„მივიღებთ კონკრეტულ ზომებს“ - თბილისის მერის მუქარა მედიას
09.12.2021
9 დეკემბერს, მთავრობის სხდომაზე, თბილისის მერი კახა კალაძე მედიებს დაემუქრა. მან თქვა, რომ იმ მედიებთან, რომლებიც მერიის ღონისძიებაზე მივლენ და მის შესახებ ინფორმაციას არ გააშუქებენ, “ურთიერთობას გადახედვა და ამ მიმართულებით კონკრეტული ზომების მიღება“ მოუწევთ.

კალაძე ამბობს, რომ მერიის პროექტების გასაშუქებლად განურჩევლად ყველა მედიას იწვევენ, მათ „ეძლევათ შესაძლებლობა, გააშუქონ ის პროექტები, რომლებსაც მუნიციპალიტეტი ახორციელებს სხვადასხვა მიმართულებით“, ზოგიერთი მედიასაშუალება კი, ღონისძიებაზე მიდის, მაგრამ მიზანმიმართულად არ აშუქებს.

„არ იფიქროთ, რომ ვინმეს საინფორმაციო პოლიტიკას ვაკონტროლებ, მაგრამ რაღაც წესი, ჩარჩოები ხომ არსებობს, არა?! მოდიხართ, იღებთ და არ აშუქებთ. მაქსიმალურად ვცდილობ, ვიყო კომუნიკაბელური თქვენთან ურთიერთობაში, სვამთ შეკითხვას სხვადასხვა თემაზე და ვცდილობ, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, მაქსიმალურად გიპასუხოთ ამ შეკითხვებზე”

კალაძემ თქვა, რომ ასე გაგრძელების შემთხვევაში, მერია გადახედავს მედიასთან ურთიერთობას და მიიღებენ კონკრეტულ ზომებს.

კონტექსტი

ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებები ხშირად ხდებიან მმართველი გუნდის წევრების მხრიდან დისკრიმინაციული მიდგომის, მუქარის და თავდასხმების სამიზნეები.

კრიტიკულ კითხვებზე საპასუხოდ, კახა კალაძეს ჟურნალისტებისთვის შეურაცხყოფა არაერთხელ მიუყენებია. მაგალითად, 29 სექტემბერს ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმებს ეხებოდა, კალაძემ ჟურნალისტს მოუწოდა, “სიტყვები შეარჩიოს” და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა: “თქვენზე დიდი რადიკალები, თქვენზე უბინძურესი ადამიანები ამ ქვეყანაში არ არსებობენ. თქვენ ხართ თავი და თავი სიძულვილის, ბოროტების. თუ რაიმე ცუდი შეიძლება გაიფიქროს ადამიანმა, აი, თქვენ ხართ ამის სახე”.

ბოლო პერიოდში კრიტიკული მედიების წარმომადგენლებს სამთავრობო ბრიფინგებზე დასწრების შესაძლებლობაც ეზღუდებათ. მაგალითად, 8 დეკემბერს და 22 ნოემბერს კრიტიკული ტელევიზიების ჟურნალისტები კულტურის სამინისტროში თეა წულუკიანის ბრიფინგებზე არ შეუშვეს. 11 ნოემბერს კი იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ვერ მოხვდნენ.

არასამთავრობო ორგანიზაციები მუდმივად მოუწოდებენ ხელისუფლებას, შეწყვიტონ მედიაზე ზეწოლა და დისკრიმინაციული მიდგომა. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ არაერთხელ მიმართა “ქართულ ოცნებას” შეწყვიტოს აგრესიული რიტორიკა და გადავიდეს მედიასთან საქმიანი ურთიერთობის რეჟიმში.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ