საზოგადოებრივ მაუწყებელს გუშინ, არხთან გამართული სინდისის
პატიმრების ოჯახის წევრების 24-საათიანი აქცია 30 სექტემბრის არც ერთ
საინფორმაციო გამოშვებაში არ გაუშუქებია. აქციის შესახებ ინფორმაცია
არ გამოქვეყნებულა ტელევიზიის ვებგვერდზეც.
ამასთან, როდესაც თამთა სანიკიძის გუშინდელი გადაცემის - „დღის თემა“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, რომ ძალიან სამწუხაროა, რომ სინდისის პატიმრების მშობლებს ტელევიზიის ეთერი არ ეთმობათ და „რა დაშავდება, თუ ეს ადამიანები საქართველოს მოქალაქეებს მიმართავენ იმ საზოგადოებრივი მაუწყებლით, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ჯიბიდან ფინანსდება“, სანიკიძემ, რომელსაც გუშინდელი 21:00-საათიანი „მოამბეც“ მიჰყავდა, დეკანოიძის საპასუხოდ თქვა, რომ „განცხადებები იმის შესახებ, რომ მათი ხმა არ ისმის და მათი განცხადებები დაბლოკილია არ შეესაბამება სიმართლეს, იმიტომ რომ მუდმივ რეჟიმში, როდესაც სასამართლო პროცესი იმართება ან ისინი მართავენ საპროტესტო აქციებს და საკუთარ პრეტენზიებს, საკუთარ პოზიციებს გამოხატავენ, ყოველთვის ჩვენი ეთერი მათ ეთმობათ და მათი აზრი ყოველთვის ისმის, როდესაც ან აქციაა ან სასამართლო პროცესია“.
„პირველ არხთან“ შეკრებილები ეთერის დათმობას, ტელევიზიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრასა და სამეურვეო საბჭოს რეაგირებას ითხოვდნენ.
„ჩვენ გვქონდა მანამდე რამდენიმე აქცია, რამაც ფაქტობრივად შედეგი არ გამოიღო და არავითარი პოზიტიური გადაწყვეტილება არ მიიღო საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, ამიტომ დღეს გვაქვს 24-საათიანი საპროტესტო აქტი ფაქტობრივად.
მოთხოვნები უცვლელია, ჩვენ განცხადება განმეორებით შევიტანეთ, მათგან ველოდებით პასუხს. გვინდა პირდაპირ ეთერში გასვლა და საზოგადოებას უნდა ავუხსნათ, მოვახსენოთ ჩვენი შვილების, ჩვენი ოჯახის წევრების, სინდისისა და პოლიტიკური პატიმრების სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით სწორი და ობიექტური ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ საზოგადოებას.
ჩვენ აუცილებლად უნდა შევიდეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ იმ პროპაგანდის ქვეშ მოქცეულ საზოგადოებასთან ვერ მივდივართ, ვერ ვეუბნებით ჩვენს სიმართლეს, ვერ ვაცნობთ ამ საქმეების ირგვლივ რეალურად რა არის…“, - თქვა „მედიაჩეკერთან“ საუბრისას აქციის მიმდინარეობისას ზურა ცეცხლაძემ, ზვიად ცეცხლაძის მამამ.
„პირველ არხთან“ იმყოფებოდა პოლიტიკოსი თეონა ჭალიძეც. მისი თქმით, „საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს ხალხის ტელევიზია, რადგან ბიუჯეტიდან ფინანსდება და ის ვალდებულია დაიცვას ის პრინციპები, რაც სავალდებულოა, გააშუქოს ინფორმაცია, საზოგადოებას მიაწოდოს ყოველმხრივი, დაბალანსებული, მრავალფეროვანი ინფორმაცია. აუცილებელი არის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი აქამდეც დაეთმობოდა პოლიტპატიმრების, სინდისის პატიმრების ოჯახის წევრების, რათა მათ მისცემოდათ საშუალება ამ ეთერიდან ესაუბრათ, მაგრამ სრული იგნორირება. ასზე მეტი ღონისძიება აქვთ მათ გამართული. აქცია, პერფორმანსი, ბრიფინგი, რეგიონებში, 50 ქალაქსა და რაიონში იარეს მათ და 100 000-ზე მეტ მოქალაქეს შეხვდნენ. არც ერთი მათგანი საინფორმაციო გამოშვებაშიც კი არ მოხვედრილა, არადა საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებული იყო, რომ ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის მიეწოდებინა.
ახლა კი ეს ადამიანები 24 საათის განმავლობაში იძულებულები გახდნენ, რომ ამ ფორმით გამოეხატათ პროტესტი და საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან ითხოვენ პირდაპირ ეთერს, ითხოვენ დღევანდელი დღის გაშუქებას, ამაზეც სრული იგნორირებაა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას და სამეურვეო საბჭოს რეაგირებას, მაგრამ ამაზეც სრული იგნორია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს დღე სამარცხვინო ლაქად დარჩება საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივს და ისტორიას“.
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებრივი
მაუწყებლისგან პირდაპირი ეთერის დათმობას თვეებია ითხოვენ.

