საია: ტრასბურგის სასამართლომ მზია ამაღლობელის მიმართ წარმოებულ პოლიტიკურად მოტივირებულ ბრალდების საქმეზე მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
06.08.2026


„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „ბათუმელები“/„ნეტგაზეთი“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიმართ წარმოებულ პოლიტიკურად მოტივირებულ ბრალდების საქმეზე წარდგენილი რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა.  

დღეს ერთი წელი გავიდა, რაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს 2- წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. საიას განცხადებით, 2025 წლის 6 აგვისტოს ამ გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ ეროვნულმა სასამართლომ უარი თქვა მიუკერძოებელ მართლმსაჯულებაზე და გამოიტანა დაუსაბუთებელი, პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენი. 

სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი რიგით მეოთხე საჩივარი შეეხება პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლისსამართლებრივ დევნასა და მსჯავრდებას და ეფუძნება არგუმენტს, რომ მზია ამაღლობელის მიმართ სამივე ინსტანციაში დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება. საია დავობს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა არ ემსახურებოდა მართლმსაჯულების ინტერესებს და წარმოადგენდა პოლიტიკურ ანგარიშსწორებას, რომელიც მიზნად ისახავდა დამოუკიდებელი ჟურნალისტის დასჯას და განსხვავებული აზრის გამოხატვის გამო საზოგადოების დაშინებას. სტრასბურგის სასამართლოში საიასთან ერთად მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავს  ედვარდ ფიცჯერალდი (დოუთი სთრითის პალატების ერთ-ერთი ხელმძღვანელი, წამყვანი ბრიტანელი ბარისტერი, რომელიც სპეციალიზირდება სისხლის სამართალში, საჯარო და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართალში).

აღნიშნული საჩივარი 2026 წლის 26 ივნისს გაიგზავნა და, როგორც საიას ახლახან ეცნობა, სტრასბურგის სასამართლომ საქმე 1 კვირაში, 2026 წლის 3 ივლისს, უკვე დაარეგისტრირა“, - წერს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“. 

სტრასბურგის სასამართლოში საიას მზია ამაღლობელის კიდევ 3 საჩივარი  აქვს გაგზავნილი. პირველი საქმე ეხება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონო გამოყენებას, სადაც საქმის განხილვის არსებითი ნაწილი დასრულებულია, მეორე საჩივარი ადმინისტრაციულ დაკავებასა და მასთან დაკავშირებულ დარღვევებს უკავშირდება, ხოლო მესამე საჩივარი (№10009/26) არასათანადო მოპყრობასა და საქმის არაეფექტიან გამოძიებას ეხება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანიდან ერთი წლის გასვლას ეხმაურებიან ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები. ამ თარიღთან დაკავშირებით განცხადებები გაავრცელეს სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებმაც. ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში კი დაწერა, რომ „მზია ამაღლობელისთვის განაჩენის გამოტანიდან ერთი წლის თავზე, ევროკავშირი გმობს მის მიმართ გამოტანილ არაპროპორციულ და პოლიტიზებულ განაჩენს და მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს“. 

„მედიის ადვოკატირების კოალიციის“ განცხადებით, „ხელისუფლების არცერთ უკანონო გადაწყვეტილებასა და რეპრესიულ ნაბიჯს არ ძალუძს გატეხოს ის ღირებულებები, რომლებსაც მზია და დამოუკიდებელი ქართული მედია ემსახურება“. 

„მზია ამაღლობელის წინააღმდეგ აღძრული საქმე და შემდგომ გამოტანილი პოლიტიზებული განაჩენი წარმოადგენს „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული პოლიტიკის პირდაპირ შედეგს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დამოუკიდებელი, კრიტიკული ხმის ჩახშობა, მედიის დაშინება და სიტყვის თავისუფლების განადგურებაა. მზია ამაღლობელმა საკუთარი პრინციპულობითა და შეუპოვრობით კიდევ ერთხელ გააშიშვლა „ქართული ოცნების“ ავტორიტარული სისტემის რეალური სახე.

მზია ამაღლობელმა  როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, მიიღო უპრეცედენტო მხარდაჭერა და აღიარება. სახაროვის პრემია და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ მინიჭებული ჯილდოები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დემოკრატიული მსოფლიო ხედავს მის ბრძოლას და მკაფიოდ განასხვავებს ერთმანეთისგან მოძალადე რეჟიმს და თავისუფლებისთვის მებრძოლ ჟურნალისტს“, - წერს კოალიცია. 

მზია ამაღლობელისთვის განაჩენის გამოტანის წლისთავზე, კვლავ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“. 

„ჟურნალისტი, რომელსაც 2025 წელს IPI-ს „პრესის თავისუფლების მსოფლიო გმირის“ ჯილდო მიენიჭა, პირველი ქალი ჟურნალისტია, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის 34-წლიან ისტორიაში დააპატიმრეს. იგი უკვე 19 თვეა, პატიმრობაში იმყოფება, რა დროის განმავლობაშიც მისი ჯანმრთელობა და მხედველობა გაუარესდა“. 

„მედიის თავისუფლების სწრაფი რეაგირების მექანიზმის“ განცხადებით კი, ერთი წლის წინ ჟურნალისტ მზიას ამაღლობელს ორწლიანი პატიმრობა მიესაჯა საქმეზე, რომელიც საქართველოში პრესის თავისუფლების გაუარესებული მდგომარეობის სიმბოლოდ იქცა. 

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ