პოლარიზებული მედია, თავდასხმები ჟურნალისტებზე - მედიაგარემო წინასაარჩევნოდ
29.10.2020
სამაუწყებლო მედია გარემო მკვეთრად პოლარიზებული იყო, გამოვლინდა ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმის ფაქტები, გამოიკვეთა მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან კრიტიკული მედია ორგანიზაციებისა თუ მათი წარმომადგენლების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის და მუქარის შემთხვევები. და, ამ დრომდე არც ერთ შემთხვევას არ მოჰყოლია სამართლებრივი თუ სხვა შედეგი - ნათქვამია ანგარიშში, რომელშიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოა შეფასებული.

ანგარიში, რომელზეც სამი ორგანიზაცია მუშაობდა: საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, სამართლიანი არჩევნები და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, დღეს, 29 ოქტომბერს გამოქვეყნდა. ანგარიშში სრულად არის შეფასებული წინასაარჩევნო გარემო, საპარლამენტო არჩევნების წინ, მისი ერთი ქვეთავი კი მედიას ეთმობა.

„სამაუწყებლო მედია გარემო მკვეთრად პოლარიზებული იყო. აღნიშნული საკითხი, წინა წლების მსგავსად, მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება იმ ფონზე, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ინფორმაციის მიღების პირველწყაროდ სწორედ ტელევიზიას ასახელებს“, - ნათქვამია ანგარიშში.

ამავე დოკუმენტის თანახმად, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უარს აცხადებდნენ ტელეკომპანია „ფორმულაში“, „მთავარ არხზე“, „TV პირველსა“ და „კავკასიაში“ ვიზიტზე, მაშინ, როდესაც „იმედსა” და „POSTV-ს” ხშირად სტუმრობდნენ. მათ, ასევე, უარი განაცხადეს, მონაწილეობა მიეღოთ „პალიტრა TV-ის“ ეთერში გამართულ დებატებში და, ძირითადად, წარმოდგენილი იყვნენ მარტო, ოპონენტების გარეშე, გადაცემის ბოლო ნაწილში.

„წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლინდა ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმის ფაქტები, გამოიკვეთა მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან კრიტიკული მედია ორგანიზაციებისა თუ მათი წარმომადგენლების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის და მუქარის შემთხვევები, ადგილი ჰქონდა კონკრეტული მედია საშუალების - „პანკისის სათემო რადიოს“ წინააღმდეგ სავარაუდოდ ხელისუფლების მიერ წარმოებულ კამპანიას, რომლის მიზანიც ადგილობრივი მედიის საქმიანობის ხელის შეშლა იყო. შემაშფოთებელია „ტვ პირველის“ დამფუძნებლის მამის, ავთანდილ წერეთლის მიმართ მუქარა, რაც, მისი შვილის განცხადებით, განპირობებული იყო არხის სარედაქციო პოლიტიკით“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

მედიაგარემოს შეფასებაში ნათქვამია, რომ ამ დრომდე არც ერთ შემთხვევას არ მოჰყოლია სამართლებრივი თუ სხვა შედეგი, რაც იწვევს მსგავსი შემთხვევების წახალისებას და წინასაარჩევნო პერიოდში მნიშვნელოვნად აზიანებს მედია გარემოს.

ანგარიშში პრობლემურად არის მიჩნეული საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ტელეკომპანია „მთავარი არხისთვის“ 2020 წლის 23 ოქტომბერს გაგზავნილი წერილი, რომლითაც სთხოვენ მუსიკალური კლიპის მართლზომიერად განთავსების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას.

„აღნიშნული ფაქტი, კომისიის მანამდე არსებული მცდელობების გათვალისწინებით - ჩაერიოს მაუწყებლის მიერ შექმნილი/განთავსებული პროდუქტის შინაარსში, ქმნის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეს“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ანგარიშის თანახმად, წინასაარჩევნო პერიოდში სოციალურ მედიაში გავრცელებული დეზინფორმაციული კამპანია მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ქართულ „ფეისბუქ“ სივრცეში ინტენსიური იყო ანონიმურ „ფეისბუქ“ გვერდებზე წარმართული დისკრედიტაციული კამპანიები:

„დისკრედიტაციის მიზნით მოქმედი ანონიმური გვერდების კოორდინირებული საქმიანობა გამოიხატებოდა მათ მიერ წარმოებულ დამაზიანებელ, ორგანიზებულ საინფორმაციო კამპანიებში, რომელიც მიმართული იყო პოლიტიკური მოვლენების, პარტიების, პოლიტიკოსების, მედია საშუალებების, სამოქალაქო აქტივისტებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ და მიზნად ისახავს ამომრჩევლებში მათ მიმართ ნეგატიური განწყობების ჩამოყალიბებას ან/და გაღვივებას“.

წინასაარჩევნო გარემოს შემფასებაში ასევე ვკითხულობთ, რომ ანონიმური დისკრედიტაციული საინფორმაციო კამპანიების გარდა, სოციალურ მედიაში აქტიური იყო „ფეისბუქ” გვერდებიც, რომლებიც საზოგადოებაში პოლარიზაციის წახალისების მიზნით ორგანიზებულად ავრცელებდნენ ანტიდასავლურ, ანტი-ლიბერალურ, პრო-რუსულ, ქსენოფობიურ თუ ჰომოფობიურ განწყობებს, პარალელურად კი პრორუსულად განწყობილი პოლიტიკური პარტიების და კანდიდატების სასარგებლოდ წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად იყვნენ ჩართული.

„კორონავირუსის პანდემიის ფონზე ჟურნალისტებსაც პროფესიული მოვალეობის შესრულება სტრესულ გარემოში უწევთ, რაც თავის მხრივ დამატებით გამოწვევას უქმნის ჟურნალისტების სამუშაო პირობებს“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.

ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ