MFRR: „საქართველო კვლავ უახლოვდებოდა სრულად კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმად ჩამოყალიბებას“
16.09.2025


„მედიის თავისუფლების სწრაფი რეაგირების“ (MFRR) კონსორციუმმა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც გაანალიზებულია ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებში მედიის თავისუფლების ყველა ის დარღვევა, რომელიც 2025 წლის პირველ ნახევარში (იანვარი-ივნისი) დაფიქსირდა.

როგორც MFRR-ი წერს, საკვლევ პერიოდში მედიის თავისუფლების დარღვევის 709 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც მედიების 1249 წარმომადგენელს შეეხო. 

„პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრის“ (ECPMF), „ჟურნალისტთა ევროპის ფედერაციის“ (EFJ) და „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის“ (IPI) მიერ მომზადებულ დოკუმენტში საქართველოც მოხვდა. 

ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევის 72 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელიც მედიასთან დაკავშირებულ 107 სუბიექტს შეეხო. მედიის თავისუფლების დარღვევის შემთხვევებით, საქართველო 35 ქვეყნიდან მხოლოდ სერბეთს ჩამორჩება:

„საგანგაშოა, რომ დაფიქსირებული დარღვევების უმეტესობა (50%, 36 შემთხვევა) სამართლებრივი ინციდენტი იყო, მათ შორის 36 მედია პროფესიონალის წინააღმდეგ 17 ჯარიმა, დაპატიმრებისა და დაკავების 7 შემთხვევა, ასევე მედიის თავისუფლების შემზღუდველი საკანონმდებლო აქტები. დაფიქსირებული დარღვევების უმეტესობა ჩადენილი იყო ქვეყნის სასამართლო ხელისუფლების (24) მიერ, შემდეგ მოდიოდნენ მთავრობის/საჯარო თანამდებობის პირები (20), პოლიციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების ძალები (14)“.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების დაუსჯელობა კვლავ ფართოდაა გავრცელებული, გამოძიებები ხშირად არასაკმარისია და დამნაშავეები, განსაკუთრებით პოლიციის წარმომადგენლები, პასუხისმგებლობის მიღმა რჩებიან:

„MFRR-ის პარტნიორების გაფრთხილებით, საქართველო კვლავ უახლოვდებოდა სრულად კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმად ჩამოყალიბებას, რადგან მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ საანგარიშო პერიოდში, გააძლიერა ძალისხმევა მედიის თავისუფლების შესამცირებლად და დამოუკიდებელი ხმების ჩასახშობად“.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი პატიმრობაში „უსამართლოდ იმყოფება“.

დოკუმენტში მიმოხილულია მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი ის კანონებიც, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წლის პირველ ექვს თვეში მიიღო.

მედიის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობის ნაკლებობაც:

„საზოგადოებრივი მაუწყებელი დიდი ხანია მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ ინსტრუმენტად ფუნქციონირებს, რაც ხელს უშლის ჟურნალისტების მიერ პოლიტიკური კონტროლისგან თავისუფალი რეპორტაჟების მომზადების მცდელობებს. ბოლო თვეების განმავლობაში სიტუაცია გაუარესდა. „ქართული ოცნების“ მიერ კონტროლირებადმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა ჟურნალისტები ვასილ ივანოვ ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც მათ მაუწყებელში პოლიტიკურ ჩარევაზე ისაუბრეს, და შემდგომში ის ტოქშოუც გააუქმა, რომლის წამყვანიც ზაუტაშვილი იყო. იმავე მიზეზით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოგვიანებით კიდევ ხუთი ჟურნალისტი გაათავისუფლა“.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, იანვრიდან მოყოლებული, „ქართული ოცნების“ რეჟიმი აგრძელებს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების ფართო სპექტრის გამოყენებას, მათ შორის შემზღუდავი კანონების, უკანონო პატიმრობის, ეკონომიკური დევნის, თვითნებური ჯარიმებისა და ცილისწამების კამპანიების გამოყენებით, რათა კიდევ უფრო შეზღუდოს ქვეყანაში დამოუკიდებელი, ხარისხიანი ჟურნალისტიკის სივრცე.

„სწრაფი რეაგირება მედიის თავისუფლებისთვის“ (MFRR) არის მექანიზმი, რომელიც მიზნად ისახავს აღმოაჩინოს, დააკვირდეს და რეაგირება მოახდინოს პრესისა და მედია თავისუფლების დარღვევებზე ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებში. პროექტი ევროკომისიის თანადაფინანსებით ხორციელდება.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ