რატომ არ განიხილა ქარტიამ КСОРГС-ის გამოცემის საკითხი - პრეცედენტული შემთხვევა
13.05.2021
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” საბჭომ უარი თქვა რუსულენოვანი ბეჭდური გამოცემა соотечественник-ის ყოფილი რედაქტორის განაცხადის განხილვაზე.

ეს ქარტიის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც განხილვის პროცესში დადგინდა, რომ საქმე არ ეხებოდა ჟურნალისტურ პროდუქტს.

თავდაპირველად, ეთიკის ქარტიამ მირანდა ოგანეზოვას განაცხადი პროფესიული საქმიანობის დროს ზეწოლისა და ჩარევის შესახებ მიიღო და საკითხზე იმსჯელა. თუმცა განხილვისას საბჭომ თქვა, რომ соотечественник არ არის მედია, ხოლო მისი საქმიანობა არ არის ჟურნალისტური.

რა არის Соотечественник-ი?

გამოცემა ეკუთვნის „საქართველოში თანამემამულეთა ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს“ (КСОРГС), რომელიც ნებაყოფლობითი არაკომერციული ორგანიზაციების ასოციაციაა. Соотечественник-ი ("თანამემამულე") არაპერიოდულად გამოიცემა 500 ეგზემპლარად.

შინაარსობრივად გამოცემა ორგანიზაციის საინფორმაციო ბიულეტენია, რუსულენოვანი საზოგადოების ცხოვრებაზე წერს და ძირითადად უფასოდ ნაწილდება КСОРГС-ში შემავალ ორგანიზაციებს შორის.

რა იყო სადავო?

გამოცემის ყოფილი რედაქტორი, მირანდა ოგანეზოვა, „თანამემამულეთა ორგანიზაციების საბჭოს“ თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ალექსანდე ბეჟენცევს ადანაშაულებდა ქარტიის მე-2 პრინციპის დარღვევაში.

ეს გულისხმობს, ჟურნალისტის იძულებას, პროფესიული საქმიანობისას მოიქცეს ან აზრი გამოხატოს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ.

ოგანეზოვას მტკიცებით, ბეჟენცევი მას თავის [ბეჟენცევის] ყოფილ კოლეგაზე შეურაცხმყოფელი ანონიმური სტატიის დაწერას აიძულებდა. უარის მიღების შემდეგ კი მის ჟურნალისტურ საქმიანობაში უხეშად ერეოდა, ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და მის დისკრედიტაციას ცდილობდა.

ბეჟენცევი ბრალდებებს უარყოფს და ქარტიაში მირანდა ოგანეზოვას შეტანილ განცხადებას უსაფუძვლოს უწოდებს.

რატომ არ განიხილა საკითხი ქარტიამ?

ქარტიის საბჭოს არგუმენტები იმაზე, თუ რატომ არ მიიჩნიეს „სოოტეჩესტვენიკი“ ჟურნალისტურ მედიად:

• გაზეთი არ ვრცელდება საჯაროდ.

• ის არ არის განკუთვნილი ფართო აუდიტორიისათვის.

• “სოოტეჩესტვენიკი” საზოგადების მიერ არ აღიქმება ინფორმაციის გამავრცელებელ საშუალებად.

• ის განკუთვნილია მხოლოდ „რუს თანამემამულეთა“ წრისათვის, რათა მათ მიიღონ ინფორმაცია თანამემამულეთა საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის შესახებ.

• მედიის დამახასიათებელი თვისებაა რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის, რაც ამ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს.

„წარმოდგენილი მტკიცებულებები უფლებამოსილი ორგანოების მიერ (სახალხო დამცველი, სასამართლო, სამართალდამცავი უწყებები) მათი კომპეტენციის ფარგლებში, შესაძლებელია შეფასდეს დისკრიმინაციად, ზეწოლად, მაგრამ მათზე ვერ იმსჯელებს ქარტიის საბჭო, ვინაიდან გამოცემა „თანამემამულე“ ვერ შეფასდება როგორც მედიად და ჟურნალისტურ საქმიანობად.“, - განმარტავს ქარტია.

საბჭოში ამბობენ, რომ ქარტიის პრინციპები ჟურნალისტურ საქმიანობას ეხება და, შესაბამისად, საბჭო მხოლოდ იმ შესაძლო დარღვევებს განიხილავს, რომლებიც ჟურნალისტური საქმიანობის პროცესში მოხდა.

ქარტიის არსებობის 11 წლის განმავლობაში, ეს არის მესამე პრეცედენტი, როდესაც საბჭო მეორე პრინციპის დარღვევას განიხილავდა. წინა ორი საქმე ტელეკომპანია „იმედს“ უკავშირდებოდა. ორივე შემთხვევაში საბჭომ იმსჯელა და მეორე პრინციპის დარღვევა დაადგინა. ჟურნალისტები სარედაქციო საქმიანობაში ჩარევას "იმედის" იმჟამინდელ დირექტორებს ედავებოდნენ.

ავტორი : ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ