„იმედის“ ცნობით, ევროპარლამენტში საქმიანობა 1 წლით აეკრძალათ
14.05.2026
კატეგორია - საქართველო


ბრიტანეთის მიერ სანქცირებული, სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, ევროპარლამენტში 1 წლით საქმიანობა აეკრძალათ. 13 მაისის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ჟურნალისტმა სოფო ბერიძემ აღნიშნა, ამის შესახებ არხმა წერილი ევროპარლამენტისგან ცოტა ხნის წინ მიიღო.

„გადაწყვეტილება მათივე ინფორმაციით, დაეფუძნა „იმედის კვირაში“ გასულ რეპორტაჟს და რასა იუკნევიჩიანესთან გასაუბრების მცდელობას და ასევე, სავარაუდოდ, მეორე ფაქტი ეხება მარკეტა გრეგოროვას მოთხოვნას, რომელიც ევროპარლამენტში ტელეკომპანია „იმედის“ გადამღები ჯგუფის ყოფნამ გააღიზიანა და ეს არც კი დამალა ტელეკომპანია „იმედის“ კამერის წინ. 22 აპრილს მიღებული ოფიციალური გაფრთხილების შემდეგ, ჩვენ წერილობით მივმართეთ შესაბამის სამსახურს თხოვნით, რომ დამატებით განემარტათ, თუ როგორი წესები ჰქონდათ მათ, რას არღვევდნენ ჩვენი კოლეგები, თუმცა ამასთან დაკავშირებით განმარტება არ მიგვიღია. წერილი ტელეკომპანია „იმედმა“ მიიღო მხოლოდ დღეს და ისიც აკრძალვასთან დაკავშირებით“, - თქვა ბერიძემ.



ევროპარლამენტის წერილის მიხედვით, რომლის შინაარსიც თავად არხმა გაავრცელა, „იმედის“ ჟურნალისტმა 6 მაისს, ევროპარლამენტარი თანხმობის გარეშე ჩაწერა, რითაც შიდა განაწესი დაარღვია. ტელეკომპანიამ მსგავს შემთხვევაზე გაფრთხილება 22 აპრილსაც მიიღო. 

Euroscope-ის ინფორმაციით, 22 აპრილს „იმედთან“ ერთად, გაფრთხილება მიიღეს „რუსთავი 2“-მა და POSTV-მაც. წყაროს მიერ გამოცემისთვის მიწოდებულ წერილში ევროპარლამენტი სამთავრობო ტელევიზიების მიერ მე-7 მუხლის დარღვევაზე უთითებს: „მედიის წარმომადგენლებმა სათანადო პატივი უნდა სცენ ევროპარლამენტის შენობებში მყოფი ყველა პირის ღირსებასა და პირად ცხოვრებას“

არხის ცნობითვე, სამთავრობო ტელეკომპანიებს: „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტვს“ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიის გასაშუქებლად აკრედიტაცია არ მისცა მოლდოვამ. ეს სესია წელს სწორედ კიშინიოვში ტარდება. „იმედი“ მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება „პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა და დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმაა“. 

მოლდოვამ სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ გადამღები ჯგუფი ქვეყანაში არ შეუშვა 2025 წლის სექტემბერშიც. მაშინ არხის გადამღები ჯგუფი კიშინიოვში არჩევნების გასაშუქებლად მიდიოდა. 

ევროპარლამენტის მიერ „იმედისთვის“ საქმიანობის აკრძალვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა პოლონელი ევროპარლამენტარ კშიშტოფ ბრეიზა. როგორც ის სოციალურ ქსელ X-ზე წერს, ევროპარლამენტში შესვლა „რუსთავი 2“-სა და „პოსტ ტვ“-საც აეკრძალათ.

დიდმა ბრიტანეთმა ქართული სამთავრობო ტელევიზიები: POSTV და „იმედი“ 2026 წლის თებერვალში დაასანქცირა. ორივე ტელევიზიის შემთხვევაში სანქციის მიზეზად რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ განზრახ გავრცელებული შეცდომაში შემყვანი ინფორმაციებია დასახელებული.

 

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ