რატომ არის პრობლემური პარლამენტში მედიის აკრედიტაციის ახალი წესები?
07.02.2023
7 თებერვალს ძალაში შევიდა პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება, რომელიც პარლამენტში აკრედიტაციის წესებს ცვლის. მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვის და ცენზურის საფრთხეებს ხედავენ და ბრძნების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ.

რა ხდება?

6 თებერვალს გამოქვეყნებული ბრძანების მიხედვით, განისაზღვრება პარლამენტში მედიის აკრედიტაციის მიღებისა და პარლამენტში ქცევის წესები.

ამ ბრძანების გასაუქმებლად, სასამართლოსთვის სარჩელს მოამზადებენ:
  • "სტუდია მონიტორი" - მათ უფლებებს "ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" დაიცავს;
  • "ტვ პირველის" ჟურნალისტი ნატა ქაჯაია - ის სარჩელს "მედიაომბუდსმენის" დახმარებით მოამზადებს.

სხვა ცვლილებებთან ერთად:

  • ბრძანება ადგენს სხვადასხვა ტიპის მედიიდან პარლამენტში აკრედიტებული წარმომადგენლების მაქსიმალურ რაოდენობას;
  • ეს ბრძანება მედიას განუსაზღვრავს იმასაც, თუ როდის და რისი გადაღებაა შესაძლებელი პარლამენტში.

რა არის პრობლემა?
  • ერთერთი ცვლილების მიხედვით, ჟურნალისტი ვალდებულია, შეწყვიტოს ინტერვიუ მაშინვე, როდესაც ამას პარლამენტის წევრი, აპარატის თანამშრომელი, ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირი მოითხოვს.
  • წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს შესაძლოა, გახდეს მედიის წარმომადგენლისთვის აკრედიტაციის შეჩერების საფუძველი ერთი თვით, განმეორებით შემთხვევაში კი ექვსით.
"ამ პრეცედენტით, "ხვალ და ზეგ შესაძლოა, ჟურნალისტებს დაუწესონ მსგავსი შეზღუდვები საკრებულოებში, სამინისტროებში, მთავრობის სხდომებზე…" - ამბობს ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტი, ქეთი ნადიბაიძე.

რატომ არის ეს პრობლემა?

ბრძანება არ აკონკრეტებს, რა შემთხვევაში შეიძლება იყოს ლეგიტიმური ჟურნალისტის კითხვებზე პასუხის უარის თქმა, ან ინტერვიუს მყისიერად შეჩერება.
  • შესაბამისად, თუ არ იქნება დაზუსტებული, ინტერვიუს შეჩერების ან პასუხებზე უარის თქმის საფუძვლები, დეპუტატებს ან, მაგალითად, პარლამენტში მისულ მინისტრებს შესაძლებლობა ექნებათ, ნებისმიერ შემთხვევაში თავი აარიდონ კრიტიკულ შეკითხვებს.
  • ამიტომაც, საპარლამენტო ჟურნალისტებს უჩნდებათ ეჭვი, რომ შესაძლოა, საქმე არა ტექნიკურ რეგლამენტთან, არამედ საპარლამენტო ცენზურასთან გვქონდეს.
ყველა ცვლილება ნახეთ აქ

რას ამბობენ ჟურნალისტები?

"ეს ბრძანება იძლევა საფუძველს, სამომავლოდ, დაახლოებით ისეთი ხარისხის სტერილური მასალა და კომენტარები გვქონდეს მედიას, რასაც მაგალითად, პარლამენტის პრესსამსახური მოგვცემდა," - ამბობს "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტი, ნათია ინაური, რომელიც საპარლამენტო კორესპონდენტად 2004 წლიდან მუშაობს.

  • "როდესაც სხვადასხვა საკითხზე რესპონდენტი წინასწარ მომზადებული პასუხით მოდის და მე მისი პასუხი არ მაკმაყოფილებს, ცხადია, ვცდილობ, ჩავეძიო, ჩავეკითხო, მაგრამ მისი უარის შემთხვევაში თუ არ შევწყვეტ ინტერვიუს, პარლამენტის აპარატს შეეძლება, შემიწყვიტოს აკრედიტაცია, რაც რა თქმა უნდა, ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევა და შინაარსში შესვლაა"

ინაურის აზრით, ეს გადაწყვეტილება არამხოლოდ მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილ გამოცემებისა და ტელევიზიების, არამედ მთავრობის მიმართ ერთგულებით განწყობილ მედიასაც დააზიანებს, რომლების მიმართ ასევე შეიძლება მოითხოვონ აკრედიტაციის შეჩერება იმ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, ვისაც არ მოსწონს მათ მიერ დასმული კითხვები.

კიდევ ერთი ცვლილებით, ჟურნალისტებს აღარ ექნებათ უფლება, პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის თანხმობის გარეშე გადაიღონ მისი დოკუმენტი, ტელეფონი ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის ეკრანი ისე, რომ მასზე არსებული ინფორმაციის ან გამოსახულების აღქმა შესაძლებელი იყოს.

  • "ესეც მიუღებელია, რადგან მე, როგორც ჟურნალისტს შესაძლოა მინდოდეს აუდიტორიის ინფორმირება, როგორ ერთობიან მათ მიერ არჩეული დეპუტატები ტელეფონზე თამაშით მაშინ, როდესაც კანონწარმოების მნიშვნელოვანი საქმიანობით უნდა იყვნენ დაკავებულები," — ამბობს ინაური.

რუსუდან დუმბაძე საკანონმდებლო ორგანოდან კანონწარმოებასთან, თუ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებულ სიახლეებს "ტვ პირველისთვის" აშუქებს.

  • "დეპუტატს ისე შეეძლება თავი აარიდოს ჩემთან, როგორც ჟურნალისტთან კომუნიკაციას, რომ შესაძლოა, არცკი იცოდეს, რა თემას შეეხება შეკითხვა. თავის ასარიდებლად კი, კრიტიკული ტელევიზიის მიკროფონის დანახვაც კი საკმარისი იქნება, რაც ჩემი ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვაა" - ამბობს დუმბაძე - "თუ უნდათ, ცივილურ ჩარჩოებში მოაქციონ ჟურნალისტებისა და დეპუტატების ურთიერთობა, აკრძალვაზე კი არა, თანამშრომლობაზე უნდა წამოვიდნენ".
ჟურნალისტი გულისხმობს შემთხვევებს, როდესაც ხშირ შემთხვევებში მედიას უდგება მოცემულობა, "გაეკიდოს" დეპუტატებსა თუ მინისტრებს, მათგან კითხვებზე პასუხის მისაღებად.

"ფორმულა ნიუსის" საპარლამენტო ჟურნალისტი, ქეთი ნადიბაიძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია დეპუტატმა, როგორც არჩეული თანამდებობის პირმა გაიზაროს, რომ ეს გადაწყვეტილება დააზიანებს არამხოლოდ ჟურნალისტების საქმიანობას, არამედ მოქალაქის უფლებასაც - იყოს ინფორმირებული.

  • "თუ "ქართული ოცნების" დეპუტატებს არ მოსწონთ, კრიტიკულ კითხვაზე პასუხი, ეს ნიშნავს, რომ, განსაკუთრებით, კრიტიკული მედიის აუდიტორიას, არ ექნება შესაძლებლობა, მოისმენოს არჩეული დეპუტატების პასუხები მათ მიმართ დასმულ კრიტიკულ კითხვებზე."
"მედიაჩეკერმა" სცადა მოესმინა ოპოზიციური მედიისგან განსხვავებული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მაუწყებლების საპარლამენტო კორესპონდენტების მოსაზრებებიც, თუმცა, მათ ვერ მოახერხეს ჩვენთან საუბარი.

ექსპერტთა შეფასება

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებით გამოეხმაურა აკრედიტაციის წესის ცვლილებას საქართველოს პარლამენტში და მიმართა შალვა პაპუაშვილს, გააუქმოს ეს ბრძანება.

ქარტია მიიჩნევს, რომ ეს კიდევ უფრო გაურთულებს საქმიანობას მედიას, რომლისთვისაც ისედაც გართულებულია საჯარო ინფორმაციის გამოთხოვაც კი.

  • "როდესაც არსებობს მკაცრი მოთხოვნა მედიასაშუალებების მიმართ, რომ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი და გადამოწმებული ყველა მხარესთან, ამგვარი დადგენილებებით ფაქტობრივად, სპობენ შესაძლებლობას, რომ საზოგადოებას მიეწოდოს ზუსტი და სხვადასხვა ოფიციალურ წყაროსთან გადამოწმებული ინფორმაცია", — ამბობს, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი, მარიამ გოგოსაშვილი.
მეტი ამ თემაზე: რატომ არ გასცემენ უწყებები საჯარო ინფორმაციას?

გოგოსაშვილი ამბობს, რომ:
  • თუ მთავრობას სურს, ხელმძღვანელობდეს დემოკრატიული ქვეყნების პრაქტიკებით, ეს რეალურად ნიშნავს, იხელმძღვანელოს დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპით, რაც უპირველესად, გულისხმობს არჩეული პირების მორალურ ანგარიშვალდებულებას საზოგადოებასთან;
  • ჟურნალისტების, ისევე როგორც ზოგადად, ჟურნალისტიკის დანიშნულებაა, დასვას კრიტიკული კითხები, რათა სრულყოფილად მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია;
  • საჯარო პირებსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის ეს სტანდარტი გულისხმობს სწორედ მედიის როლს ამ კომუნიკაციაში.

ავტორი : გიორგი გიორგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ