ვინ დააკომპლექტებს საზმაუს ბორდს - პარლამენტმა საკონკურსო კომიასია დაამტკიცა
31.03.2022
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სამი ახალი წევრის შესარჩევად საქართველოს პარლამენტმა საკონკურსო კომისია დაამტკიცა. კომისიის 9 წევრიდან 3 – „იმედის“ ჰოლდინგშია დასაქმებული.

ვინ შეარჩევს კანდიდატებს

30 მარტს საქართველოს პარლამენტმა 89 ხმით მხარი დაუჭირა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მეურვეობის კანდიდატთა შესარჩევ საკონკურსო კომისიის შემადგენლობას.

შერჩეული 9 წევრიდან სამი - ბაკურ ბაკურაძე, ეკა მელქაძე და ნინო მეუნარგია - ტელეკომპანია „იმედის“ ჰოლდინგში მუშაობს.

დეტალურად:

  • ბაკურ ბაკურაძე − რეჟისორი; ბაკურაძე ღიად უჭერს მხარს „ქართულ ოცნებას“ და პროსახელისუფლებო განცხადებებით გამოირჩევა. 2020 წლიდან მუშაობს ტელეკომპანია „იმედში“.
  • ეკა მელქაძე − ჟურნალისტი; ბაკურ ბაკურაძესთან ერთად მუშაობს ტელეკომპანია „იმედში“, გადაცემა „ავტოგრაფში“.
  • ნინო მეუნარგია − ჟურნალისტი, რადიო „იმედის“ წამყვანი;
  • მიშა ჯავახიშვილი − მუსიკოსი, თბილისის ახალგაზრდული კაპელის ხელმძღვანელი; იგი ტელეკომპანია „იმედის“ წამყვანის ლევან ჯავახიშვილის ძმაა.
  • გიორგი იმედაშვილი − საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი; იმედაშვილი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი.
  • მაკო ჯაოშვილი − მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ „ალტერბრიჯის“ ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი. ის საზოგადორბერივი მაუწყებლის ბორდის შესარჩევ საკონკურსო კომისიაში 2020 წელსაც იყო.
  • ერმილე მესხია − ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი. 2019 წელს მონაწილეობდა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრების შესარჩევ კომისიაში, 2020 წელს - იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ბორდის წევრების შესარჩევი კომისიის წევრი.
  • მარიამ გოგოსაშვილი − საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი. იგი საზოგადორბერივი მაუწყებლის ბორდის შესარჩევ საკონკურსო კომისიაში 2020 წელსაც იყო.
  • გიორგი დავითური − ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მედიისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელი;

კომისიის დაკომპლექტებას გამოეხმაურა კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის. მათი განცხადებით, დაუშვებელია, რომ ბორდის შესარჩევ კომისიაში კერძო მაუწყებლის - “იმედის” არაერთი წარმომადგენელი მონაწილეობს:

„საკანონმდებლო დონეზე დადგენილი კრიტერიუმის მიუხედავად, პარლამენტმა არასწორად გამოიყენა დისკრეცია და არ გაითვალისწინა კომისიის შემადგენლობაში პლურალიზმის მაღალი საჭიროება” - აცხადებს მედიაკოალიცია 

ვინ ტოვებს ბორდს?

ამ დროისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო შემდეგნაირად არის დაკომპლექტებული:

  • სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ირინა ფუტკარაძეა
  • საბჭოს წევრები არიან: მიხეილ ჩიკვილაძე, გრიგოლ მურღულია, ზაზა აბაშიძე, ბონდო მძინარაშვილი, იზაბელა ოსიპოვა, ბესიკ ლილუაშვილი, ირაკლი პაპავა, გიორგი ნიჟარაძე.

ბორდის სამ წევრს - ირინა ფუტკარაძეს, გიორგი ნიჟარაძეს და ირაკლი პაპავას, რომლებიც 2016 წლიდან არიან სამეურვეო საბჭოში, ვადა 18 აპრილიდან ეწურებათ.

ბორდის წევრობის მსურველებმა განაცხადი პირველ აპირამდე უნდა გააკეთონ.

კომისიის წევრების შერჩევის რეგლამენტი

  • პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, საკონკურსო კომისია 9 წევრით უნდა იყოს დაკომპლექტებული.
  • მათ შემადგენლობაში უნდა შედიოდნენ სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.
  • კომისიის წევრების კანდიდატებს პარლამენტის თავმჯდომარე ფრაქციებთან, უფრაქციო პარლამენტის წევრებთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან და საქართველოს სახალხო დამცველთან კონსულტაციების შედეგად არჩევს.

როგორ ირჩევს კომისია კანდიდატებს

საკონკურსო კომისიამ 3 მეურვე კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, ორ ეტაპად უნდა შეარჩიოს:

პირველ ეტაპზე
  • კანდიდატები შეირჩევიან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად.
  • კანდიდატთა შეფასების დამატებითი კრიტერიუმები განისაზღვრება საკონკურსო კომისიის დებულებით.

მეორე ეტაპზე
  • კანდიდატები შეირჩევიან მათ მიერ წარდგენილი საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფციების განხილვის და მათთან გასაუბრების შედეგად.

კანდიდატთა შერჩევის შემდეგ

  • საკონკურსო კომისია უმრავლესობას, უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრებს, საქართველოს სახალხო დამცველსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს ასარჩევზე სულ ცოტა სამჯერ მეტ კანდიდატურას.

სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების წესი

  • საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო სულ 9 წევრისგან შედგება.
  • მეურვის უფლებამოსილების ვადა არაუმეტეს 6 წელია.
  • სამეურვეო საბჭოს შემადგენლობის ერთი მესამედი როტაციის წესით 2 წელიწადში ერთხელ იცვლება.
  • არ შეიძლება, ერთი და იგივე ადამიანი კი მეურვედ ერთ ვადაზე მეტი ხნით აირჩეს.

მეურვეობის კანდიდატებიდან:

  • ორ მეურვეს საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს სახალხო დამცველის წარდგენით.
  • სამს – საპარლამენტო უმრავლესობის წარდგინებით.
  • სამს – საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის წარდგინებით.
  • ერთს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.

რა მოთხოვნების დაკმაყოფილებაა საჭირო ბორდის წევრობისთვის

მეურვეობის კანდიდატი უნდა იყოს:

  • საქართველოს მოქალაქე, საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი.
  • მას უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება.
  • მათ შორის, სულ ცოტა 5 წლისა - ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის, საფინანსო, ელექტრონული კომუნიკაციების, სახელოვნებო, სამწერლო ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები