კომუნიკაციების კომისიამ „TV პირველი“ მის მიერ ჩატარებული
მედიამონიტორინგის საფუძველზე, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის იმ
მუხლის დარღვევისთვის, რომელიც შინაარსობრივ რეგულირებას შეეხება, 2
500 ლარით დააჯარიმა.
კომისიამ მიიჩნია, რომ ტელეკომპანიამ ფრაზების: „სინდისის პატიმრები“, „ცრუ მოწმე პოლიციელების ჩვენებების საფუძველზე გასამართლებულები“, „ოცნების გამოძიების“, „ოლიგარქი“, „სინდისისა და პოლიტპატიმრების“, „სინდისის პატიმრებს“, „არარსებული დანაშაული“, „რას ამბობენ ქართული ოცნების რიგითი წევრები ბევრს არაფერს არ ნიშნავს, რადგან პრაქტიკა აჩვენებს, რომ მაინც ყველაფერი ისე მოხდება, რასაც ბიძინა ივანიშვილი იტყვის. შესაბამისად, თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება ბიძინა ივანიშვილის, რომ ციხის კარი გაუხსნა სინდისის პატიმრებს თუ პოლიტიკურ ტყვეებს, ამას ის გააკეთებს“, „ციხის კარის გაღება სინდისის პატიმრებისა და პოლიტიკური ტყვეებისთვის იქნება გამართლებული ნაბიჯი ქრისტიანულად ადამიანურად და სახელმწიფოებრივად”, „ქართული ოცნება კი სინდისის პატიმრებისგან ისევ არარსებული დანაშაულის აღიარებას ელოდება“, „ეს იქნება უმძიმესი ფინანსური დარტყმა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისთვის“, „რომელიც ოცნებამ სამაგალითოდ დასაჯა“, „ქართული ოცნების დეპუტატები წყობიდან გამოჰყავს. ოლიგარქის პარტიამ ლიდერის დაცვა დღეს სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმით გადაწყვიტა“, „აქტივისტების ტერორი გრძელდება“ - გამოყენებით ახალი ამბების პროგრამაში საკითხი მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე გააშუქა, რითაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 54-ე მუხლის - „სამართლიანობა და მიუკერძოებლობა“ მე-5 პუნქტი დაარღვია.
მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა „TV პირველის“ ეთერში გასული ახალი ამბების პროგრამები შერჩევითად, 11-13 მაისის პერიოდში დაამონიტორინგა.
ComCom-მა მის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის საფუძველზე, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის იმ მუხლების დარღვევისთვის, რომელიც შინაარსობრივ რეგულირებას ეხება, მაისში, 2 500 ლარით დააჯარიმა ტელეკომპანია „ფორმულა“.
კომისიამ ტელეკომპანია „ფორმულა“ და „TV პირველი“, Postv-ისა და „იმედთან“ ერთად, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის ამავე მუხლების დარღვევის გამო, აპრილში წერილობით გააფრთხილა, რადგან მათ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი ხასიათის დარღვევისთვის სანქცია გამოყენებული არ ყოფილა.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონით, 2 500 ლარით დაჯარიმების
შემდეგ კომისია უფლებამოსილია დამრღვევს, მის მიერ დენადი ხასიათის
დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი
ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში, დააკისროს ჯარიმა
არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 1%-ისა, მაგრამ არანაკლებ 5 000
ლარისა, ან დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის
მოქმედების შესაჩერებლად/ ავტორიზაციის შესაჩერებლად.
ComCom-მა მის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის საფუძველზე, შინაარსობრივი რეგულირების საკითხების: მიუკერძოებლობა, ბალანსი, პირადი დამოკიდებულების/მოსაზრების საფუძველზე გაშუქება, ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე დარღვევაზე მაშინ პირველად იმსჯელა.
კომუნიკაციების კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილი ნორმების პრაქტიკაში ამოქმედება, „რათა მაუწყებელთა ობიექტურობა სათანადო პროცედურის საფუძველზე და მაღალი სამართლებრივი სტანდარტით შეფასდეს“, 6 მარტს, ბრიტანეთის მიერ სამთავრობო ტელეკომპანიების: „იმედისა“ და „postv“-ის დასანქცირების შემდეგ, დააანონსა.
ComCom-ს თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა გასული წლის გაზაფხულზე, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით მიეცა.
2025 წლის ივნისში, კომისიამ „ფორმულა“ და „TV პირველი“,
ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ ერთად, „ქართული ოცნების“ საჩივრის
საფუძველზე ახალი ამბების გადაცემისას „მიუკერძოებლობის პრინციპის
დარღვევისთვის“ სამართალდამრღვევად
ცნო, თუმცა გარდამავალი პერიოდის გამო, ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა.
ComCom-ის მიერ მედიამომსახურებების რეგულირების
დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, „TV პირველის“ მიერ
კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვაზე იხილეთ
აქ.

