მცდარ-ბეჭდილ-მძებნი
26.02.2021
კომპიუტერში აკრეფილ ტექსტში მორფოლოგიური და ორთოგრაფიული შეცდომების წითლად მონიშვნა დიდი საქმეა. ბეჭდვისას გაპარულ ე.წ. „კორექტურას“, არასწორად დართულ პირის ნიშნებს, კუმშვა-კვეცისას დაშვებულ შეცდომებსა და სხვა მორფოლოგიური ტიპის „მცდარ ბეჭდილებს“ მიზანში „მცდარ-ბეჭდილ-მძებნი“ ამოიღებს.

რა არის ეს?

მცდარ-ბეჭდილ-მძებნი ტექსტში არსებული შეცდომების მორფოლოგიური შემმოწმებელია. ვებსაიტზე სპეციალურ განყოფილებაში ჩასმულ ტექსტში გაწითლდება მორფოლოგიურად ან ორთოგრაფიულად მცდარი ფორმები. მათზე დაწკაპუნების შემთხვევაში კი სისტემა შემოგთავაზებთ ჩასანაცვლებელი სიტყვების სიას.

მცდარ-ბეჭდილ-მძებნის შემქმნელი მონაცემთა მეცნიერი, ვახტანგ ელერდაშვილია. მასთან ინტერვიუ ონლაინ ჩავწერეთ.

როგორ გაჩნდა იდეა, როგორია სამუშაო პროცესი, რა პრინციპით „ასწორებს“ ნაწერს ვებსაიტი, მორფოლოგიურ შეცდომებთან ერთად კიდევ რა ტიპის შეცდომებს „შეუტევს“ მცდარი ბეჭდილების დაუღალავი მაძებარი უახლოეს მომავალში? რახან ამ რუბრიკას კითხულობთ, მართლმეტყველება თქვენი ინტერესის საგანია და შესაბამისად, ყველა ამ კითხვაზე პასუხიც საინტერესო იქნება თქვენთვის.

როგორ გაჩნდა იდეა?

იდეა დაიბადა სულ სხვა საქმის კეთებისას. ეს ერთგვარი „გვერდითი პროდუქტია“. ბოლო ხუთი წელი გერმანიაში მონაცემთა მეცნიერების სფეროში ვიმუშავე. გენეტიკოსებს ვეხმარებოდი თავიანთი მონაცემების დამუშავებაში. მონაცემთა მეცნიერება, მარტივად რომ ვთქვათ, ქმნის ალგორითმებს, რომლებსაც დიდი რაოდენობის მონაცემების, ე.წ. მეგამონაცემების დამუშავება, კანონზომიერებების აღმოჩენა, ანალიზი და ინტერპრეტირება შეუძლიათ. მუშაობის პროცესში აღმოვაჩინე, რომ რაც გენეტიკაში გენებია, ის ლინგვისტიკაში სიტყვებია. რაც გენომია გენეტიკაში, ის ლინგვისტიკაში არის გრამატიკული ცხრილები, ენაც ისევე განიცდის მუტაციას, როგორც ორგანიზმი და ის მემკვიდრეობით გადმოგვეცემა...

ზოგადად, ჩემი ინტერესი ყოველთვის იყო ბუნებრივი ენის დამუშავების მეთოდოლოგია (NLP), რაც ქართულად, შეიძლება ითქვას, არც გვაქვს. ლინგვისტიკა კი დიდი ხანია, რაც მაინტერესებს, ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან, როცა კროსვორდებს ვადგენდი. ამისთვის ლექსიკონებს ვამუშავებდი და სიტყვებს ვუკირკიტებდი...

ამ საქმიანობამ იმდენად გამიტაცა, პროფესიულ არჩევანზეც კი იმოქმედა. ვისწავლე პროგრამირება, შორეულ 2000-იანებში ქართულ ენაზე კროსვორდის შესადგენი პროგრამა დავწერე, პროგრამისტი გავხდი, შემდეგ ავსტრიაში ვსწავლობდი კომპიუტერულ მეცნიერებას და საბოლოოდ მონაცემთა მეცნიერებაზე შევჩერდი. როცა გადავწყვიტე, ენის კომპიუტერული დამუშავების მეთოდოლოგია შემექმნა, ეს გამოცდილება ძალიან გამომადგა.

ამ ეტაპზე გაჩნდა დიდი დაბრკოლება - ქართულ ენაზე არ იყო ხელმისაწვდომი ტექსტები, რათა კორპუსი შემექმნა. დავიწყე ტექსტების შეგროვება. ორი წელიწადი ვაგროვებდი ტექსტებს. 3500 წიგნი, ფეისბუქის გვერდები, ფორუმების პოსტები, ერთ მილიონამდე „ნიუსი“ სააგენტოებიდან - ეს ყველაფერი გროვდებოდა ჩემს საცავში. სადაც კი რამეს მივწვდი, ყველაფერი გადმოვქაჩე და 24 გიგაბაიტიანი კორპუსი შევაგროვე. მილიარდ ორმოცდაშვიდი მილიონი სიტყვა დამიგროვდა. აქამდე, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მილიარდიანი კორპუსი ქართულად არ არსებობდა და ეს მონაპოვარი თავისთავად ღირებული რამ გახლავთ უკვე.

რა ეტაპზე გადახვედით ამის შემდეგ?

ჩემს მარაგში 9 მილიონზე მეტი უნიკალური სიტყვაა. სიტყვების ვალიდაციისთვის ქართული ეროვნული კორპუსი გამოვიყენე. ეროვნულმა კორპუსმა აჩვენა, რომ დაახლოებით 3 მილიონი მორფოლოგიურად ვალიდური სიტყვაა, სწორად ეს 3 მილიონი სიტყვა დაედო საფუძვლად ქართული ენის კომპიუტერულ მოდელს, რომელიც შევქმენი.

ამ ეტაპზე ეს მოდელი 93 500 არაზმნური სიტყვის ფორმებს და 7500 ზმნის ფუძის (რაც დაახლ. 17500 ზმნის ლემაა) ფორმებს შეიცავს. ყველა ფორმა რომ დავაჯამოთ, რისი გენერაციას მოდელს შეუძლია რამდენიმე ასეულ მილიონ სიტყვას მივიღებთ. ეს წარმოუდგენელი რიცხვია. მაგალითად სიტყვა "მეცნიერს" ქართულში 1000-მდე ფორმის წარმოება შეუძლია, აქამდე ამისი წარმოდგენაც კი არ შემეძლო.

როდის გადაწყვიტეთ, რომ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო პლატფორმა და მეტიც, თითოეულ მსურველს შეძლებოდა წვლილის შეტანა?

პანდემიის დროს კარანტინის პერიოდი წიგნების გაციფრულებას და მოდელის შექმნას მოვანდომე. შემდეგ ჩემმა მეგობარმა, თამარ ფეიქრიშვილმა, რომელიც ჩემი კოლეგაცაა, შემომთავაზა ვებვერსიის გაკეთება. გადავწყვიტე, ეს ყოფილიყო გამჭვირვალე, ღია და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი. ამასთან, ვიკიპედიის მსგავსად, მომხმარებლებს თავადაც მიეღოთ მონაწილეობა დახვეწასა და შევსებაში.

თუ საიტის მომხმარებელი ისეთ სიტყვას წააწყდება, რომელსაც ჩვენი ანალიზატორი „უცნობად“ აღიქვამს, ჩასანაცვლებელ სიტყვებში კი სწორ ვერსიას არ გთავაზობთ, მას შეუძლია „დამატებას“ დააჭიროს და ანალიზატორის ლექსიკური მარაგის შევსებაში მოგვეხმაროს.

რამდენად დაცულია სისტემა იმისგან, რომ ასეთ პირობებში სანდო, გადამოწმებული და სწორი ვერსიები აღმოჩნდეს საბოლოოდ საცავში?

ღია, გამჭვირვალე პროცესი ჩემთვის მნიშვნელოვანია. დიახ, ნებისმიერ მსურველს შეუძლია შესწორება და მისი აზრით სწორი ვარიანტის დამატება, მაგრამ რისკისგან თავის დასაცავად მაქვს ფილტრი, რომელსაც ყველა დამატებული ვარიანტი გაივლის. ეს ფილტრი სანდო სტანდარტს ექვემდებარება - სწორ და საბოლოო ვერსიებად საცავში ხვდება მხოლოდ ის ნორმები, რომლებიც დასტურდება ორთოგრაფიულ ლექსიკონებში. თანაც, მოწმდება ოთხი ორთოგრაფიული ლექსიკონი. თუ ოთხივეში ფორმა ერთია, შემდგომი გადამოწმება აღარ ხდება.

მაგრამ ზოგჯერ ორთოგრაფიულები სხვადასხვა ვარიანტს გვთავაზობენ. ამ შემთხვევაში მე არ მაქვს უფლება, რომელიმეს „მივენდო ბრმად“, ამიტომ ვამოწმებ სპეციალისტებთან - ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამშრომლები ძალიან გვეხმარებიან და საორჭოფო შემთხვევებზე ყოველთვის მათგან ვიღებ რჩევებს.

მაშ, ორთოგრაფიული ლექსიკონები, სპეციალისტთან შეთანხმებული ნორმა და ასევე - გამოყენების სიხშირე გახლავთ ის „დამცავი ბარიერები“, რასაც მომხმარებლის მიერ დამატებული სიტყვა გაივლის, სანამ საბოლოოდ დაიმკვიდრებს ადგილს მცდარ-მძებნელზე. მიუხედავად ამისა, შეცდომებისგან დაზღვეული არ ვართ, ამიტომ ჩვენს მომხმარებლებთან მუდმივი კავშირი სრულყოფის მთავარ საშუალებად მიგვაჩნია.

გამოყენების სიხშირის თვალსაზრისით საინტერესოა, რა მდგომარეობაა. არის ფორმები, რომელთა სწორი, გრამატიკულად გამართული ვარიანტები ცნობილია, მაგრამ ხალხური მეტყველება მაინც „ვერ ირგებს“ და პარალელურ ფორმას იყენებს. საინტერესო იყო სიტყვა „მინახავხარის“ შემთხვევა, რომელიც გრამატიკულად, თითქოს, სწორად მიიჩნეოდა, მაგრამ სპეციალისტებიც კი არ იყენებდნენ და საბოლოოდ, 2016 წლის ორთოგრაფიულში ხალხურ მეტყველებაში დამკვიდრებული „მინახიხარ“ პარალელურ ფორმად ჩაიწერა. რა პარალელური ფორმები გხვდებათ თვალში პროცესში?

მინახავხარ 70-იან წლებში მიიღეს სალიტერატურო ნორმად, თუმცა მაშინაც აღინიშნებოდა, რომ ეს ფორმალური წარმონაქმნი ვერ დაიმკვიდრებდა ადგილს და ასეც მოხდა. აი, ვახსენე, რომ ზოგჯერ ორთოგრაფიულ ლექსიკონებში შეუსაბამობაა ხოლმე. ასეთ დროს გამოყენების სიხშირესაც ვაკვირდები. ვამოწმებ, ყოველ მილიონ სიტყვაზე როგორია გამოყენების სიხშირე და თუ ფორმა ასზე მეტ შემთხვევაში მხვდება, პარალელურ ფორმად მივიჩნევ. შემდეგ ვაზუსტებ სპეციალისტებთან.

ისეც ხდება, რომ სპეციალურ ლიტერატურაში ერთი ფორმაა გამოყენებული და ნორმა სხვაა. ასეთია, მაგალითად, არასწრულწლოვანის/არასრულწლოვნის ფორმა. სისხლის სამართლის კოდექსში შეკუმშულია და 38-ჯერ შეკუმშულადაა მოხსენებული, ორთოგრაფიულებში - ნაწილში შეკუმშულია, ნაწილში - უკუმშველია.

ასევე კონსერვატიულისა და ფაკულტატიურის შემთხვევაშიც არაა მარტივად საქმე. გამოყენების სიხშირით სჭარბობს ფაკულტატური და კონსერვატული, ორთოგრაფიულები კი საპირისპიროს გვიჩვენებს.

იდეალიზება-იდეალიზირება, რეკომენდება-რეკომენდირება - გამოყენების სიხშირის თვალსაზრისით აქაც არაა მკაფიოდ გამიჯნული ფორმები, თუმცა დამკვიდრებულია იდეალიზება-რეკომენდება ფორმები, მაგრამ რას ეყრდნობა ეს გადაწყვეტილება, გაუგებარია. ერთი მხრივ, აღნიშნულია, რომ რუსულის გავლენითაა ამ ფორმებში „ირ“ ჩართული, მაგრამ საიდანაც რუსულში დამკვიდრდა (გერმანულიდან), იქაც ეს ფორმაა. შესაბამისად, გადასაწყვეტია, რატომ ვიღებთ ერთ შემთხვევაში და ვტოვებთ მეორე შემთხვევაში. კასტრირება და რატიფიცირება - ამ ფორმებში შენარჩუნებულია. რეკომენდირება - აქ არა.

რას ენიჭება უპირატესობა?

სანდოობა, სისწრაფე და მრავალფეროვნება - ეს გახლავთ უმთავრესი ღირებულებები, რასაც მუშაობისას ვეყრდნობით. სანდოობა მიიღწევა გამჭვირვალობის გზით და პროცესში ამას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ.

სისწრაფე ახსენეთ. რამდენად სწრაფად იღებს მომხმარებელი „გასწორებულ“, აწითლებულ ვარიანტს?

ბუნებით პერფექციონისტი ვარ. ჩემი სტანდარტი არ არის საშუალო. მოთხოვნები ყოველთვის მაღალი მაქვს. ორი თვე დავხარჯე იმაში, რომ დამაკმაყოფილებელი სიჩქარე მიმეღო. ოცამდე მცდელობა დამჭირდა, რომ მოდელი დამაკმაყოფილებელი სისწრაფის ყოფილიყო. ბოლოს და ბოლოს, ჩემს კომპიუტერში მივიღე ის სიჩქარე, რომელიც მაკმაყოფილებდა. შემდეგ, ვებსაიტზე გადატანისას, სიჩქარემ დაიკლო და ახალი ალგორითმი დავწერეთ, რომელმაც კვლავ სასურველ სიჩქარეზე გაგვიყვანა. ახლა „მძებნელი“ (როგორც მას შემოკლებით უწოდებენ), ტექსტს უსწრაფესად ამოწმებს. წარმოიდგინეთ რომ 1500 გვერდიანი წიგნი (400 ათას სიტყვაზე მეტია ამ წიგნში) შვიდ-რვა წამში მოწმდება სერვერზე.

ვებსაიტზე გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, „მცდარ-ბეჭდილ-მძებნი“ ქართული ენის მოყვარულმა ენთუზიასტების ჯგუფმა შექმნა, რომლებიც საკუთარ თავს „მცდარბეჭდილის საძმოს“ უწოდებენ. გაგვაცანით „ენთუზიასტების ჯგუფი“, „საძმო“...

სულ ორნი ვართ. მე და ჩემი მეგობარი და კოლეგა, თამარ ფეიქრიშვილი. მე ვქმნი შინაარსს - ენის კომპიუტერულ მოდელს და ლექსიკონს, თამარ ფეიქრიშვილი - ფორმას. „მცდარბეჭდილის საძმოს“ სახელწოდებაც თამარის მოფიქრებულია, ტოლკინის „ბეჭდის საძმოს“ ანალოგით. გენდერული ბალანსი „საძმოშიც“ დაცული გვაქვს, ასე რომ სახელდებაში გენდერულ მიკერძოებულობას ნუ დაგვწამებენ.

ცოტა ხნის წინ ფეისბუქის გვერდი გავაკეთეთ, „მცდარბეჭდილის საძმო“, სადაც ვმსჯელობთ ხოლმე აქტუალურ საკითხებზე. თავიდან მეგონა, ჯგუფში მხოლოდ მეგობრები დაემატებოდნენ, მაგრამ მოულოდნელად ძალიან ბევრმა გამოთქვა სურვილი. ემატებიან ენის სპეციალისტები, ენათმეცნიერები, მასწავლებლები. ფასდაუდებელ რჩევებს ვიღებთ ხოლმე მათგან, განვიხილავთ მნიშვნელოვან ენობრივ პრობლემებს, ვბჭობთ, როგორ გავაუმჯობესოთ საიტი, ვიღებთ რჩევებსა და რეკომენდაციებს.

„მცდარ-ბეჭდილ-მძებნზეც“ ვიტყვი. ეს აღმნიშვნელი, მცდარბეჭდილი, ლექსიკონში ვნახე. მომეწონა და „გავაცოცხლე“. ერთხელ ვიხუმრე, ჩემს საიტს მცდარ-ბეჭდილ-მძებნი უნდა დავარქვა-მეთქი და ასეც შერჩა. კარგად მოვირგეთ ეს სახელი. მაგალითად, გუგლით ძიებისას პირდაპირ ჩვენ მოგვადგება მომხმარებელი, გარდა ამისა, ბრენდის სპეციალისტებმაც მოგვიწონეს, როცა უკვე გამოვაქვეყნეთ, ასე რომ ერთი საინტერესო სიტყვაც გავაცოცხლეთ ლექსიკონიდან და უნიკალური სახელიც დავირქვით, თუმცა საიტის დასახელებაზე როცა მიდგა ჯერი, www.spellchecker.ge ვარჩიეთ, ინგლისური ასოებით ჩაწერილი მცდარ-ბეჭდილ-მძებნი არ იქნებოდა კარგი იდეა.

მრავალფეროვნება ახსენეთ. რამდენადაც ვიცი, მხოლოდ მორფოლოგიური შემმოწმებლით არ დაკმაყოფილდებით და სამომავლოდ კიდევ აპირებთ საიტის განვითარებას. რა გეგმები გაქვთ?

სემანტიკური და სინტაქსური შემოწმებაც გვინდა დავამატოთ სამომავლოდ. მაგალითად, საიტის არსებულ ვარიანტში სიტყვათშეთანხმება „ ფული ამიჩუყდა“ არ იქნება მონიშნული მცდარად, რადგან ორივე შემადგენელი სწორად წერია მორფოლოგიურად და ესეც მორფოლოგიური ანალიზატორია. სემანტიკურ ელემენტსაც თუ დავამატებთ, კონტექსტუალური შემოწმებაც დაემატება და ამ შემთხვევაში სისტემა განსაზღვრავს, რომ ფული კი არა, გული უნდა იყოს. ამრიგად, მორფოლოგიურ ანალიზატორზე გაჩერებას არ ვაპირებთ, სიახლეების შესახებ მალე შეიტყობენ ჩვენი საიტის მომხმარებლები.

ასევე ბარბარიზმის ჩასანაცვლებელ მოდულზე ვმუშაობთ. მაგალითად, ტექსტში წერია „დავალაიქე“. გადავწყვიტეთ, რომ ამ შემთხვევაში კი არ გაწითლდეს ფორმა, არამედ გალურჯდეს და ამასთან, გამოვიდეს სწორი ვარიანტიც. ცოტა ხნის წინ ერთმა მომხმარებელმა მოისურვა „ლინეარულის“ დამატება. როცა ბარბარიზმებზე მუშაობა დასრულებული გვექნება, მსგავს შემთხვევებში სწორ ვარიანტს დაინახავს დაინტერესებული პირი და დაიმახსოვრებს კიდეც, რომ „ლინეარული“ ქართულად „წრფივია“.

ამდენად, საიტს შემეცნებითი ფუნქციაც ექნება და გარკვეულ წვლილსაც შეიტანს მშობლიური ენის დაცვაში. მაგალითად, დღეს ბევრმა შეიძლება არ იცოდეს რომ „დუტის“ შესატყვისი „ბამბულაა“. ჩვენს საიტზე რომ მოინიშნება ლურჯად და შეეთავაზება მომხმარებელს შესატყვისი, გააქტიურდება ეს ფორმა და ხალხურ მეტყველებაშიც ადვილად დამკვიდრდება.

მკვლევრებმა, დარგის სპეციალისტებმა, დაინტერესებულმა პირებმა შეიძლება არც იცოდნენ, რომ არსებობს და უკვე შემუშავებულია გარკვეული ტერმინები. თქვენი ინტერნეტსაიტი ამ მხრივ ფასდაუდებელი რესურსი შეიძლება გახდეს. ტერმინთბანკი თუ არის თქვენთვის ხელმისაწვდომი და როდის ექნებათ მომხმარებლებს საშუალება, არსებული შესატყვისები მოიძიონ მცდარ-ბეჭდილ-მძებნზე?

როცა საიტი ამუშავდა, ინტერესი მის მიმართ გაჩნდა და თუ დაფინანსება მოვიპოვეთ, აუცილებლად დავიმატებთ სპეციალისტებს, რათა უფრო სწრაფად შევთავაზოთ ქართულენოვან მომხმარებელს მეტად დახვეწილი მომსახურება. ტერმინთბანკი არსებობს და სპეციალისტები ბევრს შრომობენ ამ მიმართულებით, მაგრამ რამდენმა იცის მისი არსებობა და ვის მიუწვდება ხელი იქამდე? ძალიან მნიშვნელოვანია, ფართო წრისთვის გახდეს ცნობილი, წინააღმდეგ შემთხვევაში თაროებისთვისაა განკუთვნილი და ცოდოა ის შრომა, რაც ქართველმა მეცნიერებმა გასწიეს ტერმინების შემუშავებისთვის. ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამშრომლები ყოველთვის გვეხმარებიან, მათგან სიახლეებსაც ვიგებ ხოლმე.

მაგალითად, ერთ-ერთი მოხსენება მოვისმინე, სადაც შპალის შესატყვისად განძელი (განივი ძელი) იყო შემოთავაზებული. მშვენიერი შესატყვისია, მაგრამ რამდენს ეცოდინება? რამდენი გამოიყენებს? აკადემიური მონაპოვარი და თანამედროვე ტექნოლოგიები საჭირო ტანდემს შექმნიან.

ჩვენ ძალიან გვინდა, ეს პროდუქტი გახდეს მასობრივი. ეს ინტერესი კი საერთოა. საიტი მუდამ იქნება უფასო და ხელმისაწვდომი ყველასთვის, ვისაც ტექსტის გასწორება დასჭირდება. მომავალში ჩვენ გვექნება კომერციული შემოთავაზებებიც, მაგრამ პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მცდარ-ბეჭდილ-მძებნის ძირითადი ვერსია იყოს უფასო, საყოველთაო და სანდო პროდუქტი. ეს ასეც იქნება.

ვრცელმა, საინტერესო და თვალსაჩინოებებით სავსე ინტერვიუმ ბევრი საფიქრალი დამიტოვა. გამოიყო რამდენიმე პრობლემა, რასაც სპეციალისტებიც და დაინტერესებული პირებიც ვაწყდებით ყოველდღიურად. მაგალითად, ის, რომ ორთოგრაფიულ ლექსიკონებში ხშირად სხვადასხვა ვარიანტია მოცემული, ასევე - სხდომებსა და კონფერენციებზე მიღებული გადაწყვეტილებები ნაკლებადაა ხოლმე ხელმისაწვდომი ფართო აუდიტორიისთვის. ამ მხრივ ნამდვილადაა საჭირო გააქტიურება.

ინტერვიუს გაშიფვრა და აწყობა რომ დავასრულე, www.spellchecker.ge-ზე შევედი, დაკოპირებული ტექსტი შესაბამის უჯრაში ჩავსვი და ათზე მეტი შეცდომა სწრაფად და ზედმეტი დროის ხარჯვის გარეშე გავასწორე. ეს მორფოლოგიური შემმოწმებელი სასწრაფოდ დავამატე „სწრაფ-მძებნელ-სანიშნს“ და მზაკვარ კორექტურებსა და გაპარულ მორფოლოგიურ შეცდომებზე ღელვაც წარსულს ჩავაბარე.

ავტორი : ნინო ლომიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ

ლექსო ლაშქარავას საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შსს დააჯარიმა
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, ლექსო ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროების გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრო 2000 ლარით დააჯარიმა. უწყების განმარტებით, მასალის გასაჯაროებას არ ჰქონდა კონკრეტული და მკაფიოდ განსაზღვრული კანონიერი მიზანი.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შეფასებით, შსს-მ დაარღვია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი, რადგან „11 ივლისს სამინისტროს მიერ გასაჯაროებული ვერც ერთი ვიდეოჩანაწერი ვერ პასუხობდა საზოგადოებაში არსებულ მთავარ კითხვას გარდაცვალების კონკრეტულ მიზეზთან დაკავშირებით”. გარდა ამისა, ბრიფინგებზე არ იყო განმარტებული, რა კავშირი ჰქონდა ლაშქარავას გარდაცვალებასთან გასაჯაროებულ ვიდეოჩანაწერებს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ შსს-მ ბრიფინგზე გასაჯაროებული ერთ-ერთი აუდიო-ვიდეოჩანაწერი არაკანონიერად მოიპოვა. საუბარია სამედიცინო დაწესებულებიდან ამოღებულ ჩანაწერზე, რომელიც სამინისტრომ წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე მოიპოვა.

“უდიო-ვიდეოჩანაწერზე წვდომისა და სამედიცინო დაწესებულების კომპიუტერული მოწყობილობიდან მისი გადმოწერის დროს სამინისტროს მიერ არ შედგენილა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ამსახველი რაიმე საპროცესო დოკუმენტი” - წერია განცხადებაში.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის დარღვევის გამო, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა სამედიცინო დაწესებულებასაც და 500 ლარით დაჯარიმდა.



"ტვ პირველის" ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა 11 ივლისს გამთენიისას საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. იგი ერთ-ერთია მედიის 53 წარმომადგენელს შორის, რომელსაც 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილი "ღირსების მარშის" წინააღმდეგ გამოსული ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ჟურნალისტები ცესკოს რეპუტაციის შელახვაში ადანაშაულებენ
ცენტრალური საარჩევნო კომისიის „ინფორმაციული დაცულობის ცენტრმა“ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც 1-10 სექტემბრის ჩათვლით ონლაინ მედიას და ტელევიზიებს აკვირდებოდა. ეს მათი მეორე ასეთი ანგარიშია.

ამ ანგარიშის მიხედვით, 30-ზე მეტ მედიას ცესკოს შესახებ დეზინფორმაციული მასალა აქვს გავრცელებული, მაგრამ ამ ანგარიშში ვერ შეხვდებით კვლევის მეთოდოლოგიას. მედიის დიდი ნაწილის შემთხვევაში კი ვერ იპოვით ბმულებს, რომლებიც დაადასტურებდა, რომ ისინი მართლაც ავრცელებენ დეზინფორმაციულ მასალებს.

რედაქციის შენიშვნა: ამ მასალის გამოქვეყნების შემდეგ, "ინფორმაციული დაცულობის ცენტრმა" 23 სექტემბრის 18:30 საათზე განახლებული ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც შეგიძლიათ ამ ბმულზე ნახოთ. 

„გაუგებრობა“


„ინფორმაციის დაცულობის ცენტრი“ 2020 წელს საპილოტე პროექტის სახით საერთაშორისო ორგანიზაცეიების IFES-სა და USAID-ის მხარდაჭერით დაიწყო. მედიამონიტორინგი კი, რომელსაც 15 ადამიანი ატარებს და 500-ზე მეტ პლატფორმას აკვირდება, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

მათი მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, 16 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე On.ge-მ 5, „პუბლიკამ“ და „ნეტგაზეთმა“ კი 3-3 დეზინფორმაციული მასალა გამოაქვეყნა. თუმცა ვერცერთმა მედიამ ვერ მოისმინა არგუმენტი, რაც ამ დაკვირვების შედეგებს გაამყარებდა.

alt

დოკუმენტის პირველ ვერსიაში „რადიო თავისუფლებაც“ მოხვდა, რაც მოგვიანებით „ტექნიკური შეცდომის“ მიზეზით ცხრილიდან ამოიღეს.

ამ „გაუგებრობის“ გასარკვევად და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მედიის მონიტორინგის ანგარიშთან გაჩენილი შეკითხვების გამო on.ge-ის, „პუბლიკასა“ და „ნეტგაზეთის“ რედაქტორები „ინფორმაციის დაცულობის ცენტრის“ ხელმძღვანელს გივი ხაჭაპურიძეს ცესკოს ინიციატივით შეხვდნენ.

ცესკოს „ინფორმაციის დაცულობის ცენტრის“ განცხადება

23 სექტემბერს, მედიასთან შეხვედრის მეორე დღეს „ინფორმაციის დაცულობის ცენტრმა“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ მედიის მიერ ცენტრის საქმიანობაზე დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე საჭიროება და ასევე ტექნიკური ხარვეზი.

„რადიო თავისუფლებასა“ და „ნეტგაზეთთან“ მიმართებით რაოდენობრივი ანალიზის მომზადებისას, - ავტომატურად მოინიშნა კრიტერიუმი - „დეზინფორმაცია“, რაც აღმოჩენისთანავე გამოსწორდა. „აქცენტნიუსთან“, „პუბლიკასა“ და On.ge-სთან მიმართებით კი, გამოიკვეთა, რომ რაოდენობრივი ანალიზის მომზადებისას აღნიშნული სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაცია მოხვდა დეზინფორმაციის ჭრილში, რაც ასევე წარმოადგენდა მონიტორინგის ხარვეზს და შესაბამისად აღმოიფხვრა.“, - წერია ცესკოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

"ინფორმაციის დაცულობის ცენტრი" ამბობს იმასაც, რომ გუშინდელ შეხვედრაზე მედიასაშუალებებთან კონსულტაციების საფუძველზე განისაზღვრა, რომ მედიის მხრიდან ბალანსის დაცვის საკითხი, ასევე ანალიზის შედეგები უფრო დეტალურად იქნება აღწერილი რაოდენობრივი და თვისებრივი ანალიზის წარმოებისას. „ინფორმაციის დაცულობის ცენტრის“ მიერ გამოყენებული ტერმინოლოგია კი უფრო ზუსტი იქნება და კონკრეტულად ასახავს დეტალებს იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც მოცემული იქნება ანგარიშებში.

„პუბლიკას“, On.ge-სა და „ნეტგაზეთის“ რედაქტორები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ისინი ამბობენ, რომ „ინფორმაციული დაცულობის ცენტრის“ განცხადება მკითხველისთვის ბუნდოვანია და "რასაც ცესკო ხარვეზს და შეცდომას უწოდებს, მედიისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენება და დეზინფორმაციის გავრცელებაში დადანაშაულებაა". 

მედია „ინფორმაციის დაცულობის ცენტრისგან“ შეცდომის აღიარებას ითხოვს

მედიასაშუალებების რედაქტორებმა 22 სექტემბრის შეხვედრაზე გივი ხაჭაპურიძეს მოსთხოვეს, კვლევის შედეგების ფაქტებით გამყარება, ან მიყენებული რეპუტაციული ზიანის აღიარება.

“ეს ანგარიში ინგლისურ ენაზე, სავარაუდოდ, სხვა ორგანიზაცებსაც გადაუგზავნეს. არ ვიცით, ვისთან შეგვილახეს რეპუტაცია, ამიტომ ველოდებით, რომ ცესკო ჩაასწორებს და ამოიღებს ამ ყველაფერს, და აღიარებს, რომ შეეშალა“, - გვეუბნება „ონ.ჯის“ რედაქტორი ხატია ღოღობერიძე.

On.ge-ის „ხუთი დეზინფორმაცია“, როგორც ხატია ღოღობერიძე ამბობს, ერთ მასალაში აღმოჩნდა და როდესაც რედაქციამ ცესკოსგან მისი დაზუსტება მოითხოვა, პასუხად მიიღეს, რომ ეს „ტექნიკური შეცდომაა“.

„დეზინფორმაცია არის განზრახ მოგონილი, ცრუ ინფორმაცია დეზინფორმაციის ობიექტის დისკრედიტაციის მიზნით. ისე ჩანს, თითქოს „პუბლიკაში“ ჟურნალისტი დაჯდა, მოიფიქრა რაღაც ინფორმაცია, მოიგონა, დაწერა და გამოაქვეყნა“ - ამბობს „პუბლიკას“ რედაქტორი ზურა ვარდიაშვილი.

კვლევაში ჩართულ დიაგრამაში მითითებულია, „პუბლიკამ“ 3 დეზინფორმაციული მასალა გამოაქვეყნა. დეზინფორმაციად შეფასდა არასამთავრობო ორგანიზაციის „სამართლიანი არჩევნების“ ერთ-ერთი განცხადება ცესკოს შესახებ და მოძრაობა „სირცხვილიას“ შექმნილი „სამოქალაქო საარჩევნო კომისისს“ მიერ არჩევნებთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადების გაშუქება. ეს მასალები ახალი ამბების სახითაა გავრცელებული და მითითებულია განცხადების წყაროები.

„დეზინფორმაცია მიზანიმართულად გაავრცელა, ან რამე მოიგონაო, ჩვენ არსად გვითქვამს. მხოლოდ ფაქტის კონსტანტაციაა აქ და არანაირი ბრალდება მედიაზე, რომ ისინი არიან დეზინფორმატორები. აქ გაუგებრობის ამბავია, ტერმინოლოგიის ამბავიც შეიძლება იყოს და ჩარტებში სხვანაირი აღქმის ამბავი.“ - ამბობს „ინფორმაციის დაცულობის ცენტრის“ ხელმძღვანელი გივი ხაჭაპურიძე.

ანგარიშში „დეზინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებაზე“ სიტყვა სიტყვით მართლაც არაფერი წერია, მაგრამ ანგარიშში ეს მედიები განმარტების გარეშე, მხოლოდ დეზინფორმაციის შემცველი მასალის გამავრცელებლად არიან მოხსენიებული.

მონიტორინგის მიხედვით, „ნეტგაზეთს“ საკვლევ პერიოდში სამი დეზინფორმაცია აქვს გამოქვეყნებული, თუმცა როგორც გამოცემის რედაქტორი, დავით ქოქოშვილი ამბობს, ცესკომ მათ ვერ აჩვენა მასალა, რითაც ამას დაადასტურებდა.

ინტერესთა კონფლიქტი

„შენს შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ობიექტურად შენვე ვერ შეაფასებ. მედიამონიტორინგს უნდა ატარებდეს გარე, მიუკერძოებელი ორგანიზაცია, რომელსაც არანაირი ინტერესი არ აქვს, რომ მოიტყუოს ან ფატქები შეცვალოს, მისი ერთადერთი ინტერესი არის, რომ დააკვირდეს.“, - ამბობს ნეტგაზეთის რედაქტორი.

ინტერესთა კონფლიქტის პრობლემას ვერ ხედავს „ინფორმაციის დაცულობის ცენტრის“ ხელმძღვანელი და ამბობს, რომ ცესკოს „ქება-დიდებას არ ემსახურებიან“.

„ჩვენ ვართ „ინფორმაციის დაცულობის ცენტრი“, რომელიც მედიაში ეძებს იმ ინფორმაციებს, რომლებიც არის ცესკოსთან დაკავშირებით, შემდგომ ამას ახარისხებს და იმ დეზინფორმაციის შემცველ მასალებზე აკეთებს რეაგირებას. არგუმენტირებული პასუხის გაცემას ვცდილობთ და არამც და არამც არ ვართ დაკავებული ცესკოს ქება-დიდებით.“ - ამბობს ის.

რა არის დეზინფორმაცია ცესკოს კვლევის მეთოდოლოგიის მიხედვით?

დეზინფორმაცია არის იქ, სადაც არის სიცრუე და ტყუილია ცესკოს შესახებ, „მაგრამ ეს აპრიორი არ ნიშნავს იმას, რომ მედიასაშუალება იყო დეზინფორმატორი.“ - ამბობს გივი ხაჭაპურიძე.

„ინფორმაციის დაცულობის ცენტრმა“ დეზინფორმაციად მიიჩნია მედიის მიერ გამოქვეყნებული სხვადასხვა ორგანიზაციის განცხადებებიც, რომლებიც ცესკოს აკრიტიკებენენ.

„თუ მიიჩნევენ, რომ Isfed ავრცელებს მათზე არასწორ ინფორმაციას, დეზინფორმაციაა ეს ან მადისკრედიტირებელია ცესკოსთვის, მაშინ ეს ორგანიზაციების დაკვირვების ნაწილში შესატანი ინფორმაციაა. თუ მედიამ ავტორიტეტული ორგანიზაციის განცხადება გააშუქა ეს დეზინფორმაციად მედიისთვის ვერ ჩაითვლება და სერიოზულ ზიანს აყენებს ჩვენს რეპუტაციას.“ - გვეუბნება „პუბლიკას“ რედაქტორი ლიკა ზაკაშვილი.

გივი ხაჭაპურიძე მიიჩნევს, რომ აქ შესაძლოა მონიტორინგის ანგარიშში გამომოყენებული ტერმინოლოგია იყოს პრობლემა და „ვიზუალურ ნაწილშიც შესაძლებელია ეს ყველაფერი მითითებული ყოფილიყო ისე, რომ აზრთა სხვადასხვაობა არ გამოეწვია“. ის ამბობს, უფრო კონკრეტულები უნდა ვყოფილიყავით, რომ მსგავსი აღქმა არ დარჩენილიყოო.

ცესკოში გამართულ შეხვედრაზე გაირკვა ისიც, რომ თუ ცესკოს შესახებ გავრცელებულ განცხადებას მედია გააშუქებს, ცესკოსთან გადაამოწმებს და მის მხარესაც წარმოაჩენს, მაშინ მედია დეზინფორმაციული მასალების ინფოგრაფიკაში აღარ მოხვდება (იმ შემთხვევაშიც კი, თუ ცესკო მათ კითხვებს არ ან ვერ უპასუხებს).

„პუბლიკას“ რედაქტორი ლიკა ზაკაშვილი მიიჩნევს, რომ ამ მონიტორინგის მეთოდოლოგია გაუგებარი და დაუხვეწავია და „ინფორმაციის დაცულობის ცენტრში“ კარგად არ იფიქრეს, როცა ამას „მედიის მონიტორინგს“ არქმევდნენ.

„შეიძლება მედიას შეუფასო ბალანსის საკითხი, სიზუსტის დაცვის საკითხი და ა.შ მაგრამ დეზინფორმაცა ამ მეთოდოლოგიით არ ფასდება“ - გვეუბნება „პუბლიკას“ რედაქტორი.

დღეისთვის „ინფორმაციის დაცულობის ცენტრს“ ცესკოს ვებგვერდზე 2 ანგარიში აქვს გამოქვეყნებული. მონიტორინგი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დასრულების ჩათვლით გაგრძელდება, ანგარიშების პერიოდულობა კი საინფორმაციო ნაკადების ინტენსივობაზეა დამოკიდებული. ცენტრში ამბობენ, რომ მონიტორინგის ანგარიშები, სავარაუდოდ, ორკვირიანი ინტერვალებით გამოქვეყნდება.
“მთავარი არხის” ინფორმაციით, მაუწყებლის ოპერატორი ლევან აბლოთია ქარელში, “ქართული ოცნების” წევრებმა პარტიის შტაბის მეორე სართულიდან გადმოაგდეს.

ჟურნალისტი ბექა ყორშია, რომელიც ქარელში ოპერატორთან ერთად იყო, გვიყვება, რომ “ქართული ოცნების” შტაბში მერობის კანდიდატის, ზაზა გულიაშვილის ჩასაწერად იყვნენ მისულები:

“გავრცელდა ინფორმაცია, რომ სუსის აგენტია და მქონდა რამდენიმე შეკითხვა. ამ ყველაფერმა გააღიზიანა “ოცნების” წევრები, რომლებიც იყვნენ შტაბში. გამოგვაგდეს. აღარც გვიცდია შეცვლა. ვწერდით სტენდაფს, გამოვარდნენ და გაგვისწორდნენ”.

მისი თქმით, ოპერატორის მდგომარეობა მძიმეა - “მეუბნებოდა ფეხს ვერ ვამოძრავებო, ზურგს და ხელს ვერ ვგრძნობო”. 

"ქართული ოცნების" წევრმა მამუკა მდინარაძემ სპეციალურ ბრიფინგზე თქვა, რომ ბექა ყორშია იქ პროვოკაციის მოწყობას ცდილობდა, რა დროსაც გამოაძევეს შტაბიდან. მისივე თქმით, სიტყვიერი კამათი და დაპირისპირება იყო, თუმცა, არანაირი ფიზიკური შეხება ოპერატორსა და "ოცნების" შტაბის წარმომადგენლებს შორის არ ყოფილა: " "მთავარი არხის" ოპერატორი  უკანა სვლით ტოვებდა ტერიტორიას, რა დროსაც კიბის მოაჯირს წამოედო და გადავარდა და დაეცა კიბის ზედა საფეხურებზე".

"მთავარი არხი" ამბობს, რომ თავდასხმის ვიდეოკადრები გადაღებული აქვთ და მალე გამოაქვეყნებენ. თავის მხრივ, მამუკა მდინარაძეც ამბობს, რომ მათაც ვიდეომასალა გადაღებული და გაავრცელებენ.
ნოდარ მელაძე პროკურატურამ გამოკითხა, დაბარებულები არიან სხვა ჟურნალისტებიც
სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ ფაილებთან დაკავშირებით, “TV პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე პროკურატურამ გამოკითხა.

მელაძე ამბობს, რომ 15 სექტემბერს თბილისის პროკურორი დაუკავშირდა და გამოკითხვაზე დაიბარა, რის შემდეგაც, ადვოკატთან ერთად მივიდა დაკითხვაზე. მისივე თქმით, კითხვების ძირითადი ნაწილი ეხებოდა, თუ რა ფორმით მიიღეს ბმული და რა მიმოწერა ჰქონდათ წყაროსთან.

“გამოძიებას აინტერესებს ის, ვინ გაავრცელა და არა ის, ვინ ჩაწერა. ვინ იდგა ამ უკანონობის უკან - ამის დადგენის განზრახვა გამოძიებას არ აქვს” - ამბობს მელაძე “TV პირველის” ეთერში..

მისივე თქმით, გამოძიებას “ცოტა უცნაური კითხვები” ჰქონდა. მაგალითად, ინტერესდებოდნენ, რა მასალებს გაეცნენ ჟურნალისტები - “მოგვიყევი იქ რაც წაიკითხეო”.

გამოკითხვაზე დაბარებულები არიან სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებიც. “ფორმულას” ინფორმაციით, მათი ჟურნალისტებს, მარტა ქურასბედიანსა და ქეთი ნადიბაიძეს პროკურატურიდან დაუკავშირდნენ და ხვალ, 16 სექტემბერს აპირებენ მისვლას.

რა მოხდა

13 სექტემბერს სხვადასხვა მედიასაშუალებას ელექტრონულ ფოსტაზე „ჰაკიმ ფაშას“ სახელით მიუვიდა ბმული სახელწოდებით, “სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ“.

ღია წყაროზე ატვირთულ ფაილებში, სავარაუდოდ, სასულიერო პირების პირადი ცხოვრების შესახებ წერილობითი დეტალებია ასახული. მასალების ავთენტურობა დადასტურებული არ არის.

სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტებმა დაადასტურეს, რომ ფაილებში მათი საუბრებიც იძებნება. მათ ნაწილს გადაწყვეტილი აქვს, რომ გამოძიების დაწყების მოთხოვნით საგამოძიებო ორგანოეს მიმართოს.

მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე საქართველოს პროკურატურამ გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო. სუს-მა 14 სექტემბერს განაცხადა, რომ პროკურატურასთან თანამშრომლობისთვის მზად არის.
ჟურნალისტები ადასტურებენ, 13 სექტემბერს გაჟონილ ჩანაწერებში მათი საუბარიცაა
ჟურნალისტების ნაწილი ადასტურებს, რომ 13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, გამოჟონილ ჩანაწერებში მათი საუბრებიცაა. ისინი აპირებენ, საგამოძიებო ორგანოებს მიმართონ.

რა მოხდა?

ტელეკომპანია „მთავარის“ წამყვანი ეკა კვესიტაძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ამბობს, რომ 13 სექტემბერს გავრცელებულ მასალებში მისი მიმოწერაც იძებნება.

„ფეისბუქის მიმოწერიდან არის ძალიან ბევრი რამე. მათ შორის ისიც - როგორ მომილოცა დაბადების დღე მელქისედეკმა. ასევე ჩემი ნინია კაკაბაძის მიმოწერა - სადაც ნინიას ვეუბნები, რომ არ ვიცნობ პეტრე ცაავას და მასთან შეხვედრა მაინტერესებს მეთქი. ანუ, რასაც ფეისბუკ ინბოქსში ვწერთ მეგობრებო, ყველაფერი სუსმა იცის.“, - ამბობს ჟურნალისტი. ის იურიდიულ კონსულტაციებს გადის და აპირებს საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოებს მიმართოს.

ჟურნალისტებს გამოძიების დაწყების მოთხოვნით საგამოძიებო ორგანოებისთვის წერილობითი მიმართვისკენ მოუწოდებს იურისტი სულხან სალაძე.

„ კარგად ვიცი, რომ არავინ გამოიძიებს და ისიც კარგად ვიცი, რომ გამოძიების დაწყების ვალდებულება ინფორმაციის გავრცელების მომენტიდან ისედაც არსებობობდა, მაგრამ ამ მარაზმის დასრულება თუ გვინდა ეს მოჯადოებული წრე უნდა დაირღვეს. ჯერ ქვეყნის შიდა მართლმსაჯულების ინსტიტუტების გამოყენების ცდა და მერე საერთაშორისო მექანიზმები”, - წერს სულხან სალაძე "ფეისბუქზე".

ეკა კვესიტაძე ამბობს, რომ არც მას აქვს ამ საქმის გამოძიების მოლოდინი, თუმცა პრეცედენტები უნდა შეიქმნასო. „ყველამ უნდა მივმართოთ და რაღაც დროს შეიძლება სტრასბურგშიც წავიდეს ეს საქმეო“,-გვეუბნება კვესიტაძე.

კონტექსტი

13 სექტემბერს სხვადასხვა მედიასაშუალებას ელექტრონულ ფოსტაზე „ჰაკიმ ფაშას“ სახელით მიუვიდა ბმული სახელწოდებით, “სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ“.

ღია წყაროზე ატვირთულ ფაილებში, სავარაუდოდ, სასულიერო პირების პირადი ცხოვრების შესახებ წერილობითი დეტალებია ასახული. მასალების ავთენტურობა დადასტურებული არ არის.

მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე საქართველოს პროკურატურამ გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.

"იმ მედიასაშუალებებს, რომლებსაც გააჩნიათ აღნიშნული მასალა, მოვუწოდებთ ამჯერად მაინც ითანამშრომლონ გამოძიებასთან და მოგვაწოდონ მათ ხელთ არსებული მტკიცებულებები", - წერია პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში.

ჟურნალისტები გაჟონილ ფაილებში

ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, რომ გაჟონილ ფაილებში მისი და მისი ჟურნალისტების „ვოტსაპში“ საუბარი ამოიცნო.

„ჩემს ნაწილში, ყველაზე ამაზრზენი ჩემი და დეკანოზ მამალაძის სატელეფონო საუბრის კრებსია - ანუ, ადვოკატის და კლიენტის ურთიერთობა, რომელიც ფარულობის სრული პრივილეგიითაა კანონმდებლობით დაცული.“, - წერს გვარამია.

ამავე აპლიკაციაში მისი რესპონდენტთან საუბარი ამოიცნო „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემაც. მელაძე წერს, რომ გაჟონილ მასალებში მისი შვილების შესახებ ნათლობის დეტალებიც იძებნება.



2014 და 2020 წლით დათარიღებულ ფაილებში საკუთარი სახელი ნახა „ფორმულას“ ჟურნალისტმა ვახო სანაიამ.

„მე, ჟიჟი [ნინო ჟიჟილაშვილი], ჩვენი პროდიუსერები და ჟურნალისტები სრული შემადგენლობის სუსის ანგარიშებში. ვინ დავპატიჟეთ გადაცემებში, ვის რა უთხრეს პროდიუსერებმა და ვის რა უპასუხეს“, - წერს სანაია.

13 სექტემბერს გაჟონილ მასალებში თავიანთი საუბრების ამოცნობა დაადასტურეს „ტაბულას“ რედაქტორმა ლევან სუთიძემ და On.ge-ს ყოფილმა რედაქტორმა და „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტმა გელა ბოჩიკაშვილმაც.