როგორ გააშუქეს მაუწყებლებმა რუსთაველზე 10 ნოემბერს მიმდინარე აქცია
12.11.2018
10 ნოემბერს, 20:00 საათზე თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის სოლიდარობის აქცია იყო დაგეგმილი. “კარვებით ვიცავთ თავისუფლებას” - ამ სახელწოდების აქცია არასამთავრობო ორგანიზაციებმა დააორგანიზეს და სარალიძე/მაჩალიკაშვილისთვის კარვების გაშლის ხელისშეშლა და მერიისგან მათთვის ადგილის შეცვლის მოთხოვნა გააპროტესტეს.

აქციის დაწყებიდან მალევე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. პოლიცია დემონსტრანტებს ტერიტორიაზე კარვების გაშლის საშუალებას არ აძლევდა. გაწევ-გამოწევის დროს დაშავდა ზაზა სარალიძე და შეუძლოდ გახდა მისი დედა. ორივე მათგანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა.

რუსთაველის ქუჩაზე ვითარების დაძაბვისთანავე მაუწყებელთა ნაწილმა საეთერო ბადე შეცვალა - შეწყვიტა ის გადაცემა, რაც იმ დროს გადიოდა და პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენების პირდაპირ ეთერში გადაცემა დაიწყო. ასე მოიქცა: ტვ პირველი, რუსთავი 2 და აჭარის ტელევიზია. საზოგადოებრივ მაუწყებელს, იმედსა და მაესტროს კი საპროტესტო აქციები პირდაპირ ეთერში უწყვეტ რეჟიმში არ გაუშუქებია.

საზოგადოებრივი მაუწყებელი

რუსთაველის ქუჩაზე მიმდინარე ამბების შესახებ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მაყურებელს აქციისა და დაპირისპირების დაწყებიდან ერთი საათის შემდეგ, 21:00-საათიან მოამბეში უამბო. [მანამდე, 20:00 საათიდან ეთერში დოკუმენტური ფილმი “100” გადიოდა]. საინფორმაციო გამოშვებაში თემას სამჯერ შეეხნენ [დასაწყისში, პირველივე ამბად, შემდეგ კი ორჯერ დაუბრუნდნენ გამოშვების დასრულებამდე]. 45-წუთიან საინფორმაციო გამოშვებაში აქციის თემას 17 წუთი და 11 წამი დაეთმო.



პირველ ამბავში “მოამბემ” მაყურებელს აჩვენა ჟურნალისტის ჩართვა აქციიდან, რომელიც ყვებოდა რა ხდებოდა აქციაზე და რთავდა აქციის ორგანიზატორებს, მონაწილეებსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს. მომდევნო ორ შემთხვევაში მოამბის ეთერში აქციის გარდა ჟურნალისტი ერთვებოდა ინგოროყვას კლინიკიდანაც, სადაც იმ დროისთვის ზაზა სარალიძე და მისი დედა იმყოფებოდნენ.

საინფორმაციო გამოშვების შემდეგ საეთერო ბადე დაგეგმილი გადაცემებით გაგრძელდა:
  • გადაცემა 42-ე პარალელი;
  • ტ/ს წმინდა ინგლისური მკვლელობა;
  • მხ/ფილმი - კასანდრას ოცნება.
ამ გადაცემებისა თუ ფილმების მიმდინარეობისას “მოამბე” სპეციალური გამოშვებით ეთერში კიდევ ორჯერ დაბრუნდა, ამჯერად აქციისა და სავადმყოფოს გარდა, მესამე ჟურნალისტი მუშაობდა “ქართული ოცნების” ოფისთან, სადაც რეალურად არაფერი ხდებოდა და მხოლოდ გია ჟორჟოლიანის კომენტარს სთავაზობდა მაყურებელს. ამ ორ გამოშვებას 26 წუთი და 43 წამი დაეთმო.

ჯამში, 21:00-დან 00:31 საათამდე, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ამბებს 43 წუთი და 54 წამი დაუთმო.

ტელეკომპანია “იმედი”

ტელეკომპანია “იმედმა” რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ამბების შესახებ მაყურებელს პირველად 20:00 საათიანი ქრონიკის მეხუთე ამბად, 20:44 საათზე უამბო. პირველი ოთხი თემა კი ასეთი იყო:
  1. არჩევნების მეორე ტური და გავრცელებული ცრუ ინფორმაციები;
  2. სააკაშვილის აღიარება 2008 წელს - აგვისტოს ომზე გაკეთებული განცხადებები;
  3. კონსულტაციები მმართველ პარტიაში;
  4. კახა კალაძესთან ინტერვიუ.
მეხუთე ამბად გაშვებულ კადრ-სინქრონში აქციის თემაზე მაყურებელმა ნახა რა ხდებოდა აქციაზე და მოისმინა ზაზა სარალიძისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის კომენტარი. ჯამში, ამბავს 1 წთ და 50 წამი დაეთმო.



აღსანიშნავია, რომ მანამდე 20:13 საათზე შაბათის ქრონიკას თბილისის მერი კახა კალაძე სტუმრობდა. მასთან ინტერვიუ 20 წუთს გაგრძელდა და ისე დასრულდა, რომ წამყვანს აქციისა და ზაზა სარალიძის შესახებ კითხვა არ დაუსვამს.

ამ თემაზე: ინტერვიუ კახა კალაძესთან რუსთაველზე მიმდინარე
აქციაზე საუბრის გარეშე

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ამბებს შაბათის ქრონიკა გამოშვების ბოლოსაც დაუბრუნდა. წამყვანმა მაყურებელს უამბო რა ხდებოდა აქციაზე. აჩვენეს დაპირისპირების კადრები, ძირს დავარდნილი ზაზა სარალიძე. თემას სულ 3 წუთი 43 წამი დაეთმო.

ამის შემდეგ “იმედზე” საეთერო ბადე ჩვეულებრივად გაგრძელდა:
  • თურქული სერიალი - შავ-თეთრი სიყვარული
  • გადაცემა სიცრუის დეტექტორი (დოდო გუგეშაშვილი სტუმრად)
  • იუმორისტული გადაცემა ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან ერთად (სტუმარი - ფორტე)
  • მხატვრული ფილმი - მაროდიორები.
ჯამში, 10 ნოემბერს, საღამოს, “იმედმა” რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას 5 წთ და 33 წამი დაუთმო.

რუსთავი 2

“იმედისა” და საზოგადოებრივი მაუწყებლისგან განსხვავებით, “რუსთავი 2-მა” რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ამბების გამო სამაუწყებლო ბადე შეცვალა. არხმა შეწყვიტა სერიალი, რომელიც ეთერში გადიოდა და აქციაზე ვითარების დაძაბვისთანავე მოვლენებს პირდაპირ ეთერში გადასცემდა.



“კურიერის” სპეციალური გამოშვება 20:12 საათზე დაიწყო. არხი მაყურებელს აცნობდა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ამბებს და სთავაზობდა აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების კომენტარებს.

21:57 საათიდან “რუსთავი 2-ზე” შაბათის კურიერისთვის მომზადებული სიუჟეტები გავიდა:
  1. დაფიცება პურზე - სოფელ ნაზარლოში ამომრჩევლის დაშინებაზე საუბრობენ;
  2. დაფინანსება ხმების სანაცვლოდ;
  3. ხაინდრავას საბიუჯეტო დავალიანება.
22:43 საათზე შაბათის კურიერის წამყვანმა განმარტა, რომ რუსთაველზე მიმდინარე ამბების გამო რამდენიმე რეპორტაჟის ჩვენება გადადეს. გამოშვება ნიკა გვარამიასა და ეკა კვესიტაძის გადაცემა “კვირის აქცენტებით” გაგრძელდა. საავტორო გადაცემას წამყვანები აქციიდან უძღებოდნენ. წამყვანები მაყურებელს სთავაზობდნენ აქციის მონაწილეების კომენტარებს, ნიკა გვარამიამ კი სცადა გასაუბრებოდა ადგილზე მყოფ სამართალდამცველებს და გაერკვია, ვისი დავალებით იმყოფებოდნენ იქ.

ნიკა გვარამიასა და ეკა კვესიტაძის გადაცემა ქუჩაში ორ საათს გაგრძელდა. 00:43 საათზე ისევ კურიერის წამყვანი ჩაერთო სტუდიიდან, და ბოლო ინფორმაციით აქციიდან ჟურნალისტი ჩართეს, ეთერში გაუშვეს აქციის მონაწილეთა კომენტარები.

რუსთავი 2-მა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენების გაშუქება 01:13 საათზე დაასრულა.

TV პირველი



“რუსთავი 2-ის” მსგავსად, აქციას პირდაპირ ეთერში აშუქებდა ტელეკომპანია პირველი და “რუსთავი 2-ის” მსგავსად მანაც ფილმის ჩვენება შეწყვიტა.

არხმა თემის გაშუქება 20:06 საათზე დაიწყო და 00:31 საათზე დაასრულა.

რუსთაველის გამზირზე ტვ პირველის სამი გადამღები ჯგუფი მუშაობდა, ჟურნალისტები ყვებოდნენ რა ხდებოდა აქციაზე და მაყურებელს აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების კომენტარებს სთავაზობდნენ.

აქციის პარალელურად, ტვ პირველის ჟურნალისტი მუშაობდა ინგოროყვას კლინიკასთანაც, სადაც აქციიდან ზაზა სარალიძე და მისი დედა გადაიყვანეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია

აჭარის ტელევიზიამ თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ამბების გადაცემა 21:00-საათიან საინფორმაციო გამოშვებიდან დაიწყო. მანამდე არხზე დოკუმენტური ფილმი “გენიალური ტვინები” გადიოდა. თითქმის მთელი ღამის განმავლობაში მაუწყებელი ამბებს პირდაპირ ეთერში გადასცემდა და ცდილობდა სხვადასხვა პირებისგან მიმდინარე მოვლენების შეფასებებიც მოეპოვებინა.


აქცია 21 საათზე გასული საინფორმაციო გამოშვების პირველივე თემა იყო. მაუწყებლის ჟურნალისტი იმყოფებოდა აქციაზე და მაყურებელს უყვებოდა რა ხდებოდა აქციაზე, ასევე, სხვა მაუწყებლების მსგავსად, სთავაზობდა აქციის მონაწილეთა კომენტარებს [6წთ]. ამის შემდეგ საინფორმაციო გამოშვება სხვა თემებით გაგრძელდა. გამოშვების დასრულებამდე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ამბავს აჭარის ტელევიზია კიდევ ერთხელ დაუბრუნდა და მაყურებელს აქციიდან ბოლო ინფორმაცია მიაწოდა. [4წთ 35 წმ]

საინფორმაციო გამოშვების დასრულებისთანავე, 21:24 საათიდან, ეთერში დოკუმენტური ფილმი დაიწყო - “ სამი შთამბეჭდავი უძველესი ქალაქი”. თუმცა, დაახლოებით ნახევარ საათში, 21:51 საათზე ფილმი გაწყდა, კვლავ აქციის თემა გაგრძელდა და ეთერში ტვ პირველის სიგნალი გადაიცემოდა [ტვ პირველის სტუდია და მისი ჟურნალისტების ჩართვები აქციიდან].

მოგვიანებით, 22:08 საათზე ეთერში აჭარის ტელევიზიის სტუდია დაბრუნდა. აქციიდან ჩართვებსაც უკვე აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი გვთავაზობდა.

აჭარის ტელევიზია ცდილობდა მიმდინარე მოვლენებზე ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასება შეეთავაზებინა აუდიტორიისთვის. მათ ტელეფონით ჩართეს: აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი “ქართული ოცნებიდან”, ასევე უმრავლესობის წევრები ნინო გოგუაძე და გია ჟორჟოლიანი.

აჭარის ტელევიზიამ ეთერი 00:58 საათზე დაასრულა. წამყვანა განაცხადა, რომ ამ დრომდე ელოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის კომენტარს, რომელიც დაპირდა მათ მოვლენების შეფასებას, თუმცა, მოგვიანებით გადაიფიქრა.

ტელეკომპანია მაესტრო

ტელეკომპანია “მაესტროში” 20:00-დან 21:00 საათამდე კვირის შემაჯამებელი ამბები გადიოდა. გამოშვებაში 40 ახალი ამბავი იყო, მათ შორის იყო სარალიძის თემაც - კახა კალაძის და სარალიძის განცხადებები აქციის ადგილის შეცვლის თაობაზე. უშუალოდ აქციის თემაზე მაესტრომ მაყურებელს 21:00 საათზე, ახალი ამბების პირველივე თემიდან უამბო.

მაესტროს ჟურნალისტი ყვებოდა რა ხდებოდა აქციაზე და ასევე, მაყურებელს სთავაზობდა აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების კომენტარებს.


ამის შემდეგ გამოშვება სხვა ამბებით გაგრძელდა და აქციის თემას 21:40 საათზე ისევ დაუბრუნდაჩართვებით აქციიდან. გამოშვების ბოლოს მაყურებელს კვლავ შეახსენეს, რომ რუსთაველის ქუჩაზე აქცია მიმდინარეობს.

22:00 საათიდან მაესტრომ ისევ უამბო მაყურებელს რა ხდებოდა აქციაზე - კარვების გაშლა, დაპირისპირება, სარალიძისა და მისი დედის საავადმყოფოში გადაყვანა, სარალიძის მიმართვა ზურაბიშვილს. ისევ ჰქონდა ორგანიზატორებისა და მონაწილეების კომენტარები.

ამის შემდეგ, მთელი ღამის განმავლობაში, ყოველი საათის დასაწყისში [23:00; 00:03: 01:00 და ა. შ. დილის 11:00-ის ჩათვლით] მაესტრო იმეორებდა ამბებს და 2-3 წუთის განმავლობაში მაყურებელს უყვებოდა რა ხდებოდა აქციაზე და ამ დროს უკვე ძირითადად ერთსა და იმავე კომენტარებს სთავაზობდა [ეკა გიგაური, ელენე ხოშტარია, საპატრულო დეპარტამენტის უფროსი , სულხან სალაძე, მიხეილ ბენიძე, ნინო ლომჯარია]

შეჯამება

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ 10 ნოემბრის საღამოს საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას უწყვეტ რეჟიმში იღებდა: რუსთავი 2-ის, ტვ პირველისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის მაყურებელი. დანარჩენ არხებიდან თემას ყველაზე მეტი დრო საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაუთმო, - 43 წუთი და 54 წამი 5 საათის განმავლობაში [20:00-დან 01:00-მდე]; ყველაზე ნაკლები კი იმედმა [5 წუთი და 33წამი], მაესტროს შედარებით განსხვავებული სპეციფიკა აქვს, თუმცა მისი ყველა საათის დასაწყისში გადაცემული სამწუთიანი ამბები აქციის შესახებ, იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე იმედის ეთერში ამ თემისთვის დათმობილი დრო.

ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ

არაზუსტი და მანიპულაციური ინფორმაცია საქართველოს განათლების სისტემის შესახებ

13 და 14 იანვარს პლატფორმებზე: intermedia.ge, info9.ge, agora.ge, commersant.ge, infonews.ge, 2020news.ge, newpress.ge გამოქვეყნდა ამბავი, რომ საქართველოში განათლების სისტემა “საშინელ (ცუდ) მდგომარეობაშია”,რაც არაზუსტი და მანიპულაციურია. გამოცემები ამბის წყაროდ worldatlas-ის კვლევას უთითებენ. სინამდვილეში, worldatlas არ არის კვლევითი ორგანიზაცია. გარდა ამისა, მას ინფორმაცია 2017 წელს აქვს გამოქვეყნებული.

გამოცემების ნაწილმა, მათ შორის: newpress.ge, commersant.ge და intermedia.ge, არასწორად თარგმნა worldatlas-ს შეფასებაც. “worldatlas''-მა საქართველო ყველაზე საშინელი განათლების სისტემის მქონე ქვეყნების რეიტინგში შეიყვანა”, - ამ სათაურით აქვთ მასალები გამოქვეყნებული ამ საიტებს. Worldatlas-ს კი მასალა ასე აქვა დასათაურებული - Countries With The Worst Education Systems, რაც ნიშნავს ყველაზე ცუდს, და არა საშინელს.

Worldatlas-ს რეიტინგი დადგენილი აქვს ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტიდან განათლების სფეროზე დახარჯული წილის პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით. ჩამონათვალში 25 ქვეყანაა, სადაც განათლებას ყველაზე ნაკლები თანხა ხმარდება. ამ სიის მიხედვით, ირკვევა, რომ განათლებაზე ყველაზე ნაკლებ თანხას (0.7%) ეკვატორული გვინეა ხარჯვს და, შესაბამისად, მას რეიტინგში პირველი ადგილი უკავია. ხოლო საქართველო 2,7%-ით სიაში ყველაზე ბოლო - 25-ე ადგილზეა. ეს კიდევ ერთი მონაცემია, რაც მასალებში არასწორადაა ინტერპრეირებული და მკითხველში აჩენს განცდას, რომ საქართველოს ამ 25 ქვეყანას შორის ყველაზე ცუდი მდგომარეობა აქვს.

მანიპულაცია და ქსეონოფობია დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ მომზადებულ მასალებში

„გაეროს შოკისმომგვრელი დასკვნა. ქართული ეთნოსი მსოფლიოში ყველაზე სწრაფად ქრება!“ - ამ სათაურით 14 იანვარს intermedia.ge-მ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ “ქართველი ეთნოსი გადაშენების პირასაა”. ტექსტი მანიპულაციურია, რადგან კვლევაში, რომელსაც ავტორი ეყრდნობა ამგვარი რამ ნათქვამი არ არის; გარდა ამისა, აქვს ქსენოფობიური კონტექსტი, ვინაიდან, მასში ვკითხულობთ, რომ შობადობის შემცირებასთან ერთად “ქართველი ეთნოსის შემცირების მიზეზი საქართველოში უცხოელების დასახლებაა”.

ინტერმედიაზე დაყრდნობით იგივე მასალა გამოქვეყნეს შემდეგმა გამოცემებმაც: alia.ge, infonews.ge და guriismoambe.com.

ტექსტის ავტორი საქართველოში სხვადასხვა დროს ჩატარებული აღწერების მონაცემებს ადარებს, იქვე იმოწმებს “გაეროს მონაცემებს” და ამბობს, რომ “თუ მდგომარეობა არ შეიცვალა ქართველი ერი 2 საუკუნის წინანდელივით ისევ გადაშენების პირას მივა”.

გაეროს რა მონაცემებს იყენებს ავტორი, მასალაში დალინკული არ არის და, შესაბამისად, უცნობია. მსოფლიო მოსახლეობის შესახებ ბოლო ანგარიში გაეროს 2015 წელს აქვს გამოქვეყნებული. ამ დოკუმენტისა და სტატიაში მოყვანილი ციფრების მონაცემები ერთმანეთს ემთხვევა, ამიტომ, სავარაუდოა, რომ ავტორი ამ ანგარიშს დაეყრდნო.

გაეროს პროგნოზით, 2015-დან 2050 წლამდე, მოსახლეობის რაოდენობის შემცირება 43 ქვეყანაშია მოსალოდნელი. ამ სიაში პირველ სამეულში ბულგარეთი, რუმინეთი და უკრაინაა, საქართველო კი მეთხუთმეტე ადგილზეა. კვლევის მიხედვით, საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა 2050 წლისთვის 3 483 000, 2100 წლისთვის კი – 2 438 000-მდე შემცირდება. ქართული ეთნოსის გაქრობის შესახებ ანგარიშში არანაირი ინფორმაცია არ იძებნება.

ამავე ტექსტში ავტორი ქსეონოფობიურ მსჯელობას ავითარებს. “ყოველ დღე უფრო მეტი ქართველი კვდება, ვიდრე იბადება, უფროდაუფრო მეტი მიდის საზღვარგარეთ, მათ ნაცვლად კი უცხოელები ესახლებიან”, - ნათქვამია სტატიის დასაწყისში. ემიგრაციასა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ხაზგასმა ტექსტში რამდენჯერმე მეორდება.

სენსაციური სათაურები, მითები, ზედაპირული ინფორმაცია - მედიის ნაწილი H1N1-ზე

11 იანვრის მონაცემებით, ლაბორატიურად დადასტურდა, რომ საქართველოში H1N1 გრიპის ვირუსით, რომელსაც “ღორის გრიპს” უწოდებენ, 15 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა უმეტესობამ სამედიცინო დაწესებულებას გვიან მიმართა, ან გრიპთან ერთად სხვა ქრონიკული დაავადებაც ჰქონდა.

გრიპის ვირუსის შემთხვევები განსაკუთრებით იანვრის დასაწყისში გააქტიურდა, შესაბამისად, ამ პერიოდიდან გახშირდა მედიაშიც ახალი ამბები H1N1-ს შესახებ. თემას აქტიურად აშუქებს თითქმის ყველა მედია, თუმცა, საიტების ნაწილზე გრიპის ვირუსისა და მისი შედეგების შესახებ ინფორმაცია მეტწილად შუქდება ზედაპირულად, სენსაციური და პანიკის შემცველი სათაურებით, ხშირია დაუდასტურებელი ფაქტები გარდაცვალების მიზეზად გრიპის ვირუსის დასახელებაზე, ვრცელდება სხვადასხვა ტიპის მითები - რამ გამოიწვია საქართველოში ვირუსის გავრცელება, ზოგიერთმა საიტმა კი გამოაქვეყნა რამდენიმე თითქოსდა ხალხური საშუალება და რეცეპტი ვირუსისგან თავის დასაცავად, რაც გადაუმოწმებელია და ზოგ შემთხვევაში ჯანმრთელობისთვის სახიფათოც.

  •  პირველი მასალები H1N1-ზე

გრიპის ვირუსის გაშუქება მედიაში დეკემბრიდან დაიწყო და განსაკუთრებით თვის ბოლოს გააქტიურდა, მაშინ, როდესაც ბათუმში ე.წ. ღორის გრიპით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

მედიის ნაწილი დეკემბერშივე წერდა, რომ ქვეყანაში H1N1-ს ეპიდემიაა, თუმცა ქვეყანაში ეპიდემიის საშიშროებაზე არც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი და არც ჯანდაცვის სამინისტრო ამ დრომდე არ საუბრობს.

„გრიპის ვირუსის მორიგი ეპიდემია საქართველოში - კლინიკებს რეკორდული რაოდენობის პაციენტები მიმართავენ“, - ამ სათაურით 2018 წლის 15 დეკემბერს “რუსთავი 2-ის” 15:00 საათიან გამოშვებაში გავიდა მასალა, რომელშიც საუბარია იმის შესახებ, რომ გრიპის ვირუსის შემთხვევებმა მოიმატა. ამავე დღეს მსგავს თემაზე ახალი ამბები მოამზადეს გამოცემებმა: commersant.ge, newposts.ge, 2020news.ge და mediamall.ge.

  • სენსაციური სათაურები

საიტების ნაწილზე H1N1-ს შესახებ მომზადებული მასალების უმეტესობას სენსაციური და პანიკის შემცველი სათაური აქვს. მაგალითად, „სრული კატასტროფაა, ხალხი პანტაპუნტით კვდება“, „ღორის გრიპით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა“, „ქვეყანაში ეპიდემია მძვინვარებს“, „საავადმყოფოებში ადგილები აღარ არის“ და ა.შ.

მსგავი ტიპის მასალებს ყველაზე ხშირად შემდეგი ვებგვერდები ავრცელებენ: alia.ge, newposts.ge, resonancedaily.com, droni.ge, presa.ge, infonews.ge, cyc.ge, itv.ge, 2020news.ge, news.coa.geexclusivenews.ge.

  • დაუდასტურებელი ინფორმაცია

გამოცემების ნაწილი ვირუსთან დაკავშირებით ხშირად დაუდასტურებელ ინფორმაციას აქვეყნებს, ყოველი ახალი გარდაცვალების შემთხვევას H1N1 ვირუსს იქამდე უკავშირებს, ვიდრე ამის შესახებ ლაბორატორიულად დადასტურდება და ფაქტს ჯანდაცვის სამინისტრო ან დაავადებათა კონტროლის ცენტრი დაადასტურებს.

ასეთი მასალების დიდი ნაწილი შესაძლოა ვინმეს გარდაცვალების შემდეგ ოჯახის წევრის, ან ახლობლის მიერ დაწერილი ემოციური პოსტიც იყოს. ასე მოხდა მაგალითად, 22 წლის სალომე ქემაშვილის შემთხვევაში. მისი გარდაცვალების მიზეზად ე.წ. ღორის გრიპს იქამდე ასახელებდნენ, ვიდრე ეს ლაბორატორიულად დადასტურდებოდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მას გრიპთან ერთად ჯანმრთელობის სხვა პრობლემაც ჰქონდა, რამაც მისი მდგომარეობა დაამძიმა, თუმცა, გარდაცვალების მიზეზად მაინც ცალსახად, მხოლოდ H1N1 სახელდებოდა.

  • ზედაპირული გაშუქება

ასეთი საიტების უმეტესობა ამბავს ზედაპირულად აშუქებს, შემოიფარგლება მხოლოდ გარდაცვლილთა სტატისტიკით, ან უცვლელად აკოპირებს სოციალურ ქსელში ვინმეს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დაავადებისა და გარდაცვალების შესახებ.

ამგვარ ტექსტებში არ არის ინფორმაცია იმის შესახებ, H1N1-ს ასეთი მასშტაბით გავრცელება საქართველოში წელს პირველი შემთხვევაა, თუ გასულ წლებშიც დაფიქსირდა; როგორია დინამიკა წლების მიხედვით (დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ამგვარი სტატისტიკა გამოაქვეყნა); რა მდგომარეობაა სხვა ქვეყნებში; რა არის საჭირო ვირუსის თავიდან ასაცილებლად; რა სიმპტომები აქვს ვირუსს და როდის და ვის უნდა მივმართოთ ამ სიმპტომების არსებობის შემთხვევაში; არ აქვეყნებენ საჭირო დაწესებულებების ცხელი ხაზის, ან სხვა საკონტაქტო ნომრებს და ა.შ.

  • ჯანმრთელობისთვის სახიფათო ინფორმაცია

გრიპის ვირუსის გავრცელებისთანავე სხვადასხვა პლატფორმებზე გაჩნდა მასალები თითქოსდა ვირუსის სამკურნალო, ხალხური საშუალებების შესახებ. სოციალური ქსელის მომხმარებელთა ნაწილი, რუსი ექიმის, ივან ნეუმივაკინის მოსაზრებებზე დაყრდნობით წერდა, რომ ე.წ. ღორის გრიპთან საბრძოლველად ეფექტურია წყალბადის ზეჟანგი ანუ პერეკისი.

მასალები იმდენად ფართოდ გავრცელდა, რომ განმარტებების გაკეთება მოუხდათ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრს. უწყებებში განაცხადეს, რომ არ არსებობს მეცნიერულად დადასტურებული წყალბადის ზეჟანგით მკურნალობის ეფექტურობის შესახებ და მოსახლეობას რეკომენდაციას არ უწევენ.

  • მითები და დეზინფორმაცია

H1N1-ს შემთხვევების გამოვლენისთანავე რამდენიმე გამოცემამ დეზინფორმაციისა და მითების გავრცელება დაიწყო. ასეთ ინფორმაციებს უმეტესად ანტიდასავლური საიტები აქვეყნებენ.

სოციალურ ქსელსა და სხვადასხვა საიტებზე ძირითადად სამი ტიპის მითი ვრცელდება: ღორის გრიპი ლუგარის ლაბორატორიიდან გავრცელდა; ეს არის ხელოვნურად შექმნილი ეპიდემია და ბანანში ღორის გრიპია.

ამათგან, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მითი ე.წ. ღორის გრიპის ლუგარის ლაბორატორიიდან გავრცელების შესახებ. ასეთი ტექსტები იანვრის დასაწყისიდან ვრცელდება და მეტწილად, ფეისბუკის ერთი მომხმარებლის პოსტს ეყრდნობა. ეს მომხმარებლები კი არიან: ქართული მარშის ყოფილი წევრი ლადო სადღობელაშვილი, ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა და ადვოკატი ანა ჟღენტი. მათ პოსტებს საიტები უცვლელად, ყოველგვარი გადამოწმების გარეშე, მტკიცებით ფორმაში აქვეყნებენ.

ასეთ მითს ავრცელებენ: intermedia.ge, for.ge, alia.ge, euronews.ge, digest.pia.ge, 2020news.ge, infonews.ge, tbiliselebi.com, geonews.ge, akhalitaoba.ge, infopostalioni.com, news.coa.ge, timenews.ge, otime.ge, vanoggg.ge, onone.ge, tvm.ge, news.net.ge, plus.kvira.ge, brandnews.ge,  exclusivenews.ge.

ღორის გრიპის გავრეცელებას მედიკამენტების გასასაღებლად, ხელოვნურად შექმნილ ეპიდემიას უკავშირებენ ისეთ საიტებზე, როგორიცაა: primetime.ge, pain.ge, vanoggg.ge, newsmedia.ge, alia.ge, cyc.ge.

მესამე მითი, დავირუსებული ბანანების შესახებ, საიტებზე ისე მასშტაბურად არ გავრცელებულა, როგორც წინა ორი. ასეთი შინაარსის პოსტები უმეტესად სოციალურ ქსელ ფეისბუკში შექმნილ სხვადასხვა გვერდებზე გავრცელდა.

 სექსისტური სათაურები ისრაელში ახალგაზრდა ბიჭის მკვლელობის შესახებ

9 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია ისრაელში 31 წლის კაცის მკვლელობის შესახებ. აღნიშნულ თემაზე პოსტი მომხმარებელმა შოთო სიხარულიძემ გამოაქვეყნა. მან გაავრცელა გარდაცვლილი ახალგაზრდის დედის წერილი, რომელიც ამბობს, რომ მისი შვილი 1 იანვრის ღამეს მოკლა ემიგრანტმა ქალმა და ითხოვს დახმარებას შვილის საქართველოში გადმოსასვენებლად.

იმავე დღეს, სხვადასხვა საიტებზე მომხდარის შესახებ გამოქვეყნდა ახალი ამბავი შოთო სიხარულიძის ფეისბუკის პოსტზე დაყრდნობით. გამოცემების უმეტესობამ გარდაცვლილის დედის ნათქვამი, რომ შვილი ქალმა მოუკლა, დადასტურებულ ფაქტად წარმოაჩინა და სათაურშიც გაიტანა. „ისრაელში ემიგრანტმა ქალმა ქართველი ბიჭი მოკლა“ - ამ ტიპის, სექსისტური სათაურებით გამოაქვეყნა ახალი ამბავი საიტების უმეტესობამ. ასეთი სათაურები გვხდება შემდეგ საიტებზე: resonancedaily.com; infonews.ge; alia.ge; newposts.ge; georgians.gr.

პირველი ახალი ამბის გავრცელების შემდეგ, მალევე, იმავე საიტებზე, ამავე თემაზე, სხვა სტატიაც გამოქვეყნდა, სათაურში კვლავ დანაშაულის ჩამდენ ქალზე აქცენტირებით: „ვინ არის ისრაელში ქალის მიერ მოკლული ქართველი ბიჭი“. ასეთი სათაურები იძებნება პლატფორმებზე: trialeti.ge; newposts.ge; primetime.ge; alia.ge; akhalitaoba.ge; cyc.ge; iposti.ge.

რამდენიმე პლატფორმა შედარებით მოერიდა სექსისტურ და მტკიცებით სათაურს და იმის სათქმელად, რომ დანაშაული ქალმა ჩაიდინა, სხვა გზა აირჩია - გარდაცვლილის დედის, ან შოთო სიხარულიძის ციტირება. მაგალითად: „ისრაელში 31 წლის ქართველი მოკლეს: "ყელში დანა ჰქონდა დარტყმული... ემიგრანტმა ქალმა მოკლაო". მსგავსი სათაურებით გამოაქვეყნეს ამბავი ისეთმა საიტებმა, როგორიცაა: kvirispalitra.ge; ambebi.ge; presa.ge; marneulifm.ge; intermedia.ge; kvira.ge; droni.gebrandnews.ge; umedia.ge.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტის გენდერული საკითხების გაშუქების სახელმძღვანელო წესებში ნათქვამია, რომ მედიამ არათუ ხელი არ უნდა შეუწყოს გენდერული სტერეოტიპების გამყარებას, არამედ უნდა ებრძოლოს მას. მედია უნდა მოერიდოს ამბის მონაწილე პირთა სქესის აღნიშვნას, როდესაც ის რაიმე დამატებით ინფორმაციას არ აძლევს აუდიტორიას.

დემოკრატიის მაჩვენებლის გაუარესება ‘ქრონიკისა’ და ‘მოამბის’ მთავარ გამოშვებებში არ მოხვდა

საქართველოში დემოკრატიის ინდექსის მკვეთრი კლება, რაც The Economist Intelligence Unit-ის კვლევამ აჩვენა, ტელეკომპანია „იმედისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში არ გაშუქდა.

“დემოკრატიის ინდექსის” შესახებ ანალიტიკური კვლევითი კომპანია The Economist Intelligence Unit-ის კვლევა ჟურნალმა “ეკონომისტმა” გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, საქართველოს რეგიონში დემოკრატიის ინდექსის ყველაზე მკვეთრი ვარდნა აქვს. 2018 წელს საქართველოს მაჩვენებელი 5.50 ქულაა (ათქულიანი სისტემით), გასულ წელს კი ეს მონაცემი - 5.93 ქულა იყო.

ამ მაჩვენებლით, საქართველომ, ქვეყნების საერთო რეიტინგში 2018 წელს 89-ე ადგილი დაიკავა, წინა, 2017 წელს კი 79-ე ადგილზე იყო.

აღნიშნული თემა ერთ-ერთი მთავარი იყო რუსთავი 2-სა  მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში,  კვლევის შედგების შესახებ მაყურებელს tv პირველის მტავარ საინფორმაციო გამოშვებაშიც უამბეს და თემა აქტიურად გააშუქდა ონლაინმედიაშიც. იმედისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის 9 იანვრის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში, „ქრონიკასა“ და „მოამბეში“ კი ამ კვლევის შედეგების შესახებ მასალა არ მოუმზადებიათ.

alt