ჟურნალისტებმა მზიას თავისუფლებისთვის მოძრაობა დააფუძნეს
30.05.2025


„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით ჟურნალისტების მოძრაობა დააფუძნეს. მას ნინო ზაუტაშვილი უხელმძღვანელებს.

ნინო ზაუტაშვილი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან 11 აპრილს გაათავისუფლა. ტელევიზიის მენეჯმენტმა დახურა გადაცემა „რეალური სივრცე“ და არხიდან გაუშვა მისი გუნდის წევრებიც. ისინი „პირველი არხის“ სარედაქციო პოლიტიკას ღიად აკრიტიკებენ და პოლიტიკურ გავლენებზე საუბრობენ. 

ზაუტაშვილმა სამი კრიტიკული ტელევიზიის სპეციალურ ერთობლივ ეთერში თქვა, რომ მოძრაობა ჟურნალისტის ტყვეობას არ შეეგუება და მზიას თავისუფლებისთვის ყველა ადგილობრივ თუ საერთაშორისო პლატფორმას გამოიყენებს:

„ჩვენი კოლეგა არის სინდისის პატიმარი. მას ებრძვის სისტემის ყველა მანქანა ერთდროულად. მის პატიმრობას ჩვენ, ჟურნალისტები, დამოუკიდებელი მედიების წარმომადგენლები განვიხილავთ თავდასხმად სიტყვის თავისუფლებაზე, მისი მოგუდვის, გაჩუმების, მოთვინიერების მცდელობად. სწორედ ამიტომ აქ შეკრებილი ადამიანების უმეტესობა და არაერთი სხვა კოლეგა, რომელიც დღეს აქ სტუდიამ ვერ დაიტია, ვაფუძნებთ მოძრაობას მზიას თავისუფლებისთვის. მასში გაერთიანებული ადამიანები მოვითხოვთ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, მზიას არ ჩაუდენია სისხლის სამართლის დანაშაული და იგი ისჯება ჟურნალისტური საქმიანობის გამო და არის სინდისის პატიმარი“. 

სპეციალური ეთერის დასაწყისში აჩვენეს „საქართველოს ამბების“ მიერ მომზადებული ფილმი - „ყველაფერი მზია ამაღლობელის საქმეზე“. გამოცემის დამფუძნებელმა და რედაქტორმა, გელა მთივლიშვილმა ისაუბრა მოძრაობის გეგმებსა და მიზნებზე:

„ბოლო 30 წლის განმავლობაში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, არ მახსოვს ასეთი რთული პერიოდი ჰქონოდეს თავისუფალ მედიას, როგორიც ახლა აქვს. [...] მე არ ვიცი, რა იქნება ხვალ, მაგრამ ვიცი, რა ხდება დღეს, რომ ერთ-ერთი ჩვენი კოლეგა არის ციხეში. ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება ყოფილიყო მის ადგილას და ჩვენ არ გვაქვს უფლება, ამას ხშირად ვამბობ, არ გავაკეთოთ ყველაფერი ჩვენი კოლეგის გამოსახსნელად „ქართული ოცნების“ რუსული რეჟიმის ტყვეობიდან. 

ამ მოძრაობის მიზანია, რომ ჩვენ ვეუბნებით რუსულ რეჟიმს, ივანიშვილის კომისრებსა და ადმინისტრატორებს, არ დაგითმობთ მზიას, არ დაგითმობთ თავისუფლებას, რომელიც ჩვენთვის ასე ძვირფასია. ყველაფერს გავაკეთებთ, დავგეგმავთ ღონისძიებებს და აქტივობებს, რომ მზია ვიხსნათ ტყვეობიდან და  მაქსიმალური სიზუსტით დავაკვირდეთ სინდისის სხვა პატიმრების საქმეებს. მიუხედავად იმისა, რომ რუსული რეჟიმი აპირებს უკვე რამდენიმე დღეში თავისი მიღებული დრაკონული კანონებით აგვკრძალოს, გაგვაქროს ამ ქვეყნიდან თავისუფალი მედიები, რომლებიც საერთაშორისო მხარდაჭერით ვსარგებლობთ და მოვედით დღემდე, ჩვენ ვეუბნებით მათ, რომ ეს ვერ მოხდება“.

„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი 11-12 იანვარს, ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად მზია ამაღლობელი პოლიციამ კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე მეორედ, ბათუმის პოლიციის უფროსისთვის ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს.

15 იანვარს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავების შემდეგ, მზია ამაღლობელს დგებუაძე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და აგრესიულად ეპყრობოდა, მან ამაღლობელს სახეშიც შეაფურთხა.

„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მოსამართლე სალიხ შაინიძემ ადმინისტრაციულ საქმეზე სამართალდამრღვევად 18 მარტს ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა.

პოლიცია „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდა, თუმცა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, საქმეში შესაბამისი ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ იყო და მზია ამაღლობელის წინააღმდეგ პოლიციას ყალბი ადმინისტრაციული დაკავების და სამართალდარღვევის ოქმები ჰქონდა შედგენილი. 

მზია ამაღლობელის დაკავების ოქმში წერია, რომ ის არა სტიკერის გაკვრისთვის, არამედ პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს. თუმცა, ამაღლობელი სტიკერის გაკვრისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით რომ დააკავეს, ამას არსებულ ვიდეოჩანაწერში ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძეც ადასტურებს. 

ადვოკატების განმარტებით, რადგან 150-ე მუხლი დაკავების საფუძველი არ არის, ოქმში 173-ე მუხლი სწორედ იმიტომ ჩაიწერა, რომ მზია ამაღლობელის დაკავების საფუძველი შექმნილიყო. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის წინააღმდეგ, 150-ე მუხლით დაიწყო მეორე ადმინისტრაციული საქმეც. უწყება ამაღლობელს 11 იანვარს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის წინ, დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის გაკვრის გამო იერსახის დამახინჯებას ედავება. ამ საქმეზე სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში 7 მაისს გაიმართა, მოსამართლე მარიანა ფომაევამ მისი განხილვა 9 ივნისისთვის გადადო.

მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა კი ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ის დაკავების დღიდან, 38 დღე შიმშილობდა.

მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას 300-ზე მეტი ჟურნალისტი, რედაქტორი, მედიამენეჯერი და პრესის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უფლებების დამცველი 80-ზე მეტი ორგანიზაცია ითხოვს. 18 მარტიდან „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელისა და დირექტორის სასამართლო პროცესების მონიტორინგი დაიწყო მსახიობ ჯორჯ კლუნისა და უფლებადამცველ ამალ კლუნის ფონდმა. ამაღლობელის საქმეში სამართლიანობის მოთხოვნით კამპანია დაიწყო ადამიანის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-მაც. 

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ მზია ამაღლობელის სახელით მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც.

ამაღლობელმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძისა და სოზარ სუბარის წინააღმდეგაც. მოსარჩელე კობახიძის, მდინარაძის და სუბარის მიერ მედიასაშუალებებით, სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებების ცილისწამებად მიჩნევას და იმავე საშუალებით მათ უარყოფას ითხოვს. 

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ