კალაძის შტაბთან მომხდარი დაპირისპირების გაშუქებისას საქმიანობაში ხელი 6 ჟურნალისტს შეუშალეს
09.09.2025


8 სექტემბერს, თბილისში, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის წინ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსა და პროევროპული აქციის მონაწილეებს შორის მიმდინარე დაპირისპირების გაშუქებისას, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის 6 ინციდენტი დაფიქსირდა.

„საქართველოს ახალგაზრდა იურსიტთა ასოციაციის“ განცხადებით, 8 სექტემბრის ძალადობის ჯგუფური და ორგანიზებული ხასიათი, მასზე პოლიციის ეფექტიანი რეაგირების არარსებობა და „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირების მიერ ძალადობის საჯაროდ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „საქმე გვაქვს არა იზოლირებულ შემთხვევასთან ან „მოქალაქეთა დაპირისპირებასთან“, არამედ მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად და საპროტესტო გამოხატვის დასჯის მიზნით კრიმინალური მეთოდების და ფიზიკური ძალადობის გამოყენებასთან“.

დამოუკიდებელ მედიებზე თავდასხმა და დამნაშავეთა დაუსჯელობა „ქართული ოცნების“ ერთიანი პოლიტიკის ნაწილია „მედიის ადვოკატირების კოალიციის“ შეფასებით. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მხრიდან, პოლიციის დანაშაულებრივი უმოქმედობისა და გულგრილობის ფონზე, ჟურნალისტებზე ძალადობა დაგმო და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ, ხოლო პროკურატურას ამ ინციდენტების ეფექტურად გამოძიებისკენ მოუწოდა „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც“.

კახა კალაძის შტაბთან მიმდინარე დაპირისპირების გაშუქებისას მომხდარი ინციდენტები:

  • „პუბლიკა“

პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, ტელეფონები წაართვეს და ფიზიკურად იძალადეს გამოცემის ორ ჟურნალისტზე: ალექსანდრე ქეშელაშვილსა და ქეთო მიქაძეზე

ალექსანდრე ქეშელაშვილს „ქართული ოცნების“ შტაბთან დაპირისპირების გაშუქებისას, პირდაპირი ეთერის დროს ხელზე დაარტყეს, ტელეფონი გააგდებინეს და წაართვეს. ქეშელაშვილმა ტელეფონი მოგვიანებით კოლეგის დახმარებით დაიბრუნა. 

„პუბლიკა“ ჯერ ისევ ეძებს მეორე ტელეფონს, რომელიც ჟურნალისტ ქეთო მიქაძეზე თავდასმის დროს წაართვეს. გამოცემის ინფორმაციით, მიქაძეზე თავდამსხმელი „ქართულ ოცნების“ პარტაქტივის წევრი, ლევან ზარდიაშვილია.

„პუბლიკამ“ ჟურნალისტზე ძალადობისა და ტელეფონის წართმევის ფაქტზე რეაგირებისთვის 112-ს გუშინ ღამითვე მიმართა, თუმცა როგორც გამოცემა წერს, გამოძახების საფუძველზე პოლიცია ადგილზე არ მივიდა.




  • „ნეტგაზეთი“

პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს, ქეთევან ხუციშვილს. ხუციშვილის თქმით, ის კახა კალაძის შტაბიდან გამოსულ ადამიანებს იღებდა, რომლებიც ჟურნალისტებისა და აქციის მონაწილეების მისამართით იგინებოდნენ, რა დროსაც პოლიციამ ადგილიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა და ვიდეოგადაღებაში ხელი შეუშალა. ჟურნალისტს ხელზე მცირე დაზიანებაც აქვს.

„პუბლიკას“ ინფორმაციით, პირი, რომელმაც „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს აგინა და საქმიანობაში ხელი შეუშალა, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის, მოადგილე ხუტა პაჭკორიაა


  • OC Media

ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს OC Media-ს დამფუძნებელს მარიამ ნიკურაძესაც. მას „ქართული ოცნების“  მხარდამჭერმა, ბექა მიგრიაულმა თავზე წყალი დაასხა

  • „სტუდია მონიტორი“

ბექა მიგრიაულმა წყალი შეასხა „სტუდია მონიტორის“ გამომძიებელ ჟურნალისტ ქეთი თუთბერიძესაც

  • უნგრელი ჟურნალისტი

დაშავდა უნგრელი ჟურნალისტი ლასლო რობერტ მიზეშიც. ის სასწრაფო დახმარების მანქანით ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. ლასლო „მედიაჩეკერთან“ ჰყვება, რომ მას ჯერ ტელეფონი წაართვეს, მერე კი სცემეს, მიუხედავად იმისა, რომ მან თავდამსხმელებს უთხრა, რომ ჟურნალისტი და უნგრეთის მოქალაქე იყო. 



საქართველოში დამოუკიდებელ და კრიტიკულ მედიას მუშაობა რთულ გარემოში უწევს. 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს. ის 7 თვეზე მეტია უკანონო პატიმარია. 
„ქართულმა ოცნებამ“ ერთიმეორის მიყოლებით მიიღო მედიის შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები. მნიშვნელოვნად შეიზღუდა მედიისთვის სასამართლოში მუშაობაც.
31 მაისიდან ამოქმედდა „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტიც“, რომელსაც „ქართული ოცნება“ ამერიკული FARA-ს სიტყვასიტყვით ნათარგმნს უწოდებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები კი მიიჩნევენ, რომ ის მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ორგანიზაციებისა და მედიების გაჩუმებას, დისკრედიტაციასა და დევნას. 
სატელევიზიო მაუწყებლობა შეწყვიტა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილმა ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“. 
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა ნინო ზაუტაშვილი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი; დახურა გადაცემები „რეალური სივრცე“, „ამ შაბათ-კვირას“ და მათი გუნდის წევრებს, რომლებმაც ახალ შეთავაზებაზე უარი თქვეს, ხელშეკრულებები შეუწყვიტა. ისინი რამდენიმე თვეა „პირველი არხის“ სარედაქციო პოლიტიკას ღიად აკრიტიკებენ და პოლიტიკურ გავლენებზე საუბრობენ. 
კრიტიკული ტელევიზიების წინააღმდეგ საჩივრებით „ქართულმა ოცნებამ“ მიმართა კომუნიკაციების კომისიასაც. მიმართვის საფუძველი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ის ცვლილებები გახდა, რომლითაც კომისიას აქამდე თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა მიეცა. ComCom-მა ისინი სამართალდამრღვევებად „მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევისთვის“ ცნო.
ამასთან, დღემდე არ დასჯილან გასულ წელს, პროევროპული აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე (გურამ როგავა, ალექსანდრე ქეშელაშვილი, მაკა ჩიხლაძე, გიორგი შეწირული და სხვები) თავდამსხმელები. 

„მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრმა” საქართველოში 2024 წლის მაისიდან 2025 წლის მაისამდე პერიოდში ჟურნალისტების წინააღმდეგ მომხდარი 342 ინციდენტი აღრიცხა. 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ