‘არხი იყო დაბალანსებული, სანამ ჩაგვითრევდნენ ომში, ახლა ჩვენ ვართ მიკერძოებული’ - ‘იმედის’ დირექტორი
08.10.2020

„ეს არხი იყო დაბალანსებული, სანამ ჩვენ ჩაგვითრევდნენ ამ ომში. ახლა არხს გაუჩნდა პოზიცია, ანუ არის მიკერძოებული. ეს პოზიცია არის ანტი-ნაციონალური მოძრაობის პოზიცია, ძალიან მკაფიო პოზიციაა. ამ არხს გაუჩნდა პოლიტიკა, სუნი, ფერი, გემო, რაც აქამდე არ ჰქონდა, იყო სტერილური, ანუ დაბალანსებული... დაბალანსებული დაივიწყე, დაბალანსებული ნიშნავს უსუნოს, უგემოს, სტერილურს, ცუდია დაბალანსებული“, - ეს არის ამონარიდი ტელეკომპანია „იმედის“ დირექტორის ნიკოლოზ ლალიაშვილის საუბრიდან, სადაც იგი ცდილობს, „მაესტროს“ ყოფილი გადაცემა „ბიზნესის სიახლეების“ წამყვანი და პროდუსერი ანა ცხოვრებოვა გადაცემის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაზე დაითანხმოს.

ეს საუბარი ანა ცხოვრებოვასა და ნიკოლოზ ლალიაშვილს შორის 2019 წლის 24 დეკემბერს შედგა. მაშინ ლალიაშვილი „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილე იყო, ტელეკომპანია "მაესტრო" კი "იმედის" ჰოლდინგში შედის. 


2016 წლის 27 დეკემბერს გავრცელდა "იმედის" მფლობელის "ჰოლფინგ იმედის" განცხადება, რომლის თანხმად, ჰოლდინგმა "მაესტროს საკონტროლო პაკეტი შეიძინა და 2017 წლიდან "მაესტრო" "იმედის" ნაწილი გახდა. 
⇒ ამ თემაზე: მედიის მფლობელები საქართველოში


ანა ცხოვრებოვას თქმით, ამ შეხვედრის ინიაციტორი თავად ლალიაშვილი იყო, რომელიც გადაცემისგან ცვლილებებს ითხოვდა. საუბრის აუდიოჩანაწერიდან, რომელიც ანა ცხოვრებოვამ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში საქმის განხილვის დროს წარადგინა, როგორც მტკიცებულება, ირკვევა, რომ ლალიაშვილი განიხილავს გადაცემაში გასულ რამდენიმე სიუჟეტს, რომლებიც, მისივე თქმით, "კრიტიკული იყო ხელისუფლების მიმართ" და ცხოვრებოვას ეუბნება, რომ აქცენტი უნდა შეიცვალონ.

ჟურნალისტის მტკიცებაზე, რომ ისინი აშუქებენ ყველაფერს დაბალანსებულად, ლალიაშვილი პასუხობს, რომ სიტყვა დაბალანსებული უნდა დაივიწყოს, რადგან "ცუდია დაბალანსებული“, მითუმეტეს, რომ ახლა ისინი არიან ომში.


- მე გეუბნები ერთ რაღაცას რომ ბალანსი, სიტყვა ბალანსი ავტომატურად გულისხმობს, ეს არხი იყო დაბალანსებული არხის სანამ ჩვენ ჩაგვითრევდნენ ამ ომში. ახლა ამ არხს გაუჩნდა პოზიცია, ანუ არის მიკერძოებული. არხს აქვს პოზიცია, ეს პოზიცია არის ანტი-ნაციონალური მოძრაობის პოზიცია, ძალიან მკაფიო პოზიციაა რა, ამ არხს გაუჩნდა პოლიტიკა, სუნი, ფერი, გემო, რაც აქამდე არ ჰქონდა, იყო სტერილური, ანუ დაბალანსებული, დაჟე იდეალურად დაბალანსებული, უფრო მეტად ვიდრე საზმაუ, ვთქვათ, მაგრამ, არხი ჩაერთო ბრძოლაში და არხს გაუჩნდა პოზიცია, ყველა თავის გადაცემაში [ნიკოლოზ ლალიაშვილი]

- რომ რა, როგორი არხი ვართ ახლა? [ანა ცხოვრებოვა]

- ეს არის, მთავარი არის ბრძოლა ნაციონალური მოძრაობის უკან მობრუნებაზე, ეს არხის არხი მისია [ნიკოლოზ ლალიაშვილი]

- რა ნაციონალური მოძრაობის უკან მორუნება, 21-ე საუკუნეა, რა დროს "ნაციონალური მოძრაობაა", მართლა მაინტერესებს. ჩვენ ვცდილობთ რეალურ საქმეზე ვილაპარაკოთ და ამ დროს ამდენი ენერგია სისულელეზე რატომ უნდა დაიხარჯოს? 
[ანა ცხოვრებოვა]

- ეგ უბედურებაა, რომ მე და შენ ამაზე გვიწევს საუბარი, იმიტომ, რომ ეს ძალა ბრუნდება, თუ ჩვენ არ დავდექით, ეს ძალა ბრუნდება. რისი მეშვეობით ბრუნდება?! მთავარი არხი 
[ნიკოლოზ ლალიაშვილი]

 


ამ ჩანაწერის მიხედვით, ნიკოლოზ ლალიაშვილი ანა ცხოვრებოვას არწმუნებს, რომ "მაესტროს" სარედაქციო პოლიტიკა პირველი იანვრიდან დიამეტრალურად უნდა შეიცვალოს და სრულ სინქრონიზაციაში მოვიდეს "იმედის" სარედაქციო პოლიტიკასთან, რადგან "არ შეიძლება ერთი თავის ქვეშ მარჯვენა ხელი სხვას შვრებოდეს და მარცხენა სხვას“. ლალიაშვილის აზრით, ასეთი მუშაობა "დააკრისტალებს მაყურებელს".

- ჩვენი მაყურებელიც იბნევა, შეიძლება შენ გაქვს ეს პოზიცია, მაგრამ მე სხვა პოზიცია მაქვს - მე ვიძახი, რომ მარჯვენა ფეხი მარჯვნივ მიდიოდეს და მარცხენა მარცხნივ.

-  მე მარცხნივ მივდივარ ახლა? [ანა ცხოვრებოვა]

- შენ არ მიდიხარ, შენი ფეხი არ დგამს იქეთ მხარეს ნაბიჯს, საითაც დგამს  "იმედი" . "მაესტრო”, ჯერ, გეთანხმები, კი, მაგრამ  "მაესტროც” უკვე "იმედის” ნაბიჯებზე გადმოვა. [ნიკოლოზ ლალიაშვილი]


-  რატომ არ დგამს, თუ იმაზე ვთანხმდებით, რომ კარგზე კარგს ვამბობთ და ცუდზე ცუდს ვამბობთ, და "იმედიც” ასე დგამს, მაშინ ... [ანა ცხოვრებოვა]

-  აქცენტებს ვამბობ, აი, ეს აქცენტი, გესმის? [ნიკოლოზ ლალიაშვილი]


-  ანუ მთავრობა რომ არ გვეხსენებინა და ისე გაგვეშუქებინა ინფლაცია, რომ რეალურად გვიუფასურებს გაზრდილ ხელფასებს, პრობლემა არ არის ? [ანა ცხოვრებოვა]

-  ძალიან კარგი, ძალიან კარგი. არ არი... [ნიკოლოზ ლალიაშვილი]

აუდიოჩანაწერში, ლალიაშვილი არაერთხელ ახსენებს ომს, რომელშიც არის ახლა არხი და ანა ცხოვრებოვას უარზე, ჩაებას ომში, რადგან მისი აზრით ის არ არის ფრონტის ხაზზე, ლალიაშვილი პასუხობს: „არ შეიძლება თქვას თქვა რომ არ ხარ ფრონტის ხაზზე როცა შენი ჯარი, მე ვარ შენი ჯარი, ჩვენ იმედი ვართ ერთი გუნდი, ჩვენ თუ ვომობთ და შენ ამბობ „მე არ ვომობ“ ეგ არის დეზერტირობა, მაგას ქვია დეზერტირობა“ და საბოლოო უარის შემდეგ, ეუბნება, რომ „სამწუხაროა, რომ მას არ აქვს კორპორატიული სოლიდარობა“. რადგან ახლა „ებრძვიან არხს“ და ამიტომ, ამ ომში ჩართულია და უნდა ჩაერთოს ყველა: „დაჟე გართობა, პროდაქშენი, ნიუსზე ხომ ლაპარაკი არ არის, პოლიტიკური თოქ-შოუები“.

-  ვინ ებრძვის ? ვინმე გვივარდება ტელევიზიაში? მაგალითად, ვინ? [ანა ცხოვრებოვა]
 
- ნიკა გვარამია, ნიკა გვარამია ყოველდღე, არამარტო ნიკა, მთელი “მთავარი არხი” მომართულია იქითკენ, რომ მოახდინოს დისკრედიტაცია იმედის, ეძახიან „ნადეჟდას“, რაღაც სისულელეებს, ფეისბუქში არის გაშლილი ფრონტი.  [ნიკოლოზ ლალიაშვილი]


ნიკოლოზ ლალიაშვილსა და ანა ცხოვრებოვას შორის ამავე თემაზე სატელეფონო საუბრები და შეხვედრები ამის შემდეგაც გაგრძელდა. გადაცემის დახურვამდე (2020 წლის 18 მარტი), არაერთი საუბარი შედგა. ლალიაშვილი ამ შემთხვევებშიც გადაცემისა და არხის სარედაქციო პოლიტიკაზე აგრძელებდა საუბარს. იგი იმეორებდა, რომ „არხის სარედაქციო პოლიტიკის პრიორიტეტი არ არის მთავრობის კრიტიკა და მთავარი მიზანია “ნაციონალური მოძრაობა არ დაბრუნდეს ხელისუფლებაში”. მისივე თქმით, ამ მოსაზრებას უპირობოდ უნდა იზიარებდეს კომპანიის ყველა თანამშრომელი.

 „ბიზნესის სიახლეები“ (გადაცემა "მაესტროს ეთერში" 2017 წლის 13 ივნისიდან გადიოდა), რომლის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლასაც ითხოვდა ლალიაშვილი და ამის გამო აქტიურად ხვდებოდა გადაცემის წამყვანსაც და გუნდის წევრებსაც, საბოლოოდ დაიხურა. ბოლო გადაცემა „მაესტროს“ ეთერში 2020 წლის 20 თებერვალს გავიდა. გადაცემის ბოლოს წამყვანმა, ანა ცხოვრებოვამ განაცხადა, რომ "ბიზნესის სიახლეები" ორშაბათიდან ეთეში აღარ გავიდოდა, რადგან მიუკერძოებელი და კეთილსინდისიერი მუშაობისთვის გადაცემას ხურავდნენ. მანვე დააზუსტა, რომ გადაცემის დახურვას სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის არაერთი მცდელობა უძღვოდა წინ. 



გადაცემის დახურვის შემდეგ გადაცემის გუნდმა ნიკოლოზ ლალიაშვილის წინააღმდეგ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა. ჟურნალისტთა ჯგუფი ლალიაშვილს ქარტიის მეორე პრინციპის დარღვევას ედავებოდა, რაც სარედაქციო საქმიანობაში ჩარევას გულისხმობს.

 


'დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება, პროფესიული საქმიანობისას მოიქცეს ან აზრი გამოხატოს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ" - ქარტია, მეორე პრინციპი



ქარტიის საბჭომ საქმე 3 ოქტომბერს განიხილა და ლალიაშვილს დარღვევა დაუდგინა. ამ სხდომაზე წარადგინა ანა ცხოვრებოვამ აუდიოჩანაწერები, როგორც მტკიცებულება. ეს ჩანაწერები, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილთან ერთად, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დღეს, 8 ოქტომბერს გამოაქვეყნა.


ნიკოლოზ ლალიაშვილი "მედიაჩეკრთან" - დიახ, "იმედი" არის ომში

"იმედის" დირექტორი ნიკოლოზ ლალიაშვილი "მედიაჩეკერთან" საუბარში ადასტურებს, რომ ის ანა ცხოვრებოვას ესაუბრებოდა ბალანსზე, თუმცა, გულისხმობდა ბალანსის სხვა გაგებას, ხელოვნურ ბალანსს, ვინაიდან, "ბუნებაში პროცესები დაბალანსებული არ არის" და ამავე დროს, ის გულისხმობდა ბალანსს, როგორც მეთოდს:

"ამ შემთხვევაში, საუბარი იყო ყალბ ბალანსზე, იმ მორიგ მითზე, რომელსაც ცდილობენ ჩუნერგონ საზოგადოებას. არანაირი ბალანსი ბუნებაში არ არსებობს, ჩვენი, ამ შემთხვევაში „იმედის“ ამოცანაა, რომ პროცესები, საზოგადოებრივი პროცესები, პოლიტიკური პროცესები აღვწეროთ ისე, როგორც ეს პროცესები არსებობს. რადგან პროცესები ბუნებაში დაბალანებული არ არის, როგორც კი ჩვენ შევეცდებით დაბალანსებულად აღვწეროთ პროცესები, მომენტალურად ჩვენ მოვახდენთ მასში მომენტალურ ჩარევას. ეს არის არხის ფილოსოფია, რომელსაც ეფუძნება არხის პოლიტიკა, ჩვენ გავურბივართ ხელოვნურ ჩარევებს. ჩვენი ამოცანაა არ მოვახდინოთ რეალობის გამრუდება, ვაჩვენოთ ეს რეალობა ისეთი როგორიც არის, რეალობა არ არის, სამწუხარო დაბალანსებული. ასე ცხოვრობს სამყარო, ჩვენ ვაჩვენებთ ჩვენ რელობას Fake News-ის გარეშე და როდესაც მე ვამბობ - დაივიწყე ბალანსი, მე ვგულისხმობ, დაივიწყე ბალანსი, როგორც მეთოდი".

"მედიაჩეკერის" კითხვაზე, რომ აუდიოჩანაწერებში, რომელიც ძალიან ვრცელია, არ არის საუბარი ბალანსის ამგვარ გაგებაზე, ლალიაშვილი ამბობს, რომ ეს იმიტომ, რომ აუდიოჩანაწერები მიკერძებული და დამონტაჟებულია. თუმცა, აქვე, ჩვენს დაზუსტებაზე, რის საფუძველზე ამბობს ამას, უკვე მოისმინა თუ არა ეს ჩანაწერები, ლალიაშვილი გვპასუხობს, რომ ჯერ არ მოუსმენია, მაგრამ იცის, მას ახსოვს რაზე იყო საუბარი. 

ლალიაშვილი, "მედიაჩეკერთან" საუბარშიც აზუსტებს, რომ დიახ, "იმედი" არის ომში, ეს არის ომი კონკურენტებთან და არხი არის მუდმივი თავდასხმების ქვეშ. 

"იმედს" ესხმის თავს მისი კონკურენტი არხები, იქიდან გამომდინარე, რომ 'იმედი" რეიტინგულად გახლავთ ყველა მონაცემით პირველი არხი  საქართველოში, ამას ადასტურებს NDI-ს და IRI-ს ანგარიშები, ამიტომ, ყველა ჩვენი კონკურენტი ცდილობს "იმედის" გაშვებას, ახდენს ზეწოლას "იმედის" ჟურნალისტებზე, სოციალური ქსელების მეშვეობით და სწორედ ამას ვგულისხმობდი, როდესაც ვამბობდი, "იმედი" არის ომში".  

"მედიაჩეკერის" მცდელობაზე, რომ მისი განცხადებების ეს ნაწილიც დაეზუსტებინა აუდიოჩანაწერებში ნაგულისხმევის შესაბამისად, ლალიაშვილთან სატელეფონო კავშირი შეწყდა. ჩვენს შემდგომ ზარს კი "იმედის" დირექტორმა აღარ უპასუხა, შესაბამისად, ჩვენ მას ვერც სხვა, არაერთი კითხვა დავუსვით, რაც ამ ჩანაწერების შემდეგ მისი მისამართით გაჩნდა.


შეგახსენებთ, ნიკოლოზ ლალიაშვილი ტელეკომპანია "იმედის" გენერალური დირექტორად 2020 წლის აგვისტოდან დაინიშნა. ცვლილება რეესტრში 6 აგვისტოს აისახა. 


ქარტიის არსებობის 10 წლის განმავლობაში, ეს არის მეორე პრეცენდენტი, როდესაც საბჭო მეორე მუხლის დარღვევას ადგენს. საინტერესოა, რომ პირველი საქმეც ტელეკომპანია „იმედს“ უკავშირდებოდა და სარედაქციო საქმიანობაში ჩარევას მაშინაც არხის იმჟამინდელ დირექტორს ედავებოდნენ.

საუბარია 2016 წელს, გადაცემა „პოლიტიკაში“, რომლის წამყვანი და პროდიუსერი შალვა რამიშვილი იყო, მოსამართლეების თემაზე დაგეგმილ გადაცემაზე. საქმის მიხედვით, არხის იმჟამინდელი დირექტორი გიორგი ბახტაძე შალვა რამიშვილს აიძულებდა მოსამართლე მურუსიძის თემაზე დაგეგმილ გადაცემაში სტუმრად ისეთი მოსამართლეები მიეწვია, რომლებიც რეალურად არა მისი ოპონენტები, არამედ მისი გუნდის წევრები იყვნენ და არ ჰქონდათ კრიტიკული კითხვები მოსამართლე ლევან მურუსიძის მისამართით.

მაშინაც, საქმის განხილვისას, ქარტიის საბჭომ მიიჩნია, რომ გიორგი ბახტაძის მხრიდან შალვა რამიშვილის სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფა და ზეწოლა აშკარა იყო და საქმეზე დარღვევა დაადგინა.


მოუსმინეთ სხვა აუდიოჩანაწერებსაც, რომელიც ლალიაშვილისა და გადაცემის გუნდის შეხვედრებს ასახავს. 

 

⇒ აუდიო ჩანაწერი #2 - 25 თებერვალი

 

 
⇒ აუდიო ჩანაწერი #3 - 25 თებერვალი
 

ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ