სააპელაციომ 5 ივლისის მოვლენებზე მსჯავრდებულ 6 პირს სასჯელი შეუმცირა და ჯგუფურ ძალადობაში გაამართლა
16.01.2023
16 იანვარს, სააპელაციო სასამართლომ სასჯელის ვადა შეუმცირა 5 ივლისის ძალადობაზე მსჯავრდებულებს.

გადაწყვეტილება მოსამართლე მაია თეთრაულმა გამოაცხადა და რამდენიმე გადაწყვეტილებების შემთხვევაში, არგუმენტად სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილს დაეყრდნო — " დანაშაულთა ერთობლიობის დროს, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს."

საქართველოს პროკურატურა არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენს. უწყებამ განცხადება გააცრცელა და თქვა, რომ განაჩენს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.

მოკლედ
  • სააპელაციო სასამართლომ, 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების საქმეზე მსჯავრდებულ 6 პირს სასჯელი შეუმცირა და ჯგუფურ ძალადობაში გაამართლა. თითოეულ მათგანს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
  • მათი სასჯელის მოხდის ვადა დაკავების მომენტიდან — 2021 წლის 12 ივლისიდან აითვლება.
ვინ არიან მსჯავრდებულები?
  • დავით კუტალაძე
  • თორნიკე დავლაშერიძე
  • გია გიგუაშვილი
  • ცოტნე ჩიხლაძეს
  • ოთარ გელაშვილი
  • აკაკი ნაკაშიძე

2022 წლის მარტში მოსამართლემ ისინი დამნაშავედ ცნო და 5-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

შსს-ს და პროკურატურის წარდგენილი მტკიცებულებების მიხედვით,
ამ ექვსმა პირმა, 2021 წლის 5 ივლისს, რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, "ღირსების მარშის" საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, ჯგუფურად იძალადა:
  • ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობებით, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით,
ასევე
  • ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის შეწყვეტის მიზნით.

ჟურნალისტებსა და მოქალაქეებზე ჯგუფური ძალადობისას დაზარალებულებს სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, დააზიანეს და გაანადგურეს მათი ტექნიკა და პირადი ნივთები. ასევე, დაარბიეს „თბილისი პრაიდის“ წევრების და მათი მხარდამჭერების სხვადასხვა სავარაუდო ადგილსამყოფელი.

დაზარალებულთა პოზიცია:

დაზარალებულთაგან 17 ჟურნალისტს, და მათ შორის - მირანდა ბაღათურიას, "ტვ პირველის" გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორტის ილია თვალიაშვილის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) იცავს.

სააპელაციოს გადაწყვეტილების შემდეგ, საია ამბობს, რომ:
  • ეს გადაწყვეტილება მედაზე "მოძალადე სიძულვილის ჯგუფების" დაუსჯელობის სინდრომის გაძლიერების კიდევ ერთ მაგალითია, "რაშიც უპირველესი როლი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს პროკურატურას მიუძღვით, როგორც გამოძიების წარმართვასა და ბრალის წარდგენაზე უფლებამოსილ ორგანოებს".
  • "პროკურატურის პოზიცია, რომ ის აპირებს განაჩენის გასაჩივრებას, მხარდაჭერილი უნდა იყოს იმითაც, რომ წარუდგინოს ბრალი დანაშაულის მთავარ ორგანიზატორებს, მათ შორის, ზურაბ მახარაძეს, შოთა მარტინენკოს, ირაკლი მარტინენკოს და გიორგი ქარდავას. წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული განცხადება არ ტოვებს თანმიმდევრულობის განცდას".

კონტექსტი

5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილი "ღირსების მარშის" წინააღმდეგ გამოსული ძალადობრივი ჯგუფები მედიის 53 წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების დასჯას შვიდ თვეზე მეტია უშედეგოდ ითხოვს მედია, არასამთავრობო სექტორი და სამოქალაქო საზოგადოება. თუმცა, ამ დრომდე არც ერთი ორგანიზატორი პასუხისგებაში მიცემული არ არის.

5 ივლისი საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში
  • 2022 წლის ივნისი: ევროპარლამენტში გამართული დებატებისას, 5 ივლისის მოვლენების მიხედვით, საქართველოში ჟურნალისტების უსაფრთხოების პრობლემებზე ისაუბრეს.
  • 2022 წლის აგვისტო: 5 ივლისის მოვლენები ევროკავშირის ევროკავშირის ყოველწლიურ ანგარიშში მოხვდა.
  • 2022 წლის სექტემბერი: ევროკავშირმა საქართველოს 5 ივლისის ყველა დამნაშავის მართლმსაჯულებისთვის გადაცემისკენ მოუწოდა.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ