TI: „ვინ არიან ივანიშვილის ახალი ცენზორები კომუნიკაციების კომისიაში?“
29.04.2026


„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ კომუნიკაციების კომისიის ახალ წევრად ბრიტანეთის მიერ სანქცირებული „იმედის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსის, ანი ვაზაგაშვილის არჩევის შემდეგ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც აღნიშნულია თუ ვინ არიან ComCom-ის ძველი და ახალი წევრები, რა ნიშნით არიან ისინი შერჩეულნი და რა აკავშირებთ მათ „ქართული ოცნებასთან“. 

„“ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცების პირობებში, წლებია, რაც კონკრეტული სახელმწიფო უწყებები სხვადასხვა ჯგუფის მიზანმიმართული დევნისა და დისკრედიტაციის მიზნით გამოიყენება. მათ შორის არის კომუნიკაციების კომისია, რომელიც უკვე ბევრი წელია კრიტიკული მაუწყებლების დასჯისა და გაჩუმების ინსტრუმენტად გვევლინება, რაშიც მმართველ გუნდს აქტიურაც ეხმარებიან პარტიული კუთვნილებისა და ლოიალობის ნიშნით შერჩეული წევრები“, - წერს TI.

 რა როლს ასრულებს კომისია პრაქტიკაში?

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, კომუნიკაციების კომისია სატელეკომუნიკაციო სფეროს მარეგულირებელი, ხელისუფლების ყველა შტოსგან დამოუკიდებელი ორგანოა, ის მმართველი პარტიისადმი ლოიალური კომისიონერებით არის დაკომპლექტებული და გადაწყვეტილებებიც ერთსულოვნად, მმართველი გუნდის ინტერესების გათვალისწინებით მიიღება. ორგანიზაციის განცხადებით, ComCom-ს ხელისუფლება კრიტიკული მედიის წინააღმდეგ სადამსჯელო იარაღად იყენებს:

„განსაკუთრებით დასამახსოვრებელი კომისიაში კახა ბექაურის 9-წლიანი თავმჯდომარეობის პერიოდი იყო (ბექაურის შესახებ მეტი დეტალისთვის მიჰყევით ბმულს), როდესაც კომისიამ კრიტიკული მაუწყებლების წინააღმდეგ არაერთი პრობლემური გადაწყვეტილება მიიღო, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მათ, როგორც ფინანსური თვალსაზრისით, ისე თავისუფალი გამოხატვის კონტექსტში. სწორედ დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმართული სისტემური რეპრესიული პოლიტიკის მხარდაჭერამ და მასში თანამონაწილეობამ განაპირობა უკრაინისა და ლიეტუვის მიერ ბექაურის დასანქცირებაც. ამასთან, 2025 წლის თებერვალში, ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციაში ქართული „ოცნების წევრებისა“ და მათთან დაკავშირებული ელიტის, მათ შორის, კახა ბექაურის დასანქცირებაც მოითხოვა“.

როგორც TI-ი წერს, კახა ბექაურის „მძიმე მემკვიდრეობა“ „ქართული ოცნების“ ყოფილმა მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოგა გულორდავამ გადაიბარა, რამაც კიდევ უფრო გაამძაფრა მოლოდინი და საფრთხის განცდა, რომ კომისია უფრო მეტად მოექცევა პარტიული გავლენის ქვეშ და ხელისუფლება კომისიის გამოყენებით,  ფინანსური სანქციების დაწესების გზით, კრიტიკული მაუწყებლების პარალიზებას შეეცდება.

ორგანიზაციისთვის ამ მოლოდინს კიდევ უფრო ამძაფრებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში გასულ წელს მიღებული ის ცვლილებები, რომლითაც მნიშვნელოვნად გაფართოვდა კომისიის უფლებამოსილება და მას მაუწყებლების შინაარსში ჩარევისა და კონტროლის ბერკეტი გადაეცა:

„საფრთხე რომ რეალურია, ამას ახალი თავმჯდომარის პიროებებში, კომუნიკაციების კომისიის მიერ 6 მარტს გავრცელებული განცხადებაც მოწმობს, რომელშიც კომისიამ ღია მხარდაჭერა გამოუცხადა დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებულ ორ პროსამთავრობო პროპაგანდისტულ ტელევიზიას „იმედსა“ და „პოსტვის“ და ხაზი გაუსვა, რომ სანქციები „მიმართულია როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს შორის სამართლიანი კონკურენციის შეზღუდვისკენ, ისე ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის შეფერხებისკენ“. საპირწონედ, კომისია იქვე დაემუქრა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებს, რომ სრულად აამუშავებს გასულ წელს დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიღებულ რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც სანქციის სახით დაჯარიმებას, მაუწყებლობის შეჩერებას ან ლიცენზიის შეწყვეტას გულისხმობს.

კომისიამ მუქარა სისრულეში 8 აპრილს მოიყვანა და კრიტიკული მაუწყებლები - „ტვ პირველი“ და „ფორმულა“ წერილობით გააფრთხილა. კომისია მაუწყებლებს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 52-ე და 54-ე მუხლების დარღვევას ედავებოდა შემდეგი სიტყვებისა და ფრაზების გამოყენებისთვის: „რეჟიმი“, „ოცნების პროკურატურა“, „ოლიგარქის გუნდი“, „ოცნების მთავრობა“, „ივანიშვილის პრემიერმინისტრი“, „ივანიშვილის დეპუტატი“, „ქართული ოცნების პოლიცია“, „ე.წ. განათლების რეფორმა“, „აქტივისტებზე ნადირობის ღამე“ და სხვ. კომისიის მიერ ყოველი შემდგომი ასეთი „დარღვევის“ შემთხვევაში, ტელევიზიები ფინანუსრი სანქციების დაწესების, ასევე მაუწყებლობის ლიცენზიის შეჩერება/შეწყვეტის საფრთხის წინაშე დგებიან.

ამასთან, კომისიის ეს გადაწყვეტილება საგანგაშო პრეცედენტს ქმნის სიტყვისა და გამოხატვის თავისფლების კუთხით და აწესებს პირდაპირ ცენზურას. ამდენად, გადაწყვეტილება არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და ის წინააღმდეგობაშია მთელ რიგ საერთაშორისო სტანდართან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთ პრეცედენტულ გადაწყვეტილებასთან“.

რა ვიცით კომისიის ახალი თავმჯდომარის შესახებ?

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიმოიხილავს კომუნიკაციების კომისიის ახალი თავმჯდომარის, გოგა გულორდავას ბიოგრაფიაც. 

ComCom-ის წევრობამდე, გულორდავა 2023-2025 წლებში სამთავრობო ტელეკომპანია „იმედში“ ფინანსური მონიტორინგისა და შიდა აუდიტორულ საქმიანობას ეწეოდა. 2020-2025 წლებში მას საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში - ჯერ გენერალური დირექტორის მრჩევლის, შემდეგ შიდა აუდიტის დირექტორის თანამდებობა ეკავა. 2009-2011 წლებში კი გოგა გულორდავა შპს „მედია ალიანსის“ იურისტად მუშაობდა.

2016-2020 წლებში გულორდავა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი იყო, 2013-2016 წლებში კი - წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი. 

TI-ის ანგარიშში აღნიშნული ისიც, რომ 2007 წელს, გოგა გულორდავა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააკავეს და რამდენიმე თვეში გაათავისუფლეს: 

„მაშინ იგი საქართველოს კონტროლის პალატის რეალური სექტორისა და პრივატიზების დეპარტამენტის მთავარი კონტროლიორი იყო. მას ნასამართლეობა მოხსნილი აქვს. გულორდავას სახელი „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საეჭვო შესყიდვების შესახებ 2022 წლის კვლევაშიც მოხვდა. კვლევა ჩხოროწყუს საჯარო სკოლების მოსწავლეთა სატრანსპორტო მომსახურების შესყიდვას შეეხებოდა, მომსახურების შემსრულებელი კომპანიის ერთ-ერთი მეწილე კი გულორდავას დეპუტატობისას, მის ბიუროში მუშაობდა.

საგულისხმოა ისიც, რომ 2018 წლის ნოემბერში, გულორდავას მამა, გია გულორდავა ზუგდიდის მერის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს, ზუგდიდის ყოფილ მერთან, ლაშა გოგიასთან ერთად. სასამართლომ მათ 2-2-წლიანი პატიმრობა და 4-წლიანი პირობითი მსჯავრი შეუფარდა. მათ საპატიმრო 2020 წლის აპრილში, ვადაზე ადრე დატოვეს. მაშინ გულორდავამ, რომელსაც პარლამენტის დეპუტატის თანამდებობა ეკავა, თქვა, რომ მას გამოძიების მიმართ უნდობლობის საფუძველი არ ჰქონდა“.

რა ვიცით კომისიის სხვა წევრებზე?

რაც შეეხება კომისიის დანარჩენს წევრებს: ვახტანგ აბაშიძეს, ნათია კუკულაძეს, ეკატერინე იმედაძესა და ივანე მახარაძეს. მათგან უფლებამოსილების ვადა ვახტანგ აბაშიძეს ამოეწურა. ის პროსამთავრობო ტელევიზია „იმედის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა შეცვალა. ანა ვაზაგაშვილი ტელეკომპანია „მაესტროს“ იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელიც არის. 2024 წლამდე, ამ ტელევიზიებში მუშაობის დაწყებამდე, ის შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი/იურისტი იყო.  

„საგანგაშოა მოცემულობა, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების რეპრესიული პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილი მაუწყებლების წინააღმდეგ საჩივრებს „ქართულ ოცნებასთან“ და მათივე პროპაგანდისტულ პროსამთავრობო მედიებთან ღიად დაკავშირებული პირები განიხილავენ და გადაწყვეტილებებსაც პარტიული დღის წესრიგის შესაბამისად იღებენ. ეს კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა 8 აპრილს, როდესაც კომისიამ მაუწყებლები წერილობით გააფრთხილა, რითაც ქვეყანაში ცენზურის დაწესებისკენ უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა“, - წერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“.

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა კომუნიკაციების კომისიის წევრად ანი ვაზაგაშვილი 15 აპრილს აირჩია.  კომუნიკაციების კომისიას ახალი თავმჯდომარე კი  29 იანვრიდან ჰყავს. „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, გოგა გულორდავა თავმჯდომარედ ComCom-ის წევრების სრულმა შემადგენლობამ აირჩია. 

კომუნიკაციების ეროვნული კომისია 5 წევრისგან შედგება, მათი უფლებამოსილების ვადა 6 წლითაა განსაზღვრული. პირის კომისიის წევრად არჩევა 2-ზე მეტი ვადით არ შეიძლება. 

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ