RSF აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილის გადადგომას ეხმაურება
06.02.2020


საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) შეშფოთებულია საქართველოში პოლიტიკური ზეწოლის ბოლო მაგალითის გამო, რაც ორგანიზაციისვე შეფასებით, ძირს უთხრის ქვეყანაში პლურალიზმსა და სიტყვის თავისუფლებას.  საუბარია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის პირველი მოადგილის, ნათია ზოიძის გადადგომაზე. შეგახსენებთ, ზოიძემ  2 თებერვალს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ტელევიზიას ტოვებს, მიზეზად ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაასახელა, რითაც იგი სარედაქციო პოლიტიკის წარმართვას ჩამოაშორეს. 

„რეპორტიორების საზღვრებს გარეშე“ ნათია ზოიძისა და აჭარის მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებებს იშველიებს და მაუწყებლის თანამშრომლების მიერ ახალი დირექტორის ზეწოლაში დადანაშაულებისა და ამავე მაუწყებლის ჟურნალისტების მიერ გამართულ საპროტესტო აქციასაც იხსენებს.

ორგანიზაციის შეფასებით, ნათია ზოიძის გადადგომა, საქართველოში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მედიაზე პოლიტიკური ზეწოლის ზრდის ნიშანია. ამასთან, იქვე ხაზგასმულია, რომ იზრდება დამოუკიდებელ მედიაზე ხელისუფლების მოკავშირეების კონტროლიც და აღნიშნულის მაგალითად ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ ასახელებს.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობა ქართული ტელეარხების პოლიტიკურად მიკერძოებულ ზომებს ატარებს. აღნიშნულის საილუსტრაციოდ ორგანიზაციას საქართველოს ფინანსთან მინისტრის მიერ ტელეკომპანიებისგან ვადაგადაცილებული გადასახადების ამოღების დაწყების შესახებ განცხადება მოჰყავს და იქვე განმარტავს, რომ მთავრობა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ისა“ და „იმედისთვის“ 15 მილიონი ევროს ოდენობის გადასახადის გადავადებას დათანხმდა, მაშინ როდესაც კრიტიკულ მედიასთან მიმართებით მან მსგავსი მიდგომა არ გამოიყენა.

ორგანიზაცია ტელეკომპანია „რუსთავი 2-ში“ განხორციელებულ ცვლილებებსაც ეხმაურება და ამბობს, რომ ერთ დროს ყველაზე პოპულარული და ოპოზიციური ტელეარხი ახალი ხელმძრვანელობის პირობებში „მთავრობის რუპორად“ იქცა.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ განცხადებაში „მთავარი არხისა“ და „ტელეკომპანია პირველის“ დამფუძნებლების ნიკა გვარამიასა და ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ დაწყებული სამართლებრივი დავებიც მოჰყავს.

განცხადების ბოლოს ორგანიზაცია განმარტავს, რომ 2019 წელს საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით, 180 ქვეყნიდან მე-60 ადგილს იკავებდა.


რედ.: სტატიის მთავარი ფოტო ეკუთვნის RSF-ს


ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ