IPI: საქართველოში დაუსჯელობის ციკლი მხოლოდ იმ შემთხვევაში გაწყდება, თუ ყველა დამნაშავე აგებს პასუხს
13.05.2026


„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ ეხმაურება სპეციალური დანიშნულების რაზმის იმ თანამშრომლის დაკავებას, რომელიც ჟურნალისტ გურამ როგავაზე ძალადობრივ თავდასხმაშია ბრალდებული და აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს მცირე წინ გადადგმული ნაბიჯია, არ ცვლის საქართველოში ჟურნალისტების უსაფრთხოების საერთო სურათს, სადაც პოლიციისა თუ სხვა სამოქალაქო პირების მიერ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმების აბსოლუტური უმრავლესობა დაუსჯელი რჩება. 

                                         
7 მაისს, ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში - „ნამდვილი ამბავი ელისო ჯარიაშვილთან“ გასული საგამოძიებო სიუჟეტიდან 2 დღეში პროკურატურამ განაცხადა, რომ ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდამსხმელი დააკავა.  

გურამ როგავას 2024 წლის 29 ნოემბერს, გვიან ღამით, რუსთაველზე მიმდინარე პროევროპული აქციის დაშლის პირდაპირ ეთერში გაშუქებისას თავს დაესხა სპეცრაზმელი. მან კისრის მე-7 მალის (მოტეხილობა) და სახის ძვლების მოტეხილობა მიიღო. როგავა დაზარალებულად ცნეს, თუმცა თავდამსხმელი ამ დრომდე დაკავებული არ იყო. 
                                         

საერთაშორისო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სავარაუდო დამნაშავის დაკავება მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც ჟურნალისტურმა გამოძიებამ საჯაროდ მოახდინა პოლიციელის იდენტიფიცირება და არა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩატარებული შიდა გამოძიების შედეგად.

IPI მაღალ შეფასებას აძლევს ტელეკომპანია „ფორმულას“ გუნდის მუშაობას, რომელმაც გურამ როგავაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ჩაატარა და სავარაუდო დამნაშავე გამოავლინა და მოითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს რეპორტაჟის ავტორებისთვის, მათ შორის ელისო ჯარიაშვილისთვის და თავად როგავასთვის. 

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ და გლობალური ქსელი კიდევ ერთხელ გამოხატავს სრულ მხარდაჭერას მამაცი ქართველი ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც სულ უფრო მტრული და სახიფათო გარემოს მიუხედავად საზოგადოების ინფორმირებას აგრძელებენ. ისინი ითხოვენ, რომ მათ შურისძიების შიშის გარეშე მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა მიეცეთ. 

IPI-ის განცხადებით, გურამ როგავაზე თავდასხმაზე პასუხისმგებელი პირი კანონის წინაშე უნდა წარსდგეს, თუმცა, საქართველოში დაუსჯელობის ციკლი მხოლოდ იმ შემთხვევაში გაწყდება, თუ ყველა დამნაშავე აგებს პასუხს.

ორგანიზაციას მოჰყავს Mapping Media Freedom-ის მონაცემებიც, რომლის მიხედვითაც, 2024 წლიდან საქართველოში 148 ჟურნალისტი და მედიის წარმომადგენელი გახდა ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი, რომელთა წყაროც უმეტეს შემთვევაში პოლიცია და სახელმწიფო უსაფრთხოების ძალები იყვნენ.

IPI უთითებს, რომ 2024 წლის ნოემბრიდან დეკემბრამდე პერიოდში დაფიქსირდა პოლიციის მიერ ცრემლსადენი გაზის, წიწაკის სპრეის, წყლის ჭავლის და სხვა ტოქსიკური ნივთიერებების გამოყენების, ასევე მშვიდობიანი საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებისა და თავად დემონსტრანტების მიმართ ფიზიკური ძალადობის შემთხვევები, ამ საქმეების აბსოლუტური უმრავლესობა კი გამოუძიებელი რჩება, რაც დაუსჯელობის კულტურას ამკვიდრებს. 

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ აღნიშნავს ახლახანს ჟურნალისტ გელა მთივლიშვილსა და მანამდე ცოტა ხნით ადრე Adjaratimes-ის დამფუძნებელ სულხან მესხიძესა და „ბათუმელების“ ჟურნალისტ ლელა დუმბაძეზე მომხდარ თავდასხმის შემთხვევებსაც.  

IPI აღნიშნავს, რომ ეს განცხადება Media Freedom Rapid Response-ის ნაწილია, MFRR მექანიზმია, რომელიც აკვირდება, აკონტროლებს და რეაგირებს პრესისა და მედიის თავისუფლების დარღვევებზე ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებში. 

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ