‘კარი ჩაგვიკეტეს’ - როგორ მუშაობს რეგიონული მედია პანდემიის პირობებში
01.12.2020

მაშინ, როდესაც რეგიონებში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება და ქვეყანაში ეპიდვითარება უფრო და უფრო რთულდება, ადგილობრივი მედიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ჯანდაცვის რეგიონულმა სამსახურებმა ფაქტობრივად, ჟურნალისტებს კარი ჩაუკეტეს და ერთგვარი ბოიკოტი გამოუცხადეს.

altკამილა მამედოვა, მარნეულის სათემო რადიოს დამფუძნებელი და დირექტორი, ამბობს, რომ მათთვის ინფორმაციის მიღება იმავე დღიდან იქცა პრობლემად, რაც რეგიონში ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. კამილა ფიქრობს, რომ თავდაპირველად ეს ერთგვარი თვითცენზურა იყო, რადგან, მისი ვარაუდით, რეგიონებში ჯერ არ ჰქონდათ ცენტრიდან მიღებული დირექტივები და ფიქრობდნენ, რომ ჯობდა ინფორმაცია არ გაეცათ, ვიდრე რამე ეთქვათ, რასაც, შესაძლოა, მათ წინააღმდეგ ემუშავა. თუმცა, ვითარება არც მოგვიანებით შეცვლილა, მას შემდეგ, რაც ეპიდემიამ ქვეყანაში სრული ლიფეთქა. პირიქით, კამილა ამბობს, რომ ის წყაროებიც ჩაიკეტა, ვინც მანამდე მედიას მცირე ინფორმაციას, ან თუნდაც, სტატისტიკას მაინც აწვდიდა.

“მას შემდეგ, რაც მეორე ტალღა დაიწყო, უფრო გართულდა. ადრე გეჩხუბებოდნენ მაინც, როცა ვრეკავდით და ვეკითხებოდით, და ახლა, რომც დავრეკოთ, გაფუჭებული ტელეფონის პრინციპია. 5-6 სტრუქტურის გავლა გვჭირდება, გვამისამართებენ და საბოლოო ჯამში გადამოწმებული ინფორმაცია მაინც არ გვაქვს”.

altკამილა ამბობს, რომ მათი ძალისხმევა, ადგილობრივებს მათ ენაზე მიაწოდონ საჭირო ინფორმაცია და რეკომენდაციები, რაც ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ეს სახელმწიფოს ინტერესშიც უნდა იყოს, უშედეგოა. ვერცერთხელ მოახერხეს ჩაეწერათ ეპიდემიოლოგი, რომელიც, ამავე დროს, ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელია:

“პრესსამსახური გვაიგნორებს, აბსოლუტურად არაფერს გვირკვევს და ასე გრძელდება კვირები. მაგალითად, მთავარი ეპიდემიოლოგისგან, რომელიც ჩვენი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელია, ერთი ფრაზა არ გვაქვს ჩაწერილი, ჩვენი ლანძღვის გარდა. არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ეს ადამიანი ესაუბროს თემს”.

იგივე პრობლემაზე საუბრობენ სამჯხე-ჯავახეთში. ონლაინგამოცემა “სამხრეთის კარიბჭეს” რედაქტორი თინათინ ზაზაძე ამბობს, რომ რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე, ჟურნალისტებს “კარი ჩაუკეტეს”:

“პანდემიის დასაწყისში ძალიან მწირ ინფორმაციას ვგებულობდით როგორც დაავადებათა კონტროლის სამცხე-ჯავახეთის ოფისიდან, ისე საზოგადოებრივი ჯანდაცვიდან. თუმცა, ძალიან მალევე კარი ჩაგვიკეტეს ფაქტობრივად და მხოლოდ მშრალი სტატისტიკის იმედად დაგვტოვეს”.

მისივე თქმით, ხანდახან მონაცემების მიღება და გადამოწმებაც პრობლემაა:

alt"მაგალითად, ადიგენის შემთხვევაში ძალიან რთულად ვღებულობდით ინფორმაციას. ბოლოს ახალციხეშიც გართულდა ამის გადამოწმება. სიღრმისეულად გაშუქება რომ გვინდა, ამაზე საერთოდ პასუხი არავის არ აქვს. გვინდოდა გადაცემაში მოსულიყვნენ და გვესაუბრა რა არის კორონავირუსი, როგორ დავიცვათ თავი, პრევენციული ხასიათის რეკომენდაციები, საუბარი არ იყო კრიტიკულ გადაცემაზე. ყველა ექიმმა კატეგორიული უარი განაცხადა, ვგულისხმობ, საზოგადოებრივ ჯანდაცვას. იძულებული ვიყავით, კერძო კლინიკებიდან მოგვეწვია სტუმრები. საზოგადოებრივმა ჯანდაცვამ პირდაპირ აკრძალა ჩვენთან ურთიერთობა, როგორც ახალციხეში, ისე ადიგენში”.

იმავეზე წუხს ახალციხის ტელეკომპანია “მეცხრე არხის” დირექტორი მაია იველაშვილი. იგი ამბობს, რომ სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელების იმედად არიან დარჩენილი:

“როდესაც, რაღაც ტიპის ვალდებულება გაქვს მაყურებლის წინაშე, უნდა მიაწოდო ინფორმაცია კოვიდ-19-ის შესახებ და ამ დროს ნებისმიერ თემაზე, არ აქვს მნიშვნელობა რომელი მუნიციპალიტეტია ან რა ტიპის ინფორმაცია გაინტერესებს, მხოლოდ და მხოლოდ ერთი პიროვნებაა გამოყოფილი რომ პასუხი გაგცეს, ფაქტობრივად ვერ მუშაობ. ცხადია, ამ ერთ პირზე ვერ ააგებ საინფორმაციო გამოშვებას”.

altმაია იველიშვილის თქმით, ეს ერთი პირი რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელია, რომელსაც შეუძლია ინფორმაცია გასცეს სტატისტიკის დონეზე, სხვა კითხვები კი პასუხგაუცემელი რჩება, ვინაიდან ის არ არის ეპიდემიოლოგი და ცხადია, სიღრმისეულ კითხვებს ვერ უპასუხებს:

“ერთი მხრივ, გვაქვს ვალდებულება, რომ ობიექტური, გადამოწმებული და კომპეტენტური პირებისგან მიღებული ინფორმაცია გავავარცელოთ, და მეორე მხრივ, ვართ ჩიხში. ვერ ვიღებთ საჭირო ინფორმაციას კომპეტენტური პირებისგან და მერე იძულებული ვხდებით, პირადი კონტაქტებით და პირადი ძალებით მოვიძიოთ გარკვეული პასუხები კითხვებზე”.

მაია იველიშვილი ამბობს, რომ როდესაც ვერ იღებენ ინფორმაციას ოფიციალური პირებისგან, ხშირად იძულებული ხდებიან რისკზეც წავიდნენ: “მაგალითად, ვთქვათ, როდესაც სამცხე-ჯავახეთში პირველი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, ჩვენი ძალებით მოვიძიეთ და გავარკვიეთ, რომ იყო ვალეში და ავედით. იძულებული ვიყავით, რომ იქ ვინმესგან მოგვეპოვებინა ინფორმაცია. ცხადია, ეს რისკებს ზრდის”.

ადგილობრივი ჯანდაცვის უწყებებიდან ინფორმაციის მიღების პრობლემა აქვთ აჭარაშიც. “ტვ 25-ის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი სულხან მესხიძე ამბობს, რომ უკვე ერთი წელია, რაც აჭარის მთავრობამ ტელევიზიას “ბოიკოტი გამოუცხადა”:

alt“გვაიგნორებენ, არ გვპასუხობენ კითხვებზე და უკვე ერთი წელია ეთერში რეპორტაჟები გადის ცალმხრივად, დაუბალანსებლად, რითაც ჩვენი აუდიტორია ზარალდება. ოფიციალური მიზეზი არ ვიცით, თუმცა, შიდა წყაროებიდან ვიცით, რომ ეს არის აჭარის მთავრობის გადაწყვეტილება, რომ კრიტიკულ მედიასთან არ ითანამშრომლოს ადგილობრივმა ხელისუფლებამ”.

სხვა რეგიონული მედიის წარმომადგენლების მსგავსად, სულხან მესხიძეც ამბობს, რომ მხოლოდ და მხოლოდ მშრალი სტატისტიკური მონაცემების იმედად არიან და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე სიღრმისეულ რეპოსტაჟებს ვერ ამზადებენ:

“კორონავირუსთან დაკავშირებით მხოლოდ ბრიფინგებიდან ვიღებთ ინფორმაციას. ციფრების იქით არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. სიღრმისეული რეპორტაჟების მომზადება, როგორ უმკლავდება რეგიონის ჯანდაცვის სისტემა ამ გამოწვევას, ამის შესახებ მასალების მომზადება ძალიან გვიჭირს, რადგან, მოპასუხე მხარე, ფაქტობრივად, არ არსებობს. მერამდენე თვეა უკვე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრს, მინისტრის მოადგილეს ღია ეთერს ვთავაზობთ და არ მონაწილეობენ. მათ შორის არც აჭარის ჯანდაცვის ცენტრი და NCDC-ის წარმომადგენლობა აჭარაში. პასუხი არის - არ გვცალია. ამ მიზეზების პარალელურად, იმავე დღეს სახელისუფლებო არხებზე ვხედავთ ამ ადამიანებს”.

სულხან მესხიძის დაკვირვებით, აჭარის ჯანდაცვის უწყებებმა მას შემდეგ გამოუცხადეს მედიას “ბოიკოტი”, რაც ეპიდვითარება გართულდა და საზოგადოებაშიც მეტი კითხვა გაჩნდა ვირუსის მართვასთან დაკავშირებით:

“თავიდან მოდიოდნენ თანამშრომლობაზე, სანამ ჯანდაცვის სისტემა ასე თუ ისე თავს ართმევდა ამ პროცესს, მაშინ იყო ღია ჯანდაცვის სისტემის ყველა რგოლი და მაშინ მოდიოდნენ ეთერებში. მაგრამ, მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის სისტემას გაუჭირდა, ჩვენი მოსაზრებით, ისინი კრიტიკულ არხებზე აღარ მიდიან”.

რეგიონული მედია გამონაკლისი არ არის. უპასუხო ზარებსა და შეტყობინებებზე პასუხგაუცემელი კითხვებსა და რესპონდენტებთან გაძნელებულ წვდომაზე საუბრობენ დედაქალაქში ბაზირებული ონლაინგამოცემებიც. ქვეყანაში გაუარესებული ეპიდვითარების ფონზე, როდესაც მედიას მნიშვნელოვანი როლი აქვს მოსახლეობის ინფორმირებაში და წესით პირიქით, ჯანდაცვის უწყებები მათთან კოორდინაციაში უნდა მუშაობდნენ, მედიასაშუალებების უმეტესობას მოსახლეობისთვის საჭირო კითხვებზე პასუხების მიღება უჭირს. ძირითადი წყარო, საიდანაც ჟურნალისტები ვირუსისა და მისი მართვის შესახებ იღებენ ინფორმაციას, სამთავრობო ბრიფინგებია. ამ ბრიფინგებზე მიღებული ინფორმაცია კი, უმეტესად ზედაპირულია და სტატისტიკური მონაცემებით შემოიფარგლება.

და ამ ყველაფრის ფონზე, დაავადებათა კონტროლის ცენტრში მედიის ამ წუხილების არ ესმით და ამტკიცებენ, რომ მედიას ინფორმაციის მიღების პრობლემა არ აქვს.

**** 

რეგიონულმა მედიამ, პანდემიის პირობებში, ინფორმაციის გამავრცელებლის გარდა, მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი არაერთი ფუნქცია შეითავსა. როგორ შეიცვალა მათი როლი ჯანდაცვის კრიზისი დროს, მოუსმინეთ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს "მედიაჩეკერის" პოდკასტების სერიაში - "ცხოვრება კოვიდთან ერთად".


ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ