კატეგორია: ეთიკა
“ჩინეთში კორონავირუსი ბრუნდება - ქვეყანაში მოულოდნელად დღე-ღამეში 1 290 ადამიანი გარდაიცვალა” - ამ სენსაციური სათაურით 17 აპრილს “რუსთავი2-ის” დღის 12:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში მცდარი ინფორმაცია გავიდა. წამყვანის განმარტება, თითოს ჩინეთში დღე-ღამეში 1 290 ადამიანი გარდაიცვალა, არასწორია. სინამდვილეში, ჩინეთმა მონაცემები დააზუსტა და აღმოჩნდა, რომ შესწორებული მონაცემებით, ქალაქ უჰანში, საერთო ჯამში, გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა 1 290-ით.

altიდენტური სათაურით არაზუსტი ინფორმაცია გამოქვეყნდა "რუსთავი 2-ის" ვებსაიტზეც. ამ მასალაშიც სტატისტიკური მონაცემები არასწორი კონტექსტით იყო წარმოჩენილი. მასალას სოციალურ ქსელში გამოხმაურება მოჰყვა. ამ დროისათვის [17:00 სთ], საიტზე ინფორმაცია აღარ იძებნება.

გარდა იმისა, რომ “რუსთავი2-მა” მაყურებელს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა, ამბავი გაშუქდა სენსაციურად, არასწორი აქცენტებით.

“მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ახლა ჩინეთია. ჩინეთიდან საგანგაშო ინფორმაცია მოდის. ქვეყანაში, რომელშიც ვირუსის ტალღამ გადაიარა, მოულოდნელად, დღე-ღამეში 1 290 ადამიანი გარდაიცვალა. ეს მონაცემები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რუკაზე რამდენიმე საათის წინ წითელ გრაფაში მოინიშნა”, - ამ შესავლის შემდეგ, “კურიერის” წამყვანი სავარაუდო ვერსიებს აცნობს მაყურებელს - “ვრცელდება რამდენიმე ვერსია, ერთი უკავშირდება ინფორმაციის დამალვას, რომლის თანახმადაც, ოფიციალური პეკინი არასწორ მონაცემებს აქვეყნებდა და, რეალურად, ვითარება ისევ რთულია. და მეორე - არსებობს ვერსია, რომ კორონავირუსი დაბრუნდა და პირებს, რომლებმაც დაავადება გადაიტანეს, ის თავიდან, და დაქვეითებული ინმუნიტეტის ფონზე, უფრო რთული ფორმით ემართებათ”, - ამ სიტყვების შემდეგ წამყვანი ჟურნალისტს მსოფლიოში არსებული ვითარების გაცნობას სთხოვს.

ჟურნალისტი საუბარს იწყებს ამერიკაში არსებული ვითარებით და მაყურებელს აფრთხილებს, რომ ვიდეომასალა, რომელიც ეთერში გავა, მძიმე კადრებს შეიცავს. ჟურნალისტის თქმით, მძიმე კადრების ჩვენების მიზანია, რომ მაყურებელმა ნახოს, რა შედეგით შეიძლება დასრულდეს რეკომენდაციების შეუსრულებლობა:

“კორონავირუსზე ლაპარაკს დავიწყებ ძალიან მძიმე მასალით, ამიტომ, გთხოვთ, მოარიდოთ ტელეეკრანებს ბავშვები, მოხუცები და სუსტი ფსიქიკის ადამიანები. ამ მასალას ჩვენ მხოლოდ იმიტომ გაჩვენებთ, რომ კარგად გაიგოთ, თუ რამხელა მსხვერპლი შეიძლება მოყვეს ჩვენი ექიმების რეკომენდაციების უგულვებელყოფას, ქუჩაში სიარულს, შეკრებას, მათ შორის რელიგიურ რიტუალებზე...” - ამ სიტყვების პარალელურად, ეთერში გადის კადრები, რომელშიც სავარაუდოდ, ჩანს იატაკზე პოლიეთილენის პარკში მოთავსებული მიცვალებულები. ჟურნალისტის თქმით, ვიდეო ნიუ-იორკის ერთ-ერთი კლინიკის მორგშია გადაღებული. კადრები, სავარაუდოდ, გადაღებულია ტელეფონით და არ ახლავს არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი, შესაბამისად, უცნობია, რა წყაროს ეყრდნობა ჟურნალისტი.



მორგში გადაღებული კადრების ჩვენების შემდეგ, ჟურნალისტმა მაყურებელს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს მეზობელ ქვეყნებში არსებული სიტუაციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია, თითქოს “ჩინეთში ვირუსი დაბრუნდა და დღე-ღამეში 1290 ადამიანი გარდაიცვალა” გავრცელდა ონლაინ მედიაშიც. სენსაციური სათაურებით მასალები გამოქვეყნდა შემდეგ ვებგვერდებზე: pia.ge, cyc.ge, ambebi.ge.

გარდა იმისა, რომ აღნიშნული ვებგვერდები ჩინეთში დღე-ღამეში გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ pia.ge და ambebi.ge წერს, რომ 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩინეთში COVID-19-ით 351 ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და. ეს ინფორმაციაც არასწორია.

სინამდვილეში, ჩინეთმა მონაცემების დაზუსტების შემდეგ განაცხადა, რომ ქალაქ უჰანში, საიდანაც დაიწყო კორონავირუსის გავრცელება, 1 290-ით მეტი ადამიანი გარდაიცვალა. შესაბამისად, საერთო ჯამში, უჰანში სულ 3 869 ადამიანია გარდაცვლილი. რიცხვების დაზუსტების შემდეგ, გაიზარდა დაინფიცირებულთა რაოდენობაც და აღმოჩნდა, რომ ქალაქ უჰანში დაინფიცირებული 325 ადამიანით მეტია. ჩინეთის ხელისუფლების განმარტებით, თავდაპირველი არაზუსტი მონაცემების მიზეზი იყო ის, რომ საავადმყოფოების გარეთ გარდაცვალების შემთხვევების და კერძო კლინიკების მიერ ზოგიერთი ინფორმაცია სრულყოფილად მიწოდებული არ იყო.
კატეგორია: ეთიკა
“ჩინეთში კორონავირუსი ბრუნდება - ქვეყანაში მოულოდნელად დღე-ღამეში 1 290 ადამიანი გარდაიცვალა” - ამ სენსაციური სათაურით 17 აპრილს “რუსთავი2-ის” დღის 12:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში მცდარი ინფორმაცია გავიდა. წამყვანის განმარტება, თითოს ჩინეთში დღე-ღამეში 1 290 ადამიანი გარდაიცვალა, არასწორია. სინამდვილეში, ჩინეთმა მონაცემები დააზუსტა და აღმოჩნდა, რომ შესწორებული მონაცემებით, ქალაქ უჰანში, საერთო ჯამში, გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა 1 290-ით.

altიდენტური სათაურით არაზუსტი ინფორმაცია გამოქვეყნდა "რუსთავი 2-ის" ვებსაიტზეც. ამ მასალაშიც სტატისტიკური მონაცემები არასწორი კონტექსტით იყო წარმოჩენილი. მასალას სოციალურ ქსელში გამოხმაურება მოჰყვა. ამ დროისათვის [17:00 სთ], საიტზე ინფორმაცია აღარ იძებნება.

გარდა იმისა, რომ “რუსთავი2-მა” მაყურებელს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა, ამბავი გაშუქდა სენსაციურად, არასწორი აქცენტებით.

“მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ახლა ჩინეთია. ჩინეთიდან საგანგაშო ინფორმაცია მოდის. ქვეყანაში, რომელშიც ვირუსის ტალღამ გადაიარა, მოულოდნელად, დღე-ღამეში 1 290 ადამიანი გარდაიცვალა. ეს მონაცემები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რუკაზე რამდენიმე საათის წინ წითელ გრაფაში მოინიშნა”, - ამ შესავლის შემდეგ, “კურიერის” წამყვანი სავარაუდო ვერსიებს აცნობს მაყურებელს - “ვრცელდება რამდენიმე ვერსია, ერთი უკავშირდება ინფორმაციის დამალვას, რომლის თანახმადაც, ოფიციალური პეკინი არასწორ მონაცემებს აქვეყნებდა და, რეალურად, ვითარება ისევ რთულია. და მეორე - არსებობს ვერსია, რომ კორონავირუსი დაბრუნდა და პირებს, რომლებმაც დაავადება გადაიტანეს, ის თავიდან, და დაქვეითებული ინმუნიტეტის ფონზე, უფრო რთული ფორმით ემართებათ”, - ამ სიტყვების შემდეგ წამყვანი ჟურნალისტს მსოფლიოში არსებული ვითარების გაცნობას სთხოვს.

ჟურნალისტი საუბარს იწყებს ამერიკაში არსებული ვითარებით და მაყურებელს აფრთხილებს, რომ ვიდეომასალა, რომელიც ეთერში გავა, მძიმე კადრებს შეიცავს. ჟურნალისტის თქმით, მძიმე კადრების ჩვენების მიზანია, რომ მაყურებელმა ნახოს, რა შედეგით შეიძლება დასრულდეს რეკომენდაციების შეუსრულებლობა:

“კორონავირუსზე ლაპარაკს დავიწყებ ძალიან მძიმე მასალით, ამიტომ, გთხოვთ, მოარიდოთ ტელეეკრანებს ბავშვები, მოხუცები და სუსტი ფსიქიკის ადამიანები. ამ მასალას ჩვენ მხოლოდ იმიტომ გაჩვენებთ, რომ კარგად გაიგოთ, თუ რამხელა მსხვერპლი შეიძლება მოყვეს ჩვენი ექიმების რეკომენდაციების უგულვებელყოფას, ქუჩაში სიარულს, შეკრებას, მათ შორის რელიგიურ რიტუალებზე...” - ამ სიტყვების პარალელურად, ეთერში გადის კადრები, რომელშიც სავარაუდოდ, ჩანს იატაკზე პოლიეთილენის პარკში მოთავსებული მიცვალებულები. ჟურნალისტის თქმით, ვიდეო ნიუ-იორკის ერთ-ერთი კლინიკის მორგშია გადაღებული. კადრები, სავარაუდოდ, გადაღებულია ტელეფონით და არ ახლავს არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი, შესაბამისად, უცნობია, რა წყაროს ეყრდნობა ჟურნალისტი.



მორგში გადაღებული კადრების ჩვენების შემდეგ, ჟურნალისტმა მაყურებელს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს მეზობელ ქვეყნებში არსებული სიტუაციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია, თითქოს “ჩინეთში ვირუსი დაბრუნდა და დღე-ღამეში 1290 ადამიანი გარდაიცვალა” გავრცელდა ონლაინ მედიაშიც. სენსაციური სათაურებით მასალები გამოქვეყნდა შემდეგ ვებგვერდებზე: pia.ge, cyc.ge, ambebi.ge.

გარდა იმისა, რომ აღნიშნული ვებგვერდები ჩინეთში დღე-ღამეში გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ pia.ge და ambebi.ge წერს, რომ 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩინეთში COVID-19-ით 351 ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და. ეს ინფორმაციაც არასწორია.

სინამდვილეში, ჩინეთმა მონაცემების დაზუსტების შემდეგ განაცხადა, რომ ქალაქ უჰანში, საიდანაც დაიწყო კორონავირუსის გავრცელება, 1 290-ით მეტი ადამიანი გარდაიცვალა. შესაბამისად, საერთო ჯამში, უჰანში სულ 3 869 ადამიანია გარდაცვლილი. რიცხვების დაზუსტების შემდეგ, გაიზარდა დაინფიცირებულთა რაოდენობაც და აღმოჩნდა, რომ ქალაქ უჰანში დაინფიცირებული 325 ადამიანით მეტია. ჩინეთის ხელისუფლების განმარტებით, თავდაპირველი არაზუსტი მონაცემების მიზეზი იყო ის, რომ საავადმყოფოების გარეთ გარდაცვალების შემთხვევების და კერძო კლინიკების მიერ ზოგიერთი ინფორმაცია სრულყოფილად მიწოდებული არ იყო.
კატეგორია: ეთიკა
“ხანძარის შედეგად დაღუპული დედა და 4 შვილი. ოჯახს, რომელიც უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა, რამდენიმე თვის წინ სოციალური დახმარებაც მოუხსნეს” - ამ აღწერით გამოაქვეყნა "ტელეკომპანია პირველმა" ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ სოციალურ ქსელში ვიდეო, რომელიც ოჯახის მდგომარეობას აღწერდა და შემთხვევამდე 2 თვით ადრე იყო გადაღებული. ვიდეოს არ ერთვოდა განმარტება, რომ იყო საარქივო მასალა და არაზუსტი იყო ინფორმაცია დახმარების მოხსნის შესახებ. მომხდარიდან მალევე მასალის ამ ფორმით, განმარტების გარეშე გავრცელება მანიპულაციური იყო და აუდიტორია შეცდომაში შეიყვანა. ამგვარი გაშუქება ქმნიდა ირიბ მინიშნებას, თითქოს ხანძარი სიდუხჭირემ გამოიწვია, რაც ამ ეტაპზე დადგენილი არ არის. არაზუსტი და მანიპულაციური იყო დილის საინფორმაციო გამოშვებებში მაუწყებლის მიერ მაყურებლისთვის პირდაპირ ეთერში მიწვდილი ინფორმაციაც.

თემის TV პირველზე გაშუქების ქრონოლოგია 
 
შემთხვევა ბაღდათში 3 თებერვალს მოხდა. ხანძრს 4 ბავშვი და 2 ქალი ემსხვერპლა. ამბავი მედიისთვის იმავე ღამეს, დაახლოებით, 23:00 საათისთვის გახდა ცნობილი და 4 თებერვალს ყველა მედიასაშუალებისთვის დღის ერთ-ერთი წამყვანი თემა იყო. “TV პირველმა” ტრაგედიის გაშუქება მომხდარიდან მალევე დაიწყო. თავდაპირველად, 23:50 საათზე, არხის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნდა ხანძრის ამსახველი ვიდეო, რომელსაც თან ერთვოდა შემდეგი ტექსტი: “ხანძარს 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ოთხი ბავშვია. არსებული ინფორმაციით, მიტოვებულ სახლში სოციალურად დაუცველი ოჯახი თვითნებურად იყო შესახლებული.” (თავდაპირველად, ყველა მედიასაშუალებამ 5 გარდაცვლილის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია აუდიტორიას, რადგან მეექვსე ცხედარი მაშველებმა მოგვიანებით იპოვეს. მედიასაშუალებების ნაწილმა, მასალები შესწორების სტანდარტის შესაბამისად ჩაასწორა, ნაწილის გვერდზე (მათ შორის “TV პირველის“) კი არაზუსტი ინფორმაცია კვლავ იძებნება.)

მოგვიანებით, დაახლოებით, 03:00 საათისთვის არხის ფეისბუკის გვერდზე გავრცელდა ვიდეო “TV პირველის” არქივიდან, სათაურით “ტრაგედია!” ვიდეო ასახავდა სოციალურად დაუცველი ოჯახის ცხოვრების კადრებს, რომელიც 21 ნოემბერს გადაცემა “რეაქციაში” გავიდა. გამოქვეყნებულ ვიდეოფრაგმენტში გაჭირვებაში მცხოვრები ქალი სოციალური დახმარების შეჩერების შესახებ საუბრობდა. მაუწყებლის მიერ გავრცელებულ ვიდეოს შეცდომაში შემყვანი შინაარსის ტექსტი ერთვოდა თან: “ხანძარის შედეგად დაღუპული დედა და 4 შვილი. ოჯახს, რომელიც უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა, რამდენიმე თვის წინ სოციალური დახმარებაც მოუხსნეს ”.

alt

მაუწყებელს თავისი აუდიტორიისთვის არ მიუწვდია ინფორმაცია, რომ ოჯახს სოციალური დახმარება გარკვეული მიზეზით (ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, კომუნალურ გადახდებზე აბონენტის ნომერის არქონის გამო), დროებით ჰქონდა შეჩერებული, არ განუმარტავს, რომ დეკემბერში ოჯახს კვლავ აღუდგა დახმარება და განაცდური თანხა ერთიანად ჩაერიცხა.

ფეისბუქგვერდზე ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ, ბაღდათში მომხდარი ტრაგედია იგივე აქცენტით გაშუქდა 4 თებერვლის დღის პირველ ნახევარში მაუწყებლის ეთერში გასულ საინფორმაციო გამოშვებებში:

“TV პირველმა” 4 თებერვალს დილის 9 საათიანი საინფორმაციო გამოშვება 20 წუთით ადრე, 08:40-ზე სპეციალური გამოშვებით დაიწყო. ბაღდათიდან ჟურნალისტის პირდაპირი ჩართვის შემდეგ, წამყვანმა მაყურებელს ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ოჯახის არქივიდან ამოღებული ვიდეო წარუდგინა და განუმარტა, რომ “გაჭირვებულ ოჯახს სოციალური დახმარება მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო მოუხსენეს, რომ მას, დროებით, ელექტროენერგია მეზობლისგან ჰქონდა შემოყვანილი”.

ერთი საათის შემდეგ, საინფორმაციო გადაცემის წამყვანი კვლავ რამდენიმე წუთით ადრე(09:50) სპეციალური გამოშვებით დაბრუნდა ეთერში და მაყურებელს “ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგი უგულავას განცხადება შესთავაზა პირდაპირ ეთერში, რომელიც ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო, პარლამენტის პიკეტირების გადადების შესახებ საუბრობდა. გიგი უგულავას განცხადების შემდეგ, საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა და თემაზე მომუშავე ჟურნალისტმა კვლავ შეახსენეს მაყურებელს, რომ ოჯახს სოციალური დახმარება ჰქონდა მოხსნილი.

11:00 საათიან გამოშვებაშიც, წამყვანი და ჟურნალისტი კვლავ იგივე აქცენტს აკეთებდნენ - არქივიდან ამოღებულ ვიდეოს და ახლობლების ნათქვამს ეყრდნობოდნენ და ამბობდნენ, რომ ოჯახს დახმარება მოუხსნეს. თუმცა ამჯერად მერის კომენტარიც გავიდა ეთერში, რომელიც ამბობდა, რომ ოჯახი სოციალურ დახმარებას იღებდა.

“TV პირველის” მაყურებელმა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის გიორგი წოწკოლაურის მედიასთან გაკეთებული განცხადების შემდეგ, 12:00 საათიან გამოშვებაში გაიგო, რომ ოჯახს სოციალური დახმარება დროებით ჰქონდა შეწყვეტილი. ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნული განცხადების მიუხედავად, 13:00 საათიან გამოშვებაშიც მაუწყებელმა აქცენტი კვლავ სოციალური დახმარების მოხსნაზე გააკეთა. საინფორმაციო გამოშვების ანონსში და აღწერაში კვლავ განმარტების გარეშე, ხაზგასმული იყო, რომ ოჯახს რამდენიმე თვის წინ სოციალური დახმარებაც მოუხსნეს. გარდა ამისა, სამინისტროს განცხადების შემდეგ, მაუწყებელი სოციალურ სააგენტოში არკვევდა, მოუხსენეს თუ არა დახმარება ოჯახს.


alt


როდის გაიგო TV პირველის მაყურებელმა დაზუსტებული ინფორმაცია

“TV პირველის” მაყურებელი შესაბამის წყაროებთან დაზუსტებულ ინფორმაციას მხოლოდ 14:00 საათიდან იღებდა. 4 თებერვალს ამავე ამბავს მიეძღვნა გადაცემა “რეაქციაც”.

თუმცა მანამდე გავრცელებული შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია კვლავ არ შეუსწორებია მაუწყებელს და ამ დრომდე იძებნება არხის ფეისბუკ გვერდზე. არც თავდაპირველად გამოქვეყნებული ვიდეოს აღწერაშია ცვლილება შესული. აღსანიშნავია, რომ ვიდეო კვლავ იგივე ტექსტით ვრცელდება და ამ დროისთვის “TV პირველის” ფეისბუკგვერდზე აღნიშნულ ვიდეოს 393 000-ზე მეტი ნახვა და 5 400-მდე გაზიარება აქვს. ასევე, “TV პირველს” დღის განმავლობაში არცერთხელ არ აუღნიშნავს, რომ თავდაპირველად მაუწყებელმა არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა.

რატომ იყო პრობლემური ამგვარი გაშუქება

ბაღდათში მომხდარი ტრაგედია მედიის ფოკუსში ცხადია უნდა მომხვდარიყო და ასევე, ცხადია, რომ მედიას უნდა დაესვა ყველა კითხვა და დაეყენებინა ყველა შესაბამისი უწყების პასუხისმგებლობის საკითხი.

თუმცა, მასალის ამ დროს და ამ ფორმით გავრცელება, მინიშნების გარეშე - რომ ის იყო არქივის, ასევე ის, რომ ოჯახს სოციალური დახმარება მოხსნის შემდეგ ისევ აღუდგა, მანიპულაციური იყო და აუდიტორია შეცდომაში შეიყვანა. ამგვარი გაშუქება ქმნიდა ირიბ მინიშნებას, თითქოს ხანძარი სიდუხჭირემ გამოიწვია, რაც ამ ეტაპზე დადგენილი არ არის.

TV პირველის ეს ვიდეო გახდა ინსპირაცია სხვა ონლაინ გამოცემებისთვისაც, რომლებმაც ასევე შეცდომაში შეიყვანეს აუდიტორია.

“TV პირველზე” დაყრდნობით, ხანძარის შედეგად დაღუპული ოჯახისთვის სოციალური დახმარების მოხსნის შესახებ არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელეს შემდეგმა მედიასაშუალებებმა: პალიტრავიდეო, ფორტუნა, ნიუპოსტი, პროგრესნიუსი, სარკე ნიუსი, რეზონანსი, newsreport.ge, cyc.ge, paqtebi.ge, hotnews და სხვა.

აღნიშნულ გვერდებზე სოციალური დახმარების მოხსნის შესახებ არაზუსტი ინფორმაცია კვლავ დამატებითი განმარტებების გარეშე იძებნება და არ დრომდე არ არის შესწორებული. მიუხედავად იმისა, რომ გამოცემებმა ბაღდათში მომხდარ ტრაგედიაზე დღის განმავლობაში სხვა მასალებიც მოამზადეს, თავდაპირველად გამოქვეყნებული მასალები მაინც პრობლემურია, რადგან თუ მკითხველი მხოლოდ ზემოთჩამოთვლილ მასალებს ნახავს, არაზუსტ ინფორმაციას მიიღებს.
კატეგორია: ეთიკა
დაახლოებით ერთი კვირის წინ თურქეთის ერთ-ერთი პატარა ქალაქში,  კაიზერში ქართველი ემიგრანტი ქალი მოკლეს.  ადგილობრივმა თურქულმა მედიამ მომხდარზე გამოქვეყნებულ ამბავს შეცდომით  სხვა  ქალის ფოტო დაურთო,  რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა და ამჟამად საბერძნეთში ცხოვრობს. იგივე შეცდომა დაუშვა CNN-ის თურქულმა წარმომადგენლობამაც.  იმ ქალის  ოჯახი, რომლის ფოტოც შეცდომით გამოაქვეყნეს, აპირებს მედიებს მორალური ზიანის მიყენებისთვის უჩივლოს. 

alt


თურქული მედიის შეცდომის შესახებ მსხვერპლის შვილმა თაკო სვანიძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა და ამბავს შესაბამისი ფოტომტკიცბულებებიც  დაურთო. როგორც იგი წერს, შეცდომა იმან გამოიწცვია, რომ მისი დედისა და გარდაცვლილი ქალის გვარები მსგავსია, მათ შორის განსხვავებული მხოლოდ ერთი სიმბოლოა.

„ვცდილობ მაქსიმალურად თუმცა ვერაფრით ავაღებინე ფოტოები თურქულ მედიას. სიენენმაც კი უპასუხისმგებლოდ გადააკოპირა ფოტო. ყველანაირ რჩევას მივიღებ ჩემი იურისტი მეგობრებისგან, როგორ შეიძლება ამ კომპანიებს ვუჩივლო“ - დაწერა მან. .

ამბის შესახებ მეტი დეტალის გასაგებად „მედიაჩეკერი“ თაკო სვანიძეს დაუკავშირდა, რომელიც ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს. მისი თქმით, თურქულ წყაროებზე დაყრდნობით ამბავი იდენტური შინაარსითა და ფოტოთი ახალი ამბების ქართულმა სააგენტომ ambebi.ge-მაც გააშუქა. თემა იგივე ფოტოებით „მთავარი არხის“ ინტერესშიც მოხვდა, ფოტოს სახის გარკვეულ ნაწილზე, თვალებთან, დიდი შავი ფერის ზოლი ჰქონდა, თუმცა ახლობლებისთვის ფოტოზე გამოსახული ადამიანის იდენტიფიცირება მაინც შესაძლებელი იყო. 

თაკო სვანიძე „მედიაჩეკერთან“ საუბარში იხსენებს როგორი მძიმე აღმოჩნდა ამბავი ოჯახისა და ახლობლებისთვის. „შოკში ჩავვარდით“, - ამბობს იგი.

მისივე განმარტებით, მას შემდეგ, რაც მან ambebi.ge-ს რედაქციას მისწერა და შეცდომაზე მიუთითა, სააგენტომ მასალა წაშალა. მისივე თქმით, იგი რამდენიმე თურქულ სააგენტოსთან დაკავშირებასაც შეეცადა, თუმცა უშედეგოდ, არცერთი მათგანისგან პასუხი არ მიუღია. 

რაც შეეხება CNN-ის თურქულ წარმომადგენლობას, თაკო სვანიძის თქმით, საიტი მას მხოლოდ მას შემდეგ გამოეხმაურა, რაც საქმეში მისი ნაცნობი ჩაერთო, რომელიც ასევე CNN-ის თანამშრომელია და რედაქციამდე ხმა სწორედ მან მიიტანა. მიუხედავად იმისა, რომ იგი რედაქციისგან ამბის ჩასწორებას ითხოვდა, CNN-მა მასალა საიტიდან ისე წაშალა, რომ მომხდარი გაუგებრობისა და შეცდომის შესახებ მკითხველისთვის არაფერი განუმარტავს. 

თაკო სვანიძე ამბობს, რომ ამბავი იმდენად ბევრი გამოცემის ვებგვერდზე მოხვდა, რომ ყველასთან ცალ-ცალკე დაკონტაქტება შეუძლებელია.  მისივე თქმით,  შესაბამისი სამართლებრივი კონსულტაციების შემდეგ, აპირებს სამართლებრივი დავა დაიწყოს  და  მისთვის და მისი ოჯახისთვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს.

„ცოცხალ ადამიანს შეუქმნეს პრობლემები. ამბის შესახებ შეითხზა უამრავი ისტორია, რომლებიც უკვე დედაჩემთან ასოცირდება. დედაჩემი და ჩვენი ოჯახი ვართ დაზარალებული, იმიტომ, რომ ყველამ შოკი გადავიტანეთ. თავიდან ამ ამბის ყურადღების მიღმა დატოვებას ვაპირებდი, თუმცა თავად ვარ ჟურნალისტი და თუ ამას მე არ გავაკეთებ, მაშინ სხვამ რა უნდა მოიმოქმედოს?“, - უთხრა თაკო სვანიძემ „მედიაჩეკერს“ და იქვე დასძინა, რომ მას სამართლებრივი დავის წამოწყებით პრეცედენტის შექმნა სურს, რაც საბოლოო ჯამში მედიას  მეტი პასუხისმგებლობისკენ უბიძგებს.
კატეგორია: ეთიკა
დღეს, 29 იანვარს რამდენიმე გამოცემამ გაავრცელა არასწორი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩინეთში, სპეციალურად კორონავირუსით დაავადებულებისთვის, საავადმყოფო 2 დღეში ააშენეს. გამოცემები წერდნენ, რომ კლინიკის ასაშენებლად მუშები და მოხალისეები ორი დღის განმავლობაში მუშაობდნენ.

სინამდვილეში, ჩინეთის ქალაქ უხანთან ახალი შენობა კი არ ააშენეს, არამედ საავადმყოფოს რეკონსტრუქცია დასრულდა 2 დღეში და კორონავირუსით დაინფიცირებულებისთვის სამედიცინო დახმარების მიზნით გაიხსნა.

2 დღეში ახალი კლინიკის აშენების შესახებ, შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია თავდაპირველად გამოაქვეყნეს შემდეგმა გამოცემებმა: bm.ge, “მეგა tv”, “ბორჯომი tv”, mcm.ge.

“ბორჯომი tv-ის" და mcm.ge-ს გვერდებზე ამ დრომდე არასწორი ინფორმაცია იძებნება. bm.ge-მ და “მეგა tv-მ" კი სტატია მოგვიანებით ჩაასწორეს. თუმცა მათგან მხოლოდ bm.ge-მ დაიცვა შესწორების სტანდარტი, განახლებულ სტატიას შესაბამისი ტექსტი დაურთო და მკითხველს თავდაპირველი მასალის ჩასწორების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
კატეგორია: ეთიკა
სპორტულმა ვებგვერდებმა worldsport.ge, lelo.ge, sportall.ge, popsport.com, sarbieli.com, croco.ge და გამოცემა allmedia.news-მა ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის, ჩაწყობილ თამაშებთან კავშირზე დაუდასტურებელი ინფორმაცია გაავრცელეს. აღნიშნულმა გამოცემებმა რამდენიმე ევროპულ სპორტულ გამოცემაზე დაყრდნობით დაწერეს, თითქოს, ჩოგბურთის გახმაურებულ სკანდალში ქართველი სპორტსმენიც ფიგურირებს. ვებგვერდების ნაწილი კი იმასაც წერდა, რომ უცხოური გამოცემები პირდაპირ ადებდნენ ხელს ქართველ სპორტსმენს. მიუხედავად მძიმე ბრალდებებისა, არც ერთ მასალაში არ ჩანდა მცდელობა, რომ გამოცემებს დამატებითი არგუმენტები მოეძიებინათ და ინფორმაცია თავად ნიკოლოზ ბასილაშვილთანაც გადაემოწმებინათ.

საქმე ეხება ბოლო დროს გახმაურებულ სკანდალს, ჩოგბურთის ჩაწყობილ მატჩებს, რომელშიც, სავარაუდოდ, 135 სპორტსმენი მონაწილეობდა. ამბავი თავდაპირველად გერმანული ტელეარხის ZDF-ის ჟურნალისტებმა გამოიძიეს, რის შემდეგაც ბელგიის პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

altევროპული გამოცემები წერენ, რომ საქმეში არის ATP-ის რეიტინგის TOP30-ის წევრი, რომელსაც პროფესიულ დონეზე სამი ტურნირი აქვს მოგებული, ასეთი კი მხოლოდ ხუთი ჩოგბურთელია - მატეო ბერეტინი, დიეგო შვარცმანი, ალექს დე მინორი, ბენუა პერი და ნიკოლოზ ბასილაშვილი. თუმცა დადასტურებულად ნიკოლოზ ბასილაშვილის ბრალეულობაზე არც ერთი გამოცემა არ წერს.

მაგალითად, worldsport.ge წერს, თითქოს “სხვადასხვა გამოცემები იტყობინებიან, რომ ერთ-ერთი ჩოგბურთელი რეიტინგის საუკეთესო 30-ეულშია და ATP-ის სამი ტიტული აქვს მოგებული. 
altამ მონაცემებში კი სწორედ ბასილაშვილი ჯდება. მეტიც, Gazzetta Dello Sport-ი სწორედ უშუალოდ ქართველზე მიანიშნებს და თავის მოსაზრებას იმითაც ამყარებს, რომ ბასილაშვილის სახელს მანამდეც უკავშირებდნენ გარიგებულ მატჩებს და მსგავს ჭორებთან არაერთხელ იყო დაკავშირებული”.  

გამოცემას ინფორმაციის წყაროდ Gazzetta Dello Sport-ის მასალის ნაცვლად, ჰიპერლინკად მითითებული აქვს tenniscircus-ზე გამოქვეყნებული სტატია. “მედიაჩეკერმა” ორივე გამოცემის მიერ ჩოგბურთის სკანდალთან დაკავშირებით გამოქვეყნებული მასალები გადაამოწმა. თუმცა, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Gazzetta Dello Sport-ი გაყიდული მატჩების საქმეში ბასილაშვილის ბრალეულობაზე პირდაპირ მიანიშნებს და მის სახელს მანამდეც უკავშირებდნენ გარიგებულ მატჩებს, არცერთი ზემოთაღნიშნული გამოცემის გვერდზე არ იძებნება.

altგავრცელებულ დაუდასტურებელ ინფორმაციას ნიკოლოზ ბასილაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, მასთან დაკავშირებით გავრცელებული ბრალდებები უარყო და ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ქართული სპორტული გამოცემები ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ .

ნიკოლოზ ბასილაშვილის ფეისბუკ პოსტი Worldsport.ge-ის გარდა ყველა ზემოთ ჩამოთვლილმა გამოცემამ გამოაქვეყნა. სპორტსმენის გამოხმაურება გამოცემების ნაწილმა თავდაპირველად გამოქვეყნებულ მასალას დაურთო თან, ნაწილმა sportall.ge-მ და allmedia.ge-მ კი ბასილაშვილის ფეისბუქ პოსტი ცალკე ახალ ამბად გამოაქვეყნა და თუ მკითხველი მხოლოდ პირველ ახალ ამბავს ნახავს, მისთვის ბასილაშვილის პოზიცია ისევ უცნობი, ამბავი კი არაზუსტი იქნება.
კატეგორია: ეთიკა
აგვისტოს ომი მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის მიერ როგორც ძალაუფლების „ყველაფრის ფასად“ შენარჩუნებისა და საზოგადოების თვალში „დაკარგული ლეგიტიმაციის“ ხელახლა მოპოვების გზა - ამ კონტექსტში წარმოჩინდა ყოფილი ხელისუფლება ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 11 აგვისტოს გასულ ფილმში - „ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს“, რომლის ავტორიც და მასზე მომუშავე გუნდიც მითითებული არ არის.

მნიშვნელოვანი ფაქტების მიჩქმალვა, მანიპულაცია და არაზუსტი ინფორმაცია ფონად გასდევს 40 წუთიან ფილმს, სახელწოდებით “ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს!”

 სიუჟეტი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში ნაციონალური მოძრაობისა და იმდროინდელი პრეზიდენტის ბრალეულობაზეა აგებული ისე, რომ განვითარებულ მოვლენებში რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა მინიმუმამდეა დაყვანილი. აგვისტოს ომი წარმოჩენილია როგორც “მაშველი რგოლი” სააკაშვილისთვის, რამაც შესაძლებლობა მისცა “ოპოზიციის წნეხისგან” გათავისუფლებულიყო და დაებრუნებინა “დაკარგული ლეგიტიმაცია”.

altფილმში ავტორი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მიმოხილვას 2004 წელს, ქვეყნის სათავეში ახალი ხელისუფლების მოსვლიდან იწყებს და იმ შეცდომებსა თუ ქმედებებს აღწერს, რაც მისივე შეფასებით, ყოფილმა ხელისუფლებამ ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით და ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობის კონტექსტში მიზანმიმართულად განახორციელა. ასე მაგალითად, ფილმიდან ვიგებთ, რომ 2004 წელს ახალმა ხელისუფლებამ პრაქტიკულად მოგვარებული, ან უფრო ზუსტად, მოგვარების გზაზე დამდგარი კონფლიქტები ჩაიბარა, მაშინდელმა მთავრობამ კი, სახალხო დიპლომატიის ერთ-ერთი მექანიზმი და ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობების დათბობა-გაღრმავების ერთადერთი საშუალება ერგნეთის ბაზრობა გააუქმა, რითაც სააკაშვილი-ოქრუაშვილის [ირაკლი ოქრუაშვილი იმ დროისთვის თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა] ტანდემმა „კონფრონტაციის გზა“ აირჩია და ოსურ მხარეს პირდაპირ ანიშნა, რომ „ოფიციალური თბილისის არჩევანი შერიგების და დაახლოების პოლიტიკა აღარ არის“.

ერგნეთის ბაზრობის გაუქმების კომპონენტი ფილმში აპრიორი უარყოფითად ისეა განხილული, რომ საპირისპირო მხარე - კორუფცია, კონტრაბანდა, დაუფიქსირებელი გადასახადები და ა.შ. განხილული არ არის და არც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიცია ჩანს იმის შესახებ, თუ რატომ მიიღეს მათ აღნიშნული გადაწყვეტილება და რა იყო ამის მთავარი მოტივატორი.

 ამასთან, ავტორი 2004-2008 წლების შუალედში ცხინვალის რეგიონში მომხდარ არაერთ შეტაკებასა და დაპირისპირებაზე იმგვარად საუბრობს, რომ ყველა კონტექსტში ყოფილი ხელისუფლების ბრალზე, განზრახ პროვოკაციულობასა და კონფრონტაციულობაზე მიუთითებს. იქვე დასძენს, რომ სააკაშვილი “წარმატებით ახერხებდა კრემლის პროვოცირებას”.

ნაციონალური მოძრაობის მხრიდან აგვისტოს ომის ინსპირირების დასტურად 2007-2008 წლებში მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან ბიზნესის, მედიის, ოპონენტების და მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ ჩადენილ დანაშაულებებსაც გვახსენებს. სააკაშვილი მოხსენიებულია დიქტატორად. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები კი აპრიორი გაყალბებულად არის წარმოჩენილი. არადა, მიუხედავად დაფიქსირებული ხარვეზებისა, მაშინ რომელიმე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას საყოველთაო გაყალბების ნიშნებზე არ უსაუბრია და არც მისი შედეგები დაუყენებია ეჭვქვეშ. 2004-2008 წლების მიმოხილვის დასასრულს ავტორი ამტკიცებს, რომ სააკაშვილმა მიზანმიმართულად ჩაითრია ქვეყანა სისხლიან ავანტურაში.

altფილმის მიწურულს დრო უკვე უშუალოდ აგვისტოს ომის დეტალების განხილვას ეთმობა, საიდანაც ვიგებთ, რომ სააკაშვილისთვის შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე, „გარე მტრის საქართველოში შემოჭრა“ იყო საჭირო, რისთვისაც ისეთი სამხედრო ოპერაცია უნდა დაგეგმილიყო, რომელზე რეაგირებაც რუსეთის მხრიდან გარდაუვალი იქნებოდა, რისთვისაც „სააკაშვილის ხელისუფლებამ დემონსტრაციული, ფართომასშტაბიანი ოპერაცია განიზრახა“.

 „ყველას გვახსოვს, როგორც ვუყურებდით ტელეეკრანებს, გვიკვირდა ჩვენი მედიის, რომელიც ამ ყველაფერს იღებდა და მსოფლიოს გადასცემდა, ვამბობდით, მტრები ხომ არ არიან, რას აკეთებენ, მოწინააღმდეგეს აწვდიან ინფორმაციასო. დიახ, გეგმის შემადგენელი ნაწილი ზუსტად ეს პროპაგანდა იყო. მთელ მსოფლიოს უნდა ენახა ქართველების დიდი სამხედრო ძალის მოქმედება რეგიონში. საჯაროდ სილაგაწნული რუსეთი კი იძულებული უნდა ყოფილიყო, სამხედრო ძალებით შემოსულიყო საქართველოში“, - ვისმენთ ფილმში.

მასალაში 8 აგვისტოს რუსთაველის გამზირზე საქართველოს მხარდამჭერი აქცია-კონცერტი, რომელსაც მეგობარი ქვეყნების პრეზიდენტებიც ესწრებოდნენ, ომში გამარჯვების ზეიმად არის გამოცხადებული. არადა, ღონისძიების მიზანი მსოფლიოსთვის სწორედ რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელეული აგრესიისა და მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერის ჩვენება იყო. ფილმში ყოფილ პრეზიდენტს საერთაშორისო თანამეგობრობის სათანადო არაინფორმირებულობაშიც სდებენ ბრალს. არადა, სწორედ საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით გამართული მოლაპარაკებების შედეგად გახდა რუსეთის ფედერაცია იძულებული, რომ რეგიონში საბრძოლო მოქმედებები შეეჩერებინა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებისთვის მოეწერა ხელი. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული შეთანხმების პირობებს რუსეთი დღემდე უხეშად არღვევს, რის გამოც, ის დასავლელი პარტნიორების მხრიდან კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გამხდარა.

 „რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე მესამემ თავის დროზე თქვა - რუსეთს ჰყავს ორი ჰყავს ორი მოკავშირე, არმია და ფლოტია. 21-ე საუკუნეში ამ მოკავშირეებს შეიძლება თავისუფლად დაემატოს სააკაშვილიც. კრემლისთვის ძნელად თუ მოიძებნება სააკაშვილზე ხელსაყრელი პოლიტიკოსი რუსული ჩექმის სამხრეთ კავკასიაში კვლავ შემოსადგმელად. ამ დიდ ტრაგედიაში გაიმარჯვა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილმა და მისი დანაშაულებრივი რეჟიმის შემოქმედებმა. მათ მიაღწიეს უპირველეს მიზანს - მოიპოვეს ლეგიტიმაციის საჭირო ხარისხი და შეინარჩუნეს ძალაუფლება“, - სწორედ ასე იხსნება ფილმში აგვისტოს ომის ანთოლოგია - სრული პასუხისმგებლობის ყოფილ ხელისუფლებაზე გადატანა და რუსეთის ფაქტორის შემცირება.

alt ფილმში რუსეთი არა კონფლიქტის მხარედ, არამედ მესამე, განყენებულ აქტორად არის წარმოჩენილი, რომელიც იძულებული გახდა, რომ ერთი აგრესიული აქტორის მხრიდან მეორეს მიმართ განხორციელებულ ოპერაციაში მშვიდობისმყოფელის სტატუსით ჩართულიყო. ასევე, არ არის გაანალიზებული ისტორიული კონტექსტი. არც უკრაინასთან პარალელებია გავლებული, რაც ჩრდილოელი მეზობლის რეგიონში განზრახვებსა და მიზნებს თავის სახელს დაარქმევდა. პირიქით, საპირწონედ, რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას ვისმენთ, სადაც ის ამბობს, რომ „რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დაძაბვის მიზეზი არის საქართველოს გეგმები ძალით აღადგინოს კონტროლი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რეგიონებზე და არა საქართველოს მისწრაფება ნატოსკენ“.

 გარდა ამისა, აგვისტოს ომის შემდეგ, თავად ვლადიმირ პუტინმა აღიარა, რომ ის საქართველოში ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციისთვის ჯერ კიდევ 2006 წლიდან ემზადებოდა და მისი ქმედებები საქართველოს მხრიდან „კონფრონტაციაზე“ მყისიერი პასუხი ვერ იქნებოდა.

ფილმში მოვლენების მსგავსი ცალმხრივი განხილვა, კონტექსტისა და ფაქტების არასწორად წარმოჩენა პირდაპირ იმეორებს აგვისტოს ომის შესახებ უკვე კარგად ცნობილი რუსული პროპაგანდის ნარატივს, ხელს უწყობს 2008 წლის მოვლენებში რუსეთის როლის გამოცლის პოლიტიკას და ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკის გაძლიერებას.

 მიუხედავად იმისა, რომ მთელი ფილმი პირადად სააკაშვილს და ზოგადად მის გარემოცვას სდებს ბრალს 2008 წლის ომის დაწყებაში, საერთოდ არ ჩანს მისი ან მისი გუნდის პოზიციის წარმოჩენის მცდელობა. მოვლენების შემფასებლად საუბრობენ მხოლოდ დავით უსუფაშვილი (შენების მოძრაობა), ირაკლი სესიაშვილი (ქართული ოცნება), რიჩარდ მაილსი (აშშ-ს ყოფილი ელჩი), გოგა ხაინდრავა (რეჟისორი), პაატა ზაქარეიშვილი (ანალიტიკოსი) და მამუკა არეშიძე (ანალიტიკოსი). არც ერთი რესპონდენტი არ არის წარმოდგენილი ფორმალური ბალანსისთვის მაინც. სიუჟეტი ცალმხრივად, მანიპულაციურად აჩვენებს განვითარებულ მოვლენებს, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ფილმი შეიქმნა არა აგვისტოს ომის და მანამდე განვითარებული მოვლენების გამოსარკვევად, არამედ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, იმდროინდელი პრეზიდენტის ბრალეულობის წარმოსაჩენად.

კატეგორია: ეთიკა
26 ივნისს რუსთავი2-მა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დარბევაში მონაწილე სპეცრაზმელები დასასვენებლად ანტალიაში გაუშვეს. რუსთავი 2-ზე დაყრდნობით, დაუდასტურებელი ინფორმაცია, გადამოწმების გარეშე გაავრცელეს გვერდებმა დრონი.ge, პრესა.ge, ფაქტები.ge, თაიმერი, ალია, newsreport.ge, itv.ge.

რუსთავი 2 წერდა, რომ სპეცრაზმელების დასასვენებლად გაშვების შესახებ ინფორმაცია „სპეციალური ავიარესის ერთ-ერთმა მგზავრმა აცნობა და ფოტო მიაწოდა. ამავე მგზავრის ინფორმაციით, სპეცრაზმელები ბორტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა შეაცილეს.“

შსს-ის პრესსამსახურში „მედიაჩეკერს“ განუცხადეს, რომ რუსთავი2-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. დაშავებული 80 სამართალდამცველიდან ორს მკურნალობის საზღვარგარეთ გაგრძელება დასჭირდა, რის გამოც ისინი თურქეთში გაემგზავრნენ.

რუსთავი 2-ის გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ერთ-ერთი პოლიციელის ოჯახის წევრიც გამოეხმაურა. მისი თქმით, მის მეუღლეს აქციის დროს თვალი დაუზიანდა და მხედველობა თითქმის დაკარგა, რის გამოც, მინისტრის ბრძანებით, იგი თურქეთში, ქალაქ სტამბოლში წაიყვანეს, რათა მხედველობა შეუნარჩუნდეს.
კატეგორია: ეთიკა
3 მაისს, თბილისში, მეტროსადგურ სარაჯიშვილში ახალგაზრდა კაცი მეტროს ლიანდაგებში ჩავარდა, მემანქანემ დამუხრუჭება ვერ მოასწრო და ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა. ამბავი ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში მოხვდა. სიუჟეტში შემთხვევის შედეგად გარდაცვლილის ფოტო აჩვენეს, თუმცა აღმოჩნდა, რომ ფოტოზე იმავე სახელისა და გვარის სრულიად სხვა ადამიანი იყო.

იგივე შეცდომა დაუშვა გაზეთ “ახალი თაობის” ონლაინ ვერსიამაც. ამბის გამოქვეყნების დროის მიხედვით თუ ვისჯელებთ, დიდი ალბათბით, გამოცემა ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დაეწყრდნო, ამბავი არ გადაამოწმა და ტექსტს გარდაცვლილის არასწორი ფოტო დაურთო. გარდაცვლილის ფოტო არასწორად დაბეჭდეს გამოცემებმა - newposts.cc, resonancedaily.com და siaxleebi.club-მა.

სიუჟეტის გასვლიდან მალევე სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზეც “რუსთავი 2-ის” მიერ გარდაცვლილად წარმოჩენილი ახალგაზრდა კაცი, ტელევიზორის გვერდით, ზუსტად იმ კადრის ფონზე დგას, სადაც მის გარდაცვალებაზეა საუბარი და ამბავს საილუსტრაციოდ მისივე ფოტო ახლავს. Prime Time-ის ინფორმაციით, ფოტო სოციალურ ქსელში თავად შეცდომით გარდაცვლილად გამოცხადებულმა ახალგაზრდამ გამოაქვეყნა წარწერით - “როდესაც ტელევიზიით იგებ, რომ მოკვდი”.

ამ დროისთვის ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის-” ვებგვერდზე აღნიშნული სიუჟეტი აღარ იძებნება. ამბავი მხოლოდ ე.წ. “ნიუსის” ფორმატში, ვიდეოს გარეშე დევს.

რაც შეეხება სხვა გამოცემებს (newposts.cc, resonancedaily და siaxleebiclub), მათ ვებგვერდებზე ამბავი ძველი ფოტოებით კვლავ იძებნება. დამატებულია ახალი მასალები, გარდაცვლილი უკვე რეალური ფოტოებით. ამასთან, resonancedaily მხოლოდ “რუსთავი 2-ის” შეცდომაზე მიუთითებს და არაფერს ამბობს, წინა დღით, იმავე თემაზე მათ მიერვე გაპარულ ხარვეზზე. batumelebi.cc-ის გვერდიდან ძველი მასალა საერთოდ წაშლილია და საიტზე ამბის მხოლოდ განახლებული ვერსია იძებნება. ახალი თაობის ვებგვერდზე კი, ამბის მხოლოდ ძველი ვერსიაა განთავსებული.
კატეგორია: ეთიკა
24 მარტს თბილისის საკონცერტო დარბაზში ირანელი მომღერლის, ამირ თათალუს კონცერტი გაიმართა. რამდენიმე დღის შემდეგ, 28 მარტს, სოციალურ ქსელსა და სხვადასხვა საიტებზე გავრცელდა 46-წამიანი ვიდეო კონცერტიდან, რომელშიც მომღერალი მშობლიურ ენაზე მიმართავს აუდიტორიას. ვიდეოს ადევს ქართული ტიტრები, არასწორი თარგმანით, - თითქოს მომღერალი ქართველებს შეურაცხყოფას აყენებს. მასალებს ქსეონოფობიური შინაარსის, სიძულვილის ენის შემცველი დისკუსია მოჰყვა.

დამონტაჟებული ვიდეო სოციალურ ქსელში თავდაპირველად გვერდმა „აინიუსმა“ გაავრცელა. აღნიშნული გვერდი ფეისბუკში 2015 წელს შეიქმნა და ძირითადად, ქსენოფობიური და ჰომოფობიური შინაარსის კონტენტს ავრცელებს. ამ დროისთვის „აინიუსს“ 37 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს.

აღნიშნული ვიდეო გადამოწმების გარეშე გამოაქვეყნდა საიტებზეც: mediamall.ge, intermedia.ge, geotimes.ge, marshalpress.ge, infopostalioni.com, reitingi.ambebi.ge, alia.ge, artinfo.ge. გამოცემები წერენ, რომ ირანელმა მომღერალმა ქართველებს „უდიდესი შეურაცხყოფა“ მიაყენა და უცენზუროდ მოიხსენია. გარდა ამისა, გამოცემების ნაწილი საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოების თავმჯდომარე ზვიად ტომარაძეზე დაყრდნობით იუწყება, რომ მომღერალი ამირ თათალუ ირანის ხელისუფლებისგან დევნილია.

altაღმოსავლეთმცოდნე გიორგი ლობჟანიძე  ფეისბუკის გვერდზე წერს, რომ გარკვეული მიზეზის გამო მომღერლის დაცვას არ აპირებს, თუმცა მისი გამოსვლა არასწორად არის თარგმნილი: “ვინ არის საქართველოში ირანული ჟარგონისა და არგოს ისეთი მცოდნე, რომ იქ, სადაც ადამიანი ამბობს, მე რომ მოვწიო, რა მოხდებაო, ვიღაც თარგმნის: მე რომ მოვწიო, ამათ რა ჩემი ის იმასუნდამიქნანო“.

ვიდეოს გავრცელებას ულტრამემარჯვენე, ნაციონალისტური ჯგუფების წარმომადგენლების საპროტესტო აქცია მოჰყვა. 29 მარტს მათ ირანის საელჩოსთან აქცია გამართეს როგორც რადიო თავისუფლება წერს, აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს ის ფაქტი, რომ “საქართველოს ხელისუფლებამ ჯერ დაუშვა, ხოლო შემდეგ - არ დაგმო ირანელი რეპერის, ამირ თათალუს შეურაცხმყოფელი ქმედებები და გამონათქვამები”.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ინფორმაციით, საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ირანის საელჩოსა და ირანის ხელისუფლებას არავითარი კავშირი არ აქვს ემირ თათალოს თბილისში გამართულ კონცერტთან, არც მისი ვიზიტისა და კონცერტის ორგანიზატორების შესახებ აქვს ინფორმაცია.
კატეგორია: ეთიკა

ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” გადაცემა “შაბათის კურიერის” 23 მარტის გამოშვების ერთ-ერთი სიუჟეტი საქართველოდან ექსპორტზე შესაძლო ფალსიფიცირებული სპირტის გატანას ეხებოდა. სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ ამ საქმეში “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ძმების ადიკო და ალექსანდრე ივანიშვილების ინტერესი იკვეთება. ამგვარი მსჯელობა მხოლოდ Presa.ge-ს ჟურნალისტსა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ წევრს ეყრდნობოდა, ფაქტების დასადასტურებლად მასალაში რაიმე დოკუმენტი არ გვინახავს.

გადაცემის წამყვანმა თემის წარდგენისას განმარტა, რომ “presa.ge-ს გამომძებელმა ჟურნალისტებმა დიდი სკანდალი გახეთქეს”. კერძოდ, ბიძინა ივანიშვილის ძმებს ადიკო და ალექსანდრე ივანიშვილებს ქვეყანაში ხორბლის სპირტი შემოაქვთ და საქართველოდან ღვინის სპირტის სახელით გააქთ. მანვე განმარტა, რომ ხორბლის სპირტი იაფია, ღვინის სპირტი კი, პრაქტიკულად სამჯერ ძვირი, “შესაბამისად, მარტო დოკუმენტების გაყალბებით, დიდი ფულის შოვნაა შესაძლებელი”.

“ვინც საქმე შეისწავლა, ამბობს, რომ დოკუმენტები ყალბდება და ამ სქემაში ჩართულია სოფლის მეურნეობის სამინისტრო. სქემის მიხედვით, ივანიშვილები სპირტის შავი ბიზნესისათვის ღვინის სამ კომპანიას იყენებენ. ერთის მეწილე ალექსანდრე ივანიშვილი თავად არის. მეორე ქარხანა სახელწიფოს ეკუთვნოდა, ქართუ ბანკის ვალი დაუგროვდა, გაყიდეს და კავშრები შეინარჩუნეს, მესამე ქარხანას კი ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ბიზნესმენები ფლობენ.... ჩვენ გამოვითხოვეთ ოფიციალური დოკუმენტები, რამდენი ღვინო და სპირტი გადის ექსპორტზე, როდესაც დავაჯამეთ დადგინდა, რომ ქვეყანაში ფიზიკურად არ არის იმდენი ღვინის და სპირტის მარაგი, ამდენი ყურძენი ვერ მოგვყავს, რომ ასეთი რაოდენობის ექსპორტი გვქონდეს”, - განმარტა წამყვანმა.

იმ მესიჯებს, რაც მასალის წარდგენისას მოვისმინეთ, მასალის ავტორი “presa.ge-ს გამომძიებელ ჟურნალისტზე დაყრდნობით ავრცელებს.

“გამომძებელმა ჟურნალისტებმა presa.ge-დან სპირტის არალეგალური ბიზნესის სქემა გაშიფრეს. სქემის სათავეში ბიძინა ივანიშვილის ორი ძმა ადიკო და ალექსანდრე ივანიშვილები არიან. მათ საქართველოში იაფი ხორბლის სპირტი შემოაქვთ, შემდეგ დოკუმენტაციას აყალბებენ და ქვეყნიდან ხორბლის სპირტი ღვინის სპირტის დასახელებით გადის. რაც უფრო ძვირია, მოგება მილიონობით ლარია”, - ამბობს ჟურნალისტი და იქვე აზუსტებს, რომ “ამ სქემისთვის ძმები ივანიშვილები ძმები ასკანელების, დუგლაძეების და ბოლერო ენდ კომპანის ღვინის ქარხნებს იყენებენ”.

მასალის მიხედვით, ამ კომპანიებიდან ორში საუბარი არ ისურვეს, ერთში კი სპირტის ფალსიფიცირების ფაქტი კატეგორიულად უარყვეს.

კომპანიების საკითხს ავტორი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრთან” გიორგი ბოტკოველთან აზუსტებს, რომელიც ყოველგვარი დოკუმენტაციისა და ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებების გარეშე საუბრობს ივნიშვილების მიერ ერთ-ერთი ღვინის კომპანიის “ხელში ჩაგდების” სქემაზე.

ჟურნალისტი ამბობს, რომ presa.ge-ის მიერ გამოძიებაში მოყვანილი ფაქტები “კურიერმაც” გადაამოწმა. კერძოდ, ღვინის ეროვნული სააგენტოდან ექსპორტზე გატანილი ღვინისა და სპირტის მაჩვენებლები 2018 წელს ყურძნის მოსავალს შეადარეს და აღმოჩნდა, რომ “მოსავალი ამ პროდუქციის წარმოებისთვის საკმარისი არ იყო”. აღნიშნული მსჯელობის გასამყარებლადაც ისევ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ბოტკოველი და presa.ge-ს ჟურნალისტი გვევლინებიან.

ჟურნალისტი, ასევე მხოლოდ presa.ge-ზე დაყრდნობით გვიყვება, რომ ფოთის პორტის გავლით, ბიძინა ივანიშვილის ძმას, ადიკო ივანიშვილის ხორბლის იაფფასიანი სპირტი შემოაქვს. შემდეგ სოფლის მეურნეობის სამინისტროს დახმარებით დოკუმენტები იცვლება და საქართველოდან საკონიაკე სპირტად გადის. “მოგება დიდია. პირობითად - 30 მლნ დოლარის ხორბლის სპირტს უცხოეთში საბუთების გაყალბების შემდეგ, 98 მლნ-დ ყიდიან”, - ამბობს ის.

დოკუმენტაციის გაყალბებაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს უშუალო ჩართულობაზე საუბრობენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ბოტკოველი და presa.ge-ის წარმომადგენელიც. “სოფლის მეურნეობის სამინისტროში კითხვებზე პასუხი არ ისურვეს”, - ამბობს ჟურნალისტი და აზუსტებს, რომ, კონტაქტზე არც ივანიშვილები გამოდიან, “რომელთა უშუალო ჩართულობაზეც ფალსიფიცირებული სპირტის ბიზნესში საუბრობენ გამომძებელი ჟურნალისტებიც, ოპოზიციაც და ფაქტებიც”. თუმცა, მაყურებელს მასალაში ჟურნალისტისა და ოპოზიციის წარმომადგენლის კომენტარის გარდა, ფაქტობრივად, სხვა ოფიციალური დოკუმენტი არ უნახავს.

ცხადია, იმის ხაზგასმა, რომ სიუჟეტში მოყოლილი ამბავი ცალსახა სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება, ჩვენი მიზანი არ არის. თუმცა, მასალაში ივანიშვილებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მისამართით გაჟღერებული ბრალდებების გასამყარებლად მხოლოდ ორი რესპონდენტის ზეპირსიტყვიერი განმარტება სოლიდურობას მოკლებულია და მას ნაკლებად დამაჯერებელს ხდის.

 

 

კატეგორია: ეთიკა

20-22 მარტს, სოციალურ ქსელსა და საიტებზე: iTV.ge და droni.ge, გავრცელდა ლოს ანჯელესში ჩატარებული ერთ-ერთი სპეცოპერაციის ამსახველი ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, რომ კაცი, რომელსაც სავარაუდოდ აკავებენ, ცეკვის მსგავს მოძრაობებს აკეთებს. ვიდეომასალას ქართული ნაციონალური ცეკვის “შალახოს” მელოდია ადევს, საიტები კი მტკიცებითში წერენ, რომ “ლოს ანჯელესში, ქართველმა, დაკავებისას “შალახო” იცეკვა”.

დამონტაჟებული ვიდეო, თავდაპირველად, 20 მარტს სოციალური ქსელის მომხმარებელმა ოთო ბარბაქაძემ გაავრცელა. “მგონი ქართველი დააკავეს LA-ში” - წერს იგი იუმორით. ამავე პოსტის კომენტარებიდან კი ირკვევა, რომ ვიდეო მან დაამონტაჟა და სპეცოპერაციის კადრებს “შალახოს“ მუსიკა დაადო.

iTV.ge-მ და droni.ge-მ დამონტაჟებული ვიდეო გადამოწმების გარეშე გამოაქვეყნეს. iTV.ge ვიდეოს ტექსტს აღარ ურთავს და სათაურშივე წერს, რომ დაკავებული ქართველია და ის “შალახოს” ცეკვავს. Droni.ge მტკიცებით ფორმაში მხოლოდ იმას წერს, რომ დაკავებისას კაცი “შალახოს” ცეკვავდა, სოციალური ქსელის მომხმარებლები კი ამ ფაქტის გამო ფიქრობენ, რომ ის ქართველია.

სინამდვილეში, სპეცოპერაცია კალიფორნიაში 19 მარტს ჩატარდა. ბრალდებულის აყვანის კადრებს CBS Los Angeles პირდაპირ ეთერში გადასცემდა. თუმცა, მისი ეთნიკური წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია უცნობია.

კატეგორია: ეთიკა
„ახალი ეპიდემია საქართველოში: ასობით პედოფილი, ათასობით განადგურებული ბავშვი“ - ამ სათაურით 2 მარტს „ქრონიკა+“-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელიც არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის ძალადობას ეხება. მასალაში პედოფილებისა და სექსუალური მოძალადეების რაოდენობის შესახებ არგუმენტების და ოფიციალური სტატისტიკის გარეშე, მტკიცებით ფორმაში დაუდასტურებელი მონაცემებია მოყვანილი.

მაგალითად, სტატიის შესავალში ავტორი პედოფილიას ფსიქიკურ დარღვევად აფასებს, შემდგომ კი აღნიშნავს: „ბევრი ექსპერტის აზრით, საქართველოში ყოველი მე-10 პოტენციური სექსუალური მოძალადეა, ხოლო ყოველი მე-5 - პედოფილი.“ - სტატიაში არ არის მოყვანილი ამ მონაცემების დამადასტურებელი ოფიციალური სტატისტიკა და არსად ჩანს, თუ რომელი „ექსპერტების“ მოსაზრებას ეყრდნობა ავტორი, ან როგორ დადგინდა ვინ არის პოტენციური მოძალადე.

„ქრონიკა+“-ის მასალაში ბოლო პერიოდში არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის დანაშაულის ოთხი შემთხვევა და შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის სტატისტიკაა განხილული.

სტატიის დასკვნით ნაწილში კი ვკითხულობთ: „მიუხედავად იმისა, რომ არსებული ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში პედოფილების რიცხვი შემაშფოთებლად მაღალია, სტატისტიკა ნახევრადაც არ ასახავს ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობის რეალურ მდგომარეობას“ - ავტორს არგუმენტად შიშის ან „სხვადასხვა მიზეზების“ გამო დანაშაულის შეუტყობინებლობა მოჰყავს, თუმცა, ამ შემთხვევაშიც უცნობია ინფორმაციის წყარო და მასალაში არ ჩანს, თუ რაზე დაყრდნობით წერს ავტორი, რომ პედოფილების რიცხვი შემაშფოთებლად მაღალია.
კატეგორია: ეთიკა

27 თებერვალს ონლაინგამოცემა faqtebi.ge-მ გამოაქვეყნა მასალა სათაურით - “სალომე ზურაბიშვილი დათანხმდა აზერბაიჯანული მხარისთვის დავით გარეჯის ტერიტორიის გადაცემას - თენგიზ ომანაძე”. გამოქვეყნებული ტექსტი პარტია “თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილის თენგიზ ომანაძის ინტერპრეტაციას ეყრდნობა და არა რაიმე კონკრეტულ ფაქტს.  
faqtebi.ge-ზე დაყრდნობით, იგივე მასალა გამოაქვეყნეს alia.ge-მ, infonews.ge-მ   და news.coa.ge-მ.

პრეზიდენტების სალომე ზურაბიშვილისა და ილჰამ ალიევის შეხვედრა 27 თებერვალს შედგა. როგორც ომანაძე წერს, ამ შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე, პრეზიდენტებმა განაცხადეს, რომ ორი ქვეყნის საზღვრის დელიმიტაციაზე ისაუბრეს. “ეს ნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილი დათანხმდა აზერბაიჯანული მხარისთვის დავით გარეჯის ტერიტორიის გადაცემას, რადგან ამ დრომდე, საზღვრის დემილიტაციის პროცესის ერთადერთი შემაფერხებელი იყოს სწორედ ის, რომ აზერბაიჯანული მხარე აცხადებდა ტერიტორიულ პრეტენზიებს უდაბნოს სრულ ტერიტორიაზე, ხოლო სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადება ნიშნავს, რომ ქართული მხარე დათანხმდა აზერბაიჯანული მხარის პირობებს”, -ასეთ დასკვნას აკეთებს თენგიზ ომანაძე.

მისივე შეფასებით, ეს სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებული ერთპიროვნული გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა და ის “მიღებული არის გარკვეული კულუარული პროცესების შედეგად”: “მთავრობა გეგმავს, რომ სალომე ზურაბიშვილის ხელით გააკეთოს და მისი პასუხისმგებლობის საგნად აქციოს, ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილება“.

♦    რა თქვა სალომე ზურაბიშვილმა?

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, აზერბაიჯანს ოფიციალური ვიზიტით 27-28 თებერვალს სტუმრობდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა განაცხადა:

“ვისაუბრეთ, რომ ტურიზმი უნდა გაიზარდოს ორ ქვეყანას შორის და ის ციფრული ნიშნული რაც მიღწეული არის, არ არის საკმარისი. უნდა მიიღოს სხვა მასშტაბი ამ ტურიზმის განვითარებამ, ორ ქვეყანას შორის, როგორც გარედან მოსული ტურისტებისთვის, რომ ეს სივრცე გაიხსნას… ამ კუთხით, მაგრამ, არა მხოლოდ ამ კუთხით, ასევე ჩვენი მეგობრობიდან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უნდა მივცეთ საზღვრის სადემილიტაციო კომისიას მითითება, რომ განაახლონ თავიანთი მუშაობა და მივიყვანოთ ეს მუშაობა ბოლომდე და საბოლოოდ დავადგინოთ ჩვენი ერთობლივი საზღვარი, რომელიც უნდა იყოს გამაერთიანებელი საზღვარი და არა გამიჯვნის საზღვარი… მაგრამ ნორმალური არის, რომ გამომდინარე ჩვენი მეგობრული ურთიერთობების, ეს საკითხი ბოლოს და ბოლოს დასრულდეს, ამდენი წლის შემდეგ”.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანთან სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციასთან დაკავშირებით, პრეზიდენტს პრესკონფერენციაზე სხვა განცხადება არ გაუკეთებია. საკითხთან მიმართებით, დამატებითი ინფორმაცია არც პრეზიდენტის ადმინისტრაციას გაუვრცელებია. შესაბამისად, მხოლოდ აღნიშნულზე დაყრდნობით იმის მტკიცება, რომ ზურაბიშვილი აზერბაიჯანისთვის დავით გარეჯის ტერიტორიის გადაცემას დასთანხმდა, ცალსახად არასწორი და სახიფათოა.

კონკრეტული გამოცემის მიერ ცალკეული პოლიტიკოსის პირადი შეფასების უაპელაციო გავრცელება და საზოგადოებამდე მსგავსი მნიშვნელობის მქონე საკითხის არასწორი კონტექსტით მიტანა, ორმხრივად სახიფათოა. ეს საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ისედაც არსებული სტერეოტიპული დამოკიდებულებების გაღრმავებას უწყობს ხელს და მეგობარი სახელმწიფოსადმი და კონკრეტული ეთნიკური ჯგუფისადმი ნეგატიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას ახალისებს.

ბოლო მონაცემების მიხედვით, საქართველოში 233 ათასამდე ეთნიკურად აზერბაიჯანელი ცხოვრობს, აზერბაიჯანში კი - 10 000-მდე ეთნიკურად ქართველი.

♦  საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაცია ბოლომდე დასრულებული არ არის. ამ დრომდე საზღვრის მხოლოდ 65 %-ია შეთანხმებული (300 კმ). შეუთანხმებელია საზღვრის ის მონაკვეთი, სადაც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილია განთავსებული.

კატეგორია: ეთიკა
ვებსაიტებმა presa.ge, cyc.ge და droni.ge გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა  თბილისის საკონცერტო დარბაზი  ბერა ივანიშვილის საკუთრება გახდეს. სამივე საიტი მტკიცებით ფორმაში წერს, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახი „ამჯერად ფილარმონიის ხელში ჩაგდებას ცდილობს.“ თუმცა, მასალებში არ არის მოყვანილი არც ერთი რესპოდენტი, რომელიც ამბის სინამდვილეს დაადასტურებდა ან უარყოფდა. ასევე, სტატიებში არ ჩანს, რომ ავტორი რაიმე გზით ინფორმაციის გადამოწმებას შეეცადა.

გადაუმოწმებელი ინფორმაცია, თავდაპირველად, 18 თებერვალს presa.ge-მ გამოაქვეყნა სათაურით - „ბერას თბილისის საკონცერტო დარბაზი მიაქვს - პროკურატურა მიხეილ გიორგაძის დაკითხვას აპირებს“. იმავე დღეს, presa.ge-ზე დაყრდნობით, იდენტური მასალა გაავრცელა cyc.ge-მაც. 28 თებერვალს კი იმავე შინაარსის სტატია გამოქვეყნდა droni.ge-ზე შემდეგი სათაურით: „თბილისის საკონცერტო დარბაზი ბერას მფლობელობაში გადადის…“

მასალების ავტორები თბილისის საკონცერტო დარბაზის მფლობელი კომპანიის „ინტერნეიშენალ ივენთსის“ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელ ფინანსურ დავალიანებზე წერენ და კომპანიის „ვერშესრულებულ“ ვალდებულებებსა და ივანიშვილის ოჯახის ინტერესებს ერთმანეთთან აკავშირებენ. გარდა ამისა, ზემოთ აღნიშნული ვებსაიტები წერენ, რომ „ინტერნეიშენალ ივენთსის“ დამფუძნებელს, კულტურის ყოფილ მინისტრ მიხეილ გიორგაძეს მალე პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარებენ, თუმცა, უცნობია, თუ რას ეყრდნობიან ისინი ამ ინფორმაციის გავრცელებისას.

„ინტერნეიშენალ ივენთსმა“ წლების განმავლობაში ვერ შეასრულა აღებული ვალდებულებები და ბიუჯეტის წინაშე მნიშვნელოვანი დავალიანებაც დააგროვა. თუმცა, მიხეილ გიორგაძის გავლენების გამო, მისი კომპანია დღემდე პრივილეგიებით სარგებლობდა. ვითარება მას შემდეგ შეიცვალა, რაც თბილისის საკონცერტო დარბაზით ბერა ივანიშვილი დაინტერესდა“, - წერს droni.ge.

პროკურატურის პრესსამსახურში „მედიაჩეკერს“ განუცხადეს, რომ შპს „ინტერნეიშენალ ივენთსის” საქმეთან დაკავშირებით გამოძიება არ მიმდინარეობს.

გარდა ამისა, Droni.ge, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, ვარაუდობს, რომ ბერა ივანიშვილი „Black Sea Arena“-ს და თბილისის საკონცერტო დარბაზის გაერთიანებასაც გეგმავს. სტატიაში არ ჩანს, რომ ავტორი არც ამ ინფორმაციის გადამოწმებას შეეცადა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპის მიხედვით, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. ამ პრინციპის განმარტებაში კი ვკითხულობთ, „უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა და ბოლომდე გადაამოწმა ფაქტები, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია.“
კატეგორია: ეთიკა

24 თებერვალს „TV პირველის“ ოპერატორების გათავისუფლებაზე გავრცელდა დაუდასტურებელი ინფორმაცია, ჰომოფობიური კონტექსტით. რამდენიმე გამოცემამ დაწერა, რომ   ლგბტ თემის წევრთა გადაღებაზე უარის თქმის გამო,მაუწყებლიდან ყველა ოპერატორი გაათავისუფლეს. სტატიებს გამოცემების გვერდზეც და სოციალურ ქსელშიც არაერთი კომენტარი აქვს, რომლებშიც სიძულვილის ენა და ჰომოფობიური ნარატივია.

 ახალი ამბავი თავდაპირველად სააგენტო “ლიდერმა” გამოაქვეყნა. გამოცემა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორები, ლგბტ თემის წევრთა გადაღებაზე უარის თქმის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს. იდენტური ინფორმაცია, “ლიდერზე” დაყრდნობით, გამოაქვეყნეს “ახალმა თაობამ” და “ჯორჯიან თაიმსმაც”. 25 თებერვალს კი იგივე ამბავი, ჯორჯიან თაიმსზე დაყრდნობით გაავრცელა “პროგრესნიუსმა”.

„ახალ თაობას“ სტატიის ბოლოს წყაროდ „მარშალპრესი“ აქვს მითითებული. წყაროს ბმული არ ახლავს, Google-ს საძიებო ველში „მარშალპრესზე“ გამოქვეყნებული ინფორმაცია კვლავ იძებნება, თუმცა ბმულზე გადასვლისას ჩანს, რომ მასალა წაშლილია.

alt
გამოცემები წერენ, რომ “ტელეკომპანია “პირველიდან” ყველა ოპერატორი გაათავისუფლეს, ამის შესახებ ტელევიზიის ერთ-ერთი თანამშრომელი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს და კოლეგებისგან ითხოვს სოლიდარობას”.

ტექსტში ვკითხულბთ, რომ გათავისუფლების მიზეზი გახდა ოპერატორების მხრიდან ლგბტ თემის წევრების გადაღებაზე უარის თქმა: “ტელეკომპანია “პირველის” ორმა ოპერატორმა უარი განაცხადა “ელგებეტე” თემის წევრთა გადაღებაზე და ისინი მყისიერად დაითხოვეს სამსახურიდან. ამას მოჰყვა დანარჩენი ოპერატორების პროტესტი, რაზეც ასევე მყისიერად მიიღო გადაწყვეტილება ტელევიზიის ხელმძღვანელობამ და ისინიც გაუშვეს”.

altმსგავსი ტექსტი სოციალურ ქსელში ნამდვილად იძებნება, თუმცა არა რომელიმე ოპერატორის პირად, არამედ ამ სახელწოდების გვერდზე -  „ქართველი ვიდეო ოპერატორები და ფოტოგრაფები“.

“სოლიდარობა ჩვენს კოლეგებს, მეგობრებს და თავისი საქმის პროფესიონალებს!!! ბიჭებო თქვენ არ ხართ მარტო, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ!!! თხოვნა იქნება რომ გააზიაროთ, რათა ყველამ ნახოს რომ ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ!!!”- წერს გვერდი და ამ ტექსტს ტელეკომპანია პირველის ფოტოს ურთავს. ამავე გვერდზე კიდევ ერთი “პოსტი” იძებნება, რომელშიც წერია, რომ სამსახურიდან ტელეკომპანია პირველის ოპერატორები გაათავისუფლეს.

ტელეკომპანია “პირველთან” დაკავშირებული ინფორმაცია “მედიაჩეკერმა” რამდენიმე წყაროსთან გადაამოწმა. საინფორმაციო სამსახურში ოპერატორების გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ და ამბობენ, რომ არავინ გაუთავისუფლებიათ. ტელევიზიის სხვა თანამშრომლების თქმით კი,  მაუწყებელში ოპერატორებთან დაკაშირებით პრობლემა მართლაც შეიქმნა. 14-მა ოპერატორმა ტელევიზია დატოვა, თუმცა, 12 მალევე დაბრუნდა, ორის ბედი კი ჯერჯერობით უცნობია. ოპერატორების პროტესტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნა იყო .

 

 

კატეგორია: ეთიკა

13 თებერვალს, გამოცემებმა On.ge-მ და ტაბულამ, ასევე, საიტმა esport.ge და ტელეკომპანია მაესტრომ, არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების წევრის ჯაბა ყველაშვილის შესახებ. თუმცა, მალევე On.ge-მ და ტაბულამ შეცდომა გაასწორეს და მკითხველს ბოდიში მოუხადეს, esport.ge-მ და მაესტრომ კი გავრცელებული მცდარი ინფორმაცია მკითხველისთვის ყოველგვარი განმარტების გარეშე წაშალეს.

⇒  უზუსტობა მასალებში

უფრო კონკრეტულად, 13 თებერვალს სოციალურ ქსელ ინსტაგრამში საქართველოს მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების წევრების ბაკურიანში მიმდინარე წვრთნების ამსახველი ფოტოები გავრცელდა. ფოტოზე ჩანდა, რომ ნაკრების ერთ-ერთ წევრს ჯაბა ყველაშვილს ეხურა ქუდი, რომელზეც იკითხებოდა წარწერა RUSS, სიტყვის დაბოლოება კი არ ჩანდა.

გამოცემებმა - ტაბულამ და On.ge-მ, ასევე, საიტმა esport.ge და ტელეკომპანია მაესტრომ სპორტსმენის ქუდზე ასახული წარწერა RUUSSIA-ად აღიქვეს და მასალები მოამზადეს.


alt
 on.ge-ს მასალა შესწორებამდე

altalt

მაესტრო და esport.ge 

ტექსტებში ნათქვამი იყო, რომ მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების წევრის წევრს ჯაბა ყველაშვილს, ვარჯიშის დროს ქუდი ეხურა წარწერით - RUSSIA. On.ge-ც და ტაბულაც წერდნენ, რომ ცდილობდნენ სპოერტსმენთან დაკავშირებას გადასამოწმებლად, რა ეწერა ქუდზე, თუმცა, მას ვერ დაუკავშირდნენ.

[ტაბულამ შეცდომა იქამდე გაასწორა, ვიდრე მედიაჩეკერი სტატიის პირველ ვერსიას შეინახავდა, ამიტომ მასალაში მისი  ფოტოასლი მოცემული არ არის. რედ.]


⇒ რა წერია ქუდზე

სინამდვილეში კი აღმოჩნდა, რომ მოჭიდავის ქუდზე ცნობილი სპორტული ბრენდის RUSSELL ATHLETIC-ის წარწერა RUSSELL იყო დატანილი. სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო კი ისეთი რაკურსით იყო გადაღებული, რომ ბრენდის სახელწოდების ბოლო სამი ასო არ იკითხებოდა. როგორც ჩანს, მედიის ნაწილის შეცდომაც სწორედ ამან განაპირობა.

altმასალების გამოქვეყნებიდან მალევე მედიაში არასწორად გავრცელებულ ინფორმაციას Facebook-ის საშუალებით თავად სპორტსმენი ჯაბა ყველაშვილი გამოეხმაურა.

„გავრცელდა ინფორმაცია რომ მე ვარჯიშის დროს მეფარა რუსეთის ქუდი. მინდა ყველას ვთხოვო, ნუ გაავრცელებენ ცრუ ინფორმაციას. ქუდს, რომელიც ფოტოზეა, აწერია RUSSELL და არა RUSSIA. გთხოვთ გვაცალოთ მშვიდად ვარჯიში და ინტრიგების ნაცვლად დაინტერესდეთ სპორტის გაშუქებით...!!!!“ - დაწერა მან.

 

⇒  როგორ შეასწორეს მედიებმა შეცდომა

სპორტსმენის განმარტების შემდეგ, On.ge-მ და ტაბულამ დაშვებული შეცდომისთვის ბოდიში მოიხადეს. 

ტაბულამ მასალის პირველი ვერსია 12:26 საათზე გამოაქვეყნა. დაახლოებით სამი საათის შემდეგ,  [15:47სთ], მას შემდეგ, რაც მოჭიდავემ განმარტება გააკეთა, გამოცემამ ახალი ინფორმაცია გაავრცელა, რომელშიც მკითხველს განუმარტა, რომ ქართველ მოჭიდავეს ქუდზე RUSSELL აწერია და არა RUSSIA. იქვე აღნიშნა, რატომ მოუვიდა უზუსტობა და შეცდომისთვის ბოდიში მოიხადა. ამავე ტექსტში გამოცემამ მიუთითა, რომ როგორც საიტიდან, ასევე ფეისბუკის გვერდიდან ინფორმაცია აიღო. მოგვიანებით, ტაბულამ სტატიის თავდაპირველი ვერსიის ბმული აღადგინა და ახლა ამ ბმულზეც ახალი ტექსტია გამოქვეყნებული, -  რედაქციის განმარტება და ბოდიში.


alt
ტაბულას ჩასწორებული მასალა


On.ge-მ ტექსტი იმავე ბმულზეც  ჩაასწორა და ახალი მასალაც დაწერა. ორივე მასალა იდენტურია და სათაურშივეა მითითებული, რომ ჯაბა ყველაშვილზე არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის ბოდიშს იხდის. ამავე ტექსტში გამოცემამ განმარტა, რატომ მოუვიდა შეცდომა და რა გზებით ცდილობდა ინფორმაციის გადამოწმებას მასალის თავდაპირველ ვერსიაში. 

alt
 

On.ge-ს ჩასწორებული მასალა
 
ყველაშვილზე არაზუსტი ინფორმაცია აღარც მაესტროს ფეისბუკ გვერდსა და esport-ზე იძებნება, თუმცა, არცერთ მათგანს მკითხველისთვის არ აუხსნია, რომ შეცდომა მოუვიდა, მათ ტექსტი განმარტების გარეშე  წაშალეს.

alt
ასე გამოიყურება esport.ge-ზე ის ბმული, სადაც ყველაშვილზე იყო ინფორმაცია  გამოქვეყნებული.



⇒   როგორ უნდა შესწორდეს არაზუსტი ინფორმაცია

შეცდომისგან მედია დაზღვეული არ არის. ეს შესაძლოა რამდენიმე ფაქტორით აიხსნას. მსგავსი შემთხვევები ხდება საერთაშორისო მედიაშიც.

ამ თემაზე:   2018 წლის 15 მთავარი შესწორება მსოფლიო მედიაში  

თუმცა, ყველა ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ის არის, როგორ რეაგირებს მედია დაშვებულ შეცდომებზე.

საქართველოს “ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” მე-5 პრინციპის მიხედვით, “მედია ვალდებულია შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არასწორი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება. ამ პრინციპის განმარტების თანახმად, მიუღებელია შესწორება იმგვარად, რომ თავიდან გაკეთდეს სიუჟეტი ან სტატია, რა დროსაც არაზუსტ ინფორმაციას ჩაენაცვლება ზუსტი ინფორმაცია, მაგრამ არ იქნება გაცხადებული უკვე დაშვებული შეცდომის შესახებ.

 ონლაინმედიის თვითრეგულირების გზამკვლევში, რომელიც 2013 წელსაა გამოცემული, ვკითხულობთ:

  • მედიამ არასწორი ინფორმაცია არ უნდა წაშალოს ან არ უნდა ჩაანაცვლოს ის ახლით;  
  • მედიამ უნდა ჩაასწოროს მასალა და მკაფიოდ განმარტოს, რომ მასალის წინა ვერსია შეიცავდა უზუსტობებს;
  • მედიამ ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს ძველი და შესწორებული მასალები.

შესწორების სახელმძღვანელო წესები შემუშავებული აქვს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასაც. ამ დოკუმენტშიც ხაზგასმულია, რომ არასწორად გამოქვეყნებული მასალა ისე უნდა შესწორდეს, რომ აუდიტორიისთვის ცნობილი გახდეს რა გასწორდა. 

„მასალა სრულად მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება წაიშალოს. მაგალითად მაშინ, როდესაც საჯარო ინტერესის არარსებობის შემთხვევაში ის ზიანს აყენებს, ლახავს სხვათა უფლებებს და განსაკუთრებით უხეშად არღვევს ეთიკურ სტანდარტებს“, - ვკითხულობთ სახელმძღვანელო წესებში.

ამ თემაზე ვრცლად  ნახეთ: დაშვებული შეცდომის შესწორების წესები მედიაში
კატეგორია: ეთიკა

"საავადმყოფოში ყოველ 5 წუთში წყლისაგან მოწამლული ადამიანები შემოჰყავთ" - ფეკალიები სასმელ წყალში - ამ სათაურით 31 იანვარს presa.ge -მ დაუდასტურებელი ინფორმაცია გამოაქვეყნა. გამოცემა წერს, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს სასმელ წყალში ფეკალიები აღმოაჩინეს და სამი დღის განმავლობაში ონკანიდან წყლის დალევა საშიშია. მასალაში ასევე ნათქვამია, რომ Presa.ge ერთ-ერთ საავადმყოფოს დაუკავშირდა, სადაც უთხრეს, რომ წყლისაგან მოწამლული ადამიანები საავადმყოფოში ყოველ 5 წუთში მიჰყავთ.

მედიაჩეკერი აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. სამინისტროს პრესსამსახურში წყლით მოწამვლის შემთხვევებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მსგავსი ჩივილით სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის გამოძახების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანია GWP გამოეხმაურა. სპეციალურ განცხადებაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ სასმელი წყალი დაბინძურებული არ არის.



„გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციებს და ეროვნული რეგლამენტის მოთხოვნებს“, - აღნიშნულია GWP-ს განცხადებაში.

ირკვევა, რომ ეს განცხადება  presa.ge-ს ნანახი აქვს, რადგან ტექსტშიც აქვს ჩასმული. თუმცა, სათაური მაინც დადასტურებელ ფაქტად წარმოაჩენს მოწამვლის შემთხვევბს. 

 31 იანვარს ოფიციალური განცხადება გაავრცელა სურსათის ეროვნულმა სააგენტომაც. “დედაქალაქში სასმელი წყალი სრულად შეესაბამება წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს”, - ნათქვამია განცხადებაში



საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. ქარტიის პირველი პრინციპის განმარტებაში ხაზგასმით წერია, რომ მასალაში უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა და ბოლომდე გადაამოწმა ფაქტები, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია.

კატეგორია: ეთიკა

საქართველოს უზენაესი სასამართლო ექვს გამოცემას ქარტიის პირველი (სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო) და მეხუთე (შესწორება) პრინციპის დარღვევას ედავება. ეს მედიასაშუალებებია: ვერსია, მარშალპრესი, დაიჯესტი, ექსკლუზივნიუსი, რეზონანსი და ITV.ge.

ქარტიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სადავო გახდა სტატია სათაურით "ეკა ბესელიას იჭერენ?! რატომ არ იყიდა ივანიშვილმა ბესელიას კომპრომატები". მასალა თავდაპირველად "ვერსიამ" გამოაქვეყნა, დანარჩენმა ვებსაიტებმა კი იდენტური ინფორმაცია "ვერსიაზე" დაყრდნობით გაავრცელეს.

ქარტიისთვის გაგზავნილ განცხადებაში უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო სტატიებში პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას მიმართ გამოთქმულ ბრალდებებთან ერთად "პიროვნების პატივისა და ღირსების შემლახავ, მკვეთრად შეურაცხმყოფელ კონტექსტშია ნახსენები საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარის მზია თოდუას სახელი და საქმიანი რეპუტაცია. მეტიც, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ჟურნალისტის მიერ პირდაპირ, მტკიცებითი ფორმით დადანაშაულებულია კორუფციულ გარიგებებსა და ქრთამის აღებაში."

უზენაესი სასამართლოს განცხადება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ 30 იანვარს სცნო დასაშვებად. ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს. სხდომა ჯერ ჩანიშნული არ არის.


⇒ პრინციპი 1

ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

⇒  პრინციპი 3 

ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია.

⇒  პრინციპი 5 

მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.
კატეგორია: ეთიკა

[2019-01-31] განახლება  
-
მედიაჩეკერზე მასალის გამოქვეყნების შემდეგ ნიუპოსტმა მასალის სათაური შეცვალა: "განათლების მინისტრი არ გამორიცხავს, რომ 2019 წელს   მე-12 კლასში გამოსაშვები გამოცდების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება გადაიხედოს" - ასე ჰქვია ახლა სტატიას. შესწორების შესახებ ტექსტში არანაირი მინიშნება არ არის. [აქვე, იხ. შესწორების წესები მედიაში.]

-----------------------------

„განათლების მინისტრი არ გამორიცხავს, რომ მე-12 კლასი გაუქმდეს“ - ამ სათაურით, 30 იანვარს, newposts.ge-ზე გამოქვეყნდა ინფორმაცია მეთორმეტე კლასის სავარაუდო გაუქმებასთან დაკავშირებით.  სტატიის სათაური არც შინაარსს შეესაბამება, რადგან ტექსტში მე-12 კლასის გაუქმებაზე არაფერია ნათქვამი  და არც განათლების მინისტრის იმ კომენტარს, რომელსაც მასალის ავტორი ინფორმაციის წყაროდ უთითებს. 

სტატია ტელეკომპანია “იმედის”  ეთერში გასულ გადაცემაზე დაყრდნობით არის მომზადებული.  29 იანვარს, "იმედის" ეთერში გასულ გადაცემაში „პირისპირ“, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი  განათლების სისტემაში მოსალოდნელ ცვლილებებზე საუბრობდა. წამყვანის კითხვაზე, იგეგმება თუ არა მეთორმეტე კლასის გაუქმება, მიხეილ ბატიაშვილმა უპასუხა, რომ საუბარია მხოლოდ საატესტატო „კატის“ გამოცდების გაუქმებაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „მეთორმეტე კლასის გაუქმება არანაირად არ იგეგმება“.  [რედ.: აღნიშნული კითხვა-პასუხი იხილეთ  01:02:30 სთ-ზე]

განათლების სისტემაში ცვლილებების თემა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ 2019 წელს მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება, 2020 წლიდან კი სკოლებში გამოსაშვები გამოცდები გაუქმდება.

----------------------------------------------------------------

იხილეთ სტატიის პირველი და მეორე ვერსიები

 

კატეგორია: ეთიკა

მაშინ, როდესაც ქვეყანაში წითელასა და H1N1-ს შემთხვევების გახშირების გამო, ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებს, რამდენიმე საიტი აქვეყნებს ძველ, გადაუმოწმებელ და შეცდომაში შემყვან ინფორმაციას ვაქცინაციასთან დაკავშირებით.

"საქართველოში ჯანმრთელობისთვის საშიში 29 222 დოზა ვაქცინა გაიხარჯა"- ამ ტიპის სათაურებით მასალა 26 იანვარს გამოქვეყნდა საიტებზე: Alia.ge, Tvm.ge, Geomediapress.ge .

Alia.ge და tvm.ge საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაყრდნობით წერდნენ, რომ საქართველოში ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ვაქცინა გაიხარჯა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო რეკომენდაციით, მოხმარებიდან უნდა ამოღებულიყო.

აღნიშნული ინფორმაცია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ერთი წლის წინ, 2018 წლის 17 იანვარს გაავრცელა. სტატია ეყრდნობა 2018 წლის აუდიტის ანგარიშს, რომელშიც საუბარია 2016-2017 წლებში საქართველოში გახარჯულ 29 222 დოზა ცოფის საწინააღმდეგო, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ ვაქცინაზე. თუმცა, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გავრცელებული ინფორმაცია უარყო და მოგვიანებით, აუდიტის სამსახურმაც დაადასტურა, რომ ცოფის ვაქცინა უსაფრთხო იყო. იდენტური ინფორმაცია მედიაში ერთ წლის წინაც პრობლემურად გაშუქდა.

მიუხედავად ამისა, ზემოთხსენებულმა გვერდებმა ერთი წლის წინანდელი არაზუსტი ინფორმაცია, შეცდომაში შემყვანი სათაურებით, ახალ ამბად წარუდგინეს მკითხველს. ვაქცინაციის თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრმა საქართველოში წითელას ეპიდაფეთქება გამოაცხადა და მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდა. ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგენკოს თქმით, წითელას გავრცელების შეჩერება მხოლოდ ვაქცინაციით არის შესაძლებელი.

იმ ფონზე, როდესაც საქართველო წითელას ეპიდემიის ზღვარზეა, პარალელურად, გახშირებულია H1N1 ვირუსის შემთხვევები და რამდენიმე ადამიანი ამ ვირუსის შედეგად გარდაიცვალა კიდეც, ამ ინფორმაციის გავრცელებას სოციალურ ქსელში დიდი დისკუსია მოჰყვა. საიტებმა კი, ისევე როგორც გასულ წელს, ახლაც ეს ინფორმაცია ისე გაავრცელეს, რომ არც უდიტის სამსახურს დაკავშირებიან და არც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს. მათ არც ის აღუნიშნავთ, რომ ინფორმაცია ერთი წლის წინ გავრცელდა.

კატეგორია: ეთიკა

გასული დღეების განმავლობაში, ქართული მედიასაშუალებები აქტიურად აშუქებენ თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში 4 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტს. შემთხვევა 22 იანვარს მოხდა და მისი გახმაურებიდან მალევე, პოლიციამ გარდაცვლილის დედა შემაკავებელი ორდერის დარღვევის ბრალდებით დააკავა. როგორც ირკვევა, რამდენიმე დღის წინ, მშობემა შვილზე ფიზიკურად იძალადა, რაც დედისთვის შემაკავებელი ორდერის გამოწერის საფუძველი გახდა. შემთხვევიდან რამდენიმე დღეში კი, ოჯახში გამოძახებულ სასწრაფო დახმარებას არასრუწლოვანი გარდაცვლილი დახვდა. 

მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავებს დედისათვის შვილის მკვლელობაში ბრალი არ წაუყენებიათ, ხოლო სასამართლოს 24 იანვრამდე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე არ უმსჯელია, ქართული მედიასაშუალებების ნაწილი, ძირითადად ონლაინ გამოცემები, არ დაელოდნენ ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებას და  ბავშვის მკვლელობაში დედა დაადანაშაულეს. გარდა ამისა, მედიასაშუალებების ნაწილმა ფაქტი იმდენად ფრაგმენტულად და ზედაპირულად გააშუქა, რომ ინფორმაციის მომხმარებლებს ამბის ობიექტური გარემოებების ნაცვლად, ემოციური, სენსაციურობით გაჯერებული და სკანდალზე ორიენტირებული მასალები შესთავაზა.

მედიასაშუალებების სრულმა უმეტესობამ ამბის გახმაურებიდან მალევე მოახდინა ოჯახის სრული იდენტიფიცირება. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურმა ორგანოებმა ოჯახის წევრების მხოლოდ ინიციალები გაავრცელეს, როგორც ტელე ისე ონლაინ მედიასაშუალებებმა გაავრცელეს დედისა და გარდაცვლილის ვინაობები. მოგვიანებით გასაჯაროვდა გარდაცვლილი გოგოს ფოტოსურათიც, რომელზეც მას ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება. აღსანიშნავია, რომ ამ ოჯახში სხვა არასრულწლოვნებიც ცხოვრობენ, რომლებიც უკვე გაიყვანეს ოჯახიდან სახელმწიფო უწყებებმა, ხოლო მედიის მიერ ოჯახის სრული იდენტიფიცირება, შესაძლოა, აღნიშნულ არასრულწლოვანთა მომავალში სტიგმატიზების წყარო გახდეს. მედიასაშუალებებში მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფიზიკური ძალადობის კვალი გარდაცვლილის 5 წლის ძმასაც აღენიშნებოდა.

არაერთმა ონლაინ გამოცემამ მხოლოდ და მხოლოდ მეზობლებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ „თბილისში დედამ 4 წლის შვილი, სავარაუდოდ, ცემით მოკლა“, ზოგიერთმა ვებგვერდმა კი აღნიშნული ინფორმაცია მტკიცებით ფორმაში გაავრცელა და აღნიშნა, რომ „4 წლის გოგონა დედამ ცემით მოკლა“. მედიასაშუალებების ნაწილმა კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ გოგოს გარდაცვალების მიზეზი დედინაცვლის მიერ მისი ცემა გახდა. სხვა მედიასაშუალებების მიხედვით კი გოგოს არა დედინაცვალი, არამედ მამინაცვალი ჰყავდა. ამგვარი ფაქტობრივი უზუსტობებიც ცხადყოფს, რომ მედიასაშუალებების ნაწილი ამბის სწრაფად გავრცელებას, ჟურნალისტური სიზუსტის ხარჯზე ცდილობდა. ასევე, სხვადასხვა ტელემედიამ და ონლაინ გამოცემამ უაპელაციოდ გაავრცელა მეზობლების კომენტარები, სადაც ისინი პირდაპირ ბრალს სდებენ ბავშვის დედას მკვლელობაში, მიუხედავად იმისა, რომ მათი თქმით, მათ არაფერი დაუნახავთ და მხოლოდ ქალის ყვირილისა და ბავშვის ტირილის ხმები ესმოდათ ხოლმე.

ამბავს ონლაინ გამოცემები, უმეტესწილად, ფრაგმენტულად აშუქებდნენ და მომხმარებლებს ინფორმაციას არაამომწურავად აწვდიდნენ. შესაბამისად, მათ გაშუქებაში პრობელმა იყო არა მხოლოდ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა და ოჯახის იდენტობის გამჟღავნება, არამედ ამბის ზედაპირული და არასიღრმისეული გაშუქებაც. ხშირად ვებ-გვერდებზე გავრცელებული ინფორმაცია სხვა საინფორმაციო გვერდებიდან დაკოპირებული მასალებისაგან შედეგებოდა.

გარდა ამისა, ზოგიერთმა გამოცემამ საკუთარ Facebook გვერდებზე გააკეთა Live-ჩართვები გარდაცვლილი გოგოს საცხოვრებელი სახლიდან. მიუხედავად იმისა, რომ არავითარი საჭიროება არ იდგა ამ თემის გაშუქებისას პირდაპირ ეთერში გარდაცვლილის სახლისა და ოჯახის წევრების ჩვენების, მედიებმა მაინც გადაწყვიტეს, რომ ამბის მეტი დრამატიზირებისათვის პირდაპირი ჩართა შეეთავაზებინა მაყურებლებისათვის.

თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ მედიასაშუალებები ვერ შეძლებდნენ ამბის გაშუქებისას სკანდალურობისა და სენსაციურობისაგან სრულად დაცლას. მიუხედავად ამისა, ამბისათვის კონტექსტის მიწოდებისა და უფრო კომპლექსური გაშუქების მეშვეობით, შესაძლებელი იქნებოდა, რომ შემთხვევა არ გაშუქებულიყო როგორც მორიგი „შემზარავი ფაქტი“, რითაც ისინი, ერთი მხრივ, თემის სიღრმისეულად შესწავლასა და ინფორმაციის მომხმარებლამდე მიტანას შეძლებდნენ, მეორე მხრივ კი, თავს აარიდებდნენ ტრაგიკული მოვლენის სკანდალურ რეპორტინგს. უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე მედიასაშუალება შეეცადა, ფაქტის მიღმა, სტრუქტურული პრობლემების დანახვას, რისთვისაც მათ ბავშვთა წინააღმდეგ ძალადობასა და მის პრევენციასთან დაკავშირებულ პრობლემატიკაზე გააკეთეს აქცენტი.

კატეგორია: ეთიკა

13 და 14 იანვარს პლატფორმებზე: intermedia.ge, info9.ge, agora.ge,  infonews.ge, 2020news.ge, გამოქვეყნდა ამბავი, რომ საქართველოში განათლების სისტემა “საშინელ (ცუდ) მდგომარეობაშია”, რაც არაზუსტი და მანიპულაციურია. გამოცემები ამბის წყაროდ worldatlas-ის კვლევას უთითებენ. სინამდვილეში, worldatlas არ არის კვლევითი ორგანიზაცია. გარდა ამისა, მას ინფორმაცია 2017 წელს აქვს გამოქვეყნებული. იგივე მასალა გამოქვეყნებული აქვთ newpress.ge-სა და commersant.ge-საც, თუმცა მათ ტექსტი  intermedia.ge-დან აქვთ გადატანილი, დანარჩენ საიტებზე კი პირველწყარო მითითებული არ არის, რაც ნიშნავს, რომ მასალა თავად თარგმნეს. 

გამოცემების ნაწილმა, მათ შორის intermedia.ge-მ არასწორად თარგმნა worldatlas-ს შეფასება. “worldatlas''-მა საქართველო ყველაზე საშინელი განათლების სისტემის მქონე ქვეყნების რეიტინგში შეიყვანა”, - ამ სათაურით აქვთ მასალები გამოქვეყნებული საიტებს. Worldatlas-ს კი მასალა ასე აქვა დასათაურებული - Countries With The Worst Education Systems, რაც ნიშნავს ყველაზე ცუდს, და არა საშინელს.

Worldatlas-ს რეიტინგი დადგენილი აქვს ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტიდან განათლების სფეროზე დახარჯული წილის პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით. ჩამონათვალში 25 ქვეყანაა, სადაც განათლებას ყველაზე ნაკლები თანხა ხმარდება. ამ სიის მიხედვით, ირკვევა, რომ განათლებაზე ყველაზე ნაკლებ თანხას (0.7%) ეკვატორული გვინეა ხარჯვს და, შესაბამისად, მას რეიტინგში პირველი ადგილი უკავია. ხოლო საქართველო 2,7%-ით სიაში ყველაზე ბოლო - 25-ე ადგილზეა. ეს კიდევ ერთი მონაცემია, რაც მასალებში არასწორადაა ინტერპრეირებული და მკითხველში აჩენს განცდას, რომ საქართველოს ამ 25 ქვეყანას შორის ყველაზე ცუდი მდგომარეობა აქვს.

კატეგორია: ეთიკა
ვებსაიტებზე: kvirispalitra.ge, palitravideo.ge, qartuliazri.ge, kvira.ge, exclusivenews.ge, euronews.ge და evpatori.ge 10-დან 12 დეკემბერამდე პერიოდში, გავრცელდა იდენტური შინაარსის მასალები ე.წ. საშიშ ინტერნეტ თამაშებზე, სენსაციური სათაურებით. სტატიები, რომლებიც თითქოსდა მშობლებისთვის სიფრთხილისკენ მოწოდებას ისახავს მიზნად, თავად არის საფრთხის შემცველი, რადგან მათში დასახელებულია თამაშის სახელწოდება, აღწერილია გზა, როგორ უნდა ჩაერთო მასში, დართული აქვს ფოტო - სქრინი თამაშიდან და ერთ-ერთ საიტზე გავრცელებულია თამაშის ვიდეოც.

გარდა ამისა, პრობლემურია ისიც, რომ მასალები დაუდასტურებელ ინფორმაციას შეიცავს - მხოლოდ ერთ რესპონდენტზე, ერთ-ერთი მცირეწლოვნის მშობელზე დაყრდნობით არის მომზადებული. მათში არ ჩანს ინფორმაციის სხვა წყაროებთან გადამოწმების მცდელობა.

სტატიები ყველგან “კვირის პალიტრაზე” დაყრდნობით მომზადაა. შინაარსი იდენტურია - მასალაში ნათქვამია, რომ მცირეწლოვნების მშობლებმა კლასის ხელმძღვანელისგან მიიღეს გამაფრთხილებელი შეტყობინება. დამრიგებელი ბავშვების აგრესიულ ქცევას ერთ-ერთ საშიშ ინტერნეტ თამაშს უკავშირებს და ამბობს, რომ თამაშის ბოლოს ბავშვები ე.წ. „ლურჯი ვეშაპის“ მსგავს დავალებებს იღებენ. შემდეგ კი, ერთ-ერთი მშობელი თავისი შვილის ისტორიას ჰყვება და სიფრთხილისკენ მოუწოდებს სხვა მშობლებს.

ავტორი არაერთხელ იმეორებს, რომ თამაში ყველასთვის მარტივად ხელმისაწვდომია. გარდა ამისა, სახელწოდების დასახელებით და ტექნიკური აღწერით, ფაქტობრივად, აუდიტორას ე.წ. “შემზარავ ინტერნეტ თამაშებში” ჩართვის ინსტრუქციას აძლევს. palitravideo.ge აუდიტორიას ვიდეო რგოლსაც სთავაზობს, რომელშიც აღნიშნული თამაშებია ნაჩვენები. “კვირის პალიტრა” კი სტატიის ბოლოს ამბობს, რომ უცხოურმა მედიამ სამი თამაში დაასახელა ბავშვებისთვის ყველაზე საშიშად, წერს სამივე თამაშის დასახელებას და აღწერს შინაარსს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სხვადასხვა პორტალზე ე.წ. საშიშ ინტერნეტ თამაშებზე ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია. მასალები უმეტესად დადასტურებულ ფაქტად გვაწვდის იმას, რაც დაზუსტებული არ არის. მაგალითაც, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად უარყოფს საქართველოში ასეთი ტიპის თამაშების არსებობას. არც ისაა სადმე დადასტურებული, საქართველოში არასრულწოვნები არიან თუ არა ამგვარ თამაშებთან დაკავშირებული და უკავშირდება თუ არა მოზარდების უცნაური ქცევები და თვითმკვლელობები ინტერნეტს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ამბობს, რომ ისეთი მასალების მომზადების დროს, რომელიც არასრულწლოვნებს, ან სუიციდს ეხება, მედიამ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინიოს და უპირატესი ინტერესი ყოველთვის ბავშვის უფლებებს მიანიჭოს. “ არ მოამზადოთ ისეთი მასალა, რომელიც საზიანო იქნება მისთვის”, - ვკითხულობთ სახელმძღვანეო წესებში, რომელიც ქარტიას ბავშვთა საკითხების გაშუქებაზე აქვს მომზადებული.
კატეგორია: ეთიკა
საშიშ ინტერნეტ თამაშზე და მოზარდების სუიციდისა  თუ სხეულის დაზიანების ამ თამაშთან დაკავშირების თემაზე, გადაუმოწმებელი და სენსაციური მასალები მედიაში კვლავ პრობლემად რჩება. დღეს, 7 დეკემბერს, ორმა გამოცემამ, "ალიამ" და "რეზონანასმა" ისევ გაავრცელეს ამ თემაზე მასალები, არაზუსტი და სენსაციური სათაურით.

ამბავი 11 წლის გოგოს ეხება, რომელიც მაკრატლით სხეულზე დაზიანებას იყენებს. ალია წერს, რომ "გოგომ სუიციდის მცდელობა გადაიღო ვიდეოზე", რეზონანსი კი ამბობს, რომ გოგო "სასიკვდილო თამაშების მსხვერპლია". ორივე პლატფორმამ ამბავი "რადიო ფორტუნას" მიერ გავრცელებულ ვიდეოზე დაყრდნობით გაავრცელა.

"რადიო ფორტუნას" ვიდეო 1-ელ ნოემბერს აქვს გავრცელებული. აღსანიშნავია, რომ იგივე მასალა "რეზონანსმა" პირველ ნოემბერსაც გამოაქვეყნა, მაშინ გამოცემამ მხოლოდ ვიდეო გამოაქვეყნა, დღეს კი ეს ამბავი თავიდან გაავრცელა, ტექსტად, ვიდეოს გარეშე.

ორივე გამოცემის მიერ გამოქვეყნებული მასალა მხოლოდ ერთ რესპონდენტზე - გოგოს კლასელის მშობელზე დაყრდნობით არის მომზადებული. არასრულწლოვნის დედა ამბობს, რომ ეს ამბავი მან მშობელთა კრებაზე გაიგო, ვიდეო კი ერთ-ერთმა მშობელმა აჩვენა. მისივე თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის და იმავე სკოლაში ორი მსგავსი შემთხვევა მოსწავლეების სუიციდით დასრულდა. თუმცა ამის დამადასტურებელ ფაქტს არც მშობელი ასახელებს და, როგორც მასალიდან ჩანს, არც ჟურნალისტს უცდია ამბის გადამოწმება და დაზუსტება.

გარდა ამისა, მშობელი ამბობს, რომ არასრულწლოვანი, რომელიც მაკრატლით თვითდაზიანებებს იყენებდა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლია და მან ამის შესახებ მასწავლებლისგან გაიგო. აღნიშნული ინფორმაციაც გადაუმოწმებელი და დაუზუსტებებელია.

იგივე ამბავი, 1-ელ ნოემბერს არაერთი გამოცემის გვერდზე მოხვდა. "rustavi 2-მა" ამბავს ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა, ასევე სენსაციური სათაურით - "შოკისმომგვრელი ვიდეო -11 წლის მოზარდმა ბასრი იარაღით ხელები დაისერა, ოჯახი ბავშვის ქმედებას ე.წ. ლურჯ ვეშაპს უკავშირებს". "rustavi 2-ზე" ან "რადიო ფორტუნაზე" დაყრდნობით, ინფორმაცია 1-ელ და 2 ნოემბერს გაავრცელეს სხვა პლატფორმებმაც: newposts.ge, primetime.ge, presa.ge, newsport.ge, akhalitaoba.ge, palitravideo.ge, timenews.ge, dianews.ge და bulvar.ge. მაშინ გამოცემების ნაწილი წერდა, რომ გოგოს ფსიქიკური პრობლემებიც აქვს.

საშიშ ინტერნეტთამაშზე, ე.წ ლურჯ ვეშაპსა და არასრულწლოვნების სუიციდის თემაზე "მედიაჩეკერს" არაერთი მასალა აქვს მომზადებული.


ყველა ამგვარ მასალაში ცალსახადაა ნათქვამი, რომ ისეთი თემის გაშუქებისას, როგორიცაა: მოზარდების პრობლემები, სუიციდი, თვითდაზიანებები და ა.შ. მედიამ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს.

საქართველოს ურნალისტური ეთიკის ქარტიის ვებგვერდზე რამდენიმე სახელმძღვანელო იძებნება, რომელიც ჟურნალისტს ამგვარ თემებზე მუშაობისას დაეხმარება. ასეთებია მაგალითად: ბავშვთა საკითხების გაშუქების სახელმძღვანელო წესები და ასევე, გაიდლაინი სუიციდის გაშუქების შესახებ. ბავშვთა საკითხების გაშუქების გაიდლაინში ნათქვამია, რომ მედიამ უპირატესი ინტერესი ყოველთვის ბავშვს უნდა მიანიჭოს.

"ეცადეთ, არ გამოიყენოთ სოციალური ქსელში არასრულწლოვნის მიერ/შესახებ განთავსებული ფოტოები ან ინფორმაცია, თუ ეს რედაქციულად არ არის დასაბუთებული. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ორმაგი გადამოწმება სჭირდება, რადგან მცდარი ინფორმაციის გავრცელების რისკი უფრო მაღალია", - ვკითხულობთ სახელმძღვანელოში. (შეგახსენებთ, 11 წლის გოგოს შესახებ ვიდეო მედიებმა სოციალური ქსელიდან მოიპოვეს).

ამავე დოკუმენტში, არასრულწლოვანთა სუიციდის ქვეთავში კი ნათქვამია, რომ მედიამ არ უნდა აღწეროს პროცესი: "ზედმეტად დეტალურ აღწერასა და სენსაციაზე ორიენტირებულმა სტატიებმა, რომლებიც ფოკუსირდებიან სუიციდის მსხვერპლთა მიერ გამოყენებულ მეთოდებზე, შესაძლოა სხვებს, ვინც რაიმე ფორმით, საკუთარი თავის იდენტიფიცირებას მოახდენს მსხვერპლთან, ასწავლოს თუ როგორ უნდა გაიმეორონ იგივე ქმედება. არასოდეს მოყვეთ დეტალები და ნუ აჩვენებთ იმ გარემოს, სადაც სუიციდი მოხდა".
კატეგორია: ეთიკა
29 ნოემბერს ალიასა და ფაქტები.ge-ის ვებგვერდებზე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ქართველმა ემიგრანტებმა, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების პროტესტის ნიშნად, საქართველოს პასპორტები დახიეს. ფაქტის გადამოწმების მცდელობა არცერთ საიტზე არ ჩანს - ალიამ ინფორმაცია სოციალური ქსელის ერთ-ერთ მომხმარებელზე დაყრდნობით გაავრცელა, ფაქტები.ge-ს მასალაში კი წყარო საერთოდ არაა მითითებული.

 

ალიას  მიერ გამოქვეყნებულ მასალაში დახეული პასპორტების ფოტოა გამოყენებული და ნათქვამია, რომ აღნიშნულ ფოტოს და ინფორმაციას სოციალური ქსელის მომხმარებელი თათა მურაჩაშვილი ავრცელებს.  ფაქტები.ge  კი იგივე ფოტოს აქვეყნებს და წერს მხოლოდ ერთ ფრაზას - „საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების არასამართლიანად ჩატარების პროტესტის ნიშნად, ქართველმა ემიგრანტებმა საქართველოს პასპორტი დახიეს“.

მედიაჩეკერი გამოქვეყნებული მასალის გადამოწმებას შეეცადა. თათია მურაჩაშვილის პირად გვერდზე აღნიშნული პოსტი ნამდვილად იძებნება. მას მომხმარებლები სხვადასხვა ტიპის კომენტარებს უწერენ, ლანძღავენ ემიგრანტებს და ეკითხებიან სად მოხდა შემთხვევა. პოსტის ავტორი მათ პასუხობს, რომ შემთხვევა საბერძნეთსა და იტალიაში მოხდა და ამის დამადასტურებელი ვიდეომასალაც არსებობს, თუმცა ეს მასალები კომენტარებში არსად ჩანს.

მურაჩაშვილს მედიაჩეკერმა დაზუსტება სთხოვა, რის საფუძველზე ავრცელებს ასეთ ინფორმაციას, თუმცა, მას  რამდენიმე საათის შემდეგ ჩვენი შეტყობინება ისევ არ უნახავს და პასუხი არ მიგვიღია.

ფოტო, რომელიც ამ მომხმარებელმა გაავრცელა, არსად არ იძებნება. მხოლოდ აღნიშნულ ფოტოზე დაყრდნობით, შეუძლებელია იმის დადგენა, თუ სად და ვის მიერ არის გადაღებული, ნამდვილია თუ დამონტაჟებული და თუ ნამდვილია, რას უკავშირდება საქართველოს პასპორტის დახევა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. ქარტიის პირველი პრინციპის განმარტებაში ხაზგასმით წერია, რომ მასალაში უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა და ბოლომდე გადაამოწმა ფაქტები, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია. ამგვარი მიდგომა კი ზემოთდასახელებულ არცერთ მასალაში არ ჩანს.
კატეგორია: ეთიკა
30 აგვისტოს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქურდობის ბრალდებით იტალიაში ხუთი ქართველი დააკავეს. მათ იტალიის შს მინისტრის მშობლების სახლის გაქურდვა ედებათ ბრალად. მოგვიანებით რამდენიმე გამოცემამ გაავრცელა არაზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ბრალდებულები ქართველების ნაცვლად სომხები აღმოჩნდნენ“.

ასეთი შინაარსის ტექსტი გამოაქვეყნეს გამოცემებმა: Alia.ge, Resonancedaily.comAkhalitaoba.ge და NewPosts.ge. მასალებში ვკითხულობთ, რომ დაკავებულები იტალიაში ქართული სახელებითა და გვარებით იყვნენ ჩაბარებული ლტოლვილებად და ეს მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც „საქმის წარმოების დროს მათთან მისულმა თარჯიმანმა ვერ გააგებინა ქართულად ვერაფერი”. 

Alia.geResonancedaily.com და Akhalitaoba.ge წერენ, რომ ამბავს „ქართული მარშის“ წევრის, ბექა ვარდოსანიძის ფეისბუკის სტატუსზე დაყრდნობით აქვეყნებენ.  NewPosts.ge კი აღნიშნავს, რომ "ინფორმაციას ამის შესახებ იტალიაში მცხოვრები ქართველები Radio Uno Rai-ზე დაყრდნობით ავრცელებენ". თუმცა, ვინ არიან ეს ემიგრანტები, მასალაში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი.

როგორც ტექსტებიდან ჩანს, არცერთ გამოცემას არ უცდია ეს ინფორმაცია რაიმე ფორმით, რომელიმე უწყებაში, ან სხვა რელევანტურ წყაროსთან გადაემოწმებინა. 

მედიასა და სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია „ნეტგაზეთმა“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაამოწმა. უწყებაში გამოცემას განუცხადეს, რომ ქურდობის ბრალდებით დაკავებულები საქართველოს მოქალაქეები არიან. 

ამ ინფორმაციის გავრცელების მიუხედავად, სამივე გამოცემის საიტზე არაზუსტი, ქსეონოფობიური კონტექსტის ტექსტი ამ დრომდე იძებნება.
კატეგორია: ეთიკა
27 აგვისტოს “კურიერის” მთავარ გამოშვებაში გავიდა სიუჟეტი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ. მასალის მიხედვით, უწყებამ ბოლო ერთ კვირაში, ანაკლიაში, თბილისსა და ბათუმში 29 პირი დააკავა. სიუჟეტში ეს თემა ანაკლიაში მიმდინარე ელექტრონული მუსიკის ფესტივალის Echowave-ის კონტექსტში განიხილეს. მასალის ყურებისას იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ფესტივალის ტერიტორიაზე მასობრივად და უკონტროლოდ იყიდებოდა სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკი, ხაზი გაუსვეს ორგანიზატორის წარსულში ნასამართლეობასა და იგი ირიბად ბერა ივანიშვილის პროტეჟედ დაასახელეს. თუმცა, ამგვარი მესიჯების გასაჟღერებლად სიუჟეტიდან მყარი არგუმენტები და დასაბუთება არ მოგვისმენია.

თემის წარდგენისას წამყვანმა აღნიშნა, რომ “დაკავებულია სინთეტიკური ნარკოტიკის ოცამდე რეალიზატორი, აქედან შვიდი, აკრძალულ ნივთიერებას ანაკლიაში მუსიკალური ფესტივალის დროს ყიდდა”. “ემდიემაი, ლირიკა, ბიო და ექსტაზი, ეს იმ აკრძალული ნივთიერებების ჩამონათვალია, რომელიც სახელმწიფოს მიერ 4 600 000 ლარით დაფინანასებულ მუსიკალურ ფესტივალზე იყიდებოდა”, - განმარტა მანვე.

ამის შემდეგ ჟურნალისტმა სიუჟეტში აღნიშნა, რომ ირანის ორი მოქალაქე ნარკორეალიზაციის ბრალდებით პოლიციამ სწორედ ფესტივალის ტერიტორიაზე დააკავა. ნათქვამის გასამყარებლად სიუჟეტში ერთ-ერთი ადგილობრივის კომენტარი მოვისმინეთ, რომელიც მხოლოდ ჟურნალისტის დამაზუსტებელი კითხვის შემდეგ პასუხობს, რომ ირანის ერთ-ერთ დაკავებულ მოქალაქეს ნარკოტიკი ფესტივალის ტერიტორიაზე აღმოუჩინეს. აღნიშნული ქალი არც ფაქტის თვითმხილველი ყოფილა და ასაკის გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მას ამის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ჰქონოდა.

მასალაში ჩანს ნარკოტიკის საკონტროლო შესყიდვის ფარული ვიდეოჩანაწერი, თუმცა რთული დასადგენია სად ხდება მოქმედება. ამას მოსდევს შსს-ის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის განცხადება, სადაც იგი ამბობს, რომ ელექტრონულ ფესტივალზე უწყებამ ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით ჯამში 22 პირი დააკავა. თუმცა, არ აკონკრეტებს მათი დაკავება უშალოდ ფესტივალის ტერიტორიაზე მოხდა, თუ მის გარეთ. აქვე ფესტივალის მენეჯერი განმარტავს, რომ ჯერ დადასტურებული არაფერია და ფესტივალის ტერიტორიაზე “ყველაფერი კარგად იყო გაკონტროლებული”.

ამის ფონზე სიუჟეტში ჟურნალისტი შემდეგ მსჯელობას ავითარებს - “როგორ მოხვდა აკრძალული ნივთიერება ფესტივალის ტერიტორიაზე, რომელსაც ერთი ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა, ოცამდე კი საავადმყოფოში მოხვდა? ორგანიზატორები ნარკოტიკის რეალიზაციის ფაქტს უარყოფენ, რაც შეეხება მოხმარებას, ამტკიცებენ რომ მოხმარება ტერიტორიის გარეთ ხდებოდა”.

მსჯელობის გასამყარებლად მასალის ავტორი არასამთავრობო ორგანიზაცია “მანდალას” წარმომადგენლის კომენტარს გვთავაზობს. იგი სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალებებით ინტოქსიკაციის შემთხვევებზე საუბრობს და არა ფესტივალის ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვის ფაქტებზე. თუმცა ჟურნალისტი ყოველგვარი სხვა, დამატებითი დაზუსტებული ინფორმაციის გარეშე, ამბობს: “ეს იმ ნარკოტიკების ჩამონათვალია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევით ფესტივალის ტერიტორიაზე ხვდებოდა. არასამთავრობო სექტორი ფესტივალის მიმდინარეობისას სიტუაციას ადგილზე აკონტროლებდა, ამბობენ, რომ კონტროლირებად ტერიტორიაზე ყველანაირი ნარკოტიკი იყო შესული და შემოწმების მეთოდებმა არაეფექტურად იმუშავა. ირკვევა, რომ ნარკოტიკების ზედოზირების შედეგად, დახმარება ბევრად უფრო მეტ ახალგაზრდას დასჭირდა, ვიდრე კლინიკაში მოხვდა”.

კიდევ ერთი გზავნილი, რასაც მასალიდან ასევე დაუსაბუთებელი მსჯელობებით ვიღებთ, არის ის რომ ფესტივალის ორგანიზატორს ბერა ივანიშვილი ლობირებს. აქვე მის ნასამართლევობასაც უსვამენ ხაზს. გაურკვეველ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ავტორი ხაზგასმით ამბობს: “სწორედ ბიძინა ივანიშვილის ვაჟის პროტექციით ჩააბარეს 2018 წლის 21 მიასს დაფუძნებულ კომპანიას ელექტრონული მუსიკის ფესტივალის ჩატარება”. კომპანიის ხელმძღვანელი ბერა ივანიშვილთან ნაცნობობას ადასტურებს, თუმცა, მისი კომპანიის გამარჯვებაში ბერა ივანიშვილის ფაქტორს უარყოფს.

საბოლოო ჯამში, მასალიდან მაყურებელს დარჩა შთაბეჭდილება, რომ ერთის მხრივ ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო ფესტივალის ტერიტორიაზე ნარკოტიკული ნივთიერებების შეტანის კონტროლი, და მეორე მხრივ, ფესტივალის ორგანიზება, ტენდერის გარეშე, ანდეს ბერა ივანიშვილთან დაკავშირებულ კონკრეტულ კომპანიას. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც “რუსთავი 2” ნარკოვაჭრობის კონტექსტში ივანიშვილისა და მისი ოჯახის ინტერესებზე საუბრობს. თუმცა, არც ამ და არც სხვა შემთხვეებში, აღნიშნულის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება არ გვინახავს.
კატეგორია: ეთიკა
2018 წლის 27 აგვისტოს გაზეთ „კვირის პალიტრაში“ დაიბეჭდა სტატია სათაურით - „ეს თუ სიმართლეა, გამოდის ნარკოტერორიზმთან გვაქვს საქმე“. მასალაში ორი რესპონდენტის ინტერვიუა. ერთ-ერთი მათგანი სამხარაულის ნარკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი, ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორის მოადგილე გური მენაბდიშვილია. იგი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, „საქართველოშიც დაიწყეს ოპიუმის მოყვანა და ბაზარზე უკვე გამოჩნდა ქართული ჰეროინი“. მეორე რეპონდენტი კი იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ჯემალ ჯანაშია, რომელიც ჟურნალისტის კითხვაზე, - ამბობენ, რომ ჩვენთანაც დაიწყეს ოპიუმის მოყვანა, პასუხობს - „ვერ დავადასტურებ, რომ საქართველოში არის ოპიუმის პლანტაციები, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს რეგიონებში უკვე აწარმოებენ კანაბისს და მას ახალგაზრდები მოიხმარენ“.

იმ დროს, როცა საქართველოში ცხარე დისკუსია მიმდინარეობს ისეთ მნიშვნელოვან თემაზე, როგორიცაა ნარკოპოლიტიკა და სულ ცოტა ხნის წინ საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარებაზე ყოველგვარი სასჯელი გააუქმა, მენაბდიშვილის ეს  განცხადება მედიის ყურადღების გარეშე არ დარჩენილა.

„კვირის პალიტრის“ სტატია საკმაოდ ვრცელია და სხვა ინფორმაციასაც შეიცავს, მაგრამ ონლაინმედიის ნაწილმა ამ მასალიდან მხოლოდ ზემოთ დასახელებულ ორ დეტალზე გაამახვილა ყურადღება და ყოველგვარი გადამოწმებისა და დამატებითი ინფორმაციის მოძიების გარეშე, მკითხველს ახალ ამბად, მტკიცებით ფორმაში შესთავაზა მასალები იმის შესახებ, რომ საქართველოში ოპიუმის მოყვანა დაიწყეს.

ამგვარი ახალი ამბავი პირველმა თავად პალიტრა ჰოლდინგში შემავალმა გამოცემებმა - ინტერპრესნიუსმა, Ambebi.ge-მ და Palitranews.ge -მ გაავრცელეს. ამ მასალებში გური მენაბდიშვილს მიაწერეს ის კომენტარიც საქართველოში ოპიუმის პლანტაციების არსებობა/არარსებობისა და რეგიონებში კანაბის მოხმარების შესახებ, რასაც სინამდვილეში ჯემალ ჯანაშია ამბობს. 

მალევე ამბავი ონლაინ მედიის ნაწილს ვირუსულად მოედო. პალიტრა ჰოლდინგში შემავალი სამი გამოცემის გარდა სტატიები გამოაქვეყნდა შემდეგ საიტებზე: Resonancedaily.com, Imedinews.ge, Commersant.geinfo9. ge, Timer.ge, Newsposts.geAllnews.geTrialieti.ge, Guriismoambe.com, Kutaisipost.ge, Pirveliradio.ge, Fortuna.ge. მოგვიანებით ინტერპრესნიუსმა მასალა შეასწორა და მენაბდიშვილისთვის მიწერილი კომენტარი, შესაძლებელია თუ არა საქართველოში ოპიუმის პლანტაციები არსებობდეს, წაშალა, თუმცა, მასალაში შესწორების შესახებ მინიშნება არ გაუკეთებია. ამავე დროს, ტექსტი არ შეუსწორებია Ambebi.ge-სა და Palitranews.ge-ს.

„საქართველოში ოპიუმის მოყვანა დაიწყეს“ - გამოცემების უმრავლესობამ სათაურად ეს დეტალი ფაქტად გამოიტანა. ყველა მათგანი წერს, რომ ამის შესახებ „კვირის პალიტრასთან“ გური მენაბდიშვილმა განაცხადა და მითითებული აქვთ „კვირის პალიტრის“ სტატია. თუმცა, მათი ტექსტი ისეთივეა, როგორიც ეს ინტერპრესნიუსის თავდაპირველ ვერსიაში იყო და ამ ინფორმაციაში ამ დრომდე ჯანაშიას კომენტარის ავტორად გური მენაბდიშვილი წერია. 

მიუხედავად ამბისა და მენაბდიშვილის ხმამაღალი განცხადების მნიშვნელობისა, დამატებითი ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელებულის გადამოწმების მცდელობა არცერთ მასალაში არ ჩანს. ირკვევა, რომ საიტებს მასალის პირველწყაროც კი არ უნახავთ, ვინაიდან ტექსტებში ამ დრომდე [19:50] არ არის გასწორებული რესპონდენტების არეული კომენტარები. გამოცემები არც თავად მენაბდიშვილს დაკავშირებიან ნათქვამის დასადასტურებლად და იმის გასარკვევად, რა აძლევს მას ამ განცხადების საფუძველს. ეს კითხვა მისთვის არც პირველწყაროს ავტორს დაუსვამს.

ამ მასალების გავრცელების შემდეგ, დღის მეორე ნახევარში გური მენაბდიშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადა, რომ „ინტერპრესნიუსმა“ „კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნებული სტატიისა და მისი სიტყვების კონტექსტი შეცვალა და მას მსგავსი რამ არ უთქვამს.
კატეგორია: ეთიკა
მედიასაშუალებებმა გაავრცელეს საქართველოს ნაკრების მწვრთნელისა და მოჭიდავეების ფოტო, რომელზეც მათ რუსეთის დროშის ფერების ფონზე მოჭიდავის გამოსახულებიანი მაისური აცვიათ. მედიასაშუალებები წერენ, რომ სპორტსმენების მაისურზე ასახულია დე ფაქტო ოსეთის პარლამენტის დეპუტატი ჯამბულატ თედეევი და ამ ფორმით ნაკრების წევრები მხარს უჭერენ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეპუტატს. სინამდვილეში, მაისურზე გამოსახული პირი ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის წევრია.

ამბავი თავდაპირველად, 16 აგვისტოს საღამოს, ონლაინგამოცემა On.ge-მ გამოაქვეყნა, შემდეგ კი იგივე ფოტო და მსგავსი ინფორმაცია არაერთმა მედიამ გაავრცელა, მათ შორის: რადიო თავისუფლება, ლიბერალი, ტაბულა, რეგინფო, ინტერპრესნიუსი, კვირის პალიტრა, Ambebi.ge,  ექსპრესნიუსი, პრაიმტაიმი, ინფო რუსთავი, Pia.geMediamall.ge, Accent.com.ge, Qartli.ge; ამბავი გამოქვეყნდა პირველი არხისა და რუსთავი 2-ის ვებსაიტებზეც. იდენტური ინფორმაცია გაავრცელა „მაესტრომაც“ და სხვა, ისეთმა პორტალებმა, როგორიცაა:  Goal.ge, Popsport.com, Fanebi.com, Sportall.ge.

გამოცემების ნაწილი ახალი ამბის გამოქვეყნებისას სხვა მედიასაშუალებას დაეყრდნო. მაგალითად, ინტერნპრესნიუსმა, რეგინფომ და Mediamall.ge -მ წყაროდ რადიო თავისუფლება მიუთითეს, რომელიც წერს, რომ ფოტო მიაწოდეს. ინტერპრესნიუსზე დაყრდნობით გამოაქვეყნეს ამბავი პალიტრა ჰოლდინგში შემავალმა გამოცემებმა, პორტალების ნაწილმა კი აღნიშნა, რომ ფოტო და ამბავი On.ge-მ გაავრცელა.

მასალების გავრცელების შემდეგ On.ge-მ გაარკვია, რომ მაისურზე გამოსახული პირი არა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის, არამედ ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის დეპუტატია. გამოცემამ მასალებში შესწორებები შეიტანა და მკითხველს ბოდიში მოუხადა. On.ge-მ სტატიები 17 აგვისტოს, დილით შეასწორა. 



ამ შესწორების შემდეგ ტექსტი ჩაასწორეს ლიბერალმაპირველმა არხმა და Accent.com.ge-მ, თუმცა, მითითების გარეშე.  ყველა დანარჩენ მედიასაშუალებაში, 17 აგვისტოს 14:00 საათის მონაცემებით, კვლავ გადაუმოწმებელი ინფორმაციაა გამოქვეყნებული.

კატეგორია: ეთიკა
http://resonancedaily.com გაზეთი “რეზონანსის” ვებგვერდია, სადაც გაზეთში დაბეჭდილ სტატიებთან ერთად მხოლოდ საიტისთვის შექმნილი მასალებიც ქვეყნდება. რამდენიმე დღიანი დაკვირვება საკმარისია, რომ აღმოაჩინოთ ქსენოფობიური თუ ანტიმუსლიმური ტექსტები, მასალის შინაარსისგან განსხვავებული სათაურები, სავარაუდოდ სარეკლამო მასალები შესაბამისი აღნიშვნის გარეშე. აგვისტოს თვეში კი მარიხუანის მოხმარებისთვის ყველანაირი სანქციის გაუქმების შემდეგ მარიხუანის საწინააღმდეგო ერთგვარი კამპანია, გადაუმოწმებელი ინფორმაციის ტირაჟირებით.

ქსენოფობიურ შინარსის ტექსტები

24 და 30 ივლისს “რეზონანსმა” უცხოელი გიდების შესახებ მასალა გამოაქვეყნა, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ რეალური პრობლემების გადაჭრასა და ქართველი გიდების კვალიფიკაციის ამაღლების გზების ძიებას დათმობოდა, ქსენოფობიურ განწყობებს აღვივებდა.

24 ივლისის მასალაში, რომელსაც “უცხოელი გიდები უკვე პოლიტიკურ პრობლემებს ქმნიან” ერქვა, ჟურნალისტი მტკიცებით ფორმაში ყვებოდა, რომ ირანელი გიდები ტურისტებს თბილისს სპარსულ ქალაქად აცნობენ. გარდა ამისა, ბათუმში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი მუსლიმია, ნეგატიურ კონტექსტშია წარმოჩენილი მოლის ლოცვა. ჟურნალისტი წერს, რომ ბათუმში "თურქული უბნებია" მოწყობილი და მუსლიმები თავიანთ დღესასწაულებს აღნიშნავენ. ყოველ დილით, უთენია “ადგილობრივებს მოლას ლოცვა აღვიძებთ”.

"თითქმის ყველა მათგანი [ირანელი გიდები] ირანელ ტურისტებს უყვება, რომ თბილისი სპარსული ქალაქი იყო, შემდეგ რუსებმა მიითვისეს და ასე მოხვდა დღევანდელი საქართველოს ტერიტორიის შემადგენლობაში. ისინი თბილისის, როგორც თავიანთი ქალაქის, დაბრუნებას სხვადასხვა ფორმით ითხოვენ", - წერს ჟურნალისტი და მასალაში არ მოჰყავს ფაქტის დამადასტრებელი არცერთი მაგალითი.

6 დღის შემდეგ ამავე თემაზე გამოქვეყნდა მასალა სათაურით “უცხოელი გიდები საქართველოს პრობლემას მის ფარგლებს გარეთაც უქმნიან”, რაც 24 ივლისის მასალის გაგრძელება აღმოჩნდა. ჟურნალისტი მტკიცებით ფორმაში წერდა, რომ “ირანელი, თურქი და რუსი გიდები ჩვენი სამშობლოს შესახებ ცნობებს სათავისოდ ფუთავენ” და თავიანთ თანამემამულეებს, "როგორც თვითონ აწყობთ", ისე აცნობენ”. ამ ინფორმაციის დამამტკიცებელი, გამამყარებელი ფაქტები ამჯერადაც წარმოჩენილი არ ყოფილა გარდა ამ აბზაცისა:. “ბიზნეს-რეზონანსი" წინა კვირას ირანელი გიდებისგან მათ მიერვე ჩამოყვანილი ირანელი ტურისტებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებაზე წერდა, რამდენიმე დღის წინ კი ირანელების გადაღებული ვიდეოკლიპიც გავრცელდა, სადაც თბილისზე, როგორც თავიანთ ქალაქზე, ისე მღეროდნენ და მის დაბრუნებას ითხოვდნენ. ისინი განსაკუთრებით "გურჯი ხათუნების" დაკარგვას მისტიროდნენ”.

გარდა ამისა, მასალაში ერთ-ერთი რესპონდენტი საქართველოში უმუშევრობას ფაქტობრივად უცხოელ გიდებს აბრალებდა და აღნიშნავდა, რომ ისინი საქმდებიან ადგილობრივების ნაცვლად.

“საქართველოში არის უმუშევრობის საკმაოდ მაღალი დონე და უცხოელი გიდების მასობრივი დასაქმებით პრობლემა კიდევ უფრო ღრმავდება. ასეთ ფონზე არ არის ნორმალური, დავასაქმოთ სხვა ქვეყნის მოქალაქეები, თანაც - ასეთი აგდებული დამოკიდებულების შემდეგ, როდესაც შეურაცხყოფას აყენებენ ჩვენს ისტორიასა და კულტურას”, - რესპონდენტის ამ მოსაზრების ალტერნატიული აზრი სტატიაში აღარ განვითარებულა.

ორივე მასალის ავტორად ერთი და იგივე ჟურნალისტია მითითებული და ორივე შემთხვევაში ნაცვლად იმისა, რომ მკითხველისთვის გადამოწმებული, ფაქტები და შესაბამის საკითხზე კომპეტენტური სახელმწიფო უწყებების კომენტარები შეეთავაზებინა, მასალაში მხოლოდ ტურიზმის ექსპერტის სტატუსით ჩაწერილი რამდენიმე ადამიანის კომენტარია მოცემული

ანტიმუსლიმური განწყობები

“რეზონანსმა” 29 ივლისს “ქართველ მუსლიმთა კავშირის” თავმჯდომარეზე, ტარიელ ნაკაიძეზე რამდენიმე მასალა გამოაქვეყნა, რომელიც როგორც ნაკაიძეს, ასევე მუსლიმ თემს არასწორი ინტერპრეტაციის გამო უარყოფით კონტექსტში წარმოაჩენდა.

ერთ-ერთი მასალა, რომელსაც “თუ დაგვჭირდება, მესამე მეჩეთსაც ავაშენებთ, მეოთხესაც და მეხუთესაც - ფეხებზე მკიდიხართ” ერქვა, ნაკაიძის ფეისბუკში გამოქვეყნებულ სტატუსზე დაყრდნობით მომზადდა. სტატუსი, სავარაუდოდ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ გავრცელებულ განცხადების გამოხმაურება უნდა იყოს, სადაც ის ამბობდა, რომ ბათუმში მეჩეთი მხოლოდ ქართული ფულით უნდა აშენდეს. ამ სტატუსში ნაკაიძე, სავარაუდოდ, რიჟვაძეს მიმართავდა, რომ “ფეხებზე ეკიდა” მისი გადაწყვეტილებები და მეჩეთს მალე ააშენებდნენ.

იმის მიუხედავად, რომ “ფეხებზე მკიდია თქვენი გადაწყვეტილებები” დიდი ალბათობით, მხოლოდ აჭარის მთავრობის განცხადებას შეეხებოდა, “რეზონანსმა” სათაურში სიტყვების ფორმულირება შეცვალა და დაწერა “ფეხებზე მკიდიხართ”, რაც მკითხველისთვის შესაძლოა ტოვებდეს განცდას, რომ ნაკაიძე ყველას მიმართავს. ნაკაიძის სტატუსი ყოველგვარი კონტექსტის და დამატებითი ინფორმაციის გარეშე გამოქვეყნდა

ამავე დღეს, 29 ივლისს “რეზონანსმა” ნაკაიძის განცხადების შეფასების შესახებ პარტია “ემსახურე საქართველოს” ლიდერის, მურმან დუმბაძის კომენტარზე მასალა მოამზადა. დუმბაძე ამბობდა, რომ ნაკაიძეს მეჩეთის მშენებლობით პოლიტიკაში უნდოდა შესვლა. „მეჩეთი, ისევე როგორც ეკლესია, არის საინჟინრო ნაგებობა. მეჩეთის მშენებლობის საკითხი აღმსარებლობის თავისუფლებასთან კავშირში არ არის. არის ბათუმში მეჩეთი, რომელიც ფუნქციონირებს და არავითარი პრობლემას არ ქმნის“, - თქვა დუმბაძემ “რეზონანსთან” საუბრისას. მასალაში არ ისმის ალტერნატიული აზრი, მით უფრო, რომ საკითხი სენსიტიურია და შესაძლოა, მეჩეთის აშენებასთან დაკავშირებით არასწორი წარმოდგენები შექმნას. გარდა ამისა, მასალაში არ არის აღნიშნული, რომ მუსლიმი თემი ბათუმში მეჩეთის აშენებას რამდენიმე წელია ითხოვს, თუმცა უშედეგოდ.

მარიხუანის წინააღმდეგ კამპანია

მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარება ლეგალურად მიიჩნია, “რეზონანსის” ვებგვერდზე არაერთი ნეგატიური შინაარსის მასალა გამოქვეყნდა. 30 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში 25-ზე მეტი სტატია იძებნება. მასალების მცირე ნაწილი საინფორმაციო შინაარსისაა, ნაწილი კი უარყოფითი შეფასებები, სხვადასხვა პირის მიერ სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრებებია.

მაგალითად, უცვლელად გამოქვეყნდა “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის, შალვა ნათელაშვილის ფეისბუკზე გამოქვეყნებული სტატუსი, რომელშიც ის ამბობდა, რომ დავკარგავთ მომავალ თაობას, რადგანაც “მძიმე ნარკოტიკების მიღებამდე ნარკომანები სწორედ მარიხუანას კოლეჯს ამთავრებენ ჯერ”. მოქმედი პარლამენტარი, აკაკი ზოიძე კი ამბობდა, რომ მარიხუანის მოხმარების დროს 7-ჯერ იზრდება ადამიანის ფსიქოზური მდგაომრეობა. არცერთ ამ მასალაში წარმოდგენილი არ იყო ალტერნატიული აზრი.

იყო შემთხვევა, როცა მასალა მანიპულაციური სათაურით გამოაქვეყნა, რომელიც რესპონდენტის აზრისგან განსხვავდებოდა. 31 ივლისს მომზადებული მასალა სათაურით: "საპატრიარქო მარიხუანას შემდეგ კოკაინის და ჰეროინის ლეგალიზებას ელოდება" რესპონდენტის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის” მიცემული კომენტარის არასწორი ინტერპრეტაცია იყო. “იმედთან” მიცემულ კომენტარში დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება “ერის ღალატის ტოლფასია” და “უარესსაც” ელოდებიან. “რეზონანსმა” კი დაწერა: “კანაფის მოხმარების ლეგალიზების შემდეგ, საქართველოს საპატრიარქო კოკაინის ლეგალიზებას ელოდება. პირველი კომენტარი საპატრიარქოს სახელით მამა ანდრიამ გააკეთა. მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო უნდა გაუქმდეს, რადგან შესაძლოა მალე მოწევა სავალდებულოც კი გახდეს. მამა ანდრიას თქმით, 4 მოსამართლე ვერ უნდა წყვეტდეს "ოთხი მილიონი ადამიანის ბედს” .

მასალის შინაარსისგან განსხვავებული სათაურები

19 ივლისს “რეზონანსმა” პრეზიდენტის სასახლეზე, შენობაზე, რომელიც თვეების განმავლობაში მმართველი პარტიისა და პრეზიდენტს შორის უთანხმოების მიზეზი იყო, მასალა მოამზადა. სტატიას “ახალი პრეზიდენტი "პრეზიდენტის სასახლეში" აღარ შევა” ერქვა. მასალაში მხოლოდ სამ რესპონდენტს სთხოვეს გამოეთქვათ მოსაზრება შევა თუ არა სასახლეში ახალი პრეზიდენტი. მიუხედავად იმისა, რომ არავის მტკიცებით ფორმაში არ გამოუთქვამს აზრი, სათაურში მაინც დადასტურებულ ფაქტად შესთავაზეს მკითხველს.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც “რეზონანსის” მიერ დარქმეული სათაური და მასალის შინაარსი ერთმანეთთან თანხვედრაში არ იყო აშშ-ს მოქალაქეების, სმიტების ოჯახის ხადის ხეობაში მოკვლის საქმე იყო.

22 ივლისს “რეზონანსზე” მასალა გამოქვეყნდა სათაურით: „ექსპერტები გაოგნებულები იყვნენ, ბავშვის თავის ქალა თითქმის არ არსებობს – ლორა სმიტი გაუპატიურებულია“ . ტექსტი ეფუძნებოდა“კვირის პალიტრის” სანდო წყაროს და თან ერთვოდა ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მანამდე გასაჯაროვდა. ექსპერტიზის დასკვნაში არაფერი ეწერა გაუპატიურებაზე, თუმცა აღნიშნული იყო, რომ საქმზე ბრალდებულის დნმ აღმოჩენილი იყო გარდაცვლილი ლორა სმიტის სხეულში. ეს გარემოება სექსუალურ კავშირზე მიანიშნებდა. გარდა ამისა, გამოცემამ სათაურად გამოიტანა ბრჭყალებში ჩასმული წინადადება („ექსპერტები გაოგნენულები იყვნენ, ბავშვის თავის ქალა თითქმის არ არსებობს”), რაც ტოვებდა მოლოდინს, რომ მსგავსი შინაარსის აზრს ამოიკითხავდა მასალაშიც. თუმცა მასალის სრულად გაცნობის შემთხვევაშიც კი, მკითხველი ვერ შეიტყობდა ვისი ციტატაა გამოტანილი სათაურად.

ამავე საკითხზე კიდევ ერთი მასალა და ისევ იმავე წყაროზე დაყრდნობით 23 ივლისსაც მომზადდა. მასალას "ჯერ სექსუალურად იძალადა, მერე კი წყალში აყოფინებდა თავს, ვიდრე ქალი არ დაიხრჩო" - კობაურმა დანაშაული აღიარა” ერქვა.

სათაურში მტკიცებით ფორმაში ეწერა, რომ ბრალდებულმა დანაშაული აღიარა, თუმცა მასალაში “აღიარება” საერთოდ არ იყო ნახსენები. აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო უწყებების ინფორმაციით, საქმზე ბრალდებულმა დანაშაული დაკავების დროს აღიარა, თუმცა მას მერე ყველა სასამართლო სხდომაზე ისიც და მისი უფლებადამცველებიც ამას არ ადასტურებენ.

სავარაუდოდ სარეკლამო შინაარსის მასალები შესაბამისი აღნიშვნის გარეშე

24 ივლისს “რეზონანსის” ვებგვერდზე RMG - გოლდის დირექტორთან, ჯონი შუბითიძესთან ინტერვიუ გამოქვეყნდა სათაურით "არემჯი" გარემოსდაცვით პროგრამაზე 2020 წლის ბოლომდე 30 მილიონ ლარს დახარჯავს".

ამ კომპანიის მიმართ მუდმივად ისმის კრიტიკა ბუნების დაბინძურებასთან დაკავშირებით, მასალა კი ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ ამ კრტიკის ფონზე კომპანიის საქმიანობის დადებითაც წარმოჩენა იყო მიზანი.

მაგალითად, ჟურნალისტმა იკითხა გარემოსთვის მიყენებულ 30 მილიონიან ზარალზეც, რაზეც რესპონდენტმა უპასუხა, რომ: “2014 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც კომპანიამ დაიწყო ოპერირება, გარემოზე მიყენებული ზიანი, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განგიცხადოთ, გაცილებით ნაკლებია, ვიდრე 30 მილიონი”.

ამ პასუხის მოსმენისას ჟურნალისტს არ გასჩენია კონტრშეკითხვა, კონკრეტულად რა ოდენობის ზიანს აღიარებს კომპანია. ამავე ინტერვიუით გამოჩნდა, რომ ან ჟურნალისტს საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა ამ ინტერვიუს ჩაწერაში, ან არ მოემზადა. ამას აჩვენებს ის გარემოებაც, რომ არ წარუდგინა რესპონდენტს კონკრეტული ზიანის აღმნიშვნელი რიცხვები, რომელიც კომპანიის საქმიანობითაა გამოწვეული და მკითხველისთვის კომპანიის მიმართ არსებულ პრეტენზიებს უფრო საფუძვლიანად წარმოაჩენდა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მასალა რუბრიკაში “ბიზნესპრესი” გამოქვეყნდა გაზეთ “რეზონანსის” 24 ივლისის ნომერში. ამავე გაზეთის ბოლო ფურცელზე ვკითხულობთ, რომ ამ რუბრიკაში გამოქვეყნებული მასალა დაფინანსებულია.

კიდევ ერთი მასალა, რომელიც თავისი შინაარსიდან გამომდინარე სარეკლამო მასალად შეიძლება მივიჩნიოთ 26 ივლისს გამოქვეყნდა და “ვივუსის” მოხმარების წესებს ეხება. მასალაში კითხვა-პასუხით აღწერილი იყო, როგორ შეიძლება ისარგებლოს მომხმარებელმა სწრაფი სესხით.

არცერთ ამ შემთხვევაში რეკლამის აღმნიშვნელი ნიშანი მითითებული არ იყო.
კატეგორია: ეთიკა
რადიო თავისუფლებამ 7 აგვისტოს გამოაქვეყნა მასალა სათაურით „ღამე ერთი წელივით გაიწელა“, რომელშიც “ცხინვალში მცხოვრები მილენა გოგიჩევა ომიდან მეათე წლისთავზე ახლო წარსულში მომხდარ ტრაგიკულ ამბებზე ჰყვება”. მასალას არ აქვს ზეპირი თხრობის ფორმატი, როდესაც მოქალაქეები პირად ისტორიებს, განცდებს იხსენებენ. ტექსტი სტატიის სტილში, ერთ რესპონდენტზე (მილანა გოგიჩევაზე) დაყრდნობით მოგვითხრობს 2008 წლის რუსეთ - საქართველოს ომის დროს მომხდარ მოვლენებზე და პირადი ემოციების, შთაბეჭდილებების გარდა, შეიცავს ფაქტებსაც და მძიმე ბრალდებებსაც. მაგალითად, რესპონდენტი ამბობს:
  • რვა აგვისტომდე სიმშვიდე იყო. აქამდე ხდებოდა გასროლები და ისროდნენ ქართველები.
  • ქართულმა ვერტმფრენებმა ცხინვალი დაბომბეს. ჩვენს კარლ მარქსის სახელობის ქუჩაზე მეზობელი სახლი ააფეთქეს.
  • ქართველი ჯარისკაცები მხეცურად ხვრეტდნენ ოჯახებს მანქანებში.
  • ისინი ქართველმა ჯარისკაცებმა ჩაცხრილეს ისააკ ხარებოვისა და გმირების სახელობის გზაჯვარედინთან.
მასალაში არ ჩანს მოცემული ბრალდებების რაიმე სხვა წყაროებით გადამოწმების მცდელობა ანდა ოფიციალური ინფორმაციის წარმოჩენა, რაც მკითხველს შესაძლებლობას მისცემდა, დაენახა რეალური სურათი თუ რა ხდებოდა იმ პერიოდში. ტექსტს თან არ ახლდა განმარტება, სადაც ახსნიდა გამოქვეყნების მოტივაციას და იქნებოდა მინიშნებული, რომ რედაქცია სტატიის შინაარსს არ იზიარებს.

საერთაშორისო ორგანიზაციების თუ მედიის სარედაქციო კოდექსები კონფლიქტის გაშუქებისას ცალსახად უსვამს ხაზს ადამიანური ისტორიების მნიშვნელობას, განსაკუთრებით კი კონფლიქტის სხვადასხვა მხარეს მყოფი ადამიანების მოსაზრებების წარმოჩენას, რაც შესაძლებლობას იძლევა იცოდნენ მოქალაქეებმა თუ რას ფიქრობენ, რა განწყობებია ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ომის თემაზე მუშაობა გულისხმობს კონფლიქტში მონაწილე მხარების წარმოჩენას, დაზარალებულთა ცხოვრების ჩვენებას, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს მათი მოსაზრებები რომელიმე ჯგუფისთვის.

თუმცა, ყველა რეკომენდაციაში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სიზუსტეზე, ნეიტრალურ ტონსა და მიუკერძოებლობაზე. მაგალითად, ეუთოს მიერ უკრაინაში მომხდარი ომის შემდეგ შექმნილ სახელმძღვანელოში მითითებულია, რომ მედიას განსაკუთრებული დაფიქრება მართებს ყველა სიტყვასა და განმარტებაზე, რასაც ის იყენებს ამ თემაზე მუშაობაისას. კონფლიქტში ჩართულ მხარეებთან დაკავშირებით კი ყველა ფაქტი გადამოწმებული უნდა იყოს. “სანდოობისთვის გაშუქება უნდა იყოს ზუსტი, მიუკერძოებელი და პასუხისმგებლიანი. ეს ეხება სამუშაოს ყველა ასპექტს - ისტორიების შერჩევას, ტექსტის, ხმის რედაქტირებას, სათაურის წერას, პროდიუსინგს თუ ნიუსრუმის მართვას”, - ნათქვამია International Media Support -ის სახელმძღვანელოში, რომელიც იუნესკოს მხარდაჭერით შეიქმნა.

საზოგადოებაში გამოთქმული კრიტიკის შემდეგ რადიო თავისუფლებამ სტატიას განმარტება დაურთო და აღნიშნა, რომ ეს ინტერვიუ ცხინვალიდან სრული სურათის საჩვენებლად გამოაქვეყნა. იქვე დაურთეს მათ მიერ მომზადებული სხვა მასალები, რომელიც მათი თქმით, რუსეთის აგრესიის მასშტაბებს აჩვენებს.

“10 წლის შემდეგ ცხინვალში მხოლოდ ასეთი ინტერვიუა შესაძლებელი და ჩვენს თანამემამულეებს არ აქვთ საშუალება ჩვენთან უშუალო კონტაქტის; კიდევ ერთხელ: არ ვიზიარებთ ინტერვიუში გამოქვეყნებულ მოსაზრებებს. ასევე განვმარტავთ, რომ ინტერვიუში ნახსენები ფაქტები დადასტურებული არ არის”, - ნათქვამია განმარტებაში.

აღსანიშნავია, რომ რადიო თავისუფლებამ ეს განმარტება სტატიას ისე დაამატა, მკითხველისთვის არ მიუნიშნებია, რომ ტექსტი რედაქტირებულია და შესავალი მოგვიანებით დაემატა. როგორც საერთაშორისო მედიის, ისე საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის “შესწორების სტანდარტის” მიხედვით, მკითხველისთვის ნათელი უნდა იყოს, რომ ტექსტი შეიცვალა.
კატეგორია: ეთიკა
პირველ აგვისტოს კურიერის მთავარ გამოშვებაში ერთ-ერთი სიუჟეტი მარიხუანის მოხმარების ლეგალიზებასთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსაზრებას ეხებოდა. ის საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტიელბას ბიძინა ივანიშვილის ნარკოტიკებით ვაჭრობის ბიზნესინტერესებს უკავშირებდა.

წამყვანისგან მოვისმინეთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს “მარიხუანით ვაჭრობის ორგანიზების მცდელობაში ადანაშაულებს” და ყოფილი პრემიერის მიერ “საკონსტიტუციო სასამართლოს კონტროლსა და მასთან დაკავშირებულ ბიზნესინტერესებზე საუბრობს”. წამყვანისავე თქმით, “სააკაშვილი ღიად აცხადებს, რომ ივანიშვილის უახლოესმა გარემოცვამ უკვე დაიწყო მუშაობა ქვეყანაში მარიხუანის იმპორტზე”.

თითქმის იმავე შინაარსის ტექსტს იმეორებს ჟურნალისტიც. ის ასევე განმარტავს, რომ სააკაშვილის თქმით, დაახლოებით ორი კვირის წინ, “საქართველოში უჩა მამაცაშვილის მოწვევით კოლორადოს შტატიდან ამ სფეროს ექსპერტები იყვნენ ჩამოსულები და სავარაუდოა, რომ ივანიშვილის სააფთიაქო ქსელი ექსკლუზიურ ლიცენზიას მიიღებს მარიხუანის გაყიდვასთან დაკავშირებით და ამით ყოფილი პრემიერ-მინისტრი მილიონობით ლარს მოიგებს”.

ამის შემდეგ სიუჟეტში მიხეილ სააკშვილის მიერ ივანიშვილის მისამართით გაჟღერებულ შემდეგ ბრალდებებს ვისმენთ:

  • საკონსტიტუციო სასამართლოს მთლიანად აკონტორლებს ბიძინა ივანიშვილი;
  • ივანიშვილის დეიდაშვილმა, უჩა მამაცაშვილმა მარიხუანის თემაზე კოლორადოს შტატიდან ჩამოიყვანა ექსპერტები და ისინი ივანიშვილის სააფთიაქო ქსელში ექსკლუზივის შექმნას აპირებენ;
  • ივანიშვილმა გადაწყვიტა საქართველო აქციოს ნარკოტიკების დიდ მწარმოებლად და ასობით მილიონი დოლარი გააკეთოს იმაზე, რომ საქართველოს საზოგადოების ერთი ნაწილი დაბოლდეს, მოიხმარდეს მარიხუანას და ეს გადიოდეს ასევე უცხოეთში.

სააკაშვილის დაუსაბუთებელი მსჯელობის გასამყარებლად, ჟურალისტი ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილს იმოწმებს და ამბობს, რომ უჩა მამაცაშვილის მოწვევით საქართველოში კოლორადოდან ექსპერტები მართლაც იმყოფებოდნენ ამაზე ინფორმაცია შალვა ნათელაშვილსაც აქვს. ჟურნალისტი ასევე განმარტავს, რომ ნათელაშვილის თქმით, “საქართველომ და ზოგადად რეგიონმა ბიძინა ივანიშვილის სახით, ახალი ნარკობარონი შეიძინა, რომელიც საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით უკვე ლეგალურად გაყიდის მარიხუანას და სხვა ნარკოტიკულ ნივთიერებებსაც”.

ამის შემდეგ სიუჟეტში უკვე ივანიშვილის მისამართით შალვა ნათელაშვილის ასევე დაუსაბუთებელ ბრალდებები ისმის:

  • საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის არა ნარკოლიბერალიზაცია, არამედ ივანიშვილის მიერ ნარკოტიკების ოფიციალურად გაყიდვისთვის დაგეგმილი და განხორციელებული სპეცნარკოოპერაცია;
  • სასამართლომ ივანიშვილის დავალებით გადაწყვეტილება იმისთვის გამოიტანა, რომ საქართველოში ნარკოტიკებით ვაჭრობა ოფიციალურად დაიწყოს და ამ ვაჭრობის სათავეში იჯდება ივანიშვილი.
  • კრიპტოვალუტა, ბიტკოინები, ფულის გადარიცხვები, ოფშორები, ყველაფერი უკავშირდება ნარკოტიკების დიდი ოდენობით ვაჭრობას, გადაზიდვას, გასაღებას, სადაც ერთ-ერთი მთავარი როლი ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს შუააზიელ ოლიგარქ მაშკევიჩთან ერთად

აღსანიშნავია, რომ სიუჟეტში არ ჩანდა რას ეყრდნობოდა რესპონდენტების ბრალდებები, ასევე, ჟურნალისტს არ ჰქონია მისი გადამოწმების, მტკიცებულებების მოპოვების მცდელობა. საკითხზე მსგავსი დაუსაბუთებელი, უარგუმენტო მსჯელობა, რომელიც მხოლოდ ორი რესპონდენტის პირად შეფასებებს ეყრდნობა, ერთის მხრივ, ახდენს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დისკრედიტაციას, მეორეს მხრივ კი, მარიხუანის მოხმარების ლეგალიზაციასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ისედაც არსებული სკეპტიკური დამოკიდებულებების კიდევ უფრო გაღრმავებას უწყობს ხელს.
კატეგორია: ეთიკა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 30 ივლისიდან მარიხუანის მოხმარებისთვის ყველანაირი სანქცია გაუქმდა. საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას მედიასა და სოციალურ ქსელში დიდი რეზონანსი მოჰყვა. მედიასაშუალებებმა თემას არაერთი სტატია მიუძღვნეს. მასალების მთელი ციკლი მოამზადა მარიხუანის მოხმარების ლეგალიზების შესახებ გამოცემა „რეზონანსმა“. სტატიების უმეტესობა მარიხუანის შესახებ ნეგატიურ ინფორმაციას შეიცავს.

„რეზონანსის“ ვებგვერდზე 30 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში 25-ზე მეტი სტატია იძებნება. მასალები პირობითად ორ ჯგუფად შეგვიძლია დავყოთ: საინფორმაციო ხასიათის ტექსტები - რა აღარ იკრძალება, სად ვერ მოწევთ მარიხუანას და ა.შ. რომელთა რაოდენობა ჯამში ძალიან მცირეა და შეფასებები, რაც მეტწილად სხვადასხვა პირების მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მოსაზრებებია.

„მძიმე ნარკოტიკების მიღებამდე ნარკომანები სწორედ მარიხუანას კოლეჯს ამთავრებენ“ ,– 30 ივლისს ამ სათაურით გვთავაზობს გამოცემა შალვა ნათელაშვილის მოსაზრებას მარიხუანის მოხმარების ლეგალიზების შესახებ. „გასაგებია რომ მარიხუანას მოწევაზე ციხეში არ უნდა იჭერდნენ, მაგრამ მისი სრული ლეგალიზაცია რაც დღეს მოხდა ნიშნავს, რომ ჩვენ დავკარგავთ მომავალ თაობას. მოგეხსენებათ მძიმე ნარკოტიკების მიღებამდე ნარკომანები სწორედ მარიხუანას კოლეჯს ამთავრებენ ჯერ“, - უცვლელად იმეორებს „რეზონანსი“ ნათელაშვილის მოსაზრებას.

ასევე უცვლელად გამოაქვეყნეს კობა დავითაშვილის სტატუსიც სათაურით "გაუქმდეს საკონსტიტუციო სასამართლო!" - დავითაშვილი მარიხუანას ლეგალიზაციამ აღაშფოთა". აქვე შეგიძლიათ ნახოთ ერთ-ერთი მოქალაქის ვიდეო და შეფასება მომხდარზე, რომელიც შემდეგი სათაურითაა გამოქვეყნებული - "ქართველები მოწევის ნაცვლად პირდაპირ მარიხუანას ჭამაზე გადავიდნენ".

გვხვდება მასალები იმის შესახებაც, რა ზიანი მოაქვს მარიხუანას. მაგალითად: "7-ჯერ იზრდება ადამიანის ფსიქოზური მდგომარეობა მარიხუანას მოხმარებისას" - ზოიძე" - ყოველგვარი არგუმენტაციისა და დასაბუთების გარეშე, ამ სათაურით გვთავაზობს „რეზონანსი“ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის ფეისბუკის სტატუსს. რის საფუძველზე ამბობს ამას ზოიძე, ეს არც მის სტატუსში ჩანს და არც გამოცემა დაინტერესებულა დამატებითი ინფორმაციის მოძიებით. იგივე შეიძლება ითქვას შემდეგ მასალაზე "ექიმი: “მარიხუანას მოხმარება ნაადრევ სკლეროზს იწვევს” . ამ სათაურით „რეზონანსი“იაშვილის ბავშვთა კლინიკის ექიმის ლევან ფერაძის მოსაზრებას გვთავაზობს. ამ და სხვა, ამ ტიპის მასალებს შორის, რომელიც გამოცემის ვებგვერდზე მრავლად მოიძებნება, არსად გვხვდება ახსნა-განმარტება, არგუმენტები, ან რაიმე კვლევა, რის საფუძველზეც გამოცემას ამგვარი უარყოფითი დისკურსი აქვს მარიხუანის ლეგალიზაციის შესახებ.

სტატიებს შორის მანიპულაციური სათაურისა და არასწორი შინაარსის მქონე მასალასაც ვხვდებით.

"საპატრიარქო მარიხუანას შემდეგ კოკაინის და ჰეროინის ლეგალიზებას ელოდება" - ამ სათაურით სტატია 31 ივლისს მომზადდა. მასალაში დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის კომენტარის არასწორი ინტერპრეტაციაა. დეკანოზმა მარიხუანის ლეგალიზება „ერის ღალატის ტოლფასად“ შეაფასა და თქვა, რომ: „თუ ამ ლოგიკით სვლას გავაგრძელებთ ჩვენ მსგავს ლიბერალურ მიდგომას უნდა ველოდოთ კოკაინზე, ჰეროინზე და ა.შ." გამოცემამ კი მისი ეს ფრაზა კონტექსტიდან ამოგლეჯილად, მტკიცებითი ფორმით, ამბის სათაურად გამოიყენა.

გამოცემამ არასწორი ინფორმაციაც გაავრცელა, როდესაც ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებული მოსაზრება არაზუსტად თარგმნა. მომხმარებელი წერდა, რომ რამდენ 420 -ს (მარიხუანის მოხმარების აღმნიშვნელი სიტყვა) დაიჭერენ ატლანტაში (ჯორჯიის შტატი) მაშინ, როცა საქართველოში მარიხუანა ლეგალიზებული გახდა. რეზონანსმა კი ეს ირონიული კომენტარი საკუთარი ინტერპრეტაციით თარგმნა და მკითხველს ფაქტის სახით მიაწოდა, თითქოს “აშშ-ში, ჯორჯიის შტატის დედაქალაქ ატლანტაში ბოლო 2 დღეში 420 ადამიანი დაპატიმრეს ქუჩაში მარიხუანას მოწევისათვის. ჯორჯიის შტატიის მოსახლეობას, რომელმაც ინტერნეტში წაიკითხა, რომ ჯორჯიაში მარიხუანას მოწევა ლეგალური გახდა, საქართველო და ჯორჯიის შტატი ერთმანეთში აერიათ და მარიხუანას მოწევა ღიად დაიწყო.”

სტატიებს შორის მოიძებნება რამდენიმე ნეიტრალური ტონის მასალაც, მაგალითად: “აი, როგორც არ მაინტერესებდა მარიხუანა, არც ე.წ. მოხმარების ლეგალიზება არ მაძლევს ბიძგს აწი დავიწყო გამოყენება“ - გამზარდია, ან კიდევ, წულუკიანი: ნარკოტიკების ლეგალიზებაზე სახელმწიფოს პასუხია – არა! მაგრამ მასალებში იმდენად სჭარბობს ამ თემაზე უარყოფითი გამოხმაურებები, რომ „რეზონანსის“ მიერ სამ დღეში გამოქვეყნებული მასალების ციკლი  მარიხუანის მოხმარების ლეგალიზების საწინააღმდეგო კამპანიის შთაბეჭდილებას ტოვებს.
კატეგორია: ეთიკა
16 ივლისს "რუსთავი 2-ის" მთავარი საინფორმაციო გამოშვების ერთ-ერთი სიუჟეტი გურიაში, კურორტ ბახმაროში უკანონო მშენებლობებს და მიწების მიტაცებას მიეძღვნა. სიუჟეტი წამყვანმა შემდეგი ტექსტით წარადგინა: “უკანონო მშენებლობები და მიწების მიტაცება ბახმაროში. მოსახლეობა განუკითხაობაზე საუბრობს და პრობლემებს თბილისის მერს და სხვა თანამდებობის პირებს უკავშირებს. ადგილობრივი ხელისუფლება კი კანონის დარღვევით მიტაცებული ქონების მეპატრონეებს მხოლოდ საფინანსო ჯარიმას აკისრებს და ამით არაფერი იცვლება. უკანონო მშენებლობები კურორტზე შეუფერხებლად გრძელდება”.

სიუჟეტში, რომლის მთავარი სათქმელი იყო, რომ ბახმაროში, მეწყერსაშიშ, ასევე რეკრაციულ ზონაში, უკანონო მშენებლობები მიმდინარეობს და ამ ყველაფრის უკან თანამდებობის პირები დგანან, ამგვარი განცხადებების დამადასტურებლად ვერც რაიმე დოკუმენტი ვნახეთ და ვერც ჟურნალისტის მცდელობა - უკეთ გადაემოწმებინა ფაქტები. გზავნილებს ავტორი უმეტესად ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებდა.

რუსთავი 2-ის სიუჟეტი ბახმაროში უკანონო მშენებლობების შესახებ

მასალის მთავარი დასაყრდენი ბახმაროს განვითარების ხელშემწყობი ასოციაციის თავმჯდომარე არმაზ ახვლედიანია, რომელიც ყვება, რომ ბოლო 20-25 წელია ბახმაროელებს არ ახსოვთ ის, რაც დღეს იქ ხდება: "შეგიძლიათ ნებისმიერი ადგილი, რაც თქვენ მოგეწონებათ, მოიხაზოთ. უბრალოდ გადაიხადოთ ამისთვის ფული, ქრთამის სახით და გაიტანოთ თქვენი”. მისივე თქმით, უკანონო მშენებლობა კურორტზე ბევრია, რისთვისაც "უმოწყალოდ ნადგურდება ბახმაროს უნიკალური ლანდშაფტი". იგი კორუფციაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ხელისუფლებაში ამას ან ხელს აფარებენ, ან გაჩუმების სანაცვლოდ დიდ ფულს იღებენ. სიუჟეტიდან არ ჩანს, კონკრეტულად რომელ თანამდებობის პირს გულისხმობს ახვლედიანი, ან აქვს თუ არა კორუფციული გარიგების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.

შემდეგ მასალიდან ვიგებთ, რომ ერთ-ერთი ასეთი ადგილი, რომელიც უცნობმა მოქალაქემ, მაგრამ “სავარაუდოდ, გავლენიანმა პირმა მოიხაზა, პირდაპირ სარეკრეაციო ზონაზე გადის”. ჟურნალისტისვე ინფორმაციით, დაზუსტებით ვინ აშენებს სახლს ამ კონკრეტულ ადგილას, უცნობია, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს ვინმე ჭეიშვილია. “ბახმაროში ადგილობრივები ყვებიან, რომ ეს პირი კახი კალაძის მეგობარია”, - აზუსტებს ჟურნალისტი.

გარდა ადგილობრივების კომენტარებისა, მასალაში არ ჩანს ოფიციალური დოკუმენტების გადამოწმებისა და არსებული რესურსების გამოყენების მცდელობა იმის დასადგენად ვინ არის სინამდვილეში ამ კონკრეტული ადგილის მფლობელი, ან, ვინ არის ეს “ვინმე ჭეიშვილი” და რა აკავშირებს მას თბილისის მერთან. ჟურნალისტს კითხვით არც კახა კალაძისთვის მიუმართავს.

კიდევ ერთი შეუსაბამობა, რაც მაყურებელს უფრო კითხვებს უჩენს, ვიდრე ინფორმაციას აწვდის, ამ ახალგაჩეხილი ადგილის მეპატრონის დაჯარიმებაა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ერთის მხრივ ამბობს, რომ აღნიშნული ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაა და მიმდინარებს მოკვლევა იმის დასადგენად, “ვინ ამუშავა ტექნიკა”, მეორეს მხრივ კი განმარტავს, რომ უკანონო მშენებლის ზუსტი ვინაობა არ იცის, თუმცა იცის, რომ ოზურგეთელია და უკვე დაჯარიმებულია. როგორ დააჯარიმეს დაუდგენელი პირი, ჟურნალისტს კითხვა კი გაუჩნდა, მაგრამ, როგორც სიუჟეტიდან ჩანს, არც ამ ფაქტის გადამოწმება უცდია.

მასალის ბოლოს ჟურნალისტმა კიდევ ერთ საკითხზე გაამახვილა ყურადღება. მან თქვა, რომ მდინარის კალაპოტი, რომელიც კურორტის ცენტრში მოედინება, წლებია არ გაწმენდილა და ადიდებული მდინარე მოსახლეობას საფრთხეს უქმნის. ამ განცხადების ფონად კი ვიხილეთ ვიწრო ზოლში ჩამომავალი მდინარე, რომლის სიმაღლე ქვებსაც ძლივს ფარავს. სიუჟეტიდან სრულიად გაუგებარი დარჩა, რა კავშირი ჰქონდა თემასთან მდინარის საკითხს.

თუ გავითვალისწინებთ პათოსს, რომელიც თითქმის 5-წუთიან სიუჟეტს მთავარ ხაზად გასდევს და რაშიც კურორტზე მიმდინარე უკანონო მშენებლობები, თანამდებობის პირების მიერ მიტაცებული მიწები და თბილისის მერთან კახი კალაძესთან კავშირები მოიაზრება, შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნულის დასამტკიცებლად, ჟურნალისტს გარდა რამდენიმე ადგილობრივის ვარაუდისა, სხვა არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდენია. ამბავი ტოვებს ზედაპირული მსჯელობის, რეალობის გაზვიადებისა და შესაძლო კორუფციულ კავშირებში თბილისის მერის ხელოვნურად ჩართვის მცდელობის შთაბეჭდილებას.
კატეგორია: ეთიკა
2018 წლის 9 ივლისს, გადაცემა "იმედის კვირამ" ერთ-ერთი სიუჟეტი საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ტენდერებს მიუძღვნა. საქმე ეხება უწყების მილიონიან ტენდერებში პეტრე დევრიშაძის კომპანიების გამარჯვებას. აღმოჩნდა, რომ 2010 წელს ე.წ. ოპერაცია “ენვერის” ფარგლებში, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისა და რუსულ სპეცსმსახურებთან თანამშრომლობის ბრალდებით გასამართლებული დევრიშაძის კომპანიები ძალოვან უწყებებს აღჭურვილობითა და სპეციალური ტექნიკით ამარაგებს.

სიუჟეტი, რომელიც უწყებების გამართლების მცდელობას გავდა, რამდენიმე არაზუსტ დეტალს შეიცავდა და მაყურებელი შეცდომაში შეჰყავდა.

ფაქტის შესახებ საზოგადოებამ სტუდია მონიტორის ჟურნალისტური გამოძიებიდან შეიტყო.


სტუდია მონიტორის გამოძიება

მონიტორმა მასალა 25 ივნისს გამოაქვეყნა. ფაქტს საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის კრიტიკა და დისკუსია მოჰყვა. თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები იძულებული გახდნენ განმარტებები გაეკეთებინათ. ამასთან, ორივე უწყებამ გააუქმა ის მიმდინარე ტენდერები, რომლებშიც შეთვაზებული ფასის გათვალისწინებით, გამარჯვების დიდი შანსი კვლავ პეტრე დევრიშაძის კომპანიას ჰქონდა.

"იმედის კვირის" წამყვანმა სიუჟეტის წარდგენისას “ქართული ოცნების” ხელისუფლების დაპირებაზე, სამართლიანობის აღდგენაზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ ბევრი საქმე კვლავაც გამოუძიებელია, რაც პრობლემას ისევ ახალ ხელისუფლებას უქმნის.


"იმედის კვირაში" გასული სიუჟეტი

შემდეგ უკვე სიუჟეტიდან პირველ რიგში გავიგეთ, რომ პეტრე დევრიშაძის კომპანიისგან შეძენილი საქონელი “არ წარმოადგენს საიდუმლოების ნუსხით განსაღვრულ საქონელს”. ვნახეთ თავდაცვის სფეროში საიდუმლო შესყიდვების ობიექტების ჩამონათვალიც. შემდეგ კი ჟურნალისტმა განმარტა, რომ დევრიშაძისა და თავდაცვის სამინისტროს შორის ხელშეკრულება მომავალ კვირას უნდა გაუქმდეს. მისივე თქმით, მოთხოვნა დავების საბჭომ ძალოვან უწყებას 21 ივნისს, გამოძიების გამოქვეყნებიდან, ოთხი დღით ადრე წაუყენა.

“თავდაცვის სამინისტროს მიერ ტენდერის გაუქმებამ სტუდია მონიტორის გამოძიებას დაასწრო, იმავეს ვერ ვიტყვით შსს-ის გადაწყვეტილებაზე”, - დასძინა ჟურნალისტმა. 

ეს დეტალები რამდენიმე უზუსტობას შეიცავს.

  • თავდაცვის სამინისტრომ გააუქმა ტენდერი და არა ხელშეკრულება. ხელშეკრულება კომპანიასთან მას შემდეგ ფორმდება, როცა გამარჯვებული გამოვლინდება. იგივენაირად მოიქცა შინაგან საქმეთა სამინისტრო. 

  • მტიკიცება, რომ თავდაცვის სამინისტრომ ტენდერის გაუქმებით სტუდია მონიტორის გამოძიებას დასწრო, სინამდვილეს არ შეესაბამება. კერძოდ, შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, თავდაცვის სამინისტრომ 12 000 წყვილი მაღალყელიანი ფეხსაცმლის შესყიდვის მიზნით, 2 351 596 ლარის ღირებულების ტენდერი მიმდინარე წლის 1 ივნისს გამოაცხადა. 10 ივნისს, ტენდერში მონაწილე ერთ-ერთმა კომპანიამ, შპს “უნიფორმ სერვისმა” დავების საბჭოს საჩივრით მიმართა და შემსყიდველისგან, ანუ თავდაცვის სამინისტროსგან, სატენდერო განცხადების პირობების სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა ითხოვა. 21 ივნისს დავების საბჭომ შპს “უნიფორმ სერვისის” გადაწყვეტილება ნაწილობრივ დააკმაყოფილა და სატენდერო კომისიას თავდაცვის სამინისტროს ტენდერით გათვალისწინებული მოთხოვნების გადასინჯვა დაავალა. 

  • აქვე აღსანიშნავია, რომ ტენდერის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სატენდერო კომისია და არა დავების საბჭო. ეს უკანასკნელი, კონკრეტული საჩივრის საფუძველზე, სატენდერო კომისიას მხოლოდ ტენდერთან დაკავშირებულ ამა თუ იმ ხარვეზზე მიუთითებს და რეკომენდაციას გასცემს. 

  • სახელმწიფო შესყიდვების ვებვერდზე ატვირთული დოკუმენტაციის მიხედვით, სატენდერო საბჭომ თავდაცვის სამინისტროს ტენდერი მიმდინარე წლის 5 ივლისს, ანუ სტუდია მონიტორის გამოძიების გამოქვეყნებიდან 10 დღეში გააუქმა და არა ოთხი დღით ადრე, როგორც ეს “იმედის კვირის” სიუჟეტში იყო ნათქვამი.

სიუჟეტში დეტალების გადამოწმების გარეშე იმის მტკიცება, რომ თავდაცვის სამინისტრომ ტენდერის გაუქმებით ჟურნალისტურ გამოძიებას დაასწრო, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას ჰგავდა და უწყების გამართლების შთაბეჭდილებას ქმნიდა. მითუმეტეს, რომ 11-წუთიან სიუჟეტში, ტენდერების თემაზე მეტად იმის გამორკვევის მცდელობა იყო, ნამდვილად იყვნენ თუ არა დამნაშავეები პეტრე დევრიშაძე და ე.წ. ენვერის საქმის სხვა პირები, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებამ გაასამართლა.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
BBC-მ არასწორად გააჟღერა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს Daily Mail - ის ჟურნალისტები 2011 წლის სატელეფონო მოსმენების სკანდალში იყვნენ ჩართული, რამაც ბრიტანული გამოცემის News of the World-ის დახურვა გამოიწვია. არასწორი ინფორმაცია, BBC-ის რადიო 4-ისა და BBC World Service-ის მიერ 7 ივნისს გაჟღერდა.

შეცდომა Daily Mail-ის რედაქტორის პოლ დეიკრის თანადებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში გაჟღერდა, რომელიც ახლა გამოცემის მთავარი რედაქტორი იქნება.

შეცდომის აღმოჩენის შემდეგ, BBC-მ საბოდიშო წერილი გაავრცელა:

"გასული ღამის ახალ ამბავში, რომელიც Daily Mail-ის რედაქტორის პოლ დეიკრის თანამდებობიდან წასვლას ეხებოდა, რომელსაც ეს პოსტი ბოლო 26 წლის განმავლობაში ეკავა, შეცდომით იყო აღნიშნული, რომ Daily Mail-ის ზოგიერთი ჟურნალისტი 2011 წლის სატელეფონო მოსმენების სკანდალში იყო გარეული. ვაღიარებთ, რომ ეს სიმართლე არ არის და ბოდიშს ვუხდით პოლ დეიკრს და მთლიანად Daily Mail-ს” - , ნათქვამია BBC-ის განცხდებაში.

წყარო: Imediaethics.org
კატეგორია: ეთიკა
23 ივნისს ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" საინფორმაციო გამოშვება "კურიერის" მთავარი გამოშვების ერთ-ერთი სიუჟეტი ინტერნეტში არასრულწლოვნების ფოტოების გავრცელებას ეხებოდა. თემის წარდგენისას წამყვანმა განმარტა, რომ ათობით არასრულწლოვანი მოზარდის მშობელი მათი შვილების ფოტოების არაბი, ირანელი და თურქი მომხმარებლების გვერდებზე ატვირთვისა და შეურაცხმყოფელი კომენტარების გამო პანიკაშია. მანვე თქვა, რომ შსს-ში წერილი არასამთავრობო ორგანოებმაც გაგზავნეს, მაგრამ “ქართველი ბავშვების ფოტოების უცხოურ პროფილებზე ატვირთვაში და საშიშ კომენტარებში პოლიციამ დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახა და გამოძიებაც არ დაიწყო”.

ის, რომ ფოტოები სოციალურ ქსელში სწორედ არაბი, თურქი და ირანელი მომხმარებელების გვერდზეა ატვირთული და უხამსი შინაარსის შემცველი კომენტარებიც არაბულ ენაზეა გაკეთებული, სიუჟეტში ჟურნალისტმაც გაიმეორა. თუმცა, ჟურნალისტს არ დაუშვია, შესაძლოა, აღნიშნული გვერდების უკან სხვა მომხმარებლები იდგნენ და ხსენებული წარმომავლობის ადამიანები მომხდრთან კავშირში საერთოდ არ იყვნენ. ჟურნალისტს არ უცდია გარკვევა და ამ მომხმარებლების გადამოწმება, მათთან დაკავშირება. მიუხედავად ამისა, მტკიცებით ფორმაში მასალაში თქვეს, რომ არასრულწლოვნების ფოტოებს სწორედ ირანელი, თურქი და არაბი მომხმარებლები ტვირთავენ და მშობლები მათ პედოფილიაში ადანაშაულებენ.

სიუჟეტიდან გაურკვეველი დარჩა, საერთოდ რა მიზანი და საჭიროება ჰქონდა შესაძლო მოძალადეების ეთნიკური წარმომავლობის დასახელებას მაშინ, როდესაც ნაციონალური კუთვნილების მიუხედავად, ფაქტი ისედაც მძიმეა. მსგავსი ფორმით ინფორმაციის გაჟღერება კი საზოგადოებაში უკვე არსებული ქსენოფობიური განწყობების კიდევ უფრო გაღვივებას და გამძაფრებას უწყობს ხელს.

კიდევ ერთი პრობლემა, რაც სიუჟეტში გამოიკივეთა, ეს არასრულწლოვნების მშობლების იდენტიფიცირება იყო. ერთ-ერთი სავარაუდო მსხვერპლის დედის სახე ისე იყო დაფარული, რომ მისი იდენტიფიცირება მარტივად შეიძლებოდა. სიუჟეტის ბოლოს კი იგივე ქალი ყოველგვარი დაფარვის გარეშე ჩანდა. ასეთ შემხვევაში საერთოდ გაუგებარია რესპონდენტის დაფარვის მიზანი და ფორმაც. სიუჟეტში ასევე შეიძლებოდა სხვა დაფარული არასრულწლოვნების იდენტიფიცირებაც.

მასალაში ასევე არ ჩანდა შსს-სა და სამართალდამცველი ორგანოების პოზიცია. არადა, ამბის წარდგენისას წამყვანმა და ჟურნალისტმა უწყების მხრიდან ფაქტის მიმართ გულგრილ დამოკიდებულებაზე მიანიშნეს, თუმცა, სიუჟეტის დასასრულს აღნიშნეს, რომ შსს-მ მოკვლევა დაიწყო. საბოლოოდ გაუგებარი დარჩა რა როლს ასრულებს ძალოვანი უწყება ამ საქმეში და რა სამართლებრივი მექანიზმები არსებობს ასეთი შემთხვევების აღსაკვეთად. ამ მიმართულებით ჟურნალისტს საკითხი არ მოუკვლევია.
კატეგორია: ეთიკა
"ბიძინა ივანიშვილის მომავალი სიძე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იქნება" - ამ სათაურით გამოაქვეყნა მასალა 14 ივნისს ვებსაიტზე ტელეკომპანია „თრიალეთმა“. სტატიაში საუბარია იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე წარადგინეს. ამავე მასალიდან ვიგებთ, როდის და რატომ გახდა აღნიშნული პოზიცია ვაკანტური, ასევე, რა პროცედურებია საჭირო პრემიერ-მინისტრის კანდიდატურისა და მთავრობის ახალი შემადგენლობის დასამტკიცებლად.

სტატიის ბოლოს ავტორი მამუკა ბახტაძის ბიოგრაფიას გვაცნობს. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან რაიმე ტიპის კავშირზე კი, რასაც სათაური ამბობს, მასალაში არაფერია ნათქვამი.

მასალას დართული აქვს დამონტაჟებული ფოტო, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი, მისი ქალიშვილი და მამუკა ბახტაძე არიან ასახული. 
კატეგორია: ეთიკა
ბოლო რამდენიმე დღეში სავარაუდოდ უცნობი ნივთიერების ინტოქსიკაციით ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო სამი ახალგაზრდა ამ დრომდე კომაშია. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი და გარემოებები დადგენილი არაა, ონლაინმედიის ნაწილი კი გვარწმუნებს, რომ ეს ადამიანები ე.წ. კლუბური ნარკოტიკის ზედოზირებამ იმსხვერპლა, რომლებიც თითქოს კლუბებში იყიდება.

მომხდარს სოციალურ ქსელში დისკუსია და ბევრი ემოციური კომენტარი მოჰყვა. მომხმარებელთა ნაწილი კლუბების დახურვას მოითხოვს და წერს, რომ იქ “ბავშვებს რყვნიან”, ნაწილი კი თემას ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის ჭრილში განიხილავს და ამბობს, რომ ამით უარეს შედეგებს მივიღებთ.

ეს შემთხვევაც, ისევე როგორც სხვა, მსგავსი ფაქტები, ახლაც მედიის დღის წესრიგში მოხვდა. თუმცა, ონლაინმედიის ნაწილი მხოლოდ სოციალურ ქსელში გავრცელებული კომენტარების ციტირებით შემოიფარგლა. ამგვარ გამოცემებს მკითხველისთვის არც გადამოწმებული ფაქტები შეუთავაზებიათ, არც პრობლემის გამომწვევ მიზეზებსა და პრევენციაზე უმსჯელიათ და არც სხვადასხვა მხარის პოზიცია უჩვენებიათ. ასეთმა მიდგომამ კი, პრობლემის გადაჭრის ნაცვლად, არასწორ დისკუსიას, სტერეოტიპების გამყარებასა და თემის დემონიზაციას (ნეგატიურად წარმოჩენას) შეუწყო ხელი.

ამის ნათელი მაგალითია ჯონდი ბაღათურიას მიერ ფეისბუკზე გამოქვეყნებული სტატუსის ახალ ამბად ქცევა. ბაღათურიამ 29 აპრილს დაწერა, რომ “ბოლო 4 დღეში თბილისში 12 მოზარდი გარდაიცვალა კლუბური ნარკოტიკით და ეს ტრაგედია ყველა ოჯახს შეიძლება დაატყდეს, რადგან პოლიცია ვერაფერს აკეთებს იმის გამო, რომ კლუბები უმაღლესი თანამდებობის პირებს ეკუთვნის”.

ბაღათურიას ეს განცხადება ონლაინმედიების ნაწილმა უცვლელად, დამატებითი ინფორმაციის გარეშე გამოაქვეყნა.  მაგალითად: Alia.ge, ww.ge, dainteresdit.ge, metronome.ge, cyc.ge, sazogadoeba.ge, newsroom.com.ge, sarkenews.ge, dianews.ge, gmvt.ge. ამით მათ ფაქტობრივად მხოლოდ ჯონდი ბაღათურიას პლატფორმის როლი შეასრულეს. გარდა იმისა, რომ სტატუსი დაუდასტურებელ და არაზუსტ ინფორმაციას შეიცავს (რეალურად ორი ადამიანი გარდაიცვალა), გამოცემებს მომხმარებლისთვის ალტერნატიული აზრი არ შეუთავაზებიათ. მასალებში არაა წარმოდგენილი არცერთი კლუბისა თუ სახელმწიფო უწყების წარმომადგენლის პოზიცია.

მსგავსი, დაუბალანსებელი და გადაუმოწმებელი მასალა გაავრცელა 30 აპრილს newposts-მაც. სტატიის - "კლუბური ნარკოტიკების გასაღების უკან ხელისუფლების და შოუბიზნესის წარმომადგენლები დგანან - მამა პეტრეს სკანდალური განცხადება”, უდიდესი ნაწილი ეთმობა მღვდელ პეტრე კოლხის მოსაზრებებს, რომლის მტკიცებით, ღამის კლუბებში არასრულწლოვნები დადიან და მათ იქ ნარკოტიკებს სთავაზობენ. მასალაში არ ჩანს ჟურნალისტის მცდელობა პეტრე კოლხის ნათქვამის გადასამოწმებლად.

“როგორც ამბობენ” - წერს ავტორი და აგრძელებს - “სწორედ “მეფედრონმა” იმსხვერპლა 22 წლის ახალგაზრდა”, თუმცა ბუნდოვანია ვინ ამბობს ამას. მკითხველისთვის გაუგებარი რჩება ვინაა ინფორმაციის წყარო. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მესამე პრინციპის თანახმად კი, ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია.

ტერმინი “კლუბური ნარკოტიკი” აერთიანებს იმ ნივთიერებებს (MDMA, LSD და სხვა), რომელთა მოხმარების შემთხვევაში ადამიანი ეიფორიისა და ენერგიის მოზღვავებას გრძნობს. “კლუბური ნარკოტიკი” არ ნიშნავს, რომ ისინი მხოლოდ კლუბებშია ხელმისაწვდომი და არ შეიძლება მათი მოხმარება რესტორანში, სახლში, პარკში და ა.შ. (თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ქმედება დასჯადია). შესაბამისად, ბუნდოვანია, რატომ უკავშირებს ქართული მედიის ნაწილი ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებულ ამბებს, ხშირად, კლუბებს.

უცნობი ნარკოტიკული საშუალებით შესაძლო ინტოქსიკაცით გამოწვეული ტრაგიკული შემთხვევების გაშუქებისას, უმჯობესია, მედიამ კარგად გადაამოწმოს ყველა ფაქტი და განცხადება, ვისაც არ უნდა ეკუთვნოდეს იგი, ფოკუსირდეს მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე, სავარაუდოდ რომელი ნივთიერება გახდა ადამიანების დაღუპვის მიზეზი, არის თუ არა მხოლოდ ამ ნივთიერების მოხმარება მომაკვდინებელი თუ ფატალური შედეგი მხოლოდ სხვა ნივთიერებებთან ერთად მიღების დროს დგება, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი ზედოზირების დროს და ა.შ. მით უმეტეს, როდესაც არსებობს ნარკოტიკების საკითხზე მომუშავე ჯგუფი და მათი რეკომენდაციაც ისევე მარტივად ხელმისაწვდომია, თუნდაც იგივე სოციალურ ქსელში, როგორც სხვადასხვა პირების განცხადებები.

კატეგორია: ეთიკა
საქართველოს სახალხო დამცველმა, 2 აპრილს, საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის ერთ-ერთი ნაწილი ლგბტ პირთა უფლებრივ მდგომარეობას ეხება. ანგარიშში ნათქვამია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ფონზე, ომბუდსმენი უარყოფითად აფასებს ქორწინების ცნების, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირის, რეგულირებას. ნინო ლომჯარიას აზრით, მსგავსი ჩანაწერი ხელს უწყობს ჰომოფობიური განწყობებისა და ლგბტ პირთა მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების გაზრდას. „კონსტიტუციაში მსგავსი ჩანაწერის პარალელურად, მნიშვნელოვანია ერთი და იმავე სქესის წყვილთა სამართლებრივი მდგომარეობის აღიარების სხვა ფორმების შემოღებაც, მაგალითად, სამოქალაქო პარტნიორობის“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

ონლაინ გამოცემებმა: alt-info.com, saqinform.ge, 2020news.ge, timenews.ge, და geonewest.com, სახალხო დამცველის ანგარიშის ამ ნაწილზე გააკეთეს აქცენტი და ჰომოფობიური, დისკრიმინაციული და სიძულვილის ენის შემცველი, ერთი და იმავე ტექსტით მიაწოდეს აუდიტორიას.

გამოცემების მტკიცებით, ჰომოსექსუალთა სამოქალაქო პარტნიორობა ოჯახისგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ პარტნიორობის შემთხვევაში ჰომოსექსუალ წყვილებს შვილის აყვანის უფლება არ ეძლევათ. "გარკვეული დროის შემდეგ, როცა ამ განსხვავებული სახელწოდებით ჰომოსექსუალთა ოჯახების არსებობას საზოგადოება შეეგუება, ამ ურთიერთობის ფორმას ოჯახს დაარქმევენ და შვილის აყვანის უფლებას დაამატებენ. პროცესი სწორედ ამგვარი სახით ვითარდებოდა დასავლეთში და ასე განვითარდება აქაც", - იდენტური ტექსტი დაწერეს გამოცემებმა ისე, რომ არცერთს არ მიუთითებია ვის ეკუთვნოდა ეს მოსაზრება და რას ეყრდნობოდა დასკვნა.

"ჰომოსექსუალთა ქორწინება დაკანონდება" - ამ მესიჯით, მტკიცებით ფორმაში ჰქონდა სათაურები geonewest.com-ის, 2020news.ge-სა და timenews.ge-ს მასალებს. saqinform.ge-მ მკითხველს ამბავი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას დამონტაჟებული ფოტოთი შესთავაზა.


ამ გამოცემებისგან განსხვავებით, ომბუდსმენის ანგარიშიდან „საქართველო და მსოფლიოს“ ყურადღების ქვეშ ქორწინების საკითხთან ერთად ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმეც მოხვდა. მასალა მოიცავს ინტერვიუებს ჰამლეტ ჭიპაშვილთან და გია ხუხაშვილთან. ქორწინების ნაწილზე ლომჯარიას მოსაზრებას გია ხუხაშვილი აფასებს: „ომბუდსმენი ამას ჩვენთვის არ ლაპარაკობს, ის ეპრანჭება უცხოელ სპონსორებს“, ჰამლეტ ჭიპაშვილი კი ამბობს, „ლომჯარია გააკეთებს იმას, რასაც უკარნახებენ დასავლეთიდან.“ „საქართველო და მსოფლიოსაც“, სათაურში აქვს გატანილი, რომ “ოცნების” რჩეული სახალხო დამცველი ვანო მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლებასა და ჰომოსექსუალთა შორის ქორწინების დაკანონებას მოითხოვს“.

საერთო ჯამში, ამ სააგენტოებმა ომბუდსმენის ანგარიში კონტექსტიდან ამოგლეჯილად, საკუთარი შეფასებით გაავრცელეს და ჰომოფობიური ნარატივის გავრცელებას შეუწყეს ხელი.
კატეგორია: ეთიკა
8 აპრილს მართლმადიდებელი სამყაროს ნაწილი ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს ზეიმობს. აღდგომა, როგორც ერთ–ერთი უდიდესი საეკლესიო დღესასწაული, ქართული მედიის ნაწილისთვის დღის თემაა და განსაკუთრებული ყურადღება 'წმინდა ცეცხლის' რიტუალს ეთმობა.

7 აპრილს მედიასაშუალებებმა ეს ამბავი სატელევიზიო ეთერში თუ სოციალურ ქსელში პირდაპირ ეთერში გადასცეს. რიტუალის კომენტირებისას ჟურნალისტების ნაწილმა გასული წლების მსგავსად, ფაქტად წარუდგინა აუდიტორიას ის, რაც რეალურად ფაქტი არ არის. ვინაიდან ყველა მართლმადიდებელს წმინდა ცეცხლის გადმოსვლის არ სწამს, ამასთან მორწმუნეთა ნაწილის მიერ სასწაულად აღქმული რიტუალი ფაქტი არ არის.

აღდგომის დღესასწაულის მთავარი რიტუალის გაშუქება–არგაშუქების მიხედვით, ქართული მედია პირობითად რამდენიმე ნაწილად შეგვიძლია დავყოთ: მედია, რომელმაც "წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა" მკითხველსა და მაყურებელს მტკიცებით ფორმაში, ფაქტად მოუთხრო; მედია, რომელსაც რელიგიის ეთიკური გაშუქების წესები არ დავიწყებია და თქვა, რომ "მართლმადიდებელ მორწმუნეთა ნაწილის რწმენით, იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმიდა ცეცხლი გადმოვიდა" ან "იერუსალიმის საპატრიარქომ წმიდა ცეცხლი რიტუალი აღასრულა", და მედია, რომელსაც ეს რიტუალი საერთოდ არ გაუშუქებია.

სააგენტო "ინტერპრესნიუსმა" ამბავი სათაურშივე მტკიცებით ფორმაში შემოგვთავაზა: "მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა". ამავე ტექსტში გამოცემა ფაქტად აწვდის აუდიტორიას იმას, რაც ასევე არ არის ფაქტი, – „პატრიარქი სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირებმა საგულდაგულოდ გაჩხრიკეს“. რეალურად ჩხრეკის ფაქტი არავის უნახავს. პატრიარქი სტიქრის ამარა შედის საფლავზე არა იმიტომ, რომ ვინმემ გაჩხრიკოს, არამედ თავს იმდაბლებს. 

"ინტერპრესნიუსმა" კიდევ ორი ამბავი მოამზადა წმინდა ცეცხლის საქართველოში ჩამოტანის შესახებ, აქაც რიტუალი ფაქტად იყო წარმოჩენილი - „წმინდა ცეცხლი უკვე საქართველოშია“. იქვე მკითხველს აცნობა, რომ „უფლის აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლი თბილისის დროით, წელს 15:17 საათზე გადმოვიდა. ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა“. იგივე აბზაცით სრულდება ამ ამბამდე დაწერილი მასალაც: წმინდა ცეცხლს თელ-ავივიდან თბილისში 23:55 საათზე ჩამოაბრძანებენ.

 


'ინტერპრესნიუსის' მსგავსად, იმ მედიასაშუალებებმაც, რომლებმაც ეს რიტუალი გააშუქეს, ამბავს ორი, ან სამი ახალი ამბავი მიუძღვნეს. ყველა მათგანმა მოამზადა მასალები „ცეცხლის გარდამოსვლაზე“ და ცეცხლის საქართველოში ჩამოტანაზე. მაცხოვრის საფლავზე ცეცხლის გადმოსვლაში არწმუნებდა მკითხველს „იმედი ნიუსი“, „პრაიმ ტაიმი“. reportiori.ge, kvira.ge, pia.ge, ambebi.ge , for.ge, ინფო 9 და გურია ნიუსი.

„აიპრესმა“ კი მასალაში „ქრისტე აღდგა! მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გარდამოვიდა“, საზოგადოებას დადასტურებულ ამბად მიაწოდა პატრიარქის ჩხრეკა.



„მართლმადიდებლები ზეიმობენ ცეცხლის გადმოსვლას მაცხოვრის საფლავზე“,
– ამ სათაუროთ აქვეყნებს რიტუალის შესახებ ამბავს „რადიო თავისუფლება“. გამოცემა მტკიცებით მხოლოდ ჩხრეკის ფაქტს წერს: „ცეცხლი გამოიტანა იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა თეოფილე მესამემ, რომელიც რიტუალის შესრულებამდე სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირებმა საგულდაგულოდ გაჩხრიკეს“.

განსხვავებულად გააშუქეს ამბავი: on.ge–მ და ტაბულამ. „მართლმადიდებელ მორწმუნეთა ნაწილის რწმენით იერუსალიმში ზეციური ცეცხლი გარდამოვიდა“, – წერს on.ge. მასალაში: "იერუსალიმის საპატრიარქომ წმიდა ცეცხლის რიტუალი აღასრულა", – ტაბულამ მკითხველს უამბო რატომ მიიჩნევენ ცეცხლს წმინდა ცეცხლად.

წმინდა ცეცხლის რიტუალი არ გაუშუქებიათ ონლაინ გამოცემებს: ნეტგაზეთსა და ლიბერალს.
კატეგორია: ეთიკა
“კვლევის თანახმად, თბილისში ყველაზე ხშირად რადიო „პალიტრის“ საინფორმაციო გამოშვებას უსმენენ” - ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, Interpressnews-ის ამ სტატიაში დაირღვა ქარტიის მესამე პრინციპი, რომლის მიხედვითაც, “ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები”.

სადავო ჟურნალისტური მასალის მიხედვით, IPR & Analytical Center-მა 2017 წლის ოქტომბერ-ნოემბერში რადიოს აუდიტორიის კვლევა ჩაატარა. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა ყველაზე მეტმა (21.2%) თქვა, რომ რადიო “პალიტრის” საინფორმაციო გამოშვებას ყველაზე ხშირად უსმენს.

საბჭოს გადაწყვეტილებით, მესამე პრინციპი დაირღვა, რადგან მიიჩქმალა ფაქტი, რომ აღნიშნული კვლევა თავად “კვირის პალიტრის” ბალანსზე არსებულმა ქოლ ცენტრმა ჩაატარა:

“სტატიაში კვლევის განმახორციელებლად მითითებული იყო IPR & Analytical Center, რომელიც მოპასუხის განმარტებით, ცენტრის საფირმო სახელწოდებაა. ინფორმაციის ამგვარად გავრცელებით, რჩებოდა შთაბეჭდილება, თითქოს კვლევა არა თავად “პალიტრის“ ჰოლდინგმა, არამედ სხვა, მიუკერძოებელმა კომპანიამ ჩაატარა. ამ მნიშნელოვანი ფაქტის მიჩქმალვა, არასწორ აღქმას იწვევდა მკითხველში” - აღნიშნულია განცხადებაში.

განმცხადებელი, სამაუწყებლო კომპანია “ჰერეთი” მესამე პრინციპის (მიჩქმალვის) გარდა, სადავოდ პირველ პრინციპსაც (სიზუსტე) ხდიდა, რადგან მიიჩნევდა, რომ ამგვარი კვლევა საერთოდ არ ჩატარებულა. თუმცა საბჭომ ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევა არ დაადგინა - მოპასუხე ანა მარშანიამ წარმოადგინა კვლევის ჩატარების მტკიცებულებები და მიუთითა, რომ კვლევა ჩაატარა შპს "კვირის პალიტრის“ ბალანსზე არსებულმა ცენტრმა: “რა თქმა უნდა საბჭო აფასებს იმას, ჩატარდა თუ არა კვლევა და არა იმას, თუ რამდენად სანდო ან სწორია კვლევის მეთოდოლოგია, შედეგები და ა.შ”, - ვკითხულობთ გადაწყვეტილებაში.
კატეგორია: ეთიკა
მედიასაშუალებების ნაწილმა აუდიტის სამსახურზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ "იმუნიზაციის პროგრამით საქართველოში 29 222 დოზა ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი კონკრეტული ვაქცინა გაიხარჯა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო რეკომენდაციით, მოხმარებიდან უნდა ამოღებულიყო". სიახლეებში თავდაპირველად, არ ყოფილა დაკონკრეტებული, რომელ ვაქცინაზე იყო საუბარი. ეს მნიშვნელოვანი დეტალი სიახლეების გავრცელების მომენტში მედიისთვის ცნობილი ვერ იქნებოდა, რადგან კონკრეტული ვაქცინა აუდიტის სამსახურსაც არ აღუნიშნავს გამოქვეყნებულ დოკუმენტში. მიუხედავად ამისა, სიახლეების დიდ ნაწილს თან ბავშვების ფოტოები ერთვოდა, რაც ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ კონკრეტული ვაქცინა ბავშვებისთვის განკუთვნილ, გეგმიურ-პროფილაქტიკური იმუნიზაციის პროგრამაში შედიოდა.

მოგვიანებით, საკითხზე კომენტარი გააკეთა დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმაც და გაირკვა, რომ საუბარი იყო ცოფის ვაქცინაზე, რომელიც არ შედის ბავშვების გეგმიურ-პროფილაქტიკური იმუნიზაციის პროგრამაში შემავალი ვაქცინების სიაში. მედიის ნაწილმა თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაცია წაშალა, თუმცა ვებგვერდების ნაწილზე ამგვარი არასწორი, შეცდომაში შემყვანი სიახლე, ბავშვების ფოტოებით კვლავაც იძებნება. გარდა ამისა, ამ სიახლეს მოჰყვა არაერთი უფრო ვრცელი მასალაც, ზოგადად იმუნიზაციის შესახებ. „არასწორმა აცრამ შეიძლება ინვალიდად მაქციოს?“ - ასეთია ერთ-ერთი მასალის სათაური. მართალია, თავად სტატიაში საუბარია იმუნიზაციის დადებით მხარეებზე და აღნიშნულია, რომ საზოგადოების ნაწილის შიშები უსაფუძვლოა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მედიასაშუალებებმა ამგვარი სენსიტიური საკითხების გაშუქებისას, მასალებს შეურჩიონ ზუსტი, ეთიკური, არაანგაჟირებული სათაურები.

აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებული ბუნდოვანი ინფორმაცია მედიასაშუალებებმა ისე გაავრცელეს, რომ არ დაჰკავშირებიან არც აუდიტის სამსახურს და არც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, იმის დასაზუსტებლად, თუ რა ვაქცინაზე იყო საუბარი. აუდიტის სამსახურის ბუნდოვანი ინფორმაციის მედიის მიერ პირდაპირ, გადაუმოწმებლად და დაზუსტების გარეშე გავრცელებამ მშობლებში გამოიწვია უსაფუძვლო შიში და პანიკა, რაც კარგად ჩანდა სოციალურ ქსელებსა და სტატიების კომენტარების ველში მათ მიერ გაკეთებული კომენტარებიდანაც. საკითხის სენსიტიურობა იზრდება მითუფრო იმ ფონზე, რომ ბავშვთა სავალდებულო იმუნიზაციის პროგრამის „საფრთხეებზე“ ხშირად, ყოველგვარი სერიოზული არგუმენტის გარეშე სპეკულირებს სხვადასხვა საეჭვო რეპუტაციის მქონე მედიასაშუალება თუ საიტი. შესაბამისად, მნიშვნელოვანი იყო, რომ აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის გაშუქებისას, მედიას ოპერატიულობაზე უფრო მეტად, ყურადღება ამბის დაზუსტებასა და გადამოწმებაზე გაემახვილებინა.
კატეგორია: ეთიკა
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ 27 დეკემბერს იმსჯელა მწერალთა ჯგუფის მიერ, ზვიად რატიანის საქმის გაშუქებასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ შეტანილ საქმეზე და ეთიკის ქარტიის ორი პრინციპის - სიზუსტის და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევა დაადგინა. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი დღეს გამოქვეყნდა.

სადავო მასალა ეხებოდა პოეტ ზვიად რატიანის დაკავებას. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 27 დეკემბერს ვებსაიტზე გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული ვიდეო კადრები, სადაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ზვიად რატიანი იყო ასახული. სადავო გახდა არა მხოლოდ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ვიდეომასალა, არამედ ამ თემაზე იმავე დღეს, საინფორმაციო გამოშვებაში გასული სიუჟეტიც.

სიზუსტის პრინციპის დარღვევა

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ „მაომბეში“ ამ თემის ამგვარად გაშუქებით, მაუწყებელმა არ სცა პატივი საზოგადოების უფლებას, მიეღო სრული და ამომწურავი ინფორმაცია: “მაყურებელს არ მიეწოდა ყველა იმ გარემოების შესახებ ინფორმაცია, რომელიც შეცვლიდა ან/და სრულყოფდა მის აღქმას და წარმოდგენას ზვიად რატიანის დაკავებასთან დაკავშირებით, რითიც დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი“ - ვკითხულობთ საბჭოს გადაწყვეტილებაში.

საბჭო გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი, ამ თემის გაშუქებისას, მიჰყვა შინაგან საქმეთა სამინისტროს დღის წესრიგს: „ამბის ამ კონტექსტით გაშუქება სრულად შეესაბამებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციას და საერთოდ უგულებელყოფდა მედიის, როგორც მეთვალყურის [watchdog] როლს, რომელსაც სრულად და ამომწურავად უნდა მიეწოდებინა მაყურებლისათვის ის ინფორმაცია, რომლის გამოც ზვიად რატიანის დაკავება რეზონანსულ საქმედ იქცა“.

საბჭომ მიიჩნია, რომ ამ მასალით, მაყურებელმა ვერ მიიღო ამბის მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ ინფორმაცია. კერძოდ, საბჭო აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აუდიტორიას არ უთხრა, რომ:

1. ზვიად რატიანის თქმით, მას რამდენიმე საათის განმავლობაში აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.

2. საბჭოს მოკვლეული მასალებით დგინდება, რომ შსს-ს განცხადებით რატიანი შეაჩერეს საპოლიციო კონტროლის ფარგლებში, პოლიციის შესახებ კანონით (24-ე მუხლის მე-5 პუნქტი) და შს მინისტრის 2017 წლის 21 დეკემბრის # MIA 3 17 00000604ბრძანებით, საპოლიციო კონტროლში მონაწილე პოლიციელი ვალდებული იყო ჩართული ვიდეო კამერით განეხორციელებინა ყველა ქმედება. აქედან გამომდინარე კანონის დაცვით თუ მოქმედებდა პოლიცია, უნდა არსებობდეს რატიანის შეჩერება-დაკავების სრული ვიდეო ჩანაწერი, რომლის გასაჯაროებასაც რატიანის მხარე თავიდანვე ითხოვდა. თუმცა, შსს-ს არც სასამართლოზე და არც საჯაროდ ასეთი ჩანაწერი არ წარმოუდგენია. მიუხედავად იმისა, რომ ეს საინტერესო, მნიშვნელოვანი დეტალი პროცესზეც ითქვა და „მოამბის“ მასალაშიც ახსენა რატიანის ადვოკატმა, მაუწყებლის ჟურნალისტს ამ ფაქტის გადამოწმება და შედეგების მაყურებლამდე მიტანა არ უცდია. ამისთვის ყველაზე მარტივი გზა იყო ნებისმიერი კვალიფიციური იურისტისთვის დაესვათ ერთი შეკითხვა, კანონით ვალდებული იყო თუ არა პოლიცია საპოლიციო კონტროლისას რატიანის დაკავების სრული ვიდეო ჩაწერა ეწარმოებინა და მისი კომენტარი მიეწოდებინა მაყურებლისთვის. უფრო მეტი სიზუსტისთვის შსს-სთვის დაესვათ შეკითხვა (ჰქონოდათ მცდელობა მაინც), კანონით აუცილებელი დაკავების სრული ვიდეო ჩანაწერი გააჩნდა თუ არა სამინისტროს. ამ კითხვებზე პასუხით საზოგადოება მიიღებდა გაცილებით ზუსტ ინფორმაციას.

3. სასამართლო პროცესზე რატიანის ადვოკატის მიერ წარდგენილო იყო სამედიცინო დაწესებულებების მიერ გაცემული დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდებოდა ზვიად რატიანის სხეულზე დაზიანებების არსებობა, რაც სავარაუდოდ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან ყოფნისას მიიღო რატიანმა. ამის შესახებ სიუჟეტში არ თქმულა.

4. სიზუსტის უზრუნველყოფისთვის აუცილებელი იყო "მოამბის" ჟურნალისტს საზოგადოებისთვის ეცნობებინა, რომ სასამართლოზე გამოქვეყნებული ინფორმაციით რატიანი პოლიციელების კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა რამდენიმე საათის (დაახლოებით 3 საათის) განმავლობაში. სასამართლოზე შსს-ს მიერ წარდგენილი ვიდეო მასალა რამდენიმე წუთს გრძელდებოდა, იყო ფრაგმენტული, დამონტაჟებული და არ ასახავდა პოლიციელების განკარგულებაში ყოფნის სრულ დროს და სურათს. ამ დამატებითი ფაქტების მაყურებელისთვის მიწოდებით შესაძლებელი იქნებოდა სრული კონტექსტით ჩვენება, რომ ჩანაწერი იყო ერთი დაინტერესებული მხარის მიერ გადაღებულ-დამონტაჟებული და არ ასახავდა სრულ სურათს. გავრცელებული ვიდეომასალიდან, რომელიც მხოლოდ მოქალაქე რატიანის აგრესიულ ქმედებებს და პოლიციელთა "სანიმუშო" ქცევებს ასახავდა, რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ აგრესიული მოქალაქე პოლიციელებს შეურაცხყოფას უმიზეზოდ აყენებს, თუმცა რატიანის საუბრის ფრაგმენტები მიანიშნებს, რომ მისი აგრესია პოლიციელების ქმედებებმა გამოიწვია, ეს სავარაუდო ქმედებები კი შსს-ს მიერ სასამართლოში წარდგენილ ვიდეომასალაში არ ჩანს.

5.მიუხედავად ზემოაღნიშნული საეჭვო გარემოებებისა, ჟურნალისტი პროცესის რამდენიმე მონაწილის და ზვიად რატიანის ადვოკატის მოკლე კომენტარით შემოიფარგლა. ჟურნალისტი ადვოკატზე დაყრდნობით ამბობს, რომ ჩანაწერი არ იყო უწყვეტი და არ უნდა დართოდა საქმეს მტკიცებულებად. ეს კი არ არის საკმარისი. ჟურნალისტი, რომელიც სასამართლოს დარბაზიდან რეპორტაჟს გვთავაზობს, თავად უნდა აღწერდეს, მაქსიმალურად ზუსტად და მიუკერძოებლად ფაქტებს. კერძოდ, თუ ჟურნალისტმა პროცესზე მოისმინა, დარწმუნდა, რომ პოლიციაში რამდენიმე საათის განმავლობაში ყოფნის მხოლოდ რამდენიმე წუთის მასალა წარადგინა შსს-მ, უნდა ეთქვა მაყურებლისთვის. ასევე, ჟურნალისტს კრიტიკული კითხვები უნდა დაესვა სამინისტროს წარმომადგენლისთვის, რომელიც სასამართლო პროცესს ესწრებოდა. თუ შსს-ს წარმომადგენელმა კომენტარზე უარი თქვა, ესეც უნდა ეცნობებინა მაყურებლისთვის.

6.კითხვები, რომლებიც მასალაში არ დასვა ჟურნალისტმა: 1. რატომ არ იყო ვიდეო სამხრე კამერით გადაღებული? 2. რამდენად კანონიერია პოლიციის მხრიდან ტელეფონით ასეთი ფაქტის ფრაგმენტულად გადაღება? 3. არსებობდა თუ არა რატიანსა და პოლიციას შორის მომხდარი ინციდენტის სრული ჩანაწერი? 4. იყო თუ არა სასამართლოში წარმოდგენილი ვიდეომასალა დამონტაჟებული, ფრაგმენტული? 5. მართლაც ჰქონდა თუ არა დაზიანებები რატიანს, როგორც ეს სასამართლოზე დაცვის მხარემ განაცხადა და ჩაუტარდა თუ არა მას სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა? 6. არსებობდა თუ არა იმის რაიმე მტკიცებულება, რომ ინციდენტი რატიანმა დაიწყო და არა პოლიციელებმა და ა.შ. ამ და სხვა კითხვების დასმის შემთხვევაში, ჟურნალისტს შეეძლო საზოგადოებისთვის უფრო ზუსტი და დაბალანსებული ამბავი მიეწოდებინა.

რაც შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე ვიდეოს გამოქვეყნებას, საბჭო აღნიშნავს, რომ ვიდეოს არ ახლდა განმარტებები: რა ტექნიკური საშუალებით და რამდენად კანონიერად გადაიღეს პოლიციელებმა ვიდეო. არ თქმულა, რომ მასალა იყო დამონტაჟებული, ფრაგმენტული და სრულად არ ასახავდა პოლიციასთან რატიანის კონფლიქტს. არ აღნიშნულა, რომ ეს რამდენიმე წუთიანი ვიდეო ბევრ კითხვას აჩენს, როცა რატიანი პოლიციაში რამდენიმე საათი ჰყავდათ, ვიდეოს დასაწყისში ან/და დასასრულს არ იყო რატიანის ან/და მისი წარმომადგენლის კომენტარი ამ ვიდეოსთან დაკავშირებით. ვიდეოში ან/და ტექსტში არ ყოფილა მითითებული თუ რა პოზიცია ჰქონდა ამ ვიდეოსთან დაკავშირებით რატიანის მხარეს: “მართალია, მისი ადვოკატის პოზიცია პირველი არხის სხვა მედია პროდუქტში იყო ასახული, მაგრამ ეს არ არის საკმარისი სიზუსტის უზრუნველსაყოფად, მით უფრო, როცა ეს ვიდეო სწრაფად გავრცელდა და სოციალურ ქსელში, საძიებო სისტემებში როგორც ცალკე მედია პროდუქტი იძებნებოდა. ამ მასალას თან არ ერთვოდა სხვა დროს ამავე ვებსაიტზე გამოქვეყნებული რატიანის მხარის განმარტებების ამსახველი მასალა, შესაბამისად სპეციალური ძებნის გარეშე სავარაუდო სამართალდამრღვევი პირის პოზიციის გაცნობა შეუძლებელი იყო. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ქარტიის საბჭომ დაადგინა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირმა აღნიშნული ვიდეომასალის ამ ფორმით გავრცელებით ვერ უზრუნველყო საზოგადოებამდე მაქსიმალურად დაზუსტებული ინფორმაციის მიტანა და დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი“.

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევა

ქარტიის საბჭო აღნიშნავს, რომ გავრცელებული ვიდეო ცალსახად შეიცავს ზვიად რატიანის პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციას, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ „რატიანის საქმე“ არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანი. საბჭო გადაწყვეტილებაში მსჯელობას, რამდენად არსებობდა საჯარო ინტერესი იმ ინფორმაციის მიმართ, რასაც აუდიტორია გავრცელებული ვიდეოდან იღებდა და ასკვნის:

„საზოგადოებამ მხოლოდ ის გაიგო, რომ “მთვრალი რატიანი პოლიციას აგინებდა”. ეს ინფორმაცია თავად ზვიად რატიანმა არაერთხელ საჯაროდ თქვა. მათ შორის სასამართლო პროცესზეც განაცხადა, რომ იგი იყო ნასვამი და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს. ამ განცხადების დამადასტურებელი არაერთი ბმულიიძებნება ინტერნეტში.შესაბამისად, ვიდეო მასალის გასაჯაროებით საზოგადოებას საქმის გარემოებებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ახალი ინფორმაცია არ მიუღია გარდა იმისა, რაზეც თავად რატიანი მიუთითებდა და ისედაც დადასტურებული ფაქტი იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე საზოგადოების ემოციებზე ზემოქმედებისა და შსს-ს რეპუტაციის გაკეთილშობილების გარდა, ვიდეო მასალის გავრცელებას არ გააჩნდა არავითარი ობიექტური მიზანი ან და საფუძველი“.

საბჭომ ასევე იმსჯელა ვიდეო მასალის იმ ნაწილის გასაჯაროებაზეც, რომლის ნახვის შემდეგ რჩება შთაბეჭდილება, რომ ზვიად რატიანი ასევე შეურაცხმყოფელ ტერმინს იყენებს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიმართ: “საქართველოში, სადაც პატრიარქის პიროვნების მიმართ საზოგადოების დიდი ნაწილის განსაკუთრებული პატივისცემა არსებობს, მსგავსი მასალის გამოქვეყნება პირდაპირი და რეალური საფრთხის შემცველია - ზვიად რატიანი შეიძლება გახდეს ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი. ამის დასადასტურებლად საკმარისია ის მუქარის შემცველი კომენტარები, რომელიც ვიდეო მასალას სოციალურ ქსელებში მოჰყვა. მედიის მხრიდან ამ მასალის გავრცელება სრულიად უპასუხისმგებლო საქციელია, მეტიც, პროვოცირებას უწევს ძალადობას. ამასთან, ზვიად რატიანის პიროვნული და მიზანმიმართული დისკრედიტაციის გარდა სხვა არავითარ ღირებულ ინფორმაციას არ შეიცავს“ - აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.
კატეგორია: ეთიკა
23 ოქტომბრის 9 საათიან „კურიერში“ სოფელ შილდაში მომხდარი ტრაგედიის შესახებ სიუჟეტი გავიდა. მასალაში როგორც წამყვანმა, ისე ავტორმა მტკიცებით ფორმაში თქვა, რომ 24 წლის გოგონას თავი არ მოუკლავს, ის აწამეს, შემდეგ კი მკვლელობის ინსცენირება მოხდა. გარდაცვლილის მეუღლე და მეზობლები ვარაუდობენ, რომ ის მაზლმა მოკლა. სიუჟეტიც სწორედ ამ ვარაუდებზე დაყრდნობით იყო მომზადებული.

„სუიციდის ინსცენირებამდე კი ეკა ნაქევხრიშვილი სასტიკად აწამეს. ახალგაზრდა გოგოს მეუღლე ყვება, რომ მის ცოლს, მაზლთან ერთად, სულ მცირე ორი ადამიანი გაუსწორდა“ - ამბობს წამყვანი შესავალ ტექსტში.

„გოგონა გასულ კვირას საქონლის სადგომში ჩამომხრჩვალი იპოვეს, თუმცა ახლა ირკვევა, რომ სუიციდის ინსცენირება მოხდა, რეალურად გოგონა ჯერ სამმა მამაკაცმა აწამა, შემდეგ მოკლა“ - იმეორებს სიუჟეტის ავტორიც და გარდაცვლილის მეუღლის ინტერვიუს გვთავაზობს, სადაც ის მკვლელობას თავის ძმას აბრალებს. მეზობლებისა და გარდაცვლილის მეუღლის ვარაუდების გარდა, სხვა არც ერთი სარწმუნო წყარო ან ინფორმაცია მასალაში მოცემული არ არის. როგორც სიუჟეტიდან ვიგებთ, თვითმკვლელობა სცადა გოგონას მაზლმაც და ის ამჟამად სარეაბილიტაციო კურსს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადის. სამართალდამცავები კი საქმეს არა განზრახ მკვლელობის, არამედ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებენ.

კრიმინალის გაშუქების სახელმძღვანელო წესებში აღნიშნულია:

4.1. პირი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით.

4.2. მედიამ არ უნდა მოიხსენიოს პირი დამნაშავედ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელი არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას.

4.5. ბრალდებულის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამ შესაძლებელია გამოიწვიოს აგრესია საზოგადოებაში როგორც მის, ისე მისი ახლობლების მიმართ. შესაბამისად, მედიას უნდა ესმოდეს ის რისკი, რასაც ბრალდებულის შესახებ ინფორმაციის გავრცელება გამოიწვევს.

4.6. მედიამ უნდა მიიღოს ყველა გონივრული ზომა ადამიანის რეპუტაციისათვის გაუმართლებელი ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით.
კატეგორია: ეთიკა
20 ოქტომბრის „რუსთავი 2-ის“ დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში IDFI-ს მიერ, თბილისის მერიასა და საკრებულოში გაწეული ხარჯების შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგები გაგვაცნეს. მონაცემები გრაფიკულად იყო წარმოდგენილი. ერთ-ერთ მათგანზე საკრებულოს მიერ საწვავის მოხმარების ხარჯები არასწორად იყო ასახული. მიუხედავად იმისა, რომ 2015 და 2016 წელს დახარჯული თანხა უფრო ნაკლებია, ვიდრე 2011 და 2012 წლებში, გრაფიკაზე ისეა მოცემული, თითქოს, ბოლო წლების განმავლობაში ხარჯებმა იმატა.

IDFI-ს კვლევის ანგარიშში ეს მონაცემი ასე გამოიყურება:


ტელეკომპანიას ინფორმაცია არ შეუსწორებია. არაზუსტი გრაფიკის შემცველი მასალა ახლაც იძებნება „რუსთავი 2-ის“ საიტზე. იყო თუ არა გარფიკის აწყობისას დაშვებული შეცდომა ტექნიკური ხასიათის, ეს აუდიტორიისთვის არ განუმარტავთ.

შესწორების სტანდარტის მიხედვით, მედიამ ინფორმაცია ისე უნდა შეასწოროს, რომ ძველი, არაზუსტი მასალა აღარ უნდა იძებნებოდეს მის ვებსაიტზე, ან იმავე მასალას უნდა ჰქონდეს მინიშნება, რომ არაზუსტია.
კატეგორია: ეთიკა
25 სექტემბერს, მედიასაშუალებებში თბილისში, შარტავას ქუჩაზე, გარდაცვლილი კაცის ცხედრის პოვნის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ პირი არ გარდაცვლილა და მას რეანიმაციაში საჭირო სამედიცინო პროცედურებს უტარებდნენ. თავდაპირველად გამოქვეყნებული სიახლეებიდან იკვეთებოდა, რომ გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას შსს ადასტურებდა.

მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ინფორმაცია არაზუსტი იყო, ონლაინმედიის ნაწილმა თავდაპირველად გამოქვეყნებულ მასალაშივე შესწორება შეიტანა და იქვე, შენიშვნის სახით აღნიშნა, რომ გავრცელებული ინფორმაცია პირის გარდაცვალების შესახებ, სწორი არ იყო. შესაბამისად, ამ გამოცემებში არასწორი ინფორმაცია აღარ იძებნება.

მედიასაშუალებების მეორე ნაწილმა კი ახალი მასალა გამოაქვეყნა, სადაც აზუსტებს, რომ პირი გარდაცვლილი არაა და თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია. თუმცა მათ ვებგვერდებზე ახლაც იძებნება ძველი სიახლეები, რომელიც იტყობინება, რომ ცხედარია ნაპოვნი. მინიშნება იმის შესახებ, რომ ეს ინფორმაცია ძველი და არასწორია, ამ მასალებს არ აქვს.

როგორია ასეთ დროს შესწორების სტანდარტი? საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს მიერ ქარტიის მეხუთე მუხლზე (შესწორება) მიღებული გადაწყვეტილებების პრაქტიკა აჩვენებს, რომ ის ინფორმაცია, რომელიც მცდარი იყო, აღარ უნდა იძებნებოდეს ინტერნეტსივრცეში. არსებობს მეორე ვარიანტიც, სტატია შესაძლოა იძებნებოდეს ძველი ფორმით, ახალი მასალის ბმული, რომელიც ასწორებს ძველ სტატიას, აუცილებლად უნდა იყოს ძველშიც მითითებული, რადგან მკითხველს შეეძლოს ზუსტი ინფორმაციის მიღება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მითითება, რომ მასალა ჩასწორებულია, მედიამ აუდიტორიას უნდა აუხსნას, რა და რატომ ჩაასწორა.

ქარტიის მეხუთე მუხლის განმარტებაში ვკითხულობთ: “ამ მუხლით ჟურნალისტები და რედაქტორები პასუხისმგებლობას იღებენ, რომ პატიოსნად განაცხადონ არაზუსტი ინფორმაციის გამოქვეყნების შესახებ და შეასწორონ ის. მიუღებელია შესწორება იმგვარად, რომ თავიდან გაკეთდეს სიუჟეტი ან სტატია, სადაც არაზუსტ ინფორმაციას ჩაენაცვლება ზუსტი ინფორმაცია, მაგრამ არ იქნება გაცხადებული უკვე დაშვებული შეცდომის შესახებ”.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
ბრიტანულმა გაზეთმა Daily Telegraph-მა ბოდიში მოუხადა სტატიაში დასახელებულ ორ პირს, რომლებიც “ისლამისტ აქტივისტებად” მოიხსენია.

სტატიას, რომელიც 2016 წლის 31 იანვარს გამოქვეყნდა, ასეთი სათაური ჰქონდა: “მუსლიმი ექსტრემისტების სიცრუის კამპანია - ძირი რომ გამოუთხარონ სახელმწიფოს ბრძოლას ტერორიზმის წინააღმდეგ”. სტატიაში ორი ადამიანი ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე იყო დასახელებული “მუსლიმთა საძმოს” წევრად.

თუმცა, გასულ კვირას, Daily Telegraph-მა ამ სტატიის გამო, ორივე დასახელებულ პირს ბოდიში მოუხადა. ჰარას აჰმედს კი, რომელიც “მუსლიმთა საძმოს” წევრად მოიხსენია, 20 000 გირვანქა სტერლინგიც გადაუხადა. ამ ბრალდებას, ჰარას აჰმედის ადვოკატის თქმით, მისი კლიენტი სრულიად უსაფუძვლოდ მიიჩნევდა. თუმცა, Daily Telegraph-ის ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილია.

Daily Telegraph-ს მსგავსი შემთხვევა ადრეც ჰქონდა. გასულ შემოდგომას, გაზეთმა ბოდიში მოუხადა იფჰატ სმიტს, რომელსაც ასევე “მუსლიმთა საძმოს” წევრობა დააბრალა, რაც სიცრუე აღმოჩნდა.

წყარო: imediaethics
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
CNN-ის სამმა ჟურნალისტმა, 22 ივნისს გამოქვეყნებული სტატიის გამო, სადაც ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, დონალდ ტრამპის მრჩევლის ენტონი სკარამუჩის რუსულ საინვესტიციო ფონდთან კავშირზე იყო საუბარი, სამსახური დატოვა.

როგორც CNN საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერდა, სკარამუჩი ტრამპის ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე შეხვდა მცირე მასშტაბის რუსული საინვესტიციო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს. როდესაც სკარამუჩის ამ შეხვედრის შესახებ ჰკითხეს, მან თქვა, რომ აქ საეჭვო არაფერი იყო და ეს იყო მხოლოდ გულთბილი, წამიერი მისალმება. მოგვიანებით, CNN-მა აღნიშნული სტატია წაშალა და ბოდიშიც მოიხადა.

“22 ივნისს CNN.com-ზე გამოქვეყნდა სტატია, სადაც ეწერა, რომ ენტონი სკარამუჩის რუსეთან კავშირზე მიმდინარეობდა გამოძიება. აღნიშნული სტატუა არ იყო მომზადებული CNN-ის სარედაქციო სტანდარტების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, სტატია ბმულებთან ერთად წაიშალა. CNN ბოდიშს უხდის ბატონ სკარამუჩის”, - დაწერა CNN-მა.

ამის შემდეგ, რეპორტიორმა თომას ფრენკმა, რედაქტორმა ერიც ლიჩტბლაიმ და “CNN Investigates” - ის აღმასრულებლემა რედაქტორმა ლექს ჰარისმა, სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებები დაწერეს.

Politico-ს ცნობით, სკარამუჩიმ CNN-ის მისამართით უკმაყოფილება გამოთქვა და სასამართლო დავითაც დაიმუქრა.

პარალელურად, BuzzFeed - მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 25 ივნისს, CNN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა რიჩ ბრბიერმა თანამშრომლების შემდეგი შინაარსის პირადი შეტყობინება გაუგზავნა: “გამონაკლისების გარეშე! მასალა, რომელშიც რუსეთი ფიგურირებს, ჩემი და ჯეისონის ( რედაქტორი) ნებართვის გარეშე არ გამოქვეყნდეს”.

წყარო: Imediaethics
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
ამერიკულმა ტელეარხმა CNN-მა მიმდინარე წლის 22 ივნისს სტატია გამოაქვეყნა ტრამპის მრჩევლისა და გარდამავალი გუნდის წევრის, ენტონი სკარამუჩის შესახებ. კერძოდ, ჟურნალისტური მასალაში წყაროზე დაყრდნობით ეწერა, რომ კონგრესში მიმდინარეობა გამოძიება სკარამუჩისა და რუსული საინვესტიციო ფონდის კავშირების შესახებ. ინფორმაციას CNN-ის მიერ დაშვებული შეცდომის შესახებ imediaethics.org ავრცელებს.

როგორც CNN საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერდა, სკარამუჩი ტრამპის ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე შეხვდა მცირე მასშტაბის რუსული საინვესტიციო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს. როდესაც სკარამუჩის ამ შეხვედრის შესახებ ჰკითხეს, მან თქვა, რომ აქ საეჭვო არაფერი იყო და ეს იყო მხოლოდ გულთბილი, წამიერი მისალმება. მოგვიანებით, CNN-მა აღნიშნული სტატია წაშალა და ბოდიშიც მოიხადა.

“22 ივნისს CNN.com-ზე გამოქვეყნდა სტატია, სადაც ეწერა, რომ ენტონი სკარამუჩის რუსეთან კავშირზე მიმდინარეობდა გამოძიება. აღნიშნული სტატუა არ იყო მომზადებული CNN-ის სარედაქციო სტანდარტების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, სტატია ბმულებთან ერთად წაიშალა. CNN ბოდიშს უხდის ბატონ სკარამუჩის”, - დაწერა CNN-მა.
კატეგორია: ეთიკა
20 მაისს, ორთაჭალაში, შუახნის ქალის მკვლელობის ბრალდებით, სამართალდამცველებმა მოკლულის ქალიშვილი დააკავეს. მოკლულის ვინაობის შესახებ მედიაში განსხვავებული ვერსიები გამოქვეყნდა. Kvira.ge, intermedia.ge, newpost.ge, presa.ge გარდაცვლილს მარინე მინდორაშვილად მოიხსენიებდა და სტატიების ნაწილში აღნიშნული იყო, რომ გარდაცვლილი თსუ-ს პროფესორია. საქმის პროკურორის მიერ მედიისთვის მიცემული ინტერვიუდან კი ვიგებთ, რომ მოკლული არა მარინე მინდორაშვილი, არამედ ლამარა მინდორაშვილია,.

მედიაჩეკერს დაუკავშირდა თსუ-ს ასოცირებული პროფესორი მაია (მარინე) მინდორაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ მედიის მიერ გარდაცვლილის სახელის არასწორად გავრცელებამ ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო, რადგან მისი სახელი და გვარი ამ მკვლელობას დაუკავშირდა:

„ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, შეცდომაში შეყვანილია უამრავი ადამიანი. როგორც ჩემთვის ცნობილია, გარდაცვლილი ლამარა მინდორაშვილი აკადემიურ თანამდებობაზე ბოლოს, ტექნიკურ უნივერსიტეტში მუშაობდა. ჩემი ვარაუდით, ჟურნალისტმა, რომელმაც პირველმა გაიგო ამ ინციდენტის შესახებ, ყური მოკრა, რომ მოკლულის გვარი იყო მინდორაშვილი და ის ლექტორი იყო, შემდეგ დაგუგლა, და ინტერნეტმა მე ამომაგდო, რადგან აკადემიური საბჭოს წევრი ვარ, ინტერნეტში მრავლად არის ჩემზე ინფორმაცია. გარდა ჩემი სახელის, გვარის და აკადემიური თანამდებობისა, ჩემი CV-დან ამოღებული მონაცემებიც არის ინფორმაციაზე მიბმული. ამიერიდან, ინტერნეტში ეს მკვლელობა ჩემს სახელს დაუკავშირდება, რაც ცხადია, არასასიამოვნო მდგომარეობაში მაყენებს, “ - ამბობს მაია მინდორაშვილი მედიაჩეკერთან საუბრისას.

გარდა ამ ფაქტობრივი შეცდომისა, მედიაში თემის სენსაციურ კონტექსტში გაშუქებაც შეინიშნებოდა. სანამ გამოძიება დეტალებს დაადგენდა, მედიამ ბრალდებულის მკვლელად მოხსენიება მოასწრო და პირის დამნაშავედ ცნობამდე, მტკიცებით ფორმაში წერდა, რომ „ორთაჭალაში შვილმა დედა მოკლა“.

მოგვიანებით კი, იმ ფაქტმა, რომ მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი ბალერინა აღმოჩნდა, მედიის მიერ მისი პირადი ცხოვრების დეტალებით დაინტერესება და თემის სენსაციურ, სენტიმენტალურ ჭრილში გაშუქება გამოიწვია. რამდენიმე ონლაინ და ბეჭდური გამოცემა ბრალდებულის თანამშრომლებთან და მეზობლებთან არკვევდა, მის პიროვნულ თვისებებს, იმას, თუ რატომ არ ჰყავდა ბრალდებულს შვილები ყოფილ ქმართან. გავიგეთ არა მხოლოდ ყოფილის ქმრის ვინაობა, არამედ ყოფილი მამათილისა და მისი ძმის პროფესიული საქმიანობის დეტალებიც. მედია მეზობლებისგან ცდილობდა მკვლელობის მოტივის გარკვევას.

„რას ყვება დედის მკვლელობაში ბრალდებულის მეზობელი დედა-შვილის ურთიერთობაზე და ტრაგედიის ღამის შესახებ;“ „დედის მკვლელობით დასრულებული კონფლიქტი - რას ჰყვებიან ბალერინას კოლეგები;“ „ამიერიდან დიდ სცენას ციხის კარები შეცვლის" - რას წერს ლიკა ყაზბეგი ბალერინაზე, რომელიც დედის მკვლელობაშია ბრალდებული,“ - ეს ის ხმაურიანი და სენსაციური სათაურების ნაწილია, რომლებითაც მედიამ ამბავი გააშუქა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის კრიმინალის გაშუქების სახელმძღვანელო წესებში მოცემულია ის რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებაც მედიის მხრიდან მსგავსი შემთხვევების გაშუქებისას მიზანშეწონილია:

ამბის მეორეხარისხოვანი დეტალების გაშუქების ვნება ქმნის რეალურ საფრთხეს შეიქმნას ბრალდებულების და მათი ახლობლების „დევნის“ პრეცედენტი, რისი თავიდან აცილებაც შეიძლება მხოლოდ ძირითადი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, გადამოწმებული ფაქტების გაშუქებით, რაც ამცირებს სპეკულაციებისა და საზოგადოებაში მცდარი შეხედულებების შექმნის საშიშროება

მედიამ არ უნდა დაუშვას უსაფუძვლო პანიკის შექმნა საზოგადოებაში, ჭორების ან უსაფუძვლო ვარაუდების გავრცელება, რამაც შეიძლება გაუმართლებელი ზიანი მიაყენოს პირის რეპუტაციას ან კანონიერ ინტერესებს.

დანაშაულისა და ანტისოციალური ქმედების გაშუქებისას, მედიამ არ უნდა მოახდინოს სავარაუდო დამნაშავის, ბრალდებულის ან მსჯავრდებულის იდენტიფიცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მისი სახელი საზოგადოებისთვის ცნობილია ან საქმე საზოგადოებრივი ინტერესის მქონეა.

მსხვერპლებს აქვთ უფლება, არ იყვნენ იდენტიფიცირებული საჯაროდ. მსხვერპლის სახელის და გვარის ცოდნა როგორც წესი არაფრისმომცემია ხოლმე. სახელის, გვარისა და ფოტოების ჩვენება შესაძლებელია ოჯახის წევრების ან თავად მსხვერპლის ნებართვით.

მედიამ არ უნდა მოიხსენიოს პირი დამნაშავედ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელი არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას.

სასამართლო პროცესების გაშუქებისას, დაუშვებელია, მედიაგაშუქებაში იკვეთებოდეს წინასწარგანწყობა ბრალდებულის ბრალეულობის შესახებ.

მედიამ თავი უნდა შეიკავოს დაზარალებულის, ბრალდებულის და შემთხვევასთან დაკავშირებული სხვა პირთა ცხოვრებიდან ისეთი დეტალების გასაჯაროვებისგან, რომელიც საქმესთან კავშირში არ არის
კატეგორია: ეთიკა
6 მაისს გაზეთ “რეზონანსში” გამოქვეყნდა მასალა სათაურით: “თურქეთში რუსი ტურისტები პუტინის გინების გამო ქართველ ტურისტებს უჩივიან”. მასალის სათაური მკითხველს ამბავს ფაქტად სთავაზობს, თუმცა სტატიიდან ირკვევა, რომ მასალა გაზეთმა უკრაინელ ბლოგერზე დაყრდნობით მოამზადა, რომელიც, თავისმხრივ რუსეთის მოქალაქის მონაყოლს ეყრდნობოდა.

“მსგავსი ფაქტები ხდებოდა სხვა რუსი ტურისტული ჯგუფების მიმართაც. უკრაინიდან და საქართველოდან ჩასულმა ტურისტებმა გარდა იმისა, რომ უარი თქვეს მათთან ურთიერთობაზე, შეურაცხმყოფელ სიტყვებს არ იშურებდნენ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიმართ,” - წერს “რეზონანსი” უკრაინელ ბლოგერზე დაყრდნობით, რომელიც კიდევ სხვა ადამიანს ეყრდნობა.

“რეზონანსმა” ბლოგერის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომლის სიზუსტეც არ გადაუმოწმებია, სოციოლოგ რამაზ საყვარელიძეს შეაფასებინა. “რა მოვლენასთან გვაქვს საქმე” - ჟურნალისტმა საყვარელიძეს ამ კითხვით მიმართა, რომელმაც თავისმხრივ, აღნიშნა, რომ მომხდარის ანალიზი რთულია, რადგან სხვა ანალოგიური შემთხვევა არ ახსენდება.
კატეგორია: ეთიკა
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილებები გაზეთ „კვირის პალიტრის“ მასალებთან დაკავშირებით. სადავო მასალებზე საბჭომ მიიჩნია, რომ დარღვეული იყო ქარტიის პირველი, ინფორმაციის სიზუსტის, პრინციპი. ქარტიას განცხადებით მომართა სტუდენტურმა გაერთიანებამ „აუდიტორია 115-მა“.

პირველ სტატიაში სათაურით ,,აუდიტორია 115-ის” წევრები გამოცდების გადატანისთვის ყალბ ცნობებს ამზადებდნენ?!“, აღნიშნული იყო, რომ “აუდიტორია 115”-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ჩიხლაძემ, ამავე მოძრაობის წევრ თეიმურაზ ბეჟანიძეს დაამზადებინა ყალბი ცნობა, რომელიც თსუ-ში წარადგინა და დოკუმენტის საფუძველზე საგამოცდო თარიღი გადაავადებინა. ჟურნალისტი “სანდო წყაროს“ ეყრდნობოდა.

„წყაროს ცნობით, იმისათვის, რომ გიორგი ჩიხლაძე უკვე გადადებულ გამოცდაზე ისევ არ მისულიყო, მან კვლავ დაამზადებინა თეიმურაზ ბეჟანიძეს ყალბი სამსახურებრივი მივლინების ცნობა“ ,- აღნიშნულია სადავო სტატიაში.

საბჭოს გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ: „წყაროს ინფორმაციით თემურ ბეჟანიძეს წარედგინა მძიმე ბრალდება, კერძოდ დოკუმენტის გაყალბება, რაც შეიძლება დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს. არ არსებობდა სხვა არც ერთი გარემოება, რომელიც მეტ – ნაკლებად სავარაუდოს გახდიდა, რომ ბეჟანიძეს შეიძლება გაეყალბებინა ცნობები [ბეჟანიძე არ არის ცნობაზე ხელმომწერი პირი, არ ფიგურირებს თავად ცნობის ტექსტში, არ დგინდება თეიმურაზ ბეჟანიძის და იმ კომპანიების კავშირი რომელთა სახელითაც გაიცა ცნობები]. ჟურნალისტს ჰყავს მხოლოდ ერთი კონფიდენციალური წყარო. „ბრალდებულ“ თეიმურაზ ბეჟანიძის კომენტარი რუსუდან შელიას არ მიუღია. ჟურნალისტმა არ გამოიჩინა სათანადო ძალისხმევა, რათა მიეღო ბეჟანიძის პასუხი. ერთი უპასუხო ზარის განხორციელება, როცა ჟურნალისტი აპირებს გაავრცელოს დაუდასტურებელი, სავარაუდო დანაშაულის შემცველი ინფორმაცია პირზე, არ ჩაითვლება ჟურნალისტის მცდელობად გადაემოწმებინა ინფორმაცია. სიმართლეს არ შეესაბამება ჟურნალისტი მიერ მითითებული ფრაზა, რომ: „შეკითხვის დასმის შემდეგ სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა სტუდენტმა თეიმურაზ ბეჟანიძემაც“. რამდენჯერმე დაკავშირების მცდელობა არ დასტურდება. ჟურნალისტს არ გამოუყენებია სხვა საშუალებები [მაგ. სოციალური ქსელი], რომ თემურ ბეჟანიძისაგან მიეღო კომენტარი“.

ამ გარემოებების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ სიზუსტის პრინციპი დაირღვა, რადგან საქმე გვქონდა ლოგიკურად ნაკლებად სარწმუნო, ერთი კონფიდენციალური წყაროს მიერ მოწოდებულ და ამასთან, მძიმე ბრალდების შემცველ ინფორმაციასთან. გარდა ამისა, საბჭო აღნიშნავს, რომ ვერ მოხერხდა ამ ინფორმაციის გადამოწმება, მათ შორის ვერც ამ ბრალდებების ობიექტის კომენტარის მოპოვება, მხოლოდ იმის მითითება, რომ წყაროს მიერ არის ინფორმაცია მიწოდებული და ასეთი სახით მისი გავრცელება, წარმოადგენს პირველი პრინციპის დარღევევას.

სიზუსტის პრინციპის დარღვევა დადგინდა კიდევ ერთ სადავო მსალაში, რომელიც „კვირის პალიტრამ“ შემდეგი სათაურით გამოაქვეყნდა: „როგორი სქემით მოქმედებდა (მოქმედებს) “აუდიტორია 115″ “ბიბლუსის” წინააღმდეგ“. საბჭო მიიჩნევს, რომ სტატიაში მითითებული რიგი გარემოებები უნდა შეფასდეს, როგორც ჟურნალისტის მიერ დადასტურებული ფაქტის სახით გავრცელება, მაშინ როცა ეს ინფორმაცია სტატიაშივე სათანადოდ არ დასტურდება. საბჭოს აზრით, ჟურნალისტი მტკიცებით ფორმაში აღნიშნავს, რომ სქემა „მოქმედებდა“/„მოქმედებს“და არ უთითებს, რომ ეს მისი პირადი მოსაზრება ან ვარაუდია.
კატეგორია: ეთიკა
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება „რუსთავი2-ზე“, გადაცემა „კურიერი P.S.-ში“ გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით. მასალა თბილისში არსებული საზოგადოებრივი საპირფარეშოების კეთილმოწყობის პრობლემას ეხებოდა. ქარტიის საბჭომ მიიჩნია, რომ სიუჟეტში ფაქტების ნაწილი არაზუსტად გაშუქდა, ნაწილი კი მიიჩქმალა, ხოლო წამყვანის შესავალი ტექსტი დისკრიმინაციული იყო.

სიუჟეტის მიხედვით, დავით ნარმანიას მერობისას გახსნილი საპირფარეშოები არ ფუნქციონირებს, მერიამ საზოგადოებრივი საპირფარეშოები ისე ააშენა, რომ საკანალიზაციო სისტემა არ გაითვალისწინა. საბჭოს გადაწყვეტილების მიხედვით, სიუჟეტის ავტორი დაეყრდნო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნას, რომლიდანაც ნათლად იკვეთება, რომ საპირფარეშოების კეთილმოწყობაზე ხელშეკრულებები დაიდო არა თბილის მოქმედი, არამედ ყოფილი მთავრობის უფლებამოსილების ფარგლებში. შესაბამისად, საბჭოს გადაწყვეტილებით, წამყვანის შესავალი ტექსტი, სადაც საპირფარეშოების გახსნა დავით ნარმანიას მიეწერებოდა, არ შეესაბამებოდა სიმართლეს და დაირღვა ქარტიის პირველი, ინფორმაციის სიზუსტის პრინციპი. შესავალი ტექსტი კი ასეთი იყო: „დავით ნარმანიას შეუდარებელმა კოლექტივმა გადაწყვიტა, ადამიანობა გამოეჩინა და თბილისის ყველაზე დატვირთულ წერტილებში საზოგადოებრივი ტუალეტები დაამონტაჟა“.

გარდა ამისა, საბჭო აღნიშნავს, რომ სიუჟეტის ავტორი იცნობდა აუდიტის დასკვნას, შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო, რომ ხელშეკრულებები გაფორმდა ქ. თბილისის წინა მთავრობის მიერ. შესაბამისად, საბჭოს აზრით, სიუჟეტში მიიჩქმალა ეს ფაქტი და დადგინდა ქარტიის მესამე პრინციპის (ფაქტის მიჩქმალვა) დარღვევაც.

საბჭოს აზრით, გადაცემის წამყვანმა შესავალი ტექსტით ქარტიის მეშვიდე, დისკრიმინაციის პრინციპიც დაარღვია. „ალბათ დავით ნარმანიას დაავიწყდა, რომ ის დედაქალაქის მერად აირჩიეს და ისევ სადმე სოფელში ჰგონია თავი, სადაც ტუალეტებს დიდი ორმოების თავზე აშენებენ კანალიზაციის გარეშე“- ასეთი იყო წამყვანის ტექსტი. საბჭომ აღნიშნა, რომ გეოგრაფიულ წარმომავლობისა და უკანალიზაციო საპირფარეშოების პრობლემის ერთმანეთთან დაკავშირება დისკრიმინაციულია იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც სოფელში ცხოვრობენ. “წამყვანმა ისე გამოიყვანა თითქოს, კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში მცხოვრები პირებისთვის მისაღები და დამაკმაყოფილებელია ის, რაც არ შეეფერება ქვეყნის დედაქალაქს“- ვკითხულობთ გადაწყვეტილებში.

განმცხადებელი ასევე ფიქრობდა, რომ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ დაარღვია ქარტიის მეთერთმეტე პრინციპიც, რომელიც ფაქტის განზრახ დამახინჯებას გულისხმობს, თუმცა საბჭომ არ გაიზიარა განმცხადებლის პოზიცია და ამ მუხლის დარღვევა არ დაუდგენია: „აღსანიშნავია, რომ თავად გიორგი გაბუნია არ იყო სიუჟეტის ავტორი და ლოგიკურად დასაშვებია, არ სცოდნოდა, რომ საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იყო დავით ნარმანიას უფლებამოსილების ცნობამდე. საბჭო მიიჩნევს, რომ არასწორი ფაქტი გავრცელდა გიორგი გაბუნიას მიერ სიუჟეტის სუბიექტური შეფასების/ინტერპრეტაციის და ფაქტების გადაუმოწმებლობის საფუძველზე“ - აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.

კურიერ P.S- ს სიუჟეტი

კატეგორია: ეთიკა
„საქინფორმმა“ 13 აპრილს გამოაქვეყნა დეზინფორმაციული სიახლე, თითქოს „სამოქალაქო სექტორი ჰეტეროსექსუალური ქორწინების წინააღმდეგია“.

ავტორი ნიშნისმოგებით წერს, რომ სამოქალაქო საზოგადოება კონსტიტუციაში „ოჯახის შესახებ განმარტების“ წინააღმდეგია, თუმცა მხარს უჭერს „ჩანაწერს ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებაზე:“ „კონსტიტუციის ახალ რედაქციაში პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვა მიუღებელია ე. წ. სამოქალაქო სექტორისთვის, რომელიც, ასევე, არ იზიარებს მოსაზრებას, რომ კონსტიტუციას უნდა დაემატოს განმარტება ოჯახის შესახებ, თუმცა მიაჩნია, რომ აუცილებელია ჩანაწერი ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებაზე“.

სამოქალაქო სექტორისადმი ავტორის უარყოფითი დამოკიდებულება ჩანდა ფრაზაშიც: „სამოქალაქო სექტორს“ არავითარი კავშირი არა აქვს მოქალაქეებთან, ისინი სოროსის ფონდისა და მსგავსი ორგანიზაციების მიერ შექმნილი ენ–ჯე–ოების ხელმძღვანელები არიან“.

სინამდვილეში, არასამთავრობო ორგანიზაციები ეწინააღმდეგებიან არა ჰეტეროსექსუალთა ქორწინებას, არამედ კონსტიტუციაში ქორწინების შესახებ ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც, ქორწინება უნდა განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი ერთობა. არასამთავრობოების განცხადებით, „აღნიშნული ინიციატივა ეფუძნება არა ოჯახებზე ზრუნვას, არამედ მიზანმიმართულია ლგბტ პირების უფლებათა არაღიარებასა და ერთი და იმავე სქესის ადამიანების პარტნიორული ურთიერთობების დაცვის აკრძალვისკენ“.
კატეგორია: ეთიკა
26 მარტს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემა “კურიერი P.S”.-ში თბილისში მიმდინარე მშენებლობის შესახებ მასალა მომზადდა. სიუჟეტის მიხედვით, აბაშიძის ქუჩაზე, ერთ-ერთი სამსართულიანი სახლიდან რამდენიმე სანტიმეტრში, 11-სართულიანი კორპუსი შენდება, სამშენებლო კომპანიის იურისტი კი თბილისის მერის, დავით ნარმანიას ძმაა. მასალის მიხედვით, სწორედ ის ლობირებს ამ და კიდევ რამდენიმე უკანონო მშენებლობას .

“ყველა ამ თავნებობას, ერთი ადამიანის სახელი აერთიანებს - თბილისის მერის, დავით ნარმანიას ძმა, ირაკლი ნარმანია,” - ასე წარადგინა წამყვანმა სიუჟეტი. მოგვიანებით, რამდენიმე მედიასაშუალებაში გავრცელდა იურისტ ირაკლი ნარმანიას კომენტარი, რომელშიც ის ამბობდა, რომ მართლაც მისი სახელით გაკეთდა არქიტექტურის სამსახურში აბაშიძის ქუჩაზე მშენებლობის შესახებ განაცხადი, თუმცა, ის სხვა ირაკლი ნარმანიაა და თბილისის მერთან ნათესაური კავშირები არ აქვს. სიუჟეტის ავტორი, აკაკი გოგიჩაიშვილი მედიაჩეკერთან საუბარში ამბობს, რომ ინფორმაცია სიუჟეტში გადაუმოწმებლად მოხვდა.

აკაკი გოგიჩაიშვილი აბაშიძის ქუჩაძე არსებულ მშენებლობის ეპიზოდზე თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას დაეყრდნო. ელისაშვილის თქმით, ინფორმაცია, რომ მშენებლობის შესახებ განმცხადებლად ირაკლი ნარმანია იყო მითითებული, მოქალაქისგან მიიღო, შემდეგ კი მედიას მიაწოდა.

კითხვაზე, იყო თუ არა ალეკო ელისაშვილის მიერ მიწოდებული ინფორმაცია გადამოწმებული, სანამ ის სიუჟეტში მოხვდებოდა, აკაკი გოგიჩაიშვილი მედიაჩეკერს ასე პასუხობს:

“არა არ გადაგვიმოწმებია, რომ გადაგვემოწმებინა, ხომ არ მოგვივიდოდა ეს შეცდომა… ეს ჩემი შეცდომა იყო, არხი ამ შეცდომას გამოასწორებს”. მისი თქმით, მომავალ გადაცემაში მაყურებელს შეცდომის დაშვების მიზეზებს განუმარტავენ.

გარდა ამისა, თავად სიუჟეტში არ ისმოდა ბრალდების ობიექტების პოზიციები, თუმცა გოგიჩაიშვილი მიიჩნევს, რომ სიუჟეტში ბალანსი არ დარღვეულა, რადგან მათი მასალა იმ დოკუმენტებს ემყარებოდა, სადაც ორივე მხარის პოზიციები იყო წარმოდგენილი. მისი თქმით, სიუჟეტში წარმოადგინეს, სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი დოკუმენტები და სასამართლოს დასკვნებიც, რომელიც ორივე მხარის პოზიციას ეყრდნობოდა.

განახლება (28.03.2017, 23:40წთ) : 28 მარტს, გადაცემა "არჩევანში," წამყვანმა გიორგი გაბუნიამ "პოსტ სკრიპტუმში" გასული არასწორი ინფორმაციის გამო, ბოდიში მოიხადა.

კატეგორია: საერთაშორისო ამბები
22 მარტს ბრიტანული არხის, Channel 4-ის კორესპონდენტმა საიმონ ისრაელმა ვესტმინსტერზე თავდასხმის ღამეს შეცდომით გადმოსცა, რომ თავდამსხმელი აბუ იზადეენი იყო. მაშინ როცა, იზადეენი მოცემული მომენტისთვის საპატიმროში იმყოფება, ნამდვილი თავდამსხმელი კი, ტერაქტის ღამეს დაიღუპა. აბუ იზადეენი რადიკალური ისლამის წარმომადგენელია და ის ტერორზმთან კავშირის გამო დაკავებულია.

მოგვიანებით, იმავე საინფორმაციო გამოშვებაში საიმონ ისრაელმა, თავდასხმელის ვინაობის შესახებ, მისივე განცხადება უარყო და თქვა, რომ ეს შეცდომა იყო. მოგვინებით მან ტვიტერზეც განმარტა, რომ შეცდომა მისი წყაროს მიერ მოწოდებულმა არასწორმა ინფორმაციამ განაპირობა.

„მოვლენები სწრაფად ვითარდებოდა, მოგვივიდა ინფორმაცია, რომლის დადასტურებასაც ვცდილობდით. გადაცემის მსვლელობისას, ჩვენ მყისიერად ვიმოქმედეთ, შეფასწორეთ და განვმარტეთ ჩვენ მიერ არასწორად გაჟღერებული ინფორმაცია. როგორც გადაცემის რედაქტორი, მე ვიღებ პასუხისმგებლობას და ბოდიშს ვიხდი იმ შეცდომისთვის, რომელიც ჩვენს სტანდარტებთან შეუსაბამოა“ - ამბობს Channel 4-ის ახალი ამბების რედაქტორი ბენ დე პეარი ImediaEthics-სთან საუბარში.

წყარო: Imediaethics
კატეგორია: ეთიკა
საქინფორმის რედაქტორმა, არნო ხიდირბეგაშვილმა სარედაქციო წერილი გამოაქვეყნა სათაურით “ევროპისკენ გზამ “ტაძრის” მაგივრად ტრაკისკენ მიგვიყვანა!” ამ სარედაქციო წერილში ხიდირბეგაშვილი წერს: “ბევრჯერ გამიფრთხილებია თანამემამულეები, რომ ევროკავშირთან ასოცირებას, უფლებების - მაგალითად, შენგენის ზონაში ყოველ 6 თვეში 90 დღის განმავლობაში უვიზოდ ყოფნის - გარდა, „მედლის მეორე მხარეც“ აქვს. ეს გულისხმობს კაბალურ მოვალეობებს, მაგალითად, უსიტყვო მორჩილებას სტრასბურგის, ანუ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებებისადმი, რომლებიც არაასოცირებული ქვეყნებისათვის მხოლოდ და მხოლოდ რეკომენდაციებს წარმოადგენს”.

განცხადება, რომ ამ გადაწყვეტილებას არაასოცირებული ქვეყნებისთვის (ანუ საქართველოსთვის) სარეკომენდაციო ხასიათი აქვს, სიცრუეა. როცა საქართველო ევროპის საბჭოში გაწევრიანდა, მან 1999 წელს ხელი მოაწერა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას, რაც სხვადასხვა ვალდებულებასთან ერთად, გულისხმობს ევროსასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების პატივისცემას და დამორჩილებას. შესაბამისად, ასევე სიცრუე და მანიპულაციაა პარალელის გავლება საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლასა და ევროსასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას შორის. ეს ორი მოვლენა ერთმანეთს არ უკავშირდება.
კატეგორია: ეთიკა
რამდენიმე ქართულმა მედიასაშუალებამ მცდარი ინფორმაცია გაავრცელა იმის შესახებ, რომ ზოდიაქოს ნიშნები შეიცვალა. ეს “სიახლე” ქართულ სოციალურ ქსელ “ფეისბუკის” მომხმარებლებში საკმაოდ პოპულარული აღმოჩნდა.

მედიასაშუალებებმა info9.ge-მ, pia.ge-მ წყაროდ ვებგვერდი awarenessact.com გამოიყენეს, სადაც აღნიშნულია, რომ NASA-მ ზოდიაქოს ნიშნები პირველად განაახლა 2000 წლის შემდეგ. ასევე სტატიაში აღნიშნულია, რომ ვარსკვლავების განლაგება შეიცვალა, რამაც ზოდიაქოს ნიშნების ცვლილება გამოიწვია.

იგივე ინფორმაცია ოღონდ BBC-ზე დაყრნობით ჟურნალმა რეიტინგმაც გამოაქვეყნა 2015 წლის 26 აგვისტოს.

მსგავსი ინფორმაცია ზოდიაქოს ნიშნების შეცვლის შესახებ 2011 წელსაც გავრცელდა, თუმცა მაშინვე აღინიშნა, რომ ეს არ იყო სიმართლე.

BBC-ის 2011 წლის 17 იანვრის მასალაში ვკითხულობთ, რომ ვარსკვლავები არ მოძრაობენ, თუმცა მათი განლაგება იცვლება დედამიწის მოძრაობის ფონზე. ამ პროცესს, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდება, 26 ათას წლიან გრძელ პერიოდს, პრეცესიას (precession) უწოდებენ. პრეცესია გავლენას ახდენს მხოლოდ “ვარსკვლავურ” ასტროლოგიაზე, სისტემაზე, რომელიც უმეტესად გამოიყენება ინდოეთში და იმ ადამიანების მიერ, ვინც “ვედური” ასტროლოგიითაა დაინტერესებული. ამ სისტემებში ნიშნები იცვლება.

“ადამიანი შესაძლოა მერწყულია ტროპიკული სისტემით, მაგრამ თხის რქა ვედური სისტემით”, - ამბობს ასტროლოგი რასსელ გრანტი”.

“ტროპიკული ზოდიაქოს” სისტემას ე.წ. დასავლელი ასტროლოგები იყენებენ და ეს სისტემა მკაცრად დადგენილია მზის, მთვარისა და პლანეტების მოძრაობის მიხედვით.

“ტროპიკული ზოდიაქოს სისტემა დადგენილია და არ იცვლება. ის უძრავია მიუხედავად დედამიწის მოძრაობისა”, - აღნიშნულია BBC-ის საიტზე.

“ტროპიკული ზოდიაქოს” სისტემა ყველაზე მეტად გავრცელებულია, ასე რომ მერწყულები კვლავ მერწყულები არიან და თხის რქებიც თხის რქები.
კატეგორია: ეთიკა
10 აგვისტოს Primetimenews.ge-მ დაუზუსტებელი ინფორმაცია გაავრცელა, იმის შესახებ, რომ გორში მღვდლის ფორმაში გადაცმული ადამიანები დადიან, ბავშვებს იტაცებენ და მათი ორგანოებით ვაჭრობენ. ამასთან, სიახლე და განსაკუთრებით მისი სათაური- “უკვე დაკარგულია 7 ბავშვი და ნაპოვნია 4 ცარიელი ხერხემალი” – მოსახლეობა პანიკაშია”, მკითხველში პანიკის დანერგვას უწყობს ხელს.

მასალა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციებს ეყრდნობა. სიახლის ავტორი კონკრეტულ წყაროებს არ ასახელებს, თუმცა წყაროების აღწერისას იყენებს ისეთ ფრაზებს, როგორიცაა “ინფორმაციის გამავრცელებლები წერენ”, “ერთ-ერთი ინფორმაციით”, “ერთ-ერთმა შეშინებულმა მომხმარებელმა PrimeTimeNews-საც მისწერა”.

მასალაში არ ჩანს, ადასტურებენ თუ არა ოფიციალური უწყებები ამ ცნობებს და რამდენად სახიფათოა სიტუაცია. მდგომარეობას ამძფრებს ფოტოც, წარწერით “help me” (დამეხმარეთ).

არასწორი ინფორმაციის გავრცელებიდან დაახლოებით 3.5 საათში Primetimenews.ge-მ გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება, სადაც გავრცელებული ინფორმაცია ბავშვების დაკარგვის შესახებ უარყოფილია.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს შიდა ქართლის რეგიონში გარკვეულ პირთა ჯგუფის მიერ მცირეწლოვანი ბავშვების მასობრივად დაკარგვისა და გატაცების ფაქტები არსებობს. შსს-ში ამ დრომდე მსგავსი შინაარსის არც ერთი შეტყობინება არ შესულა მოზარდების გატაცების შესახებ. სამართალდამცველების მიერ გადამოწმდა და არ დადასტურდა სხვადასხვა მედიასაშუალებით და სოციალური ქსელით გავრცელებული უკლებლივ ყველა ინფორმაცია”, - ვკითხულობთ სიახლეში.

თუმცა აღნიშნული განცხადება გამოქვეყნდა, როგორც ცალკე მასალა და არასწორი ინფორმაციის შემცველი მასალა არ შესწორებულა.

ასეთი ინფორმაციის გავრცელება გადაუმოწმებლად, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც საქართველოს სხვადასხვა სოფლებში ე.წ. „მოჩვენების“ გამოჩენაზე საუბრობენ და მას პოლიცია დღემდე ეძებს, განსაკუთრებით სახიფათოა და ჟურნალისტების მხრიდან უფრო მეტ სიფრთხილეს საჭიროებს. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპების მიხედვით, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. ამასთან ჟურნალისტმა ინფორმაცია უნდა გადასცეს მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია.
კატეგორია: ეთიკა
7 აგვისტოს, საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში - “მოამბე” გავიდა სიუჟეტი - “რატევანის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს”.

წამყვანი აცხადებს, რომ ბოლნისის რაიონის სოფელ რატევანში, ღამით „დაუდგენელი არსება დადის და უცნაურ ხმებს გამოსცემს“. სიუჟეტში ჩაწერილია სასულიერო პირი, რომელიც რატევანში მცხოვრებ მოსახლეობას ეშმაკისგან დაცვის რეკომენდაციას აძლევს.

სიუჟეტში გამოყენებულია “უცნაური არსების” ხმის აუდიოჩანაწერი, რომელიც, სიუჟეტის ავტორის თქმით, ერთ-ერთმა ადგილობრივმა საკუთარი მობილური ტელეფონით ჩაიწერა. ჟურნალისტი განმარტავს, რომ მოსახლეობის აზრით, ღამით მათ სოფელში კუმისიდან და კოდადან წამოსული უჩინარი არსება დადის და ხმაც სწორედ მას ეკუთვნის. “ნამდვილად ეშმაკი! არ გეჩვენება, სახე არ დამინახავს, ხმა არ ამოუღია, ჩემმა დაკივლებამ ის უკვე დააბრუნა და წავიდა. გაქრა,” - ამბობს ერთ-ერთი რესპონდენტი.



მეორე რესპონდენტი კი აცხადებს, რომ შავ ტანსაცმელში გამოწყობილი მაღალი ქმნილება, რომელსაც მანათობელი თვალები აქვს და უცნაურ ხმებს გამოსცემს, რამდენიმე დღის წინ საკუთარ ეზოში ნახა. გოგონა ამბობს, რომ უცნობი მის ეზოში გაუნძრევლად იდგა. მას შემდეგ, რაც მან შიშისგან დაიყვირა, უცნობი უკვალოდ გაქრა.

მოსახლეობის დასამშვიდებლად, სოფელში სიონის დედათა მონასტრის წინამძღვარი ჩავიდა, ლიტანიობა მოაწყო და ეშმაკისგან თავდაცვის მიზნით მოსახლეობას სპეციალური რეკომენდაციაც მისცა: “შიდა პერიმეტრზე საკმეველი შემოატარონ, ნაკურთხი წყალი ასხურონ სახლს 90-ე ფსალმუნის თქმით, რამდენჯერაც ეს დასჭირდება. შესძახონ მრისხანებით ბოლოს, იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, განვედ ჩვენგან, ამინ და ჯვარი გარდაისახონ”.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსით ( მუხლი 14), მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს აუდიტორია სანდო და ზუსტი ინფორმაციით და არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება. 55-ე მუხლის თანახმად კი, „ეგზორციზმის, ოკულტიზმის, პარანორმალური მოვლენების ან ჰიპნოზის ამსახველი მასალის ჩვენება უნდა მოხდეს ჯეროვანი ობიექტურობით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პროგრამა აშკარად გასართობი ხასიათისაა“.
კატეგორია: ეთიკა
სააგენტო პირველმა ევროკავშირის გაუქმების შესახებ მცდარი ინფორმაცია გაავრცელა2016-06-28 საინფორმაციო სააგენტო პირველმა 2016 წლის 27 ივნისს არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. სააგენტოს ცნობით, გერმანია და საფრანგეთი ევროკავშირის გაუქმების ინიციატივით გამოვიდნენ. აღნიშული ინფორმაციის წყაროდ სააგენტომ “უცხოური მედია” მიუთითა. კერძოდ - პოლონური ტელეკომპანია TVP Info. ამ კონკრეტული საინფორმაციო საშუალების გარდა იგივე ინფორმაცია გაავრცელა რამდენიმე სხვა საინფორმაციო ვებგვერდმა, მათ შორის, რუსულმა მედიასაშუალებებმა Russia Today-მ და Pravdareport-მა. მათ განაცხადეს, რომ ფრანგული და გერმანული მხარის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში საუბარია ახალი “სუპერსახელმწიფოს” შექმნაზე, თუმცა მითითებულ დოკუმენტში ევროკავშირის დაშლაზე არაფერია აღნიშნული.

იგივე შინაარსის სიახლე "მარშალპრესმაც" გაავრცელა და წყაროდ "პირველი" მიუთითა.

უნდა აღინიშნოს, რომ „პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია არცერთ სანდო დასავლურ მედიასაშუალებას არ გაუვრცელებია. ამასთანავე გერმანიისა და საფრანგეთის წარმომადგენლები, მათ შორის, ქვეყნის პირველი პირები, ბრიტანეთის რეფერენდუმის შემდეგ გამუდმებით საუბრობენ იმაზე, რომ ევროკავშირი ბრიტანეთის გარეშე გააგრძელებს ფუნქციონირებას.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
დღეს საერთაშორისო მედიის ნაწილმა უკრაინელი პილოტის გახმაურებული სასამართლოდან მცდარი ინფორმაცია გაავრცელა.

„ბიბისის“ ცნობით, როდესაც რუსი მოსამართლე სასამართლო სხდომაზე პროკურორის საბრალდებო დასკვნას კითხულობდა, პროცესზე მყოფ ჟურნალისტებს ეგონათ, რომ მოსამართლემ ნადია სავჩენკოს გამამტყუნებელი ვერდიქტი წაიკითხა. სწორედ ამის შედეგად გაავრცელა მედიამ არასწორი ინფორმაცია.

უკრაინელი პილოტი ნადია სავჩენკო, რომელიც უკრაინელი სეპარატისტების წინააღმდეგ იბრძოდა, რუსმა სამართალდამცავებმა 2014 წელს დააკავეს. 34 წლის პილოტი უკვე იქცა უკრაინის ეროვნულ გმირად - მას კრემლის წინააღმდეგ დაუმორჩილებელი ბრძოლის სიმბოლოდ მიიჩნევენ.

დეზინფორმაცია სავჩენკოს სასამართლოდან ერთ-ერთმა პირველმა „ტელეგრაფის“ ჟურნალისტმა გაავრცელა. ბრიტანული გამოცემის მოსკოველმა რეპორტიორმა, როლანდ ოლიფანტმა, შემდეგი შინაარსის ტექსტი „დატვიტა“:

„რუსმა მოსამართლემ ნადია სავჩენკო დამნაშავედ ცნო რუსი ტელეჟურნალისტების, ანტონ ვოლოშინისა და იგორ კორნელიუკის, მკვლელობაში“.

დამაბნეველი სათაურით დაწერა ახალი ამბავი „ინდეფენდენთმაც“: „ნადია სავჩენკოს საქმის განხილვა - რუსულ სასამართლოს უკრაინელი პილოტის საქმეზე განაჩენი გამოაქვს“.

არასწორი ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ტექსტი ჩაასწორა „ბიბისიმაც”, თუმცა სტატიის სათაური, ფეისბუკზე კვლავ პირველადი სახით ზიარდებიდა: რუსულმა სასამართლომ უკრაინელი პილოტი დამნაშავედ ცნო“.


არასწორი ინფორმაცია სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ გავრცელდა ქართულ მედიაშიც .

რუსული სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ნადეჟდა სავჩენკოს საქმეზე ხვალ, 22 მარტს, გახდება ცნობილი.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
ექვსი თვის განმავლობაში გაზეთის წინა გვერდზე ორი სერიოზული უზუსტობის შემდეგ, „ნიუ-იორკ ტაიმზი“ ანონიმურ წყაროებს უფრო იშვიათად დაეყრდნობა.

„ტაიმზის“ სახელმძღვანელო პრინციპების მიხედვით, ანონიმური წყაროს მოწოდებული მასალა უნდა იყოს „ინფორმაცია“ და არა უბრალოდ სპინი ან სპეკულაცია. ინფორმაცია „ახალ ამბად უნდა ღირდეს“ და სანდო უნდა იყოს. ამას გარდა, შესაძლებელი უნდა იყოს ანონიმურად მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება, ან რედაქცია დარწმუნებული უნდა იყოს, რომ წყარო ნამდვილად პირველადია.

პოლიტიკის გამკაცრების მიზანი მკითხველთა ნდობის შენარჩუნებაა, რაც გამოცემის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია, - წერს გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმზის“ რედაქტორი მარგარეტ სალივანი. სალივანს „ტაიმზში“ ჟურნალისტური ეთიკის ნორმების დანერგვის ზედამხედველობა ავალია.

მეტ პარდი, „ნიუ-იორკ ტაიმზის“ ერთ-ერთი რედაქტორი ამბობს, რომ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით დაწერილი ამბები არის „პოტენციური ჟურნალისტური ბომბები“. ეს „ბომბები“ ნებისმიერ წამს შეიძლება „აფეთქდეს“ და გამოცემის სანდოობა ეჭქვეშ დააყენოსო, თქვა მეტ პარდიმ. მისი თქმით, სწორედ ამიტომ სჭირდება ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით დაწერილ სტატიებს განსაკუთრებული შემოწმება, თუნდაც მასალის გამოქვეყნება დროში გაიწელოს.

ახალი პოლიტიკის მიხედვით, ყოველმა სტატიამ, რომელიც ანონიმურ წყაროს დაეყრდნობა, „ტაიმზის“ სამი მთავარი რედაქტორიდან ერთ-ერთთან უნდა გაიაროს რედაქტირება.

„ტაიმზს“ ასევე სურს, სტატიებში ანონიმური ციტატების გამოყენებისაგანაც შეიკავოს თავი, როცა ეს შესაძლებელი იქნება.
კატეგორია: ბლოგი
ბოლო დროს მედიაში აქტიურად შუქდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, ლევან მურუსიძის კვლავ მოსამართლედ დანიშვნის საკითხი. მურუსიძეს სამოსამართლეო უფლებამოსილების ვადა ეწურება 2016 წელს. 2015 წლის 18 დეკემბერს ტელეიმედის გადაცემა „პოლიტიკის“ სტუმრები იყვნენ ლევან მურუსიძე და საქართველოს პარლამენტის წევრი, შალვა შავგულიძე. ეს უკანასკნელი სანდრო გირგვლიანის და სულხან მოლაშვილის გახმაურებულ საქმეებზე დაზარალებული მხარის ადვოკატი იყო. გადაცემაში ოპონენტები განიხილავდნენ სანდრო გირგვლიანის და სულხან მოლაშვილის საქმეებზე მოსამართლე ლევან მურუსიძის მიერ მიღებულიგადაწყვეტილებების კანონიერების საკითხს.

გადაცემის დაწყებისთანავე, სტუმრების წარდგენისას, ჟურნალისტმა საზოგადოებას ამცნო, რომ გადაცემის სტუმრები ასევე იქნებოდნენ ლევან მურუსიძის ოპონენტები, მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი, დიმიტრი გვრიტიშვილი და გიორგი ტყავაძე. მოგვიანებით, უშუალოდ მოსამართლეების ჩართვის წინ, გადაცემის წამყვანებმა განაცხადეს, რომ ამ მოსამართლეებს აქვთ პრეტენზიები და გამოთქვეს სურვილი კითხვები დაუსვან ლევან მურუსიძეს.

ცნობილი ფაქტია, რომ მოსამართლეები, რომლებიც გადაცემის განმავლობაში კითხვებს უსვამდნენ ლევან მურუსიძეს, არიან არა მისი ოპონენტები, არამედ მისი აქტიური მხარდამჭერები. მათ მედიაში არაერთხელ გააკეთეს ლევან მურუსიძის მხარდამჭერი კომენტარები და აქტიურად გამოდიან მის დასაცავად. ეს უნდა სცოდნოდათ გადაცემის ჟურნალისტებს და მის მომზადებაზე პასუხისმგებელ პირებს. მიუხედავად ამ მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებისა, მოსამართლეები, მერაბ გაბინაშვილი, დიმიტრი გვრიტიშვილი და გიორგი ტყავაძე გადაცემის წამყვანებმა წარმოაჩინეს როგორც ლევან მურუსიძის ოპონენტები და მის მიმართ პრეტენზიის მქონე პირები. თავად მოსამართლეებმაც სწორედ ამ სტატუსით დასვეს კითხვები. შესაბამისად, ცხადია, რომ ამგვარი „ოპონენტების“ მიერ დასმული კითხვები ვერ მოემსახურა საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდების მიზანს. მათთვის, ვინც აქტიურად ადევნებს თვალს ლევან მურუსიძის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს, ადვილად შესამჩნევი იქნებოდა მანიპულაცია. ხოლო ისინი, ვისთვისაც ტელეკომპანია იმედის საშუალებით გახდა საკითხი ცნობილი, ამ გადაცემით შეცდომაში იქნენ შეყვანილი.

შემდგომ, გადაცემის მსვლელობამაც დაადასტურა რომ კითხვები, რომელთა დასმის მიზნითაც მოხდა მოსამართლეების გადაცემაში ჩართვა, შესაძლოა მიზნად არ ისახავდა საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხების სწორად წარმოჩენას. აღნიშნულზე ყურადღება ლევან მურუსიძის ოპონენტმა, შალვა შავგულიძემ გაამახვილა, გამოთქვა ეჭვი, რომ გადაცემა ლევან მურუსიძის პიარს ისახავდა მიზნად და მოსამართლეების მიერ გაჟღერებულ საკითხებზე კომენტირებისთვის დროის გამოყოფა მოითხოვა.

ჩემი აზრით, გადაცემაში დაირღვა მაუწყებლის ვალდებულება საზოგადოებას მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია, რაც დადგენილია როგორც ჟურნალისტური ეთიკის პრინციპებით, ისე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“, რომელიც მაუწყებელთათვის შესასრულებლად სავალდებულო დოკუმენტია. აღნიშნული წესის 13.2. პუნქტი ადგენს, რომ „მაუწყებელი ვალდებულია მიაწოდოს აუდიტორიას სანდო და ზუსტი ინფორმაცია, არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება“.
კატეგორია: ეთიკა
ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა“ 30 აპრილს 18:00 საათზე გასულ საინფორმაციო გამოშვება „კურიერში“ გაავრცელა ინფორმაცია ცენტრალურ აფრიკაში სამხედროების მხრიდან ბავშვებზე ძალადობის შესახებ.

წამყვანის თქმით, „ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიების სამხედროების მხრიდან ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში ქართველი სამხედროებიც მონაწილებდნენ. სკანდალური ინფორმაცია დღეს ფრანგულმა გამოცემებმა გაავრცელეს. საუბრია 2013 წლის დეკემბრიდან 2014 წლის ივნისამდე პერიოდზე“.

ამავე გამოშვებაში ჟურნალისტის ჩართვისას აღინიშნა, რომ თავდაცვის სამინისტროში „თავს იკავებენ კომენტარი გააკეთონ ამ ფაქტზე, რაზეც ღიად საუბრობს საერთაშორისო მედია“.

ეთერში გაუშვეს უშიშროების საბჭოს მდივნის კომენტარი, სადაც მან აღნიშნა, რომ ამ საკთხზე ქართული მხარისთვის ოფიციალურად არავის მოუმართავს.



გამოშვების დასრულების შემდეგ „რუსთავი 2-ის“ ვებგვერდზე ამავე თემაზე გამოქვეყნდა მასალა სათაურით „სკანდალი-აფრიკელ ბავშვებზე ქართველი და ფრანგი სამხედროები სექსუალურად ძალადობდნენ“. მაუწყებლის მიერ არ აღნიშნულა, რომ ძალადობის შესახებ ინფორმაცია უცხოური მედიის ნაწილმა გაავრცელა არა როგორც ფაქტი, არამედ როგორც ერთ-ერთი რესპონდენტის ნათქვამი.

თავდაცვის სამინისტროს საიტზე კი იძებნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ქართველი სამხედროები 2014 წლის ივნისში გაემგზავრნენ და ეს არ ემთხვევა იმ პერიოდს, რაზეც საუბარია წამყვანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ქართველი სამხედროების მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას სხვა წყაროები არ ადასტურებენ. უკვე 9 საათზე გასულ „კურიერშიც“ აღინიშნა, რომ რადიოსადგურ France info-ს მიერ მომზადებული რეპორტაჟი ერთადერთია, სადაც საქმეში ქართველი სამხედროების მონაწილეობაზეა საუბარი. ამავე გამოშვებაში ინფორმაცია უარყო საფრანგეთის სამხედრო ატაშემ საქართველოში ანდრე ევრარმა. მისი თქმით, "არ არის არანაირი მტკიცებულება, რომ ამ პროცესში ქართველები იყვნენ ჩართულნი."

„მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა უზრუნველყოს ინფორმაციის წყაროს და ფაქტების სიზუსტე.მიაწოდოს აუდიტორიას სანდო და ზუსტი ინფორმაცია, არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება.