ეკონომიკის მინისტრი “იმედზე” პოზიტიური კუთხით
23.10.2018

ოქტომბრის პირველ ნახევარში, ორი კვირის განმავლობაში, ტელეკომპანია იმედმა კვირის მთავარ გადაცემებში ეკონომიკის მინისტრს, გიორგი ქობულიას ორი ვრცელი მასალა მიუძღვნა. 8 ოქტომბერს "€žიმედის კვირამ" მინისტრზე რეპორტაჟი მოამზადა, 16 ოქტომბერს კი გიორგი ქობულია სტუმრობდა გადაცემას "€žპირისპირ" და ნახევარი საათის განმავლობაში პასუხობდა მისი წამყვანის, ირაკლი ჩიხლაძის კითხვებს.

ორივე მასალაში მინისტრი პოზიტიური კუთხით იყო წარმოჩენილი. იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაშია და ამას არაერთი მონაცემი და კვლევა ადასტურებს, ავტორებს თითქმის არ დაუსვამთ რესპონდენტისთვის კრიტიკული კითხვები; მასალები გარკვეულწილად ერთმანეთის გამეორება და გაგრძელება იყო; მინისტრი ძირითადად სამომავლო გეგმებზე საუბრობდა.

8 ოქტომბერს გასული, თითქმის 10-წუთიანი რეპორტაჟის მთავარი აქცენტი მინისტრ ქობულიას საერთაშორისო გამოცდილება იყო. მასალის დიდი ნაწილიც მის განვლილ გზასა და მიღწეულ წარმატებებზე საუბარს დაეთმო. ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებაზე საუბრისას ამ რეპორტაჟში მინისტრმა მოკლედ ახსენა ის სამი მიმართულება, რაზეც უნდა იმუშაონ: მათ შორის, ადგილობრივი კადრების გადამზადება ინვესტიციების მოზიდვამდე.

ის რისი გაშლაც რეპორტაჟში ვერ მოასწრო, გიორგი ქობულიამ ერთი კვირის მერე, იმავე არხზე, მეორე მთავარ გადაცემაში გააგრძელა. ნახევარსაათიანი ინტერვიუ მინისტრთან ირაკლი ჩიხლაძემ სწორედ ზემოთ აღნიშნულ ადამიანურ რესურსებზე საუბრით დაიწყო. ამ კითხვის პასუხის მთავარი აქცენტი ის იყო, რომ ქვეყნის ეკონომიკის მთავარი პრობლემა კადრების კვალიფიკაციაა და ეკონომიკის სამინისტრომ განათლების სამინისტროსთან ერთად პირველ რიგში პერსონალი უნდა გადაამზადოს.

პირველი კითხვის მსგავსად, რას გეგმავთ? როგორ აისახება? როგორ განვითარდება? - ამ ტიპის იყო მინისტრთან დასმული სხვა კითხვებიც. ამგვარი კითხვები კი მინისტრს უხსნიდა ასპარეზს ვრცლად ესაუბრა იმაზე, როგორ "განვითარდება, შეიცვლება, დასტაბილურდება და გაუმჯობესდება ყველაფერი ქვეყნის ეკონომიკაში".



თითქმის არცერთი კითხვა წამყვანს რაიმე მონაცემით ან კონტრარგუმენტით არ შეუბრუნებია. კრიტიკულის შთაბეჭდილებას მინისტრი უფრო ტოვებდა, რადგან ის მეტად საუბრობდა სფეროს პრობლემებზე, ვიდრე წამყვანი. მაგალითად, არაფერს ჩაკითხვია სტუმარს, როცა მან განაცხადა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის მიყიდვის აკრძალვა სინამდვილეში სულაც არ უქმნის პრობლემებს ინვესტორებს, მაშინ, როცა საწინააღმდეგოს ამტკიცებენ ეკონომისტები და ამბობენ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე (დაიწევს მიწის ფასი, შემოვა ნაკლები ინვესტორი, მიწები მიმზიდველი აღარ იქნება ბანკებისთვის სესხის გაცემის დროს და ა.შ.)

წამყვანმა არგუმენტაციის მოშველიება მაშინაც ვერ (ან არ) მოახერხა, როდესაც მინისტრი ირწმუნებოდა, რომ ის რეგულაციები, რომლებიც სესხების გაცემის შესახებ პირველი ნოემბრიდან უნდა ამოქმედდეს, პირველ რიგში მოსახლეობის ღარიბი, სესხებზე დამოკიდებული ფენის კეთილდღეობისთვის არის საჭირო. მინისტრი იწმუნებოდა, რომ ამ შეზღუდვების შემდეგ, სესხებს ვეღარ აიღებს ის ფენა, რომელიც შესაძლოა შემდეგ ამ ფულით მობილურ ტელეფონს ყიდულობდა, ვეღარ იხდიდა, შავ სიაში ხვდებოდა და მუშაობის მოტივაციას კარგავდა. ეს ყველაფერი კი საბოლოოდ ისევ ეკონომიკურ მდგომარეობას გააჯანსაღებს.

altარც რეპორტაჟის და არც ინტერვიუს ავტორებს არ გაუმახვილებიათ ყურადღება ახალდანიშნული მინისტრის გრძელვადიან შვებულებებზე. ინტერვიუსგან განსხვავებით, სადაც ეს თემა საერთოდ არ უხსენებიათ, რეპორტაჟიდან გავიგეთ, რომ ეს შვებულება მინისტრს იმისთვის დასჭირდა, რომ მსოფლიო ბიზნეს კონსალტინგის უმაღლესი ლიგაში დაესრულებინა საქმეები. რამდენად ჰქონდა მას ამის უფლება, როდის და რა ხანგრძლივობით ისარგებლა, ამაზე აქცენტი რეპორტაჟში არ გაკეთებულა.

არცერთ მასალაში არ უხსენებიათ UNICEF-ის კვლევა, რომელშიც საუბარია, რომ ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი გაიზარდა; არც გერმანიის კანცლერის ვიზიტის მინისტრის გარეშე ჩავლის შესახებ უთქვამთ რამე. სამაგიეროდ ინტერვიუში წამყვანს ჰქონდა დრო სტუმრისთვის ეკითხა:

- თქვენს სამინისტროში შემავალი ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, ყველა ვთანხმდებით და საზოგადოებამაც იცის, რომ საკმაოდ წარმატებული ხელმძღვანელია და ის დაკავებულია 24 საათის განმავლობაში თუ როგორ გაიზარდოს ქვეყანაში ტურიზმის როლი. რა შედეგებს მოუტანს მერე ეს ეკონომიკას, ბუნებრივია , ყველამ ვიცით, მაგრამ, როდესაც და ციფრებიც მეტყველებს და ამის შესახებ თქვენც გექნებათ ინფორმაცია, რომ წლიდან წლამდე, თვიდან თვემდე იზრდება ტურისტის რაოდენობა ქვეყანაში, ეს კიდევ იწვევს იმას, რომ ის ტურისტი ხარჯავს და ეს თანხა კონკრეტულ საქმეებს ხმარდება, ანუ ბიუჯეტშიც შედის ხო. ინფრასტრუქტურა ტურიზმის ინფრასტრუქტურა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის მოწესრიგება და მოწყობა არის აუცილებელი, რომ კიდევ უფრო განვითარდეს ტურიზმი, თუმცა, ეს ინფრასტრუქტურული ნაწილი არ შედის თქვენს უწყებაში. გაქვთ თუ არა უკვე რაიმე სტრატეგია ან გეგმა, როგორ აპირებთ თანამშრომლობას და როგორ უნდა განვითარდეს ტურიზმის მიმართულებით ინფრასტრუქტურა [სტილი დაცულია].

მინისტრთან ინტერვიუ იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც ლარის კურსმა განსაკუთრებული ვარდნა დაიწყო (16 ოქტომბერს ლარის კურსმა 2.69-ს მიაღწია). თუმცა, ეს თემა დღის წესრიგში მხოლოდ ინტერვიუს ბოლოს დადგა (ტურიზმზე, საპირფარეშოებზე, კადრებზე და მსგავს თემებზე საუბრის შემდეგ). სხვა პასუხების მსგავსად, მინისტრის პასუხიც, რომ "€žლარის კურსის ცვლილება, არ არის ფუნდამენტური ცვლილება და ეს ბიზნესმენების ემოციური მდგომარეობის ბრალია", წამყვანმა დამატებითი კითხვის გარეშე მიიღო და გადაცემა ასე დაასრულა: "€žჩვენ ველოდებით ლარის გამყარებას, ველოდებით სიღარიბის დაძლევას და სოფლის მეურნეობის განვითარებას, რაც ეკონომიკის განვითარებას და აღმავლობას შეუწყობს ხელს"

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ

ძალადობის სავარაუდო  მსხვერპლი ქალის პირადი მონაცემებისა და არასრულწლოვნების ირიბი იდენტიფიცირება “კურიერში”
15 მარტს, ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” მთავარი საინფორმაციო გამოშვების ერთ-ერთი სიუჟეტი ოჯახურ კონფლიქტს ეხებოდა. კერძოდ, 23 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ცოლ-ქმარი ერთმანეთს ურთიერთბრალდებებს უყენებს. 5 შვილის დედა ქმარს ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. თავის მხრივ, ძალადობაში დადანაშაულებული ქმარი ბრალდებებს უარყოფს და მის მეუღლეს შვილებზე და დედამთილზე ძალადობაში სდებს ბრალს.

მიუხედავად იმისა, რომ ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი ქალი სიუჟეტში დაფარულია [დიდი ალბათობით, არასრულწლოვანი შვილების იდენტიფიცირების თავიდან ასაცილებლად], ერთ-ერთი დოკუმენტით მისი პირდაპირი იდენტიფიცირება ხდება. მასში სრულად იკითხება ქალის საახელი და გვარი, ასევე პირადი ნომერი. ეს კი, თავის მხრივ, მისი არასრულწლოვანი შვილების [სიუჟეტიდან ირკვევა, რომ 5 შვილიდან 3 არასრულწლოვანია] ირიბ იდენტიფიცირებასაც ახდენს.

ამასთან, დედის მხრიდან შვილზე სავარაუდო ძალადობის ნიშნების საილუსტრაციოდ, სიუჟეტში ერთ-ერთი არასრულწლოვნის ფოტოც არის ნაჩვენები, საიდანაც მიუხედავად იმისა, რომ ის დაფარულია, ახლობლებისთვის მისი ამოცნობა მაინც არის შესაძლებელი. ამასთან, ნაჩვენებია იმ სახლის შიდა კადრებიც, სადაც ამჟამად არასრულწლოვნები ცხოვრობენ. შესაბამისად, ნაცნობები სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი ბავშვების იდენტიფიცირებას სიუჟტიდან მარტივად შეძლებენ.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის “ბავშვთა საკითხების გაშუქების” სახელმძღვანელო წესებში ვკითხულობთ, რომ ნებისმიერი ფორმის ძალადობის შემთხვევაში, არასრულწლოვნის როგორც პირდაპირი, ისე ირიბი იდენტიფიცირება დაუშვებელია, მიუხედავად იმისა “ბავშვი მოძალადის როლშია, მსხვერპლის თუ მოწმის”.

“უფრო მეტად ნუღარ მოახდენთ ბავშვის სტიგმატიზებას. თავი აარიდეთ კატეგორიზაციას ან სიუჟეტის ისეთ აღწერას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბავშვისათვის სამაგიეროს გადახდა - დამატებითი ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანის მიყენება, დამცირება, დისკრიმინაცია ან საზოგადოების მიერ გარიყვა”, - ვკითხულობთ სახელმძღვანელოში.
დაინტერესებული პირი წარმატებული ბიზნესმენის სტატუსით საპენსიო რეფორმის გასამართლებლად „იმედის“ გადაცემაში
12 მარტს, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „პირისპირ“ საპენსიო რეფორმას ეხებოდა. მიწვეულ სტუმრებს შორის წარმატებული ბიზნესმენის სტატუსით კომპანია „კავკასიის ავტოიმპორტის“ დირექტორი დავით(დევი) გულაშვილი იყო, რომელიც საპენსიო რეფორმის სიკეთეებზე საუბრობდა. გულაშვილი მუშაობს კომპანიებში, რომლებიც საპენსიო სააგენტოს დირექტორის სახელთანაა დაკავშირებული, თუმცა, სტუმრის წარდგენისას გადაცემის წამყვანს აუდიტორიისთვის ამ კავშირების შესახებ არაფერი უთქვამს.

უფრო კონკრეტულად, კომპანია „კავკასიის ავტოიმპორტი“, რომლის აღმასრულებელი დირექტორი დავით გულაშვილია, საპენსიო სააგენტოს დირექტორის, ლევან სურგულაძის ოჯახის საკუთრებაში არსებული კომპანიაა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანია „კავკასიის ავტოიმპორტის“ ერთ-ერთი მფლობელი რევაზ სურგულაძე იყო, რომლის გარდაცვალების შემდეგაც მისი კუთვნილი წილი მის შვილებს - ლევან სურგულაძესა და გიორგი სურგულაძეს გადაეცათ. თუმცა, ამ ცვლილების რეგისტრაცია რეესტრში შეჩერებულია.

გარდა ამ კომპანიისა, საპენსიო სააგენტოს დირექტორთან იკვეთება მეორე კომპანიაც - „კავკასიის ბიზნეს ჯგუფი“, რომლის წევრიცაა "კავკასიის ავტოიმპორტი". დავით გულაშვილი ამ კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილეა, ლევან სურგულაძე კი - სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. საპენსიო ფონდის პრესსსამსახურის ცნობით, სულგულაძემ სამეთვალყურეო საბჭო სექტემბერში დატოვა, თუმცა, ეს ცვლილება არ ასახულა არც საჯარო რეესტრში და მის მიერ 2018 წლის ნოემბერში შევსებული დეკლარაციაშიც მითითებულია, რომ ჯერ კიდევ სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.

დავით გულაშვილი რომ ნამდვილად მუშაობს ორივე კომპანიაში, „მედიაჩეკერმა” მასთანაც გადაამოწმა. იგი ადასტურებს, რომ კომპანია „კავკასიის ავტოიმპორტი”, რომელშიც აღმასრულებელი დირექტორია, ნამდვილად რევაზ სურგულაძის კომპანიაა. თუმცა, ამბობს, რომ არ აქვს ინფორმაცია ვის მფლობელობაში გადავიდა „კავკასიის ავტოიმპორტი” რევაზ სურგულაძის გარდაცვალების შემდეგ.

გადაცემა „პირისპირ” არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც დაგროვებითი პენსიის შესახებ სასაუბროდ დავით გულაშვილი „იმედის“ ეთერში მიიწვიეს. ამავე არხსა და ამავე თემაზე, იგი 10 მარტს, “იმედის კვირაშიც” საუბრობდა. დავით გულაშვილი დაგროვებითი პენსიის დადებით მხარეებზე ამახვილებდა ყურადღებას. ამბობდა, რომ ეს ბიზნესისთვის მძიმე ტვირთი არ არის და მაგალითად მოჰყავდა საკუთარი კომპანია „კავკასიის ავტოიმპორტი“, რომელიც დასაქმებულებს თავად უხდის საპენსიო გადასახადს.

საპენსიო რეფორმა საქართველოში 2019 წლის იანვრიდან ამოქმედდა. ნაწილობრივ სავალდებულო დაგროვებითი პენსიის სქემაში ავტომატურად ერთვება ყველა მოქალაქე, ვინც ანაზღაურებას გაფორმებული კონტრაქტის შედეგად იღებს. 40 წელზე უფროსებს არჩევანი აქვთ, გაწევრიანდნენ თუ არა სისტემაში, 40 წლამდე პირები კი ვალდებულნი არიან. სქემის მიხედვით, დასაქმებულის საპენსიო ანგარიშზე ყოველთვიურად დაუბეგრავი ხელფასის 6% გროვდება, - დამსაქმებელიც, დასაქმებულიც და სახელმწიფოც, ფონდში ხელფასის 2-2%-ს რიცხავენ.

რეფორმა მასზე საუბრის დაწყებიდან დღემდე საზოგადოების კრიტიკის საგანია. დაგროვებითი პენსია საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული.
ძალადობის  სავარაუდო მსხვერპლი არასრულწლოვნის ირიბი იდენტიფიცირება “კურიერში”
8 მარტს ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ერთ-ერთი სიუჟეტი პოლიციის მხრიდან 15 წლის მოზარდზე განხორციელებულ სავარაუდო ძალადობას ეხებოდა, რომლის შედეგადაც არასრუწლოვანი ფიზიკურად დაშავდა. მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტში თავად მოზარდი დაფარულია, მისი ამოცნობა ნაცნობებს არ გაუჭირდებათ, ვინაიდან იდენტიფიცირებულია დედა და ჩანს მისი საცხოვრებელი სახლი.

მასალიდან ცნობილი ხდება, რომ ბოლნისის პოლიციაში ქურდობაში ბრალდებულ მოზარდს 8 საათის განმავლობაში სავარაუდოდ, გაუპატიურებით ემუქრებოდნენ და მასზე მორალურად ძალადობდნენ, ბოლოს კი მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, რა დროსაც არასრულწლოვანს ხელი მოსტყდა და საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

სიუჟეტში სავარაუდო მსხვერპლი არასრულწლოვნის დედა კამერის წინ სამართალდამცველების მხრიდან განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე ღიად საუბრობს. ამასთან, სიუჟეტში კარგად ჩანს სავარაუდო მსხვერპლის სახლი და ეზო. კადრში ასევე ხვდება ქუჩის სახელწოდება და ნომერი, სადაც სახლი მდებარეობს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის “ბავშვთა საკითხების გაშუქების” სახელმძღვანელო წესებში ვკითხულობთ, რომ ნებისმიერი ფორმის ძალადობის შემთხვევაში, არასრულწლოვნის როგორც პირდაპირი, ისე ირიბი იდენტიფიცირება დაუშვებელია, მიუხედავად იმისა “ბავშვი მოძალადის როლშია, მსხვერპლის თუ მოწმის”.

“უფრო მეტად ნუღარ მოახდენთ ბავშვის სტიგმატიზებას. თავი აარიდეთ კატეგორიზაციას ან სიუჟეტის ისეთ აღწერას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბავშვისათვის სამაგიეროს გადახდა - დამატებითი ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანის მიყენება, დამცირება, დისკრიმინაცია ან საზოგადოების მიერ გარიყვა”, - ვკითხულობთ სახელმძღვანელოში.
გერმანელი ენათმეცნიერის სახელით ცრუ ინფორმაცია გავრცელდა
2-3 მარტს სოციალურ ქსელსა და ვებგვერდებზე presa.ge, geotimes.ge, progressnews.ge, for.ge გერმანელი ენათმეცნიერის, კავკასიოლოგისა და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, იოსტ გიპერტის სახელით ყალბი ინფორმაცია გავრცელდა. ვებსაიტები წერდნენ, თითქოს გიპერტი ამბობდა, რომ ქართველები კულტურულად შეუმდგარი ერია და უფრო დიდი ერების მონობისკენ აქვთ მოთხოვნილება.

„ეს ვლინდება ყველაფერში. მაგალითად, ერს, რომელსაც საკუთარი ენა და სამი უნიკალური ანბანი აქვს, დამოუკიდებლობის შემდეგაც გზებსაც კი უცხო ენაზე ნიშნავს. მე ასეთ ფენომენს კოლონიურ ქვეყნებში ვხვდები, როგორიც ინოეთი და აფრიკის ქვეყნებია“, - ეს ციტატა გამოცემებმა იოსტ გიპერტის ნათქვამად გამოაქვეყნეს, წყაროდ კი სოციალური ქსელის მომხმარებელი მიუთითეს.

Presa.ge და Progressnews.ge-ის წყარო გოგა ჩანადირის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი გახდა. თავად გოგა ჩანადირი ეყრდნობოდა პაატა ვარდანაშვილს, რომლის კედელზეც ეს ინფორმაცია აღარ იძებნება.  For.ge-მ იდენტური მასალა progressnews.ge-ის სტატიაზე დაყრდნობით დაწერა. Geotimes.ge-მ კი, წყაროს მითითების გარეშე, მხოლოდ ციტატა გამოაქვეყნა, რომელიც, თითქოს, პროფესორ იოსტ გიპერტს ეკუთვნოდა. არცერთ მასალაში არ ჩანს ჟურნალისტის მიერ ამბის გადამოწმების მცდელობა, რათა ზუსტი და სანდო ინფორმაცია მიეწოდებინა მკითხველისთვის.

აღმოჩნდა, რომ ეს სიტყვები იოსტ გიპერტს საერთოდ არ უთქვამს. მედიაჩეკერთან საუბრისას, პროფესორმა იოსტ გიპერტმა მისი სახელით გავრცელებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო: „ეს გამონათქვამი, რომელიც გამოქვეყნდა ჩემი სახელით, მე არ მეკუთვნის და არანაირი კავშირი არ მაქვს ამ ამბავთან. ეს არის ინფორმაციის გაყალბება, ამგვარი ქმედება მიუღებელია და იძულებული ვარ მივმართო სათანადო ორგანოებს რეაგირებისათვის“, - აღნიშნა იოსტ გიპერტმა
პედოფილებისა და სექსუალური მოძალადეების შესახებ დაუდასტურებელი მონაცემი  „ქრონიკა+“-ის სტატიაში
„ახალი ეპიდემია საქართველოში: ასობით პედოფილი, ათასობით განადგურებული ბავშვი“ - ამ სათაურით 2 მარტს „ქრონიკა+“-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელიც არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის ძალადობას ეხება. მასალაში პედოფილებისა და სექსუალური მოძალადეების რაოდენობის შესახებ არგუმენტების და ოფიციალური სტატისტიკის გარეშე, მტკიცებით ფორმაში დაუდასტურებელი მონაცემებია მოყვანილი.

მაგალითად, სტატიის შესავალში ავტორი პედოფილიას ფსიქიკურ დარღვევად აფასებს, შემდგომ კი აღნიშნავს: „ბევრი ექსპერტის აზრით, საქართველოში ყოველი მე-10 პოტენციური სექსუალური მოძალადეა, ხოლო ყოველი მე-5 - პედოფილი.“ - სტატიაში არ არის მოყვანილი ამ მონაცემების დამადასტურებელი ოფიციალური სტატისტიკა და არსად ჩანს, თუ რომელი „ექსპერტების“ მოსაზრებას ეყრდნობა ავტორი, ან როგორ დადგინდა ვინ არის პოტენციური მოძალადე.

„ქრონიკა+“-ის მასალაში ბოლო პერიოდში არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის დანაშაულის ოთხი შემთხვევა და შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის სტატისტიკაა განხილული.

სტატიის დასკვნით ნაწილში კი ვკითხულობთ: „მიუხედავად იმისა, რომ არსებული ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში პედოფილების რიცხვი შემაშფოთებლად მაღალია, სტატისტიკა ნახევრადაც არ ასახავს ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობის რეალურ მდგომარეობას“ - ავტორს არგუმენტად შიშის ან „სხვადასხვა მიზეზების“ გამო დანაშაულის შეუტყობინებლობა მოჰყავს, თუმცა, ამ შემთხვევაშიც უცნობია ინფორმაციის წყარო და მასალაში არ ჩანს, თუ რაზე დაყრდნობით წერს ავტორი, რომ პედოფილების რიცხვი შემაშფოთებლად მაღალია.