უსაფუძვლობის გამო ამაღლობელის ადვოკატები სააპელაციოსგან ადმინისტრაციული საქმის შეწყვეტას მოითხოვენ
19.05.2025


მზია ამაღლობელის ადვოკატები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოუწოდებენ შეწყვიტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება, რადგან პოლიციამ ამ საქმეზე მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია  მოახდინა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის საჩივარს, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დაჯარიმებას შეეხება, ხვალ, 20 მაისს, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს. 

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, მზია ამაღლობელის სამაგალითო დასჯა და ანგარიშსწორება ჟურნალისტური საქმიანობისა და აქტიური სამოქალაქო პოზიციისათვის რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს:

„ერთ-ერთი საქმე, რომელიც მის წინააღმდეგ სისტემამ წამოიწყო, დაკავშირებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლთან, რაც გულისხმობს პოლიციელისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას. 2025 წლის 11 იანვარს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, მზია ამაღლობელი თავდაპირველად საპროტექსტო სტიკერის კედელზე გაკვრის გამო დააკავა იმ დროისათვის აჭარის პოლიციის უფროსმა, გრიგოლ ბესელიამ. თუმცა, იმის გამო, რომ სტიკერის გაკვრისათვის ადმინისტრაციული წესით დაკავების უფლებამოსილება პოლიციას არ გააჩნია, მზია ამაღლობელის დაკავების ოქმი გააყალბეს და მასში მიუთითეს, რომ თითქოს  მზია ამაღლობელმა ჩაიდინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რომლის საფუძველზეც იგი დააკავეს. მოგვიანებით, ამავე მუხლით შეადგინეს სამართალდარღვევის ოქმი და მზია ამაღლობელს დააბრალეს იმ სამართალდარღვევის ჩადენა, რაც მას არ ჩაუდენია“. 

ეს საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლომ 18 მარტს განიხილა და ორგანიზაციის შეფასებით, სრულიად დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილება მიიღო:

„საქმის განხილვა ატარებდა ფორმალურ ხასიათს, მოსამართლემ არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, მტკიცების ტვირთი გადაანაწილა არასწორად და უსაფუძვლოდ დაეყრდნო მხოლოდ პოლიციელის მიერ მიცემულ ცრუ ჩვენებას და ასევე, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის საფუძველზე შექმნილ 2 ვიდეოფაილს, რომელსაც შემხებლობა არ აქვს განსახილველ საქმესთან.

კერძოდ, მოსამართლე დაეყრდნო იმ ვიდეო ჩანაწერებს, რომელიც ბათუმის პოლიციის სამმართველომ მტკიცებულების სახით წარადგინა სასამართლოში, თუმცა, არც ერთ ამ ვიდეო ჩანაწერს შემხებლობა არ აქვს საქმესთან. ვიდეო ჩანაწერებზე დაყრდნობით შსს ამტკიცებდა, რომ სწორედ ამ ვიდეოში ასახული ქმედების გამო დააკავეს მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით. მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატებმა  სასამართლოს მიუთითა ვიდეოები არ იყო გადაღებული მზია ამაღლობელის დაკავებამდე, მოსამართლემ აღნიშნული მითითება და წარდგენილი მტკიცებულება (მოწმე/ჟურნალისტი, რომელმაც გადაიღო ეს ვიდეო) არ გაითვალისწინა და არც ის მიუთითა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში, თუ რატომ არ გაითვალისწინა დაცვის პოზიცია“. 

როგორც საია აღნიშნავს, მზია ამაღლობელის მიერ 173-ე მუხლის ჩადენის ფაქტს არც ეს კადრები ადასტურებს, რადგან მასში ამაღლობელის უკანონო ქცევა ასახული არ არის:

„იმის გათვალისწინებით, რომ ეს ვიდეო მასალა გახდა მზია ამაღლობელის სამართალდამრღვევად მიჩნევის საფუძველი, ხოლო მისი პირველი დაკავება ასევე დაკავშირებულია სისხლის სამართლის ბრალდების საქმესთან და მისი პატიმრობა დღემდე დასაბუთებულია სწორედ ამ უკანონო ადმინისტრაციული დაკავებით, გვინდა საზოგადოებას წარვუდგინოთ ახალი მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დგინდება, რომ (ა) პოლიციის მიერ წარმოდგენილი 2 ვიდეო ჩანაწერი გადაღებულია მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავებიდან რამდენიმე საათის შემდგომ და ასახავს ბოლო დაკავებულის (ლ. გაბაიძის) დაკავებას, რაც პოლიციამ განახორციელა 00:43 საათზე, ხოლო მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით დააკავეს 22:58 საათზე, და (ბ) პოლიციის ერთადერთი მოწმის, ბათუმის პოლიციის უფროსის მოადგილის გ. ვანაძის ჩვენება არ შეესაბამება სინამდვილეს“.   

ამაღლობელის ადვოკატების განცხადებით, ვიდეო მტიცებულებების ფალსიფიკაციის და მოწმის ცრუ ჩვენების დამადასტურებელი მტკიცებულებები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დამატებით წარუდგინეს და საჩივრით მოითხოვენ, შეწყვიტოს მზია ამაღლობელის წინააღმდეგ დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე მისი უსაფუძვლობის გამო და გააუქმოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული სრულიად უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. 

ისინი მიმართავენ საქართველოს გენერალურ პროკურორსაც დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და „სისხლის სამართლებრივი დევნა როგორც ბათუმის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილის გ. ვანაძის და მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში მონაწილე პოლიციის და შსს-ს სხვა მოხელეთა წინააღმდეგ სსკ-ის 332- (სამსახურებრივ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება), 369-ე (მტკიცებულების ფალსიფიკაცია) და  370-ე (ცრუ ჩვენება) მუხლებით გათვალისიწნებული დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო“.

მზია ამაღლობელის ადვოკატები საჯაროდ მიმართავენ გენერალურ პროკურორს, რომ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ უმოკლეს დროში აცნობოს, რადგან მზია ამაღლობელის პატიმრობა დღემდე სწორედ ამ გაყალბებულ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას ეფუძნება.

 

მზია ამაღლობელის საქმე

„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი 11-12 იანვარს, ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად მზია ამაღლობელი პოლიციამ კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე მეორედ, ირაკლი დგებუაძისთვის, ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს.

15 იანვარს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავების შემდეგ, მზია ამაღლობელს დგებუაძე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და აგრესიულად ეპყრობოდა, მან ამაღლობელს სახეშიც შეაფურთხა.

„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მოსამართლე სალიხ შაინიძემ ადმინისტრაციულ საქმეზე სამართალდამრღვევად 18 მარტს ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა.

პოლიცია „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდა, თუმცა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, საქმეში შესაბამისი ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ იყო და მზია ამაღლობელის წინააღმდეგ პოლიციას ყალბი ადმინისტრაციული დაკავების და სამართალდარღვევის ოქმები ჰქონდა შედგენილი. 

მზია ამაღლობელის დაკავების ოქმში წერია, რომ ის არა სტიკერის გაკვრისთვის, არამედ პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს. თუმცა, ამაღლობელი სტიკერის გაკვრისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით რომ დააკავეს, ამას არსებულ ვიდეოჩანაწერში ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძეც ადასტურებს. 

ადვოკატების განმარტებით, რადგან 150-ე მუხლი დაკავების საფუძველი არ არის, ოქმში 173-ე მუხლი სწორედ იმიტომ ჩაიწერა, რომ მზია ამაღლობელის დაკავების საფუძველი შექმნილიყო. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის წინააღმდეგ, 150-ე მუხლით დაიწყო მეორე ადმინისტრაციული საქმეც. უწყება ამაღლობელს 11 იანვარს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის წინ, დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის გაკვრის გამო იერსახის დამახინჯებას ედავება. ამ საქმეზე სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში 7 მაისს გაიმართა, მოსამართლე მარიანა ფომაევამ მისი განხილვა 9 ივნისისთვის გადადო.

მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა კი ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ის დაკავების დღიდან, 38 დღე შიმშილობდა.

მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას 300-ზე მეტი ჟურნალისტი, რედაქტორი, მედიამენეჯერი და პრესის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უფლებების დამცველი 80-ზე მეტი ორგანიზაცია ითხოვს. 18 მარტიდან „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელისა და დირექტორის სასამართლო პროცესების მონიტორინგი დაიწყო მსახიობ ჯორჯ კლუნისა და უფლებადამცველ ამალ კლუნის ფონდმა. ამაღლობელის საქმეში სამართლიანობის მოთხოვნით კამპანია დაიწყო ადამიანის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-მაც. 

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ მზია ამაღლობელის სახელით მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც.

ამაღლობელმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძისა და სოზარ სუბარის წინააღმდეგაც. მოსარჩელე კობახიძის, მდინარაძის და სუბარის მიერ მედიასაშუალებებით, სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებების ცილისწამებად მიჩნევას და იმავე საშუალებით მათ უარყოფას ითხოვს. 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ