SPJ-იმ საქალაქო სასამართლოს მანდატურების მხრიდან „პუბლიკისა“ და „ფორმულას“ ჟურნალისტებზე თავდასხმისა და მუქარის გამო განგაშის სიგნალი გამოსცა
06.10.2025


ევროსაბჭოს „ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმამ“ თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურების მხრიდან „პუბლიკისა“ და „ფორმულას“ ჟურნალისტებზე თავდასხმისა და მუქარის გამო განგაშის სიგნალი გამოსცა.

1 ოქტომბერს კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრის, გელა ხასაიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაური და დაპირსპირება მოჰყვა.

გამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტის, მინდია გაბაძის თქმით, ამ დღეს მანდატურის სამსახურის უფროსს, დავით მატიაშვილს სამჯერ ჰქონდა მცდელობა ფიზიკურად გასწორებოდა:

„ “გელას პროცესის დაწყებამდე დავით მატიაშვილი პირადად დამემუქრა სხვა მანდატურების პირისპირ, რომ გადაღების შემთხვევაში, „პოლიციას გამოიძახებდა და გვერდით ოთახში შემიყვანდა“. იქვე აღნიშნა, რომ იცის რასაც და როდის ვიღებ. ეს, რა თქმა უნდა, სამართლებრივ ჩარჩოებში ძალით მოქცეული მუქარა იყო - იმას ერიდება, რომ პირდაპირ მითხრას - ოთახში შეგიყვან და დაგლეწავო.

დღეს სასამართლოს შენობაში არაფერი გადამიღია. ამის მიუხედავად, გელას პროცესის დასრულების შემდეგ, როცა მანდატურებმა ძალის გამოყენებით დამსწრეთა და ჟურნალისტების გადაწყვეტილება მიიღეს, წყნარად და მშვიდად ვტოვებდი შენობას.

დავით მატიაშვილს სამჯერ ჰქონდა მცდელობა (ორჯერ შენობაში და ერთხელ ეზოში), რომ ფიზიკურად გამოსწორებოდა - წიხლის ამორტყმით და ხელის ჩაბღაუჭებით. კიდევ ორი შემთხვევა იყო, სხვა, ახალბედა მანდატურმა პირდაპირ კისერში ჩამავლო ხელი. ყოველ ჯერზე შოკისგან უმოძრაოდ ვიყავი და ჩემი რედაქტორი, ნათია [ამირანაშვილი] გლეჯდა ჩემს თავს მანდატურებს. მეხმარებოდნენ აქტივისტებიც.

არ ვიცი, რა აქვთ ჩაფიქრებული და რამეს თუ გეგმავენ, მაგრამ უკვე ისეთი კომფორტი მოიწყვეს, რამე რომ დააბრალონ ნებისმიერს, საპირისპიროს ვერავინ დაამტკიცებს“, - დაწერა გაბაძემ სოციალურ ქსელში.

ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის, ნატალი ჯახუტაშვილის თქმით კი, მანდატურის სამსახურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ტელეფონი წაართვა და უკან გატეხილი დაუბრუნეს.

SJP-ი თავდასხმების სწრაფ და საფუძვლიან გამოძიებას, დამნაშავეების გამოვლენას და მათ დასჯას მოითხოვს.

საქართველოში დამოუკიდებელ და კრიტიკულ მედიას მუშაობა რთულ გარემოში უწევს. 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს. ის 8 თვეზე მეტია უკანონო პატიმარია. 
„ქართულმა ოცნებამ“ ერთიმეორის მიყოლებით მიიღო მედიის შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები. მნიშვნელოვნად შეიზღუდა მედიისთვის სასამართლოში მუშაობაც.
31 მაისიდან ამოქმედდა „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტიც“, რომელსაც „ქართული ოცნება“ ამერიკული FARA-ს სიტყვასიტყვით ნათარგმნს უწოდებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები კი მიიჩნევენ, რომ ის მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ორგანიზაციებისა და მედიების გაჩუმებას, დისკრედიტაციასა და დევნას. 
ანტიკორუფციულმა ბიურომ მედიის ნაწილს წერილობით უკვე აცობა, რომ დაწყებულია წარმოება მათი საქმიანობის „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობის დადგენის მიზნით და მედიაორგანიზაციებისგან სხვადასხვა კატეგორიის მოცულობითი ინფორმაცია გამოითხოვა.
სატელევიზიო მაუწყებლობა შეწყვიტა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილმა ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა ნინო ზაუტაშვილი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი; დახურა გადაცემები „რეალური სივრცე“, „ამ შაბათ-კვირას“ და მათი გუნდის წევრებს, რომლებმაც ახალ შეთავაზებაზე უარი თქვეს, ხელშეკრულებები შეუწყვიტა. ისინი რამდენიმე თვეა „პირველი არხის“ სარედაქციო პოლიტიკას ღიად აკრიტიკებენ და პოლიტიკურ გავლენებზე საუბრობენ.
კრიტიკული ტელევიზიების წინააღმდეგ საჩივრებით „ქართულმა ოცნებამ“ მიმართა კომუნიკაციების კომისიასაც. მიმართვის საფუძველი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ის ცვლილებები გახდა, რომლითაც კომისიას აქამდე თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა მიეცა. ComCom-მა ისინი სამართალდამრღვევებად „მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევისთვის“ ცნო.
„მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრმა” ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 2024 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის ოქტომბრამდე, საქართველოში ჟურნალისტის, მედიასაშუალებებისა და მედიის უფლებებზე მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ მომხდარი 434 ინციდენტი აღრიცხა.
ამასთან, დღემდე არ დასჯილან გასულ წელს, პროევროპული აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე (გურამ როგავა, ალექსანდრე ქეშელაშვილი, მაკა ჩიხლაძე, გიორგი შეწირული და სხვები) თავდამსხმელები.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ