რეგიონული ტელეკომპანია „თრიალეთის“ განცხადებით,
2026 წლის 9 იანვარს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა
კვლავ ინკასო დაადო.
„უკვე ცამეტი დღეა, ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური, არ გვპასუხობს, წერილობით მიმართვებზე და სატელეფონო ზარებზე. ამ დროის განმავლობაში, სრულიად პარალიზებულია ტელე-რადიო კომპანიის საქმიანობა და ვდგავართ მაუწყებლობის გათიშვის რეალური საფრთხის წინაშე.
უკვე შეუძლებელია იმის დათვლა, რამდენჯერ დაგვიდეს და მოგვიხსნეს ინკასო, რამდენჯერ ჩამოგვეჭრა თანხები და რამდენჯერ შეიზღუდა ჩვენი საქმიანობა.
განსაკუთრებით საგანგაშოა ის გარემოება, რომ ინკასოს ყოველი ახალი დადება ემთხვევა „თრიალეთის“ ეთერში გასულ კრიტიკულ მასალებს.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 10 ივლისს მთავრობას ოფიციალურად მივმართეთ საგადასახადო შეთანხმების მოთხოვნით. ამ განცხადების განხილვისა და პასუხის გაცემის კანონით განსაზღვრული ვადა ამოიწურა 2025 წლის 19 ნოემბერს, თუმცა დღემდე არც პასუხი და არც რაიმე ოფიციალური განმარტება არ მიგვიღია.
პასუხის მიღებამდე საინკასო დავალების ხელახლა დადება, ხელისუფლების მხრიდან არის გაუმართლებელი, უკანონო და დამაზიანებელი მოქმედება, რომელიც პირდაპირ საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიის არსებობას!“ - წერს ტელევიზია.
ტელეკომპანია „თრიალეთი“ ინკასოს დაუყოვნებლივ მოხსნას, პროცესის კანონის ფარგლებში გაგრძელებას და იმის უზრუნველყოფას მოითხოვს, „რეგიონულ მაუწყებელს არ შეუწყდეს საქმიანობა და მოსახლეობას არ მოესპოს ინფორმაციის მიღების უფლება“.
„თრიალეთის“ განცხადებით, „სამწუხაროდ, ქვეყანაში კვლავ მოქმედებს შერჩევითი სამართალი — მაშინ, როცა ხელისუფლებასთან დაახლოებული მედიასაშუალებები, ათეულობით მილიონი ლარის დავალიანების მიუხედავად, ინკასოსგან თავისუფლები არიან, დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ კი, ასჯერ ნაკლები დავალიანების გამო, იგივე მექანიზმი გამოიყენება როგორც დასჯისა და გაჩუმების იარაღი. ეს არის აშკარა უსამართლობა და პირდაპირი შეტევა მედიის თავისუფლებაზე“.
ტელეკომპანიამ ანგარიშებზე ინკასოს დადების შესახებ განცხადება 2025 წლის 30 ივნისსაც გაავრცელა.

