კომუნიკაციების კომისია „TV პირველს“ მის მიერ ჩატარებული პერიოდული
მონიტორინგის საფუძველზე, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის იმ მუხლის
დარღვევას, რომელიც შინაარსობრივ რეგულირებას შეეხება, ისევ
ედავება.
კომისიის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა „TV პირველის“ ეთერში 11-13 მაისის პერიოდში გასული ახალი ამბების პროგრამები შერჩევითად დაამონიტორინგა და მიიჩნია, რომ ტელეკომპანიამ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 54-ე მუხლის - „სამართლიანობა და მიუკერძოებლობა“ მე-5 პუნქტი დაარღვია.
„სინდისის პატიმრები“, „ცრუ მოწმე პოლიციელების ჩვენებების საფუძველზე გასამართლებულები“, „ოცნების გამოძიების“, „ოლიგარქი“, „სინდისისა და პოლიტპატიმრების“, „სინდისის პატიმრებს“, „არარსებული დანაშაული“, „რას ამბობენ ქართული ოცნების რიგითი წევრები ბევრს არაფერს არ ნიშნავს, რადგან პრაქტიკა აჩვენებს, რომ მაინც ყველაფერი ისე მოხდება, რასაც ბიძინა ივანიშვილი იტყვის. შესაბამისად, თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება ბიძინა ივანიშვილის, რომ ციხის კარი გაუხსნა სინდისის პატიმრებს თუ პოლიტიკურ ტყვეებს, ამას ის გააკეთებს“, „ციხის კარის გაღება სინდისის პატიმრებისა და პოლიტიკური ტყვეებისთვის იქნება გამართლებული ნაბიჯი ქრისტიანულად ადამიანურად და სახელმწიფოებრივად”, „ქართული ოცნება კი სინდისის პატიმრებისგან ისევ არარსებული დანაშაულის აღიარებას ელოდება“, „ეს იქნება უმძიმესი ფინანსური დარტყმა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისთვის“, „რომელიც ოცნებამ სამაგალითოდ დასაჯა“, „ქართული ოცნების დეპუტატები წყობიდან გამოჰყავს. ოლიგარქის პარტიამ ლიდერის დაცვა დღეს სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმით გადაწყვიტა“, „აქტივისტების ტერორი გრძელდება“ - დეპარტამენტის დასაბუთებით, ტელეკომპანიამ ამ ფრაზების/წინადადებების გამოყენებით ახალი ამბების პროგრამაში საკითხი მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე გააშუქა, რითაც კანონი დაარღვია.
კომისიამ მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის
მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, „TV პირველის“ მიერ კანონმდებლობის
შესაძლო დარღვევის საკითხი დღევანდელ სხდომაზე განიხილა,
გადაწყვეტილებას კი 25 ივნისს გამოაცხადებს.
„მარეგულირებელი კომისია არის ცენზორი იმიტომ, რომ სხვა ახსნის მოძებნა შეუძლებელია ბოლო მოხსენებითი ბარათისათვის, რომელიც თქვენგან შემოვიდა ჩვენს ტელევიზიაში. მე, როგორც ახალი ამბების სამსახურის ხელმძღვანელი, საერთოდ აზრს ვეღარ ვხედავ თქვენთან შეხვედრაზე საუბარს, მსჯელობას, ეს გავითვალისწინოთ, ის როგორ გავაკეთოთ, ეს როგორ გავაკეთოთ, იმიტომ რომ თქვენ გაქვთ კონკრეტული დღის წესრიგი, რომელსაც მიჰყვებით, რომ თავისუფალ ტელევიზიებს დაუწესოთ შეზღუდვები, ფინანსური სანქციები, წნეხი თუ ასე შემდეგ, იქიდან გამომდინარე, რომ მოახდინოთ ცენზურა კონკრეტული ტერმინების.
თქვენს მოხსენებით ბარათს ვინც ნახავს, ძალიან ცხადად ჩანს, თქვენ გაქვთ გამოცხადებული ბრძოლა ორ ტერმინთან: „სინდისის პატიმარი“ და „ოლიგარქი“. თქვენი ამ პოლიტიკის დამსახურებაა გუშინ რომ ყველა თქვენგანის შესახებ ევროპარლამენტის ძალიან მნიშვნელოვან ანგარიშში, ევროკომისიას მოსთხოვეს თქვენი, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წევრების დასანქცირება…
ეს არის თქვენი პოლიტიკის შედეგი, რომელსაც თქვენ ეწევით და ძალიან საინტერესოა, ამით დარტყმის ქვეშ აყენებთ მარტო თავისუფალ მედიას კი არა, სატელეკომუნიკაციო ბაზარს მთლიანად, იმიტომ რომ თქვენ არეგულირებთ არა მხოლოდ ტელემაუწყებლების საქმიანობას, თქვენ არეგულირებთ მთლიანად სატელეკომუნიკაციო ბაზარს… თქვენ ხართ ცენზორი და გინდათ, რომ ეთერიდან მოვხსნათ ტერმინი - „სინდისის პატიმარი„“, - აღნიშნა „TV პირველის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, ნოდარ მელაძემ ComCom-ის დღევანდელ სხდომაზე.
მელაძის კითხვის, თუ რა შემთხვევაში აქვს ტელევიზიას უფლება, გამოიყენოს ტერმინი - „სინდისის პატიმარი“, საპასუხოდ გოგა გულორდავამ თქვა: „როცა კონკრეტულ სიუჟეტში, კონკრეტულ დღეს, ან გუშინ, ან დღეს, ხდება და არა ორი-სამი წლის რაღაც, სადღაც თითქოს მოხსენიებულ დოკუმენტებში, ეს არის და განმარტებული აქვს როგორც კომისიას და კანონის განმარტებაც გამოიყურება ასე და ჩვენთვისაც მიღებული პრაქტიკით, რომ ეს, თქვენ სადღაც, ვიღაცამ, ოდესღაც, რაღაც ტერმინი რომ ახსენა და ყოველ დღე გინდათ გამოიყენოთ, თითქოს დამკვიდრებულია ეს ტერმინი, თქვენ ამკვიდრებთ ამ ტერმინს, თორემ იმან, ვიღაცამ, სადღაც ერთხელ გამოიყენა ეს ტერმინი. შემდგომ, ამას ამკვიდრებთ თქვენ და ეს არის, კიდევ ერთხელ განგიმარტავთ, კანონისთვის გვერდის ავლის საშუალება, სამწუხაროდ“.
ComCom-მა მის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის საფუძველზე, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის იმ მუხლების დარღვევისთვის, რომელიც შინაარსობრივ რეგულირებას ეხება, მაისში, 2 500 ლარით დააჯარიმა ტელეკომპანია „ფორმულა“.
კომისიამ ტელეკომპანია „ფორმულა“ და „TV პირველი“, Postv-ისა და „იმედთან“ ერთად, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის ამავე მუხლების დარღვევის გამო, აპრილში წერილობით გააფრთხილა, რადგან მათ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი ხასიათის დარღვევისთვის სანქცია გამოყენებული არ ყოფილა.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონით, 2 500 ლარით
დაჯარიმების შემდეგ კომისია უფლებამოსილია დამრღვევს, მის მიერ დენადი
ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის
განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის
შემთხვევაში, დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის
1%-ისა, მაგრამ არანაკლებ 5 000 ლარისა, ან დაიწყოს საჯარო
ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების
შესაჩერებლად/ავტორიზაციის შესაჩერებლად.
ComCom-მა მის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის საფუძველზე,
შინაარსობრივი რეგულირების საკითხების: მიუკერძოებლობა, ბალანსი,
პირადი დამოკიდებულების/მოსაზრების საფუძველზე გაშუქება, ფაქტის
ჯეროვანი სიზუსტე დარღვევაზე მაშინ პირველად იმსჯელა.
კომუნიკაციების კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილი ნორმების პრაქტიკაში ამოქმედება, „რათა მაუწყებელთა ობიექტურობა სათანადო პროცედურის საფუძველზე და მაღალი სამართლებრივი სტანდარტით შეფასდეს“, 6 მარტს, ბრიტანეთის მიერ სამთავრობო ტელეკომპანიების: „იმედისა“ და „postv“-ის დასანქცირების შემდეგ, დააანონსა.
ComCom-ს თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა გასული წლის გაზაფხულზე, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით მიეცა.
2025 წლის ივნისში, კომისიამ „ფორმულა“ და „TV პირველი“, ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ ერთად, „ქართული ოცნების“ საჩივრის საფუძველზე ახალი ამბების გადაცემისას „მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევისთვის“ სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა გარდამავალი პერიოდის გამო, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა.

