ქარტიის საბჭოს შეფასებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შსს-ს რეპუტაცია გააკეთილშობილა
09.01.2018
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ 27 დეკემბერს იმსჯელა მწერალთა ჯგუფის მიერ, ზვიად რატიანის საქმის გაშუქებასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ შეტანილ საქმეზე და ეთიკის ქარტიის ორი პრინციპის - სიზუსტის და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევა დაადგინა. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი დღეს გამოქვეყნდა.

სადავო მასალა ეხებოდა პოეტ ზვიად რატიანის დაკავებას. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 27 დეკემბერს ვებსაიტზე გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული ვიდეო კადრები, სადაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ზვიად რატიანი იყო ასახული. სადავო გახდა არა მხოლოდ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ვიდეომასალა, არამედ ამ თემაზე იმავე დღეს, საინფორმაციო გამოშვებაში გასული სიუჟეტიც.

სიზუსტის პრინციპის დარღვევა

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ „მაომბეში“ ამ თემის ამგვარად გაშუქებით, მაუწყებელმა არ სცა პატივი საზოგადოების უფლებას, მიეღო სრული და ამომწურავი ინფორმაცია: “მაყურებელს არ მიეწოდა ყველა იმ გარემოების შესახებ ინფორმაცია, რომელიც შეცვლიდა ან/და სრულყოფდა მის აღქმას და წარმოდგენას ზვიად რატიანის დაკავებასთან დაკავშირებით, რითიც დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი“ - ვკითხულობთ საბჭოს გადაწყვეტილებაში.

საბჭო გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი, ამ თემის გაშუქებისას, მიჰყვა შინაგან საქმეთა სამინისტროს დღის წესრიგს: „ამბის ამ კონტექსტით გაშუქება სრულად შეესაბამებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციას და საერთოდ უგულებელყოფდა მედიის, როგორც მეთვალყურის [watchdog] როლს, რომელსაც სრულად და ამომწურავად უნდა მიეწოდებინა მაყურებლისათვის ის ინფორმაცია, რომლის გამოც ზვიად რატიანის დაკავება რეზონანსულ საქმედ იქცა“.

საბჭომ მიიჩნია, რომ ამ მასალით, მაყურებელმა ვერ მიიღო ამბის მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ ინფორმაცია. კერძოდ, საბჭო აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აუდიტორიას არ უთხრა, რომ:

1. ზვიად რატიანის თქმით, მას რამდენიმე საათის განმავლობაში აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.

2. საბჭოს მოკვლეული მასალებით დგინდება, რომ შსს-ს განცხადებით რატიანი შეაჩერეს საპოლიციო კონტროლის ფარგლებში, პოლიციის შესახებ კანონით (24-ე მუხლის მე-5 პუნქტი) და შს მინისტრის 2017 წლის 21 დეკემბრის # MIA 3 17 00000604ბრძანებით, საპოლიციო კონტროლში მონაწილე პოლიციელი ვალდებული იყო ჩართული ვიდეო კამერით განეხორციელებინა ყველა ქმედება. აქედან გამომდინარე კანონის დაცვით თუ მოქმედებდა პოლიცია, უნდა არსებობდეს რატიანის შეჩერება-დაკავების სრული ვიდეო ჩანაწერი, რომლის გასაჯაროებასაც რატიანის მხარე თავიდანვე ითხოვდა. თუმცა, შსს-ს არც სასამართლოზე და არც საჯაროდ ასეთი ჩანაწერი არ წარმოუდგენია. მიუხედავად იმისა, რომ ეს საინტერესო, მნიშვნელოვანი დეტალი პროცესზეც ითქვა და „მოამბის“ მასალაშიც ახსენა რატიანის ადვოკატმა, მაუწყებლის ჟურნალისტს ამ ფაქტის გადამოწმება და შედეგების მაყურებლამდე მიტანა არ უცდია. ამისთვის ყველაზე მარტივი გზა იყო ნებისმიერი კვალიფიციური იურისტისთვის დაესვათ ერთი შეკითხვა, კანონით ვალდებული იყო თუ არა პოლიცია საპოლიციო კონტროლისას რატიანის დაკავების სრული ვიდეო ჩაწერა ეწარმოებინა და მისი კომენტარი მიეწოდებინა მაყურებლისთვის. უფრო მეტი სიზუსტისთვის შსს-სთვის დაესვათ შეკითხვა (ჰქონოდათ მცდელობა მაინც), კანონით აუცილებელი დაკავების სრული ვიდეო ჩანაწერი გააჩნდა თუ არა სამინისტროს. ამ კითხვებზე პასუხით საზოგადოება მიიღებდა გაცილებით ზუსტ ინფორმაციას.

3. სასამართლო პროცესზე რატიანის ადვოკატის მიერ წარდგენილო იყო სამედიცინო დაწესებულებების მიერ გაცემული დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდებოდა ზვიად რატიანის სხეულზე დაზიანებების არსებობა, რაც სავარაუდოდ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან ყოფნისას მიიღო რატიანმა. ამის შესახებ სიუჟეტში არ თქმულა.

4. სიზუსტის უზრუნველყოფისთვის აუცილებელი იყო "მოამბის" ჟურნალისტს საზოგადოებისთვის ეცნობებინა, რომ სასამართლოზე გამოქვეყნებული ინფორმაციით რატიანი პოლიციელების კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა რამდენიმე საათის (დაახლოებით 3 საათის) განმავლობაში. სასამართლოზე შსს-ს მიერ წარდგენილი ვიდეო მასალა რამდენიმე წუთს გრძელდებოდა, იყო ფრაგმენტული, დამონტაჟებული და არ ასახავდა პოლიციელების განკარგულებაში ყოფნის სრულ დროს და სურათს. ამ დამატებითი ფაქტების მაყურებელისთვის მიწოდებით შესაძლებელი იქნებოდა სრული კონტექსტით ჩვენება, რომ ჩანაწერი იყო ერთი დაინტერესებული მხარის მიერ გადაღებულ-დამონტაჟებული და არ ასახავდა სრულ სურათს. გავრცელებული ვიდეომასალიდან, რომელიც მხოლოდ მოქალაქე რატიანის აგრესიულ ქმედებებს და პოლიციელთა "სანიმუშო" ქცევებს ასახავდა, რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ აგრესიული მოქალაქე პოლიციელებს შეურაცხყოფას უმიზეზოდ აყენებს, თუმცა რატიანის საუბრის ფრაგმენტები მიანიშნებს, რომ მისი აგრესია პოლიციელების ქმედებებმა გამოიწვია, ეს სავარაუდო ქმედებები კი შსს-ს მიერ სასამართლოში წარდგენილ ვიდეომასალაში არ ჩანს.

5.მიუხედავად ზემოაღნიშნული საეჭვო გარემოებებისა, ჟურნალისტი პროცესის რამდენიმე მონაწილის და ზვიად რატიანის ადვოკატის მოკლე კომენტარით შემოიფარგლა. ჟურნალისტი ადვოკატზე დაყრდნობით ამბობს, რომ ჩანაწერი არ იყო უწყვეტი და არ უნდა დართოდა საქმეს მტკიცებულებად. ეს კი არ არის საკმარისი. ჟურნალისტი, რომელიც სასამართლოს დარბაზიდან რეპორტაჟს გვთავაზობს, თავად უნდა აღწერდეს, მაქსიმალურად ზუსტად და მიუკერძოებლად ფაქტებს. კერძოდ, თუ ჟურნალისტმა პროცესზე მოისმინა, დარწმუნდა, რომ პოლიციაში რამდენიმე საათის განმავლობაში ყოფნის მხოლოდ რამდენიმე წუთის მასალა წარადგინა შსს-მ, უნდა ეთქვა მაყურებლისთვის. ასევე, ჟურნალისტს კრიტიკული კითხვები უნდა დაესვა სამინისტროს წარმომადგენლისთვის, რომელიც სასამართლო პროცესს ესწრებოდა. თუ შსს-ს წარმომადგენელმა კომენტარზე უარი თქვა, ესეც უნდა ეცნობებინა მაყურებლისთვის.

6.კითხვები, რომლებიც მასალაში არ დასვა ჟურნალისტმა: 1. რატომ არ იყო ვიდეო სამხრე კამერით გადაღებული? 2. რამდენად კანონიერია პოლიციის მხრიდან ტელეფონით ასეთი ფაქტის ფრაგმენტულად გადაღება? 3. არსებობდა თუ არა რატიანსა და პოლიციას შორის მომხდარი ინციდენტის სრული ჩანაწერი? 4. იყო თუ არა სასამართლოში წარმოდგენილი ვიდეომასალა დამონტაჟებული, ფრაგმენტული? 5. მართლაც ჰქონდა თუ არა დაზიანებები რატიანს, როგორც ეს სასამართლოზე დაცვის მხარემ განაცხადა და ჩაუტარდა თუ არა მას სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა? 6. არსებობდა თუ არა იმის რაიმე მტკიცებულება, რომ ინციდენტი რატიანმა დაიწყო და არა პოლიციელებმა და ა.შ. ამ და სხვა კითხვების დასმის შემთხვევაში, ჟურნალისტს შეეძლო საზოგადოებისთვის უფრო ზუსტი და დაბალანსებული ამბავი მიეწოდებინა.

რაც შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე ვიდეოს გამოქვეყნებას, საბჭო აღნიშნავს, რომ ვიდეოს არ ახლდა განმარტებები: რა ტექნიკური საშუალებით და რამდენად კანონიერად გადაიღეს პოლიციელებმა ვიდეო. არ თქმულა, რომ მასალა იყო დამონტაჟებული, ფრაგმენტული და სრულად არ ასახავდა პოლიციასთან რატიანის კონფლიქტს. არ აღნიშნულა, რომ ეს რამდენიმე წუთიანი ვიდეო ბევრ კითხვას აჩენს, როცა რატიანი პოლიციაში რამდენიმე საათი ჰყავდათ, ვიდეოს დასაწყისში ან/და დასასრულს არ იყო რატიანის ან/და მისი წარმომადგენლის კომენტარი ამ ვიდეოსთან დაკავშირებით. ვიდეოში ან/და ტექსტში არ ყოფილა მითითებული თუ რა პოზიცია ჰქონდა ამ ვიდეოსთან დაკავშირებით რატიანის მხარეს: “მართალია, მისი ადვოკატის პოზიცია პირველი არხის სხვა მედია პროდუქტში იყო ასახული, მაგრამ ეს არ არის საკმარისი სიზუსტის უზრუნველსაყოფად, მით უფრო, როცა ეს ვიდეო სწრაფად გავრცელდა და სოციალურ ქსელში, საძიებო სისტემებში როგორც ცალკე მედია პროდუქტი იძებნებოდა. ამ მასალას თან არ ერთვოდა სხვა დროს ამავე ვებსაიტზე გამოქვეყნებული რატიანის მხარის განმარტებების ამსახველი მასალა, შესაბამისად სპეციალური ძებნის გარეშე სავარაუდო სამართალდამრღვევი პირის პოზიციის გაცნობა შეუძლებელი იყო. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ქარტიის საბჭომ დაადგინა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირმა აღნიშნული ვიდეომასალის ამ ფორმით გავრცელებით ვერ უზრუნველყო საზოგადოებამდე მაქსიმალურად დაზუსტებული ინფორმაციის მიტანა და დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი“.

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევა

ქარტიის საბჭო აღნიშნავს, რომ გავრცელებული ვიდეო ცალსახად შეიცავს ზვიად რატიანის პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციას, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ „რატიანის საქმე“ არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანი. საბჭო გადაწყვეტილებაში მსჯელობას, რამდენად არსებობდა საჯარო ინტერესი იმ ინფორმაციის მიმართ, რასაც აუდიტორია გავრცელებული ვიდეოდან იღებდა და ასკვნის:

„საზოგადოებამ მხოლოდ ის გაიგო, რომ “მთვრალი რატიანი პოლიციას აგინებდა”. ეს ინფორმაცია თავად ზვიად რატიანმა არაერთხელ საჯაროდ თქვა. მათ შორის სასამართლო პროცესზეც განაცხადა, რომ იგი იყო ნასვამი და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს. ამ განცხადების დამადასტურებელი არაერთი ბმულიიძებნება ინტერნეტში.შესაბამისად, ვიდეო მასალის გასაჯაროებით საზოგადოებას საქმის გარემოებებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ახალი ინფორმაცია არ მიუღია გარდა იმისა, რაზეც თავად რატიანი მიუთითებდა და ისედაც დადასტურებული ფაქტი იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე საზოგადოების ემოციებზე ზემოქმედებისა და შსს-ს რეპუტაციის გაკეთილშობილების გარდა, ვიდეო მასალის გავრცელებას არ გააჩნდა არავითარი ობიექტური მიზანი ან და საფუძველი“.

საბჭომ ასევე იმსჯელა ვიდეო მასალის იმ ნაწილის გასაჯაროებაზეც, რომლის ნახვის შემდეგ რჩება შთაბეჭდილება, რომ ზვიად რატიანი ასევე შეურაცხმყოფელ ტერმინს იყენებს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიმართ: “საქართველოში, სადაც პატრიარქის პიროვნების მიმართ საზოგადოების დიდი ნაწილის განსაკუთრებული პატივისცემა არსებობს, მსგავსი მასალის გამოქვეყნება პირდაპირი და რეალური საფრთხის შემცველია - ზვიად რატიანი შეიძლება გახდეს ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი. ამის დასადასტურებლად საკმარისია ის მუქარის შემცველი კომენტარები, რომელიც ვიდეო მასალას სოციალურ ქსელებში მოჰყვა. მედიის მხრიდან ამ მასალის გავრცელება სრულიად უპასუხისმგებლო საქციელია, მეტიც, პროვოცირებას უწევს ძალადობას. ამასთან, ზვიად რატიანის პიროვნული და მიზანმიმართული დისკრედიტაციის გარდა სხვა არავითარ ღირებულ ინფორმაციას არ შეიცავს“ - აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.

თეგები : არაზუსტი ინფორმაცია ; პირადი ცხოვრება; თვითრეგულირება;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ