29 ივნისის "თავისუფლების მარში" და საპროტესტო აქცია მაუწყებლების რაკურსით
03.07.2019
ორი კვირაა თბილისში, პარლამენტის წინ, ყოველ საღამოს საპროტესტო აქციები იმართება, რომელშიც ათასობით ადამიანი მონაწილეობს. ხალხის სიმრავლის გამო, დედაქალაქის მთავარ გამზირზე, მეტწილად ქუჩაც იკეტება. ამ აქციებს, რომელიც თავდაპირველად რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის თბილისში ვიზიტს მოჰყვა, ანტისაოკუპაციო აქციები უწოდეს. პროტესტი გამწვავდა მას შემდეგ, რაც აქციის პირველ დღეს ხალხმრავალი საპროტესტო აქცია ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა და შედეგად არაერთი ადამიანი დაშავდა. ახლა აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომაა.

ამბის მასშტაბურობისა და მნიშვნელობიდან გამომდინარე, მე-14 დღეა საპროტესტო აქციები მედიის ერთ-ერთი მთავარი თემაა. ცენტრალურმა მაუწყებლებმა, ამ ამბის გამო, შეცვალეს სამაუწყებლო ბადე და საღამოობით ეთერში სპეციალური გამოშვებით გადიან. თუმცა, სპეციალური გამოშვების ხანგრძლივობა, კადრები, რასაც ამ გამოშვებებში ვხედავთ და მიმდინარე მოვლენების შეფასებები, ერთმანეთისგან, რიგ შემთხვევაში, მკვეთრად განსხვავდება.

საპროტესტო აქციების გაშუქების ტენდენციას “მედიაჩეკერი” პროტესტის მე-10 დღეს დააკვირდა. მაშინ, როდესაც აქციის ორგანიზატორებმა მასშტაბური, ხალხმრავალი საპროტესტო მსვლელობა - თავისუფლების მარში დააანონსეს. “მედიაჩეკერი” 18:00-დან 24:00 საათამდე პერიოდში 4 მაუწყებელს დააკვირდა: ტელეკომპანია “იმედი”, “რუსთავი 2”, ტელეკომპანია “პირველი” და საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სპეციალური გამოშვების დაწყების დრო
 

4-დან 3-მა მაუწყებელმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა, “ტელეკომპანია პირველმა” და “რუსთავი 2-მა”, 29 ივნისის საღამოს, აქციასა და მსვლელობაზე საუბარი 18:00 საათიდან დაიწყო, ტელეკომპანია “იმედმა” კი 19:00 საათზე. 19:00 საათზე, “იმედის” 20:00-საათიანი “ქრონიკის” დაანონსებისას, წამყვანმა თქვა, რომ თბილისში საპროტესტო მსვლელობისთვის ემზადებოდნენ და ამ დეტალებს 20:00-საათიან “ქრონიკაში” ნახავდნენ, თუმცა, “ქრონიკის” სპეციალური გამოშვება დაგეგმილზე ნახევარი საათით ადრე, 19:25 საათზე დაიწყო.

ორ არხს, საზოგადოებრივ მაუწყებელსა და რუსთავი 2-ს საინფორმაციო გამოშვება, არასპეციალური ეთერის დროსაც 18:00 საათზე აქვს. ამ დღისთვის განრიგი, “იმედის” გარდა, შეცვალა “TV პირველმაც”, რომელსაც საინფორმაციო გამოშვებები შაბათ დღეს 17:00 საათზე და შემდეგი 22:00 საათზე აქვს.

alt

alt

alt
alt










სპეციალური გამოშვების ხანგრძლივობა
 

4-დან 2-მა მაუწყებელმა, “რუსთავი 2-მა” და “Tv პირველმა” 29 ივნისის საღამოს სპეციალური გამოშვება საპროტესტო აქციის დასრულებამდე გააგრძელა: “რუსთავი 2” - 23:22 სთ, “tv პირველი” - 23:29 სთ. 2-მა, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა და “იმედმა” სპეციალური ეთერები იქამდე დაასრულა, ვიდრე რუსთაველზე აქცია დამთავრდებოდა, "იმედმა” 22:26 საათზე, პირველმა არხმა კი 22:02 საათზე. (სპეციალური ეთერის დასრულების შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანმა მაყურებელს განუმარტა, რომ აქციის პირდაპირ ეთერში გაშუქება გაგრძელდებოდა მათ ონლაინ პლატფორმებზე და ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე).

ამ ხნის განმავლობაში, ყველა მაუწყებელს ჰქონდა სარეკლამო ჭრები და აქციის, ან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე მომზადებული სხვა თემები, თუმცა მცირე დოზით (იმ დღის ამბავი იყო ასევე ბრიფინგი “ქართულ ოცნებაში”).

alt29 ივნისის საღამოს, შაბათს, “რუსთავი 2-ის” ეთერში გადაცემა “შაბათის კურიერიც” გავიდა. წამყვანს გადაცემა აქციების ეპიცენტრიდან, რუსთაველის გამზირზე მოწყობილი სპეციალური ღია სტუდიიდან მიჰყავდა. გადაცემა 21:00 საათზე, აქციაზე მიმდინარე მოვლენების მიმოხილვით (მარიამ გაფრინდაშვილის ჩართვა) დაიწყო და 22:24 საათზე დასრულდა. გადაცემაში ხუთი სიუჟეტი გავიდა და ყველა მათგანის თემა საპროტესტო აქციები იყო. სიუჟეტებს შორის პერიოდში ეთერში აქციის კადრები გადიოდა, მათ შორის, მაყურებელს მოასმენინეს რამდენიმე გამომსვლელის სიტყვა, ანიტა რაჭველიშვილის სიმღერა და აჩვენეს ბანერის “გახარია წადი” გაშლა. “შაბათის კურიერის” დასრულების შემდეგ “რუსთავი 2-ზე” ისევ “კურიერის” სპეციალური გამოშვება გაგრძელდა.

altტელეკომპანია “იმედზე” კი გადიოდა შაბათის “ქრონიკა”, რომლის ფორმატი სხვადასხვა საკითხების სტუმრებთან ერთად განხილვას ითვალისწინებს. იმ საღამოს “ქრონიკას” 7 სტუმარი ჰყავდა, მათგან 2 სტუდიაში მივიდა, დანარჩენები კი სხვადასხვა ადგილებიდან ერთვებოდნენ. გამოშვების პარალელურად, ეკრანზე გადიოდა აქციის კადრებიც და იმ კონკრეტულ თემასთან ერთად, რაზე სასაუბროდაც კონკრეტული სტუმარი იყო მიწვეული, საუბრობდნენ თბილისში მიმდინარე აქციებზეც, პერიოდულად კი უბრუნდებოდნენ რუსთაველის გამზირს და მაყურებელს ჰქონდა საშუალება მოესმინა აქციაზე გამომსვლელებისთვის.

სტუმრები, რესპონდენტები
 

29 ივნისის საღამოს, აქციების მიმდინარეობისას, ოთხივე მაუწყებელი მაყურებელს ძირითადად აქციაზე მყოფი მოქალაქეებისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერების მოსაზრებებს აცნობდა. თუმცა, განსხვავება რესპონდენტებში, არხებს შორის, მაინც თვალშისაცემია.

ქვემოთ გთავაზობთ ინფორმაციას რესპონდენტების რაოდენობის შესახებ და ამ მონაცემებში, “იმედის” შემთხვევაში, მითვლილია ის რესპონდენტებიც, რომლებიც “შაბათის ქრონიკას” ჰყავდა ეთერში სტუმრად, ან ჩართვით სხვა ლოკაციიდან.

აქვე, ამ მონაცემებში არ შედიან აქციაზე გამომსვლელები, რომელთა მოსმენის შესაძლებლობა, პერიოდულად, პირდაპირ ეთერში ყველა არხის მაყურებელს ჰქონდა.

alt

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე, გამომსვლელების გარდა, მოვისმინეთ ოპოზიციის 13 წარმომადგენლის, აქციის 2 ორგანიზატორისა და 6 მონაწილის (6-დან ერთი იყო არასამთავრობო სექტორიდან) შეფასება.

“იმედის” მაყურებელმა, აქციაზე გამომსვლელების გარდა, იმ საღამოს უსმინა ეთერში მყოფ 7 რესპონდენტს, საიდანაც 6 მმართველი გუნდის წარმომადგენელი იყო და მხოლოდ ერთი ოპოზიციის. მოისმინა ოპოზიციის 4 წარმომადგენლის და აქციის 2 მონაწილის კომენტარი.

“TV პირველზე”, აქციაზე სიტყვით გამომსვლელთა პარალელურად, შესაძლებელი იყო ოპოზიციის 21 წარმომადგენელის, მთავრობის 2 წარმომადგენელის, აქციის 5 ორგანიზატორისა და 23 მონაწილის (მათ შორის იყვნენ: 2 არასამთავრობო სექტორიდან, 7 ხელოვანი, ერთი ფოტოჟურნალისტი) შეფასების მოსმენა.

“რუსთავი 2-ზე” კი, აქციაზე გამომსვლელთა პარალელურად, გავიდა ოპოზიციის 27 წარმომადგენლის, მთავრობის 2 წევრის, აქციის 3 ორგანიზატორისა და 26 მონაწილის (მათ შორის იყვნენ, 8 ხელოვნების სფერდან, 3 ჟურნალისტიკის, 1 პოლიტოლოგი, 1 გარემოსდამცველი აქტივისტი) კომენტარი.

 

წამყვანებისა და ჟურნალისტების კომენტარები აქციაზე საუბრისას

4-დან სამ არხზე, აქციებზე საუბრისას, საინფორმაციო გამოშვებების წამყვანები ან ჟურნალისტები, რომლებიც ჩართვებზე იდგნენ, აქციას რომელიმე პოლიტიკურ ძალას არ მიაწერდნენ. ტელეკომპანია “იმედზე” კი ყურადღებას ამახვილებდნენ იმ ფაქტზე, რომ მსვლელობას ოპოზიციური პოლიტიკური პარტების ლიდერები მიუძღოდნენ, განსაკუთრებული აქცენტი კი "ნაციონალური მოძრაობაზე" კეთდებოდა.

მაგალითისთვის, სპეციალური გამოშვების დასაწყისში, წამყვანმა თქვა:

alt“ეს მსვლელობა დაიგეგმა გუშინ, როგორც იქ შეკრებილმა პოლიტიკოსებმა გუშინვე განაცხადეს, მოხდებოდა მათი აქტივისტების მობილიზება რეგიონებიდან. ჩვენს მაყურებელს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ მიეღო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მოემართებიან რეგიონებიდან სწორედ ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს პარტიის რეგიონული აქტივისტები ამ აქცია-მსვლელობაში მონაწილეობის მისაღებად. თქვენ კადრში სწორედ პოლიტიკოსებს ხედავთ, ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს. ისინი წინ მიუძღვიან ამ აქცია-მსვლელობას” [იმედი, წამყვანი, 19:28სთ, 29 ივნისი, 2019წ]

მსვლელობაში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მონაწილეობაზე საუბრობდნენ სხვა არხებზეც და ცხადია, აჩვენებდნენ კიდეც შესაბამის კადრებს, თუმცა, ამ არხებზე, “იმედის” მსგავსად, “ნაციონალური მოძრაობაზე” განსაკუთრებული აქცენტი არ კეთდებოდა.

მაგალითად, ისევ “იმედის” წამყვანის ტექსტი:

“თქვენ ხედავთ, ამ აქცია-მსვლელობის სათავეში ნაციონალური მოძრაობის ლიდერები იმყოფებიან და ისინი მიუძღვიან სწორედ ამ აქციას, რომელსაც ერთადერთი მოთხოვნა აქვს ამჯერად - ეს არის შს მინისტრის გადადგომა...

მთელი ამ დროის განმავლობაში, აქციის ორგანიზატორები ხაზს უსვამდნენ იმას, რომ ეს არ არის პოლიტიკოსების მიერ დაგეგმილი პროტესტი, აქცია, რომ ამ აქციის სათავეში დგანან რიგითი მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები არიან გამიჯნულები, გვერდზე დგანან, მაგრამ ჩვენ თითქმის ყოველდღე, ამ აქციის მსვლელობას როდესაც ვაკვირდებით, პირდაპირ ეთერში ვხედავთ, რომ პოლიტიკოსები აქტიურად არიან აქციებზე წარმოდგენილნი, რიგ შემთხვევაში სიტყვითაც მიმართავენ იქ მოქალაქეებს. დღეს კი უკვე ვხედავთ, რომ ამ აქციის პირველ რიგებში დგანან და ისინი მოუძღვებიან სწორედ ამ მსვლელობას. როგორც უკვე გითხარით, თავადვე დააანონსეს, რომ რეგიონებიდან ჩამოიყვანდნენ ისინი საკუთარ მხარდამჭერებს და აქტივისტებს და მიიღებდნენ ამ მსვლელობაში მონაწილეობას”. [იმედი, წამყვანი, 19:30 სთ, 29 ივნისი, 2019წ]

altმსგავსი აქცენტი ჰქონდა ჩართვებში იმედის ჟურნალისტსაც. მაგალითად: „აქ მყოფ ადამიანებში საკმაოდ დიდი ნაწილი არიან ამ პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერები და სავარაუდოდ, დღეს ტრიბუნასთან ამ პარტიის ლიდერებს ვიხილავთ“ [იმედი, ჟურნალისტის ჩართვა აქციიდან, 19:33 სთ. 29 ივნისი, 2019წ]

კადრები
 

საპროტესტო აქციების დაწყებიდან დღემდე, მაუწყებლები აქციაზე რამდენიმე კამერით მუშაობენ, მათ შორის, საჰაერო გადაღების კამერებით, ე.წ. დრონით. 29 ივნისის საღამოს დრონით გადაღებული კადრები ოთხივე მაუწყებელმა გამოიყენა, თუმცა, სხვადასხვა დროს, განსხვავებული რაკურსითა და სიხშირით.

მსვლელობის დაწყებამდეც და შემდეგ, მსვლელობის პერიოდშიც, ოთხივე მაუწყებელი მაყურებელს ახლო კადრებით უყვებოდა რა ხდებოდა თბილისში.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საჰაერო გადაღების კამერის მიერ გადაღებული კადრების გამოყენება დაახლოებით 21:00 საათიდან დაიწყო. სპეციალური გამოშვების დაწყებიდან ამ დრომდე, ეთერში სამი სხვადასხვა რაკურსით გადაღებული ახლო კადრები გადიოდა.

21:00 საათამდე ასევე ახლო ხედები და პანორამული ხედები გადიოდა “იმედის” ეთერშიც. 21:00 საათიდან გამოშვების ბოლომდე კი მაყურებელი ძირითადად ხედავდა დრონის კადრს და იშვიათად გამომსვლელების საშუალო ხედით გადაღებულ კადრს.

“TV პირველზე” მუშაობდა 4 კამერა სხვადასხვა ადგილიდან. მაყურებელი ხედავდა აქციის მონაწილეების პანორამულ ხედებს, გამომსვლელების ახლო და საშუალო კადრებს, დრონით გადაღებული კადრი კი მხოლოდ ერთ ეპიზოდში(გიორგი გახარიას ბანერის გაშლისას) იხილა.

TV პირველის მსგავსად, აქციის ახლო კადრები გადიოდა “რუსთავი 2-ის” ეთერშიც. აქ დრონის კადრი პირველად 22:17 საათიდან გამოჩნდა.


[შენიშვნა: სტატიის მთავარ ფოტოდ გამოყენებულია On.ge-ს ფოტო]



დრონის კადრები მაუწყებლებიდან


თეგები : მიმოხილვა;
ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი; მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ

ე.წ. კომენდანტის საათი მედიასაც ეხება - ვინ გასცემს საშვს მედიის წარმომადგენლებისთვის
31 მარტიდან საქართველოში კომენდანტის საათი წესდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 21:00 საათიდან 06:00 საათამდე იკრძალება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება. შეზღუდვა ეხება მედიასაც.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, აღნიშნულ პერიოდში გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ სპეციალური საშვების მქონე პირებისა და ავტომანქანებისთვის. 

ადმინისტრაციის ცნობითვე, სპეციალური საშვების მისაღებად მედიამ წერილობით უნდა მიმართოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურს , 30 მარტის 23:30 საათამდე, ოფიციალურ მეილზე - pressoffice@gov.ge

ოფიციალურ წერილში მითითებული უნდა იყოს მედიასაშუალების წარმომადგენელთა სახელი, გვარი, პირადი ნომერი, თანამდებობა და ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი.

საშვების გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა, რის შესახებაც მედიის წარმომადგენლებს პრესსამსახურისგან ეცნობებათ.
აჭარის TV-ის თანამშრომლების საქმეებზე EMC-მ სასამართლოს მიმართა
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალი ამბების სამსახურის ყოფილი უფროსის, შორენა ღლონტისა და უფროსის ყოფილი მოადგილის, მაია მერკვილაძის თავდაპირველ თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნით, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) 25 და 27 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მაია მერკვილაძისა და შორენა ღონტის გათავისუფლებასა და სხვა თანამდებობაზე გადაყვანაზე, უკანონო და დაუსაბუთებელია.

“მივიჩნევთ, რომ როგორც მაია მერკვილაძის, ისე შორენა ღლონტის მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები კანონმდებლობის უხეში დარღვევითაა მიღებული და სარედაქციო დამოუკიდებლობაზე პასუხისმგებელი პირების სამსახურებრივი უფლებამოსილებების შეზღუდვას ისახავდა მიზნად.

მოსარჩელეთა მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები, რაც ახალი ამბების სამსახურის ხელმძღვანელი პირების მიმართ სამსახურიდან გათავისუფლებასა და პოზიციის ცვლილებაში გამოიხატა, ცალსახად უკანონო და დაუსაბუთებელ ქმედებებს წარმოადგენს, რასაც მაუწყებელში კრიტიკულად განწყობილი სხვა თანამშრომლების მიმართ მიღებული გადაწყვეტილებებიც ადასტურებს. შეგახსენებთ, რომ მაია მერკვილაძისა და შორენა ღლონტის სამსახურიდან გათავისუფლების პროცესს წინ უძღვოდა მთელი რიგი საკადრო ცვლილებები და დისციპლინური დევნის პრაქტიკა, რაც დღემდე გრძელდება”, - ნათქვამია EMC-ის მიერ დღეს, 30 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.

მაუწყებლის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ 24 თებერვალს აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების სამსახურის ყოფილი უფროსი და მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორი მაია მერკვილაძეს თანამდებობიდან გაათავისუფლა და არსებითად განსხვავებულ პოზიციაზე, რადიო მაუწყებლობის სამსახურში გადაყვანა. 28 თებერვალს კი, დისციპლინური მოკვლევის შედეგად, ახალი ამბების სამსახურის უფროსი, შორენა ღლონტი სამსახურიდან გაათავისუფლა. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ, საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციაზე, შორენა ღლონტის გათავისუფლებიდან ერთი თვის შემდეგ, 27 მარტს კონკურსი გამოცხადა.

ცვლილებები შეეხო საინფორმაციო სამსახურის სხვა თანამშრომლებსაც. გიორგი კოხრეიძემ, 13 მარტს გაათავისუფლა მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თეონა ბაკურიძე, 23 მარტს კი მაუწყებლის კორესპონდენტი თეონა ხარაბაძე, რომელიც პოლიტიკურ საკითხებს აშუქებდა, ქუთაისში, ამ ეტაპზე არარსებულ ბიუროში გადაიყვანა. გარდა ამისა, გიორგი კოხრეიძის დირექტორად დანიშვნის შემდეგ მაუწყებელი დატოვა დირექტორის მოადგილე ნათია ზოიძემ.

 
საზოგადოებრივ მაუწყებელზე პროექტი
დღეიდან, 30 მარტიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე პროექტი "ტელესკოლა" დაიწყო. პროექტის ფარგლებში, განათლების სამინისტროსთან ერთად შემუშავებულია გაკვეთილების ცხრილი, რომელიც, კლასების მიხედვით, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საკითხებს მოიცავს.

გაკვეთილები ტარდება 1-დან მე-12 კლასის ჩათვლით, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლების მოსწავლეებისთვის. ამავდროულად, გაკვეთილები მოიცავს როგორც ქართულ, ასევე არაქართულენოვან სექტორს (სომხური, აზერბაიჯანული).

პირველი არხის ცნობით, გარდა ამისა, არხის საეთერო ბადეში განთავსდება დოკუმენტური ფილმების ციკლი „ქართლის ცხოვრება მარიამ ლორთქიფანიძესთან ერთად“ (16 სერია); „არტესა“ და „ბიბისის“ დოკუმენტურ-შემეცნებითი ფილმები, რომლებსაც პედაგოგები სასწავლო პროგრამის ნაწილად გამოიყენებენ. გაკვეთილებს შორის იქნება მცირე ქრონომეტრაჟის სპორტის გაკვეთილები.

საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი, Covid-19-ის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 21 აპრილამდეა შეჩერებული. 

30 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 98 შემთხვევაა დაფიქსირებული, ამათგან, 18 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 21 მარტიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, 23 მარტიდან კი მკაცრი კარანტინის რეჟიმშია მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები.



გარეკანოს ფოტო: საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი
მედიაკოალიცია მთავრობას მოუწოდებს მედიას გადასახადების გადახდა გადაუვადოს
მედიაკოალიცია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რომ ყოველგვარი ჯარიმისა და დამატებითი დარიცხვების გარეშე შეაჩეროს მედიისათვის დადგენილი გადასახადების გადახდის ვადა 2020 წლის ივლისამდე მაინც. ამის შესახებ განცხადება კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრმა ორგანიზაციებმა დღეს, 27 მარტს გაავრცელეს.

“დღეს მედიის შეუფერხებლად მუშაობა, როდესაც COVID-19-თან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, კარანტინისა და თვითიზოლაციის პირობებში მყოფი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია ინფორმაციის მიღება, სახელმწიფოს პასუხისმგებლობას აასმაგებს.

მიგვაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა ვალდებულია დაეხმაროს მედიაორგანიზაციებს შეასრულონ მათი უდიდესი როლი საზოგადოების ინფორმირებულობის უზრუნველსაყოფად.” - ნათქვამია მედიაკოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მედიაკოალიცია განცხადებაში აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ მსგავსი შეღავათები ამერიკაში უკვე გადასახადის ყველა გადამხდელისათვის ამოქმედდა.

შეგახსენებთ, რომ 20 მარტს ტელეკომპანია “მთავარი არხისა” და “TV პირველის” ანგარიშებს ინკასო დაედო. მსგავს კრიზისულ ვითარებაში ტელევიზიებისთვის ინკასოს დადებაში ტელეკომპანიების მფლობელები პოლიტიკურ მოტივს ხედავენ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში კი ირწმუნებიან, რომ პროცესი ავტომატური იყო და კონკრეტულად ტელევიზიებთან მიმართებით ეს გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

20 მარტს განცხადება გაავრცელა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც და შემოსავლების სამსახურს მოუწოდა, გაითვალისწინოს ქვეყანაში არსებული კრიტიკული ვითარება და დროულად მოუხსნას ინკასო ტელეკომპანიებს, რომ ყველა მედიასაშუალებას მიეცეს შესაძლებლობა გააგრძელოს საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება.
აჭარის TV-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდა
შორენა ღლონტის გათავისუფლებიდან ერთი თვის შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა. მსურველებს განცხადების შეტანა დღეიდან, 27 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით შეუძლიათ.

კონკურსი ორეტაპიანია - პირველ ეტაპზე კომისია არჩევს კანდიდატების მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს და დაუკავშირდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კონკურსანტებს, მეორე ეტაპზე კი შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება ჩატარდება. კომისიამ საბოლოო გადაწყვეტილება 28 აპრილამდე უნდა მიიღოს.

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიცია მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც მაუწყებლის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ, დისციპლინარული მოკვლევის საფუძველზე, შორენა ღლონტი 28 თებერვალს სამსახურადან გაათავისუფლა. დირექტორის გადაწყვეტილებას შორენა ღლონტი სასამართლოში ასაჩივრებს.

ბოლო პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს. შორენა ღლონტის გათავისუფლებამდე, მაუწყებლის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ ახალი ამბების სამსახურის უფროსისა და მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორის პოზიციიდან გაათავისუფლა მაია მერკვილაძე და არსებითად განსხვავებულ პოზიციაზე, რადიო მაუწყებლობის სამსახურში გადაყვანა. ასევე, სამსახურიდან გაათავისუფლა მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თეონა ბაკურიძე. გარდა ამისა, გიორგი კოხრეიძის დირექტორად დანიშვნის შემდეგ მაუწყებელი დატოვა დირექტორის მოადგილე ნათია ზოიძემ.

მაუწყებელში განვითარებულ მოვლენებს ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების დაცვაზე მომუშავე ორგანიზაციები საგანგაშოდ აფასებენ.