ევროპარლამენტარების გზავნილები საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებზე
09.06.2022
ევროპარლამენტში საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევა და ჟურნალისტების უსაფრთხოება განიხილეს.

8 ივნისს, გვიან ღამით, ევროპარლამენტში მედიაგარემოს გაუარესებაზე, კრიტიკული მედიასაშუალებების მფლობელების წინააღმდეგ სამართლებრივ დევნასა და ჟურნალისტებზე გახშირებულ თავდასხმებზე ისაუბრეს.

ევროპარლამენტარების ძირითადი გზავნილები

მოკლედ: საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევების შესახებ დებატების დროს სიტყვით 15-ზე მეტი ევროპარლამენტარი წარსდგა. მათი გზავნილების ნაწილი ეყრდნობოდა 5 ივლისის მოვლენებს, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას, ნიკა გვარამიას პატიმრობასა და პრესის თავისუფლების ინდექსის რეიტინგში საქართველოს უკუსვლას.

მთავარი აქცენტები:

  •  ბოლო წლებში მედიის თავისუფლება სერიოზულად იზღუდება, რაც ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლის ტენდენციის ნაწილია და ეს ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს.
  • მნიშვნელოვნად გაუარესდა ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლების ფიზიკური უსაფრთხოება.
  •  ხელისუფლებამ უნდა დაიცვას გამოხატვისა და მედიის თავისუფლება.
  •  თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია საქართველოს ევროკავშირში კანდიდატობის განუყოფელი ნაწილია. კრიტიკული ჟურნალისტების გაჩუმება, ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვა, მათზე ღიად მუქარა და დევნა საქართველოს ამ ამბიციისგან აშორებს.
  •  მედიაში პოლიტიკური ჩარევის ადგილი არ არის.
  •  იმედგაცრუებას იწვევს, რომ საქართველოს მთავრობა და სხვა პოლიტიკოსები უერთდებიან „მედიაზე ნადირობას“, იმის ნაცვლად, რომ დაიცვან დემოკრატიის საყრდენი.
  •  ნიკა გვარამიას საქმე კანონის უზენაესობის დარღვევის თვალსაჩინო მაგალითია.
  •  ხელისუფლებამ და ოპოზიციამ გვერდზე უნდა გადადონ ცალკეული ინტერესები და დაიწყონ ერთობლივი მუშაობა დემოკრატიულ რეფორმებზე.
  • ევროპული მისწრაფება ნიშნავს, რომ უნდა შენარჩუნდეს დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტები, მათ შორის დამოუკიდებელი და თავისუფალი მედია.

“მხოლოდ ხალხის სურვილი საკმარისი არ არის”

ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ევროკავშირის წევრობისთვის მხოლოდ ხალხის სურვილი საკმარისი არ არის და საჭიროა, ქვეყანამ დააკმაყოფილოს წევრობის მოთხოვნები, მათ შორის მედიის თავისუფლების კრიტერიუმი. ეს კი მმართველ პარტიაზე და ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.

ანდრიუს კულიბიუსი: “მედიის თავისუფლება ხდება საქართველოს მთავრობის ფორმალური და ჩრდილოვანი ხელმძღვანელობის გამიზნული პოლიტიკის მსხვერპლი, რათა საქართველოში მართლმსაჯულების პოლიტიზება მოხდეს, ეს სრულიად მიუღებელია. სწორედ ამას ამბობს ეს რეზოლუციაც ძალიან მკაფიოდ.”

ევროპარლამენტარმა საქართველოს ვითარება შეადარა 1997 წელს სლოვაკეთის შემთხვევას.

“1997 წელს სლოვაკეთი არ მიიწვიეს მოლაპარაკებების დასაწყებად, რადგან სლოვაკეთის პოპულისტი პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ მეჩიარი იმ დროს ანადგურებდა დემოკრატიას და მედიის თავისუფლების ღირებულებებს. სლოვაკმა ხალხმა გადაჭრა ეს პრობლემა და გადაირჩია მეჩიარის მთავრობა. მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას არ გაიმეოროს ვლადიმირ მეჩიარის შეცდომები“

ევროკომისრის მოწოდება

დებატების დასასრულს ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა ევროკომისარი ვლადის დომბროვსკისი, და ყურადღება გაამახვილა თავისუფალი, მრავალფეროვანი და დამოუკიდებელი მედიის აუცილებლობას:

  • “თუ საქართველო სერიოზულია თავის ევროპულ გზაზე, აქ ვერ იქნება ადგილი პოლიტიზებული მართლმსაჯულებისა და მედიის თავისუფლების დარღვევებისთვის.”
  •  “შეშფოთებით აღვნიშნავთ საქართველოში ჟურნალისტების მიმართ ძალადობის ეპიზოდების მზარდ რაოდენობას, ძალადობა და დაშინება არასდროსაა მისაღები.”
  •  “მოვუწოდებთ ხელისუფლებას არ დატოვონ სივრცე დაუსჯელობისთვის და დაიწყონ მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიებები ამ შემთხვევებზე და გააუმჯობესონ ჟურნალისტებისა და სხვა მედია პროფესიონალების დაცვა.”
  •  სამწუხაროდ მცირე პროგრესი ვნახეთ 2021 წლის 5 ივლისს ლგბტქი ადამიანებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობრივი თავდასხმების ორგანიზატორების გამოძიებასა და პასუხისგებაში მიცემაში.

ევროპარლამენტარების უმრავლესობამ მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ და ქვეყანაში პროგრესის იმედი გამოთქვა.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ