერდებზე, ზოგჯერ მათივე თანხმობით ან ფარულად მოპოვებული თანხმობით ისმის.

ავტორი : 64; სალომე აფხაზიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ