„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებებს ტელეკომპანია „ფორმულასა“ და „ტვ პირველის“ დაჯარიმების შესახებ საგანგაშოდ მიიჩნევს. „თუმცა, არა მხოლოდ იმის გამო, რომ ამ გადაწყვეტილებებით კომისია შერჩევითად და უსამართლოდ ფინანსურ ზიანს აყენებს ისედაც მწირი რესურსებით მომუშავე მაუწყებლებს. ჯარიმა ხელ-ფეხს უხსნის „ქართულ ოცნებას“ ტელეკომპანია „ფორმულასა“ და „ტვ პირველისთვის“ ავტორიზაციის გასაუქმებლად“.
ქარტიის განცხადებით, „ამ გადაწყვეტილებებით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი არჩევანი ახალი, „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული, თავმჯდომარის პირობებში, იყოს ცენზორი და დამსჯელობითი ორგანო იმ მაუწყებლებისთვის, ვის წინსვლასა და განვითარებაზე ზრუნვაც ევალება“.
გუშინ, 25 ივნისს, კომუნიკაციების კომისიამ „TV პირველი“ მის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის საფუძველზე, ისეთი ტერმინების გამოყენებისთვის, როგორებიცაა: „სინდისის პატიმრები“, „ოლიგარქი“ და სხვ. 2500 ლარით დააჯარიმა.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონის იმ მუხლების დარღვევისთვის, რომელიც შინაარსობრივ რეგულირებას ეხება, ComCom-მა მაისში, 2 500 ლარით დააჯარიმა ტელეკომპანია „ფორმულაც“.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონით, 2 500 ლარით დაჯარიმების შემდეგ კომისია უფლებამოსილია დამრღვევს, მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში, დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 1%-ისა, მაგრამ არანაკლებ 5 000 ლარისა, ან დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შესაჩერებლად/ ავტორიზაციის შესაჩერებლად.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საგანგაშოდ და პოლიტიკური მოტივებით დევნის ნიმუშად მიიჩნევს პროკურატურის გადაწყვეტილებას, გოგა ხაინდრავას მიმართ ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით ცრუ დასმენის მუხლით აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, გამოკითხვაზე დაიბაროს „ფორმულას“ გადაცემის - „შაბათის ფორმულას“ წამყვანი დავით ქაშიაშვილი:
„სადავო სიუჟეტი „ფორმულას“ ეთერში 2026 წლის 17 იანვარს გავიდა. გოგა ხაინდრავამ ამ სიუჟეტის გამო სასამართლოს უკვე მიმართა ცილისწამების საბაბით და მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვა. ტელეკომპანია ბრალდებას არ ეთანხმება.
დავით ქაშიაშვილის გამოკითხვაზე დაბარებას ქარტია ჟურნალისტზე ზეწოლად და მედიის დაშინების მცდელობად მიიჩნევს. კატეგორიულად დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება, წყარო გაამხილოს. წყაროს იდენტიფიცირების მოტივით საგამოძიებო ორგანოებმა შეიძლება მოითხოვონ და, ძალისმიერი ზომებით მოიპოვონ კიდეც, წვდომა ჟურნალისტის ჩანაწერებსა და სხვა მასალებზე, რაც ასევე იქნება მედიის უფლებების უხეში დარღვევა და უკიდურესად დამაზიანებელ პრეცედენტს შექმნის. ქარტია „ქართულ ოცნებას“ ამგვარი მოქმედებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს“.
„ფორმულას“ წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის გამოძიებაზე განგაშის სიგნალი ჩართო ევროსაბჭოს „ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმამ“.
„მედიის ადვოკატირების კოალიციის“ განცხადებით კი, ქვეყანაში შექმნილი რთული ვითარება მიუთითებს იმაზე, რომ თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის მცდელობები სისტემურ ხასიათს იღებს:
„კომუნიკაციების კომისია საბოლოოდ ყალიბდება ცენზურის გამტარებელ ორგანოდ. კომისია აგრძელებს რეპრესიული კანონმდებლობის აღსრულებას. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, 25 ივნისს დამოუკიდებელი ტელევიზია „TV პირველი“ 2 500 ლარით დააჯარიმა ისეთი ტერმინების გამოყენებისთვის, როგორიცაა „სინდისის პატიმრები“ თუ „ოლიგარქი“. ცოტა ხნით ადრე კი მსგავსი საფუძვლით დაჯარიმდა დამოუკიდებელი მაუწყებელი „ფორმულა“. ეს გადაწყვეტილებები სახიფათო პრეცედენტია და მიმართულია გამოხატვის თავისუფლებისა და დემოკრატიული პლურალიზმის წინააღმდეგ.
უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად კომისიის კოლეგიური სტატუსისა, აღქმაა აშკარად, რომ უწყება სრულად იმყოფება თავმჯდომარის, გოგა გულორდავას, გავლენის ქვეშ, რომელიც ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ მუშაობდა, და ასევე „ქართული ოცნებიდან“ პარლამენტის წევრი იყო. კომისიის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით მისი დანარჩენი წევრები – კერძოდ, ახლად არჩეული ანი ვაზაგაშვილი, რომელიც ასევე ტელეკომპანია „იმედში“ და იქამდე შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, ნათია კუკულაძე, ივანე მახარაძე და ეკატერინე იმედაძე – რეპრესიული გადაწყვეტილებების მხარდაჭერით პირდაპირ მონაწილეობენ დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმართულ პროცესში. რეპრესიული პოლიტიკის ინსტრუმენტებად გვევლინებიან კომისიის სტრუქტურული ერთეულები, კერძოდ, იურიდიული და მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტების ხელმძღვანელობა – ირაკლი ბუთბაია და კონსტანტინე ქორიძე, და პერსონალი, რომლებიც მინიმუმ კომისიის სხდომების მსვლელობისას ამ გადაწყვეტილებების უშუალო მხარდამჭერები არიან. მაგალითად, მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ შერჩევითად ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე განხორციელდა შემდგომში ტელევიზიების დაჯარიმება“.
ორგანიზაციის შეფასებით, დამოუკიდებელი ჟურნალისტების დევნისთვის იყენებს საქართველოს პარლამენტი სააკრედიტაციო რეგულაციებს.
„მიმდინარე კვირაში ტელეკომპანია „ფორმულას“ საპარლამენტო კორესპონდენტისთვის, ნინი ბალანჩივაძისთვის, აკრედიტაციის 6 თვით შეჩერება კრიტიკული კითხვების დასმის გამო „ქართული ოცნების“ მორიგი შურისძიებაა. ეს ბერკეტი პარლამენტს საშუალებას აძლევს, სრულიად იზოლირდეს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი კითხვებისგან. მსგავსი რეპრესიული პოლიტიკა ადრეც არაერთხელ იყო გამოყენებული დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ“.
როგორც „მედიის ადვოკატირების კოალიციის“ განცხადებაში ვკითხულობთ, „ქართული ოცნების“ ზეგავლენა გრძელდება საზოგადოებრივ მაუწყებელზე, სადაც სამეურვეო საბჭოს ახალი წევრები აირჩიეს.
„გია მურღულიას მეორე ვადით გამწესება ნიშნავს იმ რეპრესიული პოლიტიკის გაძლიერებას, რომელსაც ვასილ მაღლაფერიძე და თინათინ ბერძენიშვილი ახორციელებენ და რაც მიმართულია არხის შიგნით დამოუკიდებელი აზრის ჩახშობისკენ და ოცნების სასარგებლოდ მიკერძოებული გაშუქებისკენ. საბჭოს ახალი წევრია დავით ქართველიშვილი, „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი და „ქართული ოცნების“ გამორჩეული მხარდამჭერი. კანდიდატთა შემრჩევი კომისიის წევრებიდან 3 სწორედ სანქცირებული „იმედის“ თანამშრომელი იყო“.
„ტვ პირველის“ დაჯარიმებას გამოეხმაურა საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“:
„ტელეკომპანია „პირველს“ ახალი ჯარიმა დაეკისრა ისეთი ტერმინების გამოყენებისთვის, როგორიცაა „ოლიგარქი“, რაც მიკერძოებულად ჩაითვალა, მაშინ როდესაც პროსამთავრობო მედია თავისუფლად იყენებს პარტიულ ენას ყოველგვარი სანქციების გარეშე“.
RSF-ის განცხადებით, ეს ორმაგი სტანდარტი აჩვენებს, რომ კომუნიკაციების კომისია დამოუკიდებელ მედიას ესხმის თავს.

