დედასთვის #12 - ნოდარ ჭიკაძე - 52 წლის, საკეტების ხელოსანი
10.01.2022


პოდკასტის ამ სეზონის ბოლო, მე-12 ეპიზოდის გმირი ჩემი და ჩემი მეგობრების ფავორიტი YouTuber-ია. 52 წლის ნოდარ ჭიკაძე, თბილისში ალბათ ყველაზე პოპულარული და მხიარული საკეტების ხელოსანი. ის წლების წინ ამ ვიდეოთი გავიცანი:



საუბრის გულწრფელმა და ენერგიულმა მანერამ, ასევე მისმა გაბედულმა ინტერესმა ციფრულ სამყაროში, დამარწმუნა, რომ ნოდარ ჭიკაძე ჩვენი პოდკასტის პირველი სეზონის დასკვნითი ეპიზოდის საუკეთესო სტუმარი იქნებოდა. მასზე ბევრი საუბრის ნაცვლად, სჯობს მისი YouTube არხის მონახულება გირჩიოთ.

ნოდარ ჭიკაძის YouTube გვერდის მიხედვით, მას პირველი ვიდეო 8 წლის წინ აქვს გამოქვეყნებული და შეიძლება ითქვას, რომ იმ დროისთვის წარმატებით აქვს გამოყენებული აუდიტორიასთან ციფრული კომუნიკაციის მეთოდები. მითხრა რომ იუთუბერობის მიმართ ინტერესი სხვა (ძირითადად რუსულენოვანი), მისთვის საინტერესო YouTube არხების ყურებამ გაუღვივა.

ყველაზე პოპულარული ვიდეო პლატფორმის ათვისებამდე კი ჰქონდა ინტერესი ელექტრონული ტექნოლოგიების მიმართ, რომელიც ბავშვობიდან იწყება - სოფელში რომ ვიყავი, მაინტერესებდა რაციით ქალაქთან დაკავშირებას თუ შევძლებდი, ჩემი სახლი კი გამომგონებლის სახელოსნოს ჰგავდაო.

გამომგონებლობის უნარს ვერც ახლა დაუწუნებთ. თუ მისი რამდენიმე ვიდეოს ნახვა უკვე მოასწარით, მიხვდებით რომ თითქმის ყველა ვიდეო ერთმანეთისგან განსხვავებულია დრამატურგიული ხაზით. ვერ იტყვით რომ ეს ადამიანი უბრალოდ ადგა, კამერა ჩართო, ილაპარაკა, გამორთო და ატვირთა.

თითქმის ყველა ვიდეოში ნაფიქრი აქვს ადგილზე, სადაც ვიდეოს იღებს, ნაფიქრი აქვს რეკვიზიტებზე, რომელიც კავშირშია თემასთან, ხელში ყოველთვის აქვს მონახაზი, რომელსაც მიჰყვება და, რაც მთავარია, საუბრობს ყველა თემაზე - დანაგვიანების პრობლემით დაწყებული კორონავირუსთან გამკლავების გზებით დამთავრებული. საუბრისას ვუთხარი „ინფლუსერი“ ყოფილხართ მეთქი, რაზეც ბოლომდე არ დამეთანხმა, თუმცა რჩევები სხვა „ინფლუსერებს“ გაუზიარა, რომელსაც აუდიო ჩანაწერში მოისმენთ.

ნოდარ ჭიკაძის ცნობისმოყვარეობა არც 52 წლის ასაკში გამქრალა: ინტერვიუს დროს მითხრა, ახლა ელექტროობას ვსწავლობ, რადგან დღევანდელობა ამის გარეშე წარმოუდგენელიაო. სად იღებს ბატონო ნოდარი ამ ცოდნას? რა თქმა უნდა YouTube-ზე.

YouTube-ს გამოყენების პარალელურად ვკითხე სმარტფონი თუ გეხმარებათ პროფესიულ საქმიანობაში მეთქი, რაზეც მითხრა, რომ სმარტოფნი მნიშვნელოვნად უზოგავს დროის და ფინანსურ რესურსებს. მაგალითად, მობილური ტელეფონის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მას დღეს შეუძლია ვიდეო კონსულტაციის გზით მოაგვაროს საქართველოს რეგიონებსა და სხვა ქალაქებში მცხოვრები კლიენტების პრობლემები.

მედიაწიგნიერების ექსპერიმენტი

ამასობაში მედიაწიგნიერების ექსპერიმენტსაც მივუახლოვდით. დატვირთული კვირა მაქვს და დღეს ახალი ამბებისთვის ვერ მოვიცალეო, მითხრა ნოდარმა. ფეისბუქზეც ვერაფერი ვიპოვეთ. უფრო თემატური ჯგუფები და ფოტოები შეგვხვდა. ტელევიზორზე აკეთებდა აქცენტს - ინფორმაციას ძირითადად ტელევიზიით ვიღებო. ვკითხე, ბოლოს რამ მიიქცია თქვენი ყურადღება მეთქი და მითხრა რომ დაინტერესებულია „რუსულ-ამერიკული დაპირისპირების ახალი დეტალებით“, რომლის მთავარი ასპარეზი ახლა უკრაინის საზღვრებთან გადის. მედიაწიგნიერების 5 მთავარი კითხვაც სწორედ ამ ამბავს და მის სატელევიზიო გაშუქებას დავუთმეთ. ექსპერიმენტს სრულად ეპიზოდის მეორე ნაწილში მოისმენთ.

მედიწიგნიერების ექსპერიმენტმა ნოდარ ჭიკაძის კრიტიკული მედიაწიგნიერების უნარებზე ბევრი რამე გვითხრა. არ აქვს მნიშვნელობა თემას, ის ნებისმიერ სოციალურ და პოლიტიკურ ამბავს ყოველთვის ორი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული წყაროთი იღებს. მაგალითის მოყვანა ვთხოვე და მითხრა, რომ მსოფლიო ამბებს ის ძირითადად, Настоящее Время და რუსული სამთავრობო არხებისგან იღებს. ერთი საათიც საკმარისია იმის გასაგებად რა ხდება მსოფლიოშიო. სრულად ვაცნობიერებ, რომ ორივე მხარეს თავისი იდეოლოგია ამოძრავებს, ამიტომ არ მიკვირს რატომ საუბრობენ ისე, როგორც საუბრობენო.

ქართულ არხებს არ უყურებს - ქართველი ჟურნალისტების მყვირალა და სკანდალური თხრობის სტილი მაღიზინებს და ამბების მოსმენის სურვილს მიკარგავსო. ამაზე ცოტა უფრო მეტის მოსმენას აუდიო ჩანაწერშიც შეძლებთ. ქართული არხების კიდევ უფრო ვრცელ ანალიზს კი მის YouTube არხზე იპოვით.

ავტორი : სალომე აფხაზიშვილი; 64;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ