საქართველო
კატეგორია - საქართველო
“დააბრუნეთ გაგდებული თანამშრომლები”, “ვითხოვთ ღირსეულ შრომით პირობებს” - ამ მოთხოვნებით აჭარის ტელევიზიის შენობის წინ ალტერნატიული პროფესიული გაერთიანების ორგანიზებული აქცია მიმდინარებს.

“მაუწყებელში თანამშრომლების დევნა გრძელდება. დევნის ობიექტები ალტერნატიული პროფკავშირების წევრები ხდებიან. მათი დევნის მიზეზები, ძირითადად, აბსურდულია და, ზოგჯერ - სასაცილოც. მაუწყებლის თანამშრომლებს დევნიან კრიტიკული პოზიციების გამო. მენეჯმენტის მავნებლურ პოლიტიკასთან შეუგუებლობა ხშირ შემთხვევაში სამსახურის დაკარგვის ტოლფასია.

მაუწყებელში მიმდინარე პროცესმა ასევე ნათლად აჩვენა მრჩეველთა საბჭოს წევრების რეალური სახე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის ნაცვლად, მმართველი პარტიის ინტერესებს ემსახურება.

თუ ასე გაგრძელდა და დაოკების, გაჩუმების, კითხვების დასმის აკრძალვისა თუ სხვა მავნებლური მცდელობების წინააღმდეგ არ ვიმოქმედეთ, მაუწყებელში გაჩერება სამარცხვინო იქნება. სამარცხვინო იქნება გაჩერება იქ, სადაც პროფესიულ ღირსებას ფასი არ აქვს და მხოლოდ მლიქვნელობა, მედროვეობა და კონფორმიზმი ფასდება. ჩვენ არ ვართ ასეთები. ღრმად გვწამს, რომ ასეთები უმცირესობაში არიან, როგორც მაუწყებლის შიგნით, ასევე - საზოგადოებაში. მთელი ამ დროის განმავლობაში ვგრძნობდით საზოგადოების მხარდაჭერას და მზაობას - დაეცვათ საკუთარი მაუწყებელი.

სწორედ ახლაა დრო, შევცვალოთ ის მავნე პრაქტიკა, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს ხელისუფლების სამსახურში აყენებს. მაუწყებელი ჩვენი საერთო სივრცეა, შესაბამისად, ჩვენი დასაცავია სახელისუფლებო თუ კომერციული გავლენებისგან. ასეთი მაუწყებელი გვჭირდება ჩვენ, როგორც ჟურნალისტებს და თქვენ - საზოგადოების თითოეულ წევრს” - ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში
კატეგორია - საქართველო
„ფორმულაზე“ ივლისიდან სხვადასხვა ფორმატის ექვსი ახალი გადაცემა იწყება. ინფორმაციას თავად ტელეკომპანია ავრცელებს.

“ფორმულას” ინფორმაციით, ერთ-ერთი ახალი პოლიტიკური ტოქშოუ, რომლის წამყვანიც ჟურნალისტი სალომე უგულავა იქნება, 17 საათზე საინფორმაციო გამოშვების შემდეგ დაიწყება და დღის მნიშვნელოვან თემებს სიღრმისეულად შეაჯამებს.

კიდევ ერთი ახალი გადაცემის წამყვანები „ჩემი ცოლის დაქალების“ სცენარისტი ქეთი დევდარიანი, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე და “ფორმულას” გუნდის წევრი ლუკა ლიფონავა იქნებიან.

“ფორმულასთან” საუბრისას არხის გენერალური დირექტორი ზუკა გუმბარიძე ამბობს, რომ წამყვანები „ფართო კუთხით შეეცდებიან მოვლენებს დააკვირდნენ, დიდ სურათში რომ შევძლოთ იმ პრობლემების დანახვა, რაც გვაქვს".

ზუკა გუმბარიძის თქმით, არხს ასევე ემატება "ჰარდ-თოქ" ფორმატის ახალი პოლიტიკური ტოქშოუ „კონტექსტი“, რომელიც ირაკლი ტაბლიაშვილის საავტორო გადაცემა იქნება და ეთერში კვირაში ერთხელ გავა.

კიდევ ერთი ტოქშოუს, რომელიც ღამის ეთერში გავა, მსახიობი ანი ჩირაძე წაიყვანს. არხზე ახალ გადაცემას იწყებს მსახიობი ნიკა ქავთარაძეც.

ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში გავა გადაცემა “პოლიტმეტრიც”, რომელსაც “TV პირველიდან” წამოსული ტელეწამყვანები, ნინო ჟიჟილაშვილი და ვახო სანაია წაიყვანენ.


ფოტო: "ფორმულა"
კატეგორია - საქართველო
კოალიცია „მედიის ადოკატირებისათვის“ ეხმიანება ქალაქ თბილისის მერის და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის ინიციატივას შექმნას ახალი პლატფორმა მედიაკრიტიკისათვის და გამოიყენოს თავისი პოლიტიკური ძალაუფლება მედიაზე თავდასხმის გასაძლიერებლად.

"მიგვაჩნია, რომ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან კრიტიკული მედიასაშუალების მისამართით მსგავსი კამპანიის წარმოება არ შეესაბამება დემოკრატიული საზოგადოების მოლოდინებს. უხეშად ეწინააღმდეგება მაღალი თანამდებობის პირთა ეთიკურ ღირებულებებს და პრინციპებს. მით უფრო, როცა არსებობს რისკი წახალისდეს ჟურნალისტების მიმართ აგრესია, სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმა", - ვკითულობთ კოალიციის განცხადებაში.

ამავე განცხადების მიხედვით, განსხვავებული მოსაზრებების არსებობა დემოკრატიული საზოგადოების ბუნებრივი მოცემულობაა. გადაწყვეტილების მიღებისას და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, საჯარო პირებმა კარგად უნდა გაიაზრონ დაკისრებული პასუხისმგებლობები.

"თბილისის მერს, როგორ მმართველი პარტიის წარმომადგენელს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ იფიქროს ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე, მხარი დაუჭიროს მედიის თავისუფლებას და საკუთარი დამოკიდებულებით არ გააღრმავოს მედიაზე თავდასხმის რისკები", - აცხადებენ კოალიციის წევრი ორგანიზაციები. 

თბილისის მერმა კახა კალაძემ გუშინ, 24  ივნისს, ფეისბუქზე გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც განაცხადა, რომ „ფეიკ ნიუსების“ წინააღმდეგ ახალ პროექტს იწყებს.




„ისმის კითხვა, რა დავუპირისპიროთ ცრუ „მთავარს“, თუ ტყუილში „პირველებს“, თუ მათთან ასოცირებულ „ფეიკ ნიუსების“ გამავრცელებლებს. რასაკვირველია, მხოლოდ და მხოლოდ ფაქტები, სწორი ინფორმაციის მიწოდება კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით", - ამბობს კალაძე ამ ვიდეომიმართვაში.

 დღეს, 25 ივნისს, სოციალურ ქსელში გამოჩნდა ბანერებიც, რომელზეც სამი არხის ლოგო ჩანს. 



ამ ფატქებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გამოეხმაურა.

"ეს ბანერი მიჩენს შთაბეჭდილებას, რომ რეალურად მიზანია კონკრეტული მედიასაშუალებების წინააღმდეგ განცხადებების გაკეთება და არა ყალბ ახალ ამბებთან ბრძოლა", - განაცხადა სახალხო დამცველმა.

კახა კალაძემ კი თქვა, რომ "ეს ბანერები მას უხერუხლობას არ უქმნის".
კატეგორია - საქართველო
“TV პირველიდან” წამოსული ტელეწამყვანები, ნინო ჟიჟილაშვილი და ვახო სანაია, გადაცემა “პოლიტმეტრს” ტელეკომპანია ფორმულაზე წაიყვანენ. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.

გადაცემის გუნდმა “TV პირველი” 12 ივნისს დატოვა. ტელეკომპანიის დატოვების შესახებ ინფორმაცია პირდაპირ ეთერში გადაცემის წამყვანებმა გააჟღერეს. ნინო ჟიჟილაშვილმა "TV პირველის" დატოვება სარედაქციო ხედვების აცდენით ახსნა და მაყურებელს უთხრა, რომ უახლოეს მომავალში "პოლიტმეტრს" სხვაგან აუცილებლად იპოვიდნენ.

"პოლიტმეტრი "TV პირველზე" დღეს ამ გადაცემით ასრულებს მუშაობას, მიზეზი არხის განვითარების პროცესია, სადაც ჩვენი ხედვები აღარ ემთხვევა არხის მენეჯმენტის ხედვებს. ამ წასვლას არ ახლავს თან პერსონალური საკითხები, აქ საუბარია მხოლოდ საქმეზე და ფუნდამენტურ განსხვავებებზე. "TV პირველში" ჩვენ არასდროს ვყოფილვართ მხოლოდ ჟურნალისტები, არხის ეთერში გასვლის დღიდან ჩრთულნი ვიყავით თითოეულ გადაწყვეტილებაში, რაც აქ მიიღებოდა, სახელისუფლებო შეტევის მოგერიებაში, რაც საკმარისად იყო. ჩვენ ამ არხზე თითოეულ ნაბიჯზე ვიღებდით პასუხისმგებლობას, რაც სამწუხაროდ ახლა უკვე აღარ გამოგვდის. ძალიან მარტივად და გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვენ უბრალოდ არ მოგვწონს რაც ჟურნალისტური სტანდარტის, გემოვნების და ყველა სხვა კომპონენტის თვალსაზრისით "TV პირველზე" ხდება, არ მოგვწონს და ვერც ვერაფერს ვცვლით. მოკლედ, დღეს 5 წლის თავზე ჩვენი გზები იყოფა", - თქვა ნინო ჟიჟილაშვილმა.

ნინო ჟიჟილაშვილისა და ვახო სანაიას შემდეგ, “TV პირველი” “დღის ამბების” წამყვანმა დიანა ტრაპაიძემაც დატოვა, თუმცა, თქვა, რომ სხვა ტელეკომპანიაში არ გადადის და დროებით დასვენებას გეგმავს.
კატეგორია - საქართველო
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 3 წევრის შერჩევა პარლამენტს 8 კანდიდატიდან მოუწევს. 9 წევრიანმა საპარლამენტო კომისიამ, გასაუბრებები დაასრულა და შედეგები გაასაჯაროა.

შემდეგ ეტაპზე გადასული კანდიდატების სია ასეთია:

  1. ზაზა აბაშიძე - 9 ხმით
  2. თამარ ამაშუკელი - 8 ხმით (1-მა თავი შეიკავა)
  3. ნათია კაპანაძე - 8 ხმით (1-მა თავი შეიკავა)
  4. გია მურღულია - 7 ხმით (2 უარყოფითი)
  5. ბონდო მძინარაშვილი - 6 ხმით ( 3 უარყოფითი)
  6. დოდო შონავა - 7 ხმით (2 უარყოფითი)
  7. კონსტანტინე ჩლაიძე - 5 ხმით (3 უარყოფითი, 1-მა თავი შეიკავა)
  8. ზაურ ხალილოვი - 9 ხმით
მეურვის სამი ვაკანტური ადგილისთვის გამოცხადებულ კონკურსში 10 კანდიდატი მონაწილეობდა. მათგან პროცესს ორი კანდიდატი გამოეთიშა - ოთარ შაორშაძე, რომელმაც საწყის ეტაპზე ხარვეზიანი დოკუმენტი წარადგინა და შემდეგ ეს დოკუმენტი არ შეასწორა და ნინო ჭალაგანიძე, რომელიც გასაუბრებაზე არ გამოცხადდა.

აღნიშნული კანდიდატებიდან, სამ ვაკანტურ პოზიციაზე ერთი კანდიდატი უმრავლესობამ უნდა შეარჩიოს, ორი კი უმრავლესობის მიღმა დარჩენილმა პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთმა მეოთხედმა და 10 კალენდარული დღის ვადაში პარლამენტს წარუდგინოს ასარჩევად.

მეურვეობის კანდიდატები 9-წევრიანმა კომისიამ შეარჩია. კომისიის წევრები იყვნენ:

  1. ეკა ხოფერია – ჟურნალი “სითის” რედაქტორი და დამფუძნებელი;
  2. სოფო ნარჩემაშვილი – ტელეწამყვანი, ჟურნალისტი;
  3. მარიამ გოგოსაშვილი – ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი;
  4. თორნიკე გურული – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
  5. დავით ცხადაძე – კინოოპერატორი, ხელოვნებათმცოდნე;
  6. მაკო ჯაოშვილი – მართვისა და კომუნიკაციის სერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ „ალტერბრიჯის“ ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი;
  7. ერმილე მესხია – ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი;
  8. ანი კიკნაძე – მედიაკავშირი “ობიექტივი”, საინფორმაციო სამსახურის უფროსი;
  9. გიორგი ნონიაშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი, მოწვეული პედაგოგი.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო სამი წევრის ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ქეთევან მსხილაძეს, ნინია კაკაბაძეს და გია იაკობაშვილს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო სულ 9 წევრისგან შედგება. მეურვის უფლებამოსილების ვადა არაუმეტეს 6 წელია. სამეურვეო საბჭოს შემადგენლობის ერთი მესამედი როტაციის წესით 2 წელიწადში ერთხელ იცვლება. ერთი და იგივე პირი კი მეურვედ 1 ვადაზე მეტი ხნით არ შეიძლება აირჩეს.
კატეგორია - საქართველო
2019 წლის 20 ივნისს, თბილისში გამართული ანტისაოკუპაციო აქციის დაშლისას, მედიის 40-მდე წარმომადგენელი დაშავდა - ჟურნალისტები, ფოტოგრაფები და ოპერატორები. დაშავებულები ამბობენ, რომ მათი საიდენტიფიკაციო ნიშნების მიუხედავად, სამართალდამცველები მაინც დამიზნებით ესროდნენ. მომხდარიდან ერთი წელი გავიდა, თუმცა ამ დრომდე, დაშვებულ ჟურნალისტებს დაზარალებულის სტატუსიც კი არ მინიჭებიათ. ყველა ინსტანციის მოვლის შემდეგ, რამდენიმე ჟურნალისტის საქმე სტრასბურგში გაიგზავნა.

„მერაბ ცაავა და ბესლან კმუზოვი საქართველოს წინააღმდეგ“ და „ზაზა სვანაძე საქართველოს წინააღმდეგ“ - ამ სახელებით მედიის სამი წარმომადგენლის საქმე სტრასბურგში უკვე დარეგისტრირდა:

“ჩვენ ვიცავთ, ბესლან კმუზოვის, მერაბ ცაავას და ზაზა სვანაძის სამართლებრივ ინტერესებს. ბესლან კმუზოვი Кавказский Узел-ის, მერაბ ცაავა კი „გურია ნიუსის“ ჟურნალისტია. ზაზა სვანაძე, ასე, კონკრეტულად, რომელიმე მედიასაშუალებაში არ მუშაობს, ბლოგერია, იმ დროისთვის ერთ-ერთ ინტერნეტ გამოცემისთვის მუშაობდა. თუმცა, ზაზა სვანაძის შემთხვევას ჩვენ მაინც ცალკე განვიხილავთ და ამიტომ ცალკე გავაგზავნეთ მისი საქმე”, - გვეუბნება ადამიანის უფლებათა ცენტრის” ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი” და “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, თითქმის ერთი წელია, 20-21 ივნისს დაშავებული 14 ჟურნალისტის ინტერესებს იცავენ. ორგანიზაციები ჟურნალისტებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვენ.

ალეკო ცქიტიშვილი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ დაშავებული ჟურნალისტების სხეულზე დაზიანებები იმდენად მძიმე იყო, რომ ვიზუალურადაც ჩანდა, არც პროკურატურამ და არც სასამართლომ მათ დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა.

“მერაბ ცაავა ვიდეოკამერით იღებდა ამ მოვლენებს, კამერა ხელით ეჭირა და თვალთან ჰქონდა მიტანილი ხელი, ამით გადაურჩა თვალის დაკარგვას, როდესაც ტყვია მოხვდა ხელში. ბესლან კმუზოვს კი აქვს 6 ჭრილობა, მათ შორის თავის არეში აქვს ძალიან მძიმე ჭრილობა მიყენებული, გადახსნილი ჰქონდა თავი და რამდენიმე ნაკერი დაადეს. დაზიანებები ვიზუალურადაც ჩანდა და ექსპერტიზის დასკვნაც ჰქონდათ, როგორც ვიცი. ვალდებულები იყვნენ, რომ გამოძიებაში ამ ადამიანებს დაზიანებულების სტატუსი მაინც ჰქონოდათ, მაგრამ ამასაც კი ვერ მივაღწიეთ”.

ალეკო ცქიტიშვილი ამბობს, რომ ყველა ინსტანციაში გასაჩივრების შემდეგ, საქართველოში ყველა შესაძლებლობა ამოწურეს და იძულებულები გახდნენ, საქმე სტრასტუბრგში გაეგზავნათ. მისივე თქმით, საქართველოში გამოძიება არაეფექტურად წარიმართა: “ამ დროისთვის, ფაქტობრივად, გვაქვს მოცემულობა, რომ ეს გამოძიება ვერ ჩატარდა ეფექტიანად, რის გამოც მოგვიწია სტრასბურგში სარჩელის გაგზავნა. სტრასბურგი, რა თქმა უნდა, უკვე კომპენსაციის კუთხითაც იმსჯელებს, როგორც ხდება ხოლმე და გვაქვს მოლოდინი, რომ სახელმწიფოს დაეკისრება კომპენსაციები ამ ჟურნალისტების სასარგებლოდ”, - ამბობს ალეკო ცქიტიშვილი.

“ადამიანთა უფლებების ცენტრის” მსგავსად, გამოძიებას არაეფექტურად აფასებს საიაც. ორგანიზაცია 11 ჟურნალისტის უფლებებს იცავს, იურისტი რეზო აჭარაძე გვიყვება, რომ სასამართლომდე მისვლა ორჯერ მოუწიათ, თუმცა, დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე ორივეჯერ უარი მიიღეს.

“ერთობლივი განცხადებით მივმართეთ ორ ნაწილად და როგორც ჟურნალისტებზე, ასევე მოქალაქეებზე იყო აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები, მივუთითეთ, რომ ეს პირები დაზარალებულად უნდა იყვნენ ცნობილი და ამაზე მოვიდა უარყოფითი პასუხი, რომელიც შემდგომ გავასაჩივრე. არაერთხელ მივმართეთ გამოძებას, პროკურატურას, შემდგომ ზემდგომ პროკურორსაც და მერე უკვე სასამართლოსაც, რომ დაზარალებულად ეცნოთ პირები, ვისაც ჩვენ ვიცავთ. როგორც ჟურნალისტები, ასევე ჩვეულებრივი მოქალაქეები. სამწუხაროდ, არც ერთი ჩვენი საჩივარი არ დაკმაყოფილდა”, - ამბობს რეზო აჭარაძე.

მისივე თქმით, ჟურნალისტების საქმეების სტრასბურგში გაგზავნას საიაც აპირებს.




დღეს, მომხდარიდან ერთი წლის თავზე, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ განცხადება გაავრცელა და პროკურატურას მოუწოდა დროულად გამოიძიოს 2019 წლის 20-21 ივნისს მომხდარი.

“სამართალდამცავი უწყების მხრიდან მსგავსი ფაქტების რეაგირების გარეშე დატოვებამ, ამგვარი ძალადობისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის შემთხვევები, შეიძლება, წაახალისოს”, - ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ იმ სამართალდამცავების სასწრაფოდ გამოვლენისა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მოთხოვნით, რომლებიც დამიზნებით ესროდნენ ჟურნალისტებს, ქარტიამ სამართალდამცავ უწყებებს გასულ წელს, მომხდარიდან მეორე დღესვე მიმართა. მაშინ ქარტიამ სპეციალური მიმართვაც მოამზადა საქართველოს მთავრობის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და დიპლომატიური კორპუსის სახელზე, რომელშიც დასახელებული იყო ყველა დაშავებული.

პარალელურად, ქარტიის ორგანიზებით, თბილისსა და საქართველოს 12 ქალაქში, ჟურნალისტებმა შსს-სა და ადგილობრივი სამმართველოების შენობებთან საპროტესტო აქციებიც გამართეს.

20-21 ივნისის მოვლენების დროს დაშავებულების საქმეს მთავარი პროკურატურა ერთ დიდ საქმედ იძიებს. ჟურნალისტების საქმეზე ამ დრომდე ცალკე გამოძიება არ დაწყებულა.
კატეგორია - საქართველო
“საინფორმაციო პოლიტიკა პირველი არხის არის საკმაოდ დაბალანსებული, ვერ ვხედავ უფრო მეტად დაბალანსებულ ასეთ პოლიტიკას ნებისმიერ სხვა ტელევიზიაში”, - ასე უპასუხა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის მსურველმა გია მურღულიამ კომისიის წევრის შეკითხვას - არის თუ არა მაუწყებელი თავისუფალი კომერციული და პოლიტიკური გავლენისგან.

საზოგადოებრივი მაუწყებლის (GPB) სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევმა საპარლამენტო კომისიამ საბჭოს წევრობის მსურველ კანდიდატებთან დღეს, 19 ივნისს, გასაუბრება გამართა. კანდიდატებმა კომისიას მაუწყებლის განვითარების კონცეფცია წარუდგინეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს.

გასაუბრების პირველ ნაწილში, პირველ შესვენებამდე, კომისია 4 კანდიდატს გაესაუბრა: ზაზა აბაშიძეს, ნათია კაპანაძეს, გრიგოლ (გია) მურღულიას და ბონდო მძინარაშვილს. მათგან, კომისიის წევრებს ყველაზე მეტი შეკითხვა გია მურღულიასთან ჰქონდათ.

კომისიის ერთ-ერთი წევრის გიორგი ნონიაშვილის შეკითხვის პასუხად, გია მურღულიამ დაადასტურა, რომ ის მაუწყებლის დირექტორის ვასილ მაღლაფერიძის ახლო მეგობარია. მისივე კითხვას - არ ფიქრობთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორთან მრავალწლიანი მეგობრობა ხელს შეგიშლით სამეურვეო საბჭოს წევრის მოვალეობის პირნათლად შესრულებაში? უპასუხა, "ჩემი აზრით მეგობრობა არ არის ინდულგენცია ცუდი საქმეების გასაკეთებლად. მე არ მიცხოვრია ასე, რომ ვინმეს ეჭვი შეეპაროს ამაში და ვფიქრობ, რომ არც ახლა ღირს უფრო მეტი სიტყვის თქმა".

გიორგი ნონიაშვილმა გია მურღულიას ჰკითხა, სამურვეო საბჭოს წევრი რომ იყოს, რა შემთხვევაში დააყენებს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის იმპიჩმენტის საკითხს, რაზეც მურღულიამ უპასუხა:

"როგორც კი დავაყენებ ამ საკითხს, იმ წუთას გადავდები მეც, იმიტომ, რომ თუკი ბატონო ვასილი ჩაიდენს ისეთ დანაშაულს, რომელიც არ ეკადრება არც მის სახელს და არც ჩვენს მეგობრობას, მაშინ ეს ჩვენთვის ორივესთვის პრობლემა იქნება. პირველ რიგში ასეთ საკითხს დავაყენებდი იმ შემთხვევაში, თუკი საზოგადოებრივი მაუწყებლის ა) ბიუჯეტი არ იქნებოდა გამჭვირვალე, და ბ) თუკი პროგრამული მიმართულებებით განსაზღვრული ღირებულებები და მიზნები არ იქნებოდა ხარისხიანად მიღწეული".

ასევე ნონიაშვილის კითხვას, არის თუ არა ახლა საზოგადოებრივი მაუწყებელი თავისუფალი კომერციული და პოლიტიკური გავლენისგან, გია მურღულიამ უპასუხა, რომ ის ვერ ამჩნევს "ისეთ პოლიტიკურ გავლენას, ან ისეთ კომერციულ გავლენას, რომელზედაც ეღირებოდა ყურადღების უფრო მეტად გამახვილება, ვიდრე ახლა მახვილდება".

"რასაკვირველია, მუდმივად საზოგადოება უნდა აკონტროლებდეს იმას, რომ ასეთი გავლენებისაგან თავისუფალი იყოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, პირდაპირ პოლიტიკურ გავლენას ვერ ვხედავ მე სიმართლე გითხრათ, მიმაჩნია, რომ საინფორმაციო პოლიტიკა პირველი არხის არის საკმაოდ დაბალანსებული, ვერ ვხედავ უფრო მეტად დაბალანსებულ ასეთ პოლიტიკას ნებისმიერ სხვა ტელევიზიაში", - განაცხადა გია მურღულიამ.

ნონიაშვილმა მას ზვიად რატიანის საქმესა და ამ საქმის საზოგადოებრივ მაუწყებელზე გაშუქებაზეც დაუსვა კითხვა, რის პასუხადაც მეურვეობის მსურველმა განაცხადა:

"რომ გითხრათ რომ, ყოველდღე ამაზე ვფიქრობ, არა რასაკვირველია. მაგრამ, ერთი რამ უნდა ითქვას, რომ ყველა მოვლენა, ყველა ფაქტი, რაც კი შეიძლება მოხდეს ჩვენს ცხოვრებაში, უნდა შეფასდეს კანონის შესაბამისად. თუკი ადამიანი, ან ორგანიზაცია იქცევა კანონის შესაბამისად, მაშინ მე მასთან პრეტენზია არ მაქვს და ვერც მექნება", - და ნონიაშვლის დაკონკრეტებაზე, რომ მან მაუწყებელი იგულისხმა და არა სამართალდამცავი ორგანიები, მურღულიამ განაცხადა, რომ "მისი პასუხი თანაბრად ეხება ყველას".

სამეურვეო საბჭოს წევრობის მსურველებთან გასაუბრება ახლაც გრძელდება.




შეგახსენებთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სამი წევრის ვაკანტურ ადგილზე გამოცხადებულ ღია კონკურსში 10 კანდიდატი მონაწილეობს:

  1. ზაზა აბაშიძე
  2. თამარ ამაშუკელი
  3. ნათია კაპანაძე
  4. გრიგოლ მურღულია
  5. ბონდო მძინარაშვილი
  6. ოთარ შაორშაძე
  7. დოდო შონავა
  8. კონსტანტინე (კოტე) ჩლაიძე
  9. ნინო ჭალაგანიძე
  10. ზაურ ხალილოვი

აქ შეგიძლიათ გაეცნოთ მეურვეობის მსურველთა კონცეფციებს


კანდიდატების შესარჩევი კომისიის შემადგენლობა კი ასეთია:

1. ეკა ხოფერია – ჟურნალი “სითის” რედაქტორი და დამფუძნებელი;
2. სოფო ნარჩემაშვილი – ტელეწამყვანი, ჟურნალისტი;
3. მარიამ გოგოსაშვილი – ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი;
4. თორნიკე გურული – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
5. დავით ცხადაძე – კინოოპერატორი, ხელოვნებათმცოდნე;
6. მაკო ჯაოშვილი – მართვისა და კომუნიკაციის სერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ „ალტერბრიჯის“ ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი;
7. ერმილე მესხია – ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი;
8. ანი კიკნაძე – მედიაკავშირი “ობიექტივი”, საინფორმაციო სამსახურის უფროსი;
9. გიორგი ნონიაშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი, მოწვეული პედაგოგი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო სამი წევრის ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ქეთევან მსხილაძეს, ნინია კაკაბაძეს და გია იაკობაშვილს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.

კანდიდატთა შერჩევის შემდეგ, საკონკურსო კომისია უმრავლესობას, უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრებს, საქართველოს სახალხო დამცველსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს ასარჩევზე სულ ცოტა სამჯერ მეტ კანდიდატურას.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო სულ 9 წევრისგან შედგება. მეურვის უფლებამოსილების ვადა არაუმეტეს 6 წელია. სამეურვეო საბჭოს შემადგენლობის ერთი მესამედი როტაციის წესით 2 წელიწადში ერთხელ იცვლება. ერთი და იგივე პირი კი მეურვედ 1 ვადაზე მეტი ხნით არ შეიძლება აირჩეს.


სარედაქციო შეიშვნა: ვინაიდან გასაუბრება ჯერ არ დასრულებულა და ისევ გრძელდება, "მედიაჩექერი" აგრძელებს თემაზე მუშაობას და შემოგთავაზებთ საინტერესო პასუხებს სხვა კანდიდატებისგანაც.

კატეგორია - საქართველო
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში ამოქმედდება სარედაქციო საბჭო, თუმცა, თანამშრომელთა გათავისუფლებაზე მორატორიუმი არ გამოცხადდება - მრჩეველთა საბჭომ თამარ წილოსანის განცხადება განიხილა და მის მიერ წაყენებულ მოთხოვნებზე იმსჯელა.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, მრჩევლებმა წილოსანი მოთხოვნას გამოცხადებულიყო მორატორიუმი 2020 წლის ბოლომდე არხიდან თანამშრომლების გათავისუფლებასა და დისციპლინური სანქციების დაწესებაზე, მხარი არ დაუჭირეს.

"თანამშრომელთა მიმართ დისციპლინური სანქციების მიმართულებით მორატორიუმის გამოცხადებაზე მე პირადად ვერანაირი ლოგიკა ვერ დავინახე. დისციპლინური სანქცია უკანონოდ არავის წინააღმდეგ არ უნდა განხორციელდეს, არც ამ წლის ბოლომდე და არც არასდროს. ხოლო, თუ დისციპლინური სანქცია ტარდება კანონიერად, ამაში მრჩეველთა საბჭოს არანაირი უფლება არ აქვს ჩაერიოს", - განაცხადა მრჩეველთა საბჭოს წევრმა სოსო სტურუამ აჭარის ტელევიზიასთან.

შეგახსენებთ, თამარ წილოსანმა, რომელიც აპირებდა აჭარის ტელევიზიის მრჩევლებისთვის მიემართა დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხით, გადაწყვეტილება შეცვალა და ამის ნაცვლად, ბორდს ორჯერ მიმართა ერთი და იგივე შინაარსის წერილით.

“გთხოვთ, მოიწვიოთ სხდომა, ან უახლესი სხდომის დღის წესრიგში შეიტანოთ შემდეგი საკითხები:

  • მრჩეველთა საბჭოს განცხადება - დირექტორის მიმართ რეკომენდაცია სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოში დასაქმებულების, ჟურნალისტებისა და რედაქტორების განთავისუფლებაზე 2020 წლის ბოლომდე მორატორიუმის გამოცხადების შესახებ;
  • სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოში დებულებით განსაზღვრული სარედაქციო საბჭოს ამოქმედების შესახებ;
  • მიმდინარე საკითხები” - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც 15 ივნისს შევიდა მრჩეველთა საბჭოში ორი მრჩევლის, თამარ წილოსანისა და გია ქარცივაძის ხელმოწერით. ეს იყო წილოსანის მეორე განცხადება, მანამდე, მან იგივე შინაარსის განცხადება მრჩეველთა საბჭოში, მარტომ, 8 ივნისს შეიტანა. 

ორივე შემთხვევაში წილოსანმა "მედიაჩექერთან" განმარტა, რომ ამ საკითხების განხილვაზე იქნებოდა დამოკიდებული, შეიტანდა თუ არა განცხადებას დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების მოთხოვნით. 

"მედიაჩექერი" შეეცადა წილოსანთან გაერკვია, რას აპირებს ახლა, როცა მისი განცხადება მრჩევლებმა განიხილეს და ფაქტობრივად, მისი მთავარი მოთხოვნა მორატორიუმის გამოცხადებაზე, არ დააკმაყოფილეს. 

"რა გადაწყვეტილებასაც მივიღებ, პირველ რიგში გეცნობებათ თქვენ, მედიასაშუალებებს", - გვითხრა წილოსანმა და დაამატა, რომ ახლა ვრცლად ვერ გვესაუბრება, რადგან სხდომაზე იმყოფება, სადაც პრიორიტეტებს განიხილავენ. 

შეგახსენებთ, ორ კვირაზე მეტია, რაც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრმა გია ქარცივაძემ, დირექტორის გიორგი კოხრეიძის იმპიჩმენტის მოთხოვნით, მრჩეველთა საბჭოს მიმართა. პარალელურად, იგივე მოთხოვნით, აჭარის ტელევიზიასთან მაისის ბოლოს შიმშილობა დაიწყო საზოგადოებრივი მოძრაობა "მე მიყვარს ბათუმის" აქტივისტმა ალექსანდრე მილორავამ. ამ მოთხოვნით იგი ორი კვირის განმავლობაში შიმშილობდა. 

"ვწყვეტ შიმშილობას და მრჩეველთა საბჭომ მიიღოს ლეგიტიმური გადაწყვეტილება, გაათავისუფლოს კოხრეიძე დაკავებული თანამდებობიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, დადგება მრჩეველთა საბჭოს პასუხისმგებლობის საკითხი“, – აღნიშნა ალექსანდრე მილორავამ  12 ივნისს, შიმშილობის შეწყვეტის დღეს, აჭარის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში.


მთავარი ფოტო: არქივიდან

კატეგორია - საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა "მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, ამავე არხის ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის მზადების საქმეზე. 

ნიკა გვარამიამ სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მასთან შეკითხვები ძირითადად წყაროებთან დაკავშირებით ჰქონდათ. გვარამიამ თქვა, რომ მას ჰყავდა ორი წყარო, სუს-ის მაღალჩინოსანი და ასევე მეორე მაღალჩინოსანი "ქართული ოცნების", რომელიც სუს-ის ორგანოებში არ მუშაობს, მაგრამ ფლობს ინფორმაციას: "მე ეს ინფორმაცია მივაწოდე მათ".

ერთ-ერთი ჟურნალისტის შეკითხვაზე, რატომ არ ჩააყენა საგამოძიებო ორგანოები საქმის კურსში, გვარამიამ უპასუხა: "სუს-ს ხომ არ ჩავაყენებდი საქმის კურსში, რომ მისგან ინფორმაცია მაქვს. ეს ასე არ ხდება. ჯერ ერთი, ეს ინფორმაცია არ იყო დაზუსტებული და ბოლომდე სარწმუნოც არ იყო, ვინაიდან, ინფორმაციებს სხვადასხვა ტიპის დანაშაულებთან დაკავშირებით სუსის წყაროებიდან ხშირად ვიღებთ, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს მათი გადამოწმებაც და სუს-სვე არ ვატყობინებთ, მართალია თუ არა დაგვიდასტურეთო".

გვარამიამ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ეს ინფორმაცია მიიღო დაახლოებით ორი თვის წინ. მან ასევე თქვა, რომ მისი წყაროს ინფორმაციით, დაკავებული პირი არ არის ქილერი, ის არის მარშრუტის შემსწავლელი ჯგუფის წევრი, ამიტომ, იგი ვარაუდობს, რომ მას თანამზრახველი აუცილებლად ეყოლება და ის შესაძლოა იყოს საქართველოში.

გვარამიამ თქვა, რომ მათ ინფორმაცია აქვთ იმ დროიდან, რომდესაც საქმის შესწავლაში საქართველო ჩაერთო. 

შეგახსენებთ, ამ საქმეზე დღეს გამოკითხეს გიორგი გაბუნიაც. გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ  გაბუნიამ ჟურნალისტებთან განმარტა, რომ მასთან კითხვები ძირითადად შეეხებოდა იმას, რა ინფორმაცია ჰქონდა მას ამ საქმეზე, ვინ იყვნენ მისი წყაროები და ხომ არ ფლობდა სხვა კონკრეტულ ინფორმაციას ამ საკითხზე.

ასევე, თქვა, რომ მას შესთავაზეს სახელმწიფო დაცვა, თუმცა,
ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებს სახელმწიფო დაცვის შესახებ, უნდა გაესაუბროს თავის ადვოკატს და უნდა შეაფასონ საფრთხეები.

აქვე შეგახსენებთ, 15 ივნისს ჯერ ტელეკომპანია "ფორმულამ", შემდეგ კი "მთავარი არხის" დირეექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადეს, რომ 12 ივნისს, სპეცოოპერაციისას დაკავებული რუსეთის მოქალაქე გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. გვარამიამ თქვა, რომ მათი ინფორმაციით, გაბუნიას ლიკვიდაცია რამზან კადიროვის დავალებით იგეგმებოდა.  ეს კი მოჰყვა გიორგი გაბუნიას მონოლოგს.

მონოლოგი, რომელსაც გვარამია ახსენებს და რომელსაც მაშინ „რუსთავი 2-თან“ აქციები მოჰყვა, გადაცემა „პოსტსკრიპტუმში“ გასული წლის ივლისში ჰქონდა წამყვანს, გიორგი გაბუნიას. (მაშინ „რუსთავი 2-ის“ გუნდი არ იყო დაშლილი და „მთავარი არხი“ ჯერ არ არსებობდა). გაბუნიამ პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტს აგინა. მის ამ მონოლოგს მოჰყვა რამზან კადიროვის მუქარა ჟურნალისტის მისამართით.

კატეგორია - საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტი, გიორგი გაბუნია გამოკითხეს. მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა თავად გაბუნიამ მოითხოვა. იგივე მოთხოვნა აქვს არხის დირექტორს ნიკა გვარამიას, რომელიც ასევე დღეს უპასუხებს საგამოძიებო ორგანოების კითხვებს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით.

სასამართლოში შესვლამდე გიორგი გაბუნიამ ჟურნალისტებთან თქვა, რომ მას ჰქონდა ძალიან ზოგადი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა მისი ლიკვიდაცია ყოფილიყო დღის წესრიგში. და ასევე, იცოდა, რომ ბოლო 2 თვეა მიმდინარეობდა მასზე თვალთვალი.

გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ კი განაცხადა, რომ მასთან კითხვები ძირითადად შეეხებოდა იმას, რა ინფორმაცია ჰქონდა მას ამ საქმეზე, ვინ იყვნენ მისი წყაროები და ხომ არ ფლობდა სხვა კონკრეტულ ინფორმაციას ამ საკითხზე.

გიორგი გაბუნიამ განაცხადა, რომ მას ჰყავდა 2 წყარო, ნიკა გვარამია და მისი დაცვის წევრი. გვარამიამ გააფრთხილა, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდა მისი ლიკვიდიაციის მცდელობას, მისმა დაცვის წევრმა კი შეამჩნია, რომ მას უთვალთვალებდნენ.

"იყო აქცენტი იმაზე, ხომ არ მიფიქრია, რომ სამართალდამცავი ორგანოებისთვის ან სუს-ისთვის მიმეწოდებინა ინფორმაცია. მე განვუმარტე, რომ არა, რადგან ვენდობი გვარამიას და ასევე, რადგან წყარო იყო სუს-ი, აზრი აღარ ჰქონდა მათთანვე წასვლას", - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ მან ასევე თქვა, რომ "თუ ვინმეს ჩემი ლიკვიდაცია უნდა, ეს არის რუსეთი და ეს არის რამზან კადიროვი, რომელიც ნიშნავს პუტინს"

გაბუნიამ დღეს თქვა ისიც, რომ მას შესთავაზეს ნებისმიერი სახის დაცვა, თუმცა, ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებს სახელმწიფო დაცვის შესახებ, უნდა გაესაუბროს თავის ადვოკატს და უნდა შეაფასონ საფრთხეები.

დღესვე, სასამართლოში გამოკითხავენ ნიკა გვარამიასაც, ასევე მისი მოთხოვნის საფუძველზე.

 შეგახსენებთ, 15 ივნისს ჯერ ტელეკომპანია "ფორმულამ", შემდეგ კი "მთავარი არხის" დირეექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადეს, რომ 12 ივნისს, სპეცოოპერაციისას დაკავებული რუსეთის მოქალაქე გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. გვარამიამ თქვა, რომ მათი ინფორმაციით, გაბუნიას ლიკვიდაცია რამზან კადიროვის დავალებით იგეგმებოდა.  ეს კი მოჰყვა გიორგი გაბუნიას მონოლოგს.

მონოლოგი, რომელსაც გვარამია ახსენებს და რომელსაც მაშინ „რუსთავი 2-თან“ აქციები მოჰყვა, გადაცემა „პოსტსკრიპტუმში“ გასული წლის ივლისში ჰქონდა წამყვანს, გიორგი გაბუნიას. (მაშინ „რუსთავი 2-ის“ გუნდი არ იყო დაშლილი და „მთავარი არხი“ ჯერ არ არსებობდა). გაბუნიამ პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტს აგინა. მის ამ მონოლოგს მოჰყვა რამზან კადიროვის მუქარა ჟურნალისტის მისამართით.
კატეგორია - საქართველო
საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF) „მთავარი არხის“ წამყვანის გიორგი გაბუნიას მკვლელობის შესაძლო ორგანიზების მცდელობას ეხმიანება და საქმის „საფუძვლიან“ და „გამჭვირვალე“ გამოძიებას ითხოვს.

ორგანიზაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ციტატას იშველიებს, სადაც იგი ამბობს, რომ ქართულმა სპეცსამსახურებმა „უმძიმესი დანაშაული აღკვეთეს“ და განმარტავს, რომ განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოში რუსეთის მოქალაქე დააკავეს, რომელიც სავარაუდოდ, გიორგი გაბუნიას მიერ 2019 წელს, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გინების გამო, მის ლიკვიდაციას გეგმავდა.

RSF აღნიშნავს, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გიორგი გაბუნიას მკვლელობა ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან წყაროზე დაყრდნობით ტელეკომპანია „ფორმულამ“  და "მთავარი არხის" დირექტორმა გააჟღერეს.

ორგანიზაციას კადიროვის 16 ივნისს „ტელეგრამში“ გამოქვეყნებული სტატუსიც მოჰყავს, სადაც იგი ერთგვარად „ამაყობს“, რომ მისი დაკვეთილი საქმეები ყოველთვის სისრულეში მოდის, ასევე გაბუნიას „დაჩოქებისა“ და ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს.

RSF აღნიშნავს, რომ პრეზიდენტ პუტინის ერთგული მოკავშირე ხშირად ემუქრება ჟურნალისტებს და კრიტიკოსების გაჩუმებას ცდილობს, მათ შორის უცხოეთში.

„რაც უნდა აღმაშფოთებელი და შოკისმომგვრელი იყოს გიორგი გაბუნიას კომენტარები, ეს ჟურნალისტის მკვლელობის მცდელობას არაფრით ამართლებს“, - ამბობს RSF-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ხელმძღვანელი ჟან კაველე.

„საქართველოს რუსეთის ხელისუფლებისგან სრულად დამოუკიდებლად, საქმის გამჭვირვალე და საფუძვლიან გამოძიებას და გიორგი გაბუნიას უსაფრთხოების უზრუნველყოფას ვითხოვთ“, - დასძენს იგი.

RSF-ს განცხადების ბოლოს მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში 180 ქვეყანას შორის საქართველოსა (60) და რუსეთის (149) მიერ დაკავებული პოზიციებიც არის მოცემული.
კატეგორია - საქართველო
ბოლო პერიოდში ტელევიზიები, რომლებიც ხელისუფლებისადმი ლოიალური სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევიან, საეთერო დროის არცთუ უმნიშვნელო ნაწილს უთმობენ მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილ ტელევიზიებზე თავდასხმებს.

“პირდაპირ გეუბნები, ბატონო ნოდარ, და ვიღაცეებო “TV პირველში”, ვინც დარჩით მანდ, რომ, აი, ბოლომდე მივალ რა, არ გაგახარებთ, მართალი ვარ, მართლები ვართ, აი, როგორც მე, შალვა რამიშვილს მიყურებთ, ამოგშანთავთ რა, აი, გეუბნებით რა, ყველა კანონიერი მეთოდით, თქვენ ტელეეთერიდან არ უნდა იყოთ, ასეთი სიბინძურე და ქაქი არ უნდა მოედინებოდეს არც ერთი ტელევიზიიდან”, - განაცხადა გასულ პარასკევს ტელეკომპანია “POSTV-ს” ეთერში ამავე არხის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა შალვა რამიშვილმა.

რამიშვილის ამ განცხადებას წინ უძღოდა აღნიშნული ტელეკომპანიის ეთერში არაერთი სიუჟეტის გაშვება, რომელიც “TV პირველის” სარედაქციო გუნდის მიერ მომზადებული მასალების სიყალბესა და არაეთიკურობაში ბრალდებას ემსახურებოდა. “POSTV” ამ კუთხით განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც “TV პირველის” საინფორმაციო მიმართულება “მთავარი არხიდან” გადასულმა გუნდმა ჩაიბარა, ნოდარ მელაძის ხელძღვანელობით.

“POSTV-მ” რამდენიმე სიუჟეტი მიუძღვნა “TV პირველის” მიერ მომზადებულ მასალას, რომელიც შეეხებოდა თბილისში, საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ ჩვილის ცხედრის აღმოჩენის ფაქტს. ამ ფაქტის გაშუქების დროს, “TV პირველმა” მიმართა სენსაციური გაშუქების ფორმას და არარელევანტურ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომ ახალშობილის ცხედარი სამართალდამცველებმა ჯერ პოლიეთილენის პარკში გაახვიეს, შემდეგ კი - სანაგვე ურნაში ჩააგდეს.

ამ სიუჟეტის გამო “POSTV-ის” წარმომადგენლები “TV პირველის” საჯარო კრიტიკას მოითხოვდნენ არასამთავრობო სექტორისგან, სახალხო დამცველისგან და ა.შ. ასევე, მიუთითებდნენ მაუწყებლის ქცევის კოდექსის დარღვევაზე და რეგირებისკენ მოუწოდებნენ კომუნიკაციების კომისიას. თუმცა, “POSTV-ს” წარმომადგენლებს ოფიციალური განცხადებით არ მიუმართავთ ქარტიის საბჭოსთვის, რომელიც არის უფლებამოსილი დაადგინოს კონკრეტული ჟურნალისტის მიერ ქარტიის ამა თუ იმ პრინციპის დარღვევის ფაქტი და რომელიც ამისთვის კოლეგიურად განიხილავს კონკრეტულ მედიაპროდუქტს. მაგრამ ამ განხილვისთვის აუცილებელია საბჭოს შესაბამისი განცხადებით მიმართოს ნებისმიერმა მოქალაქემ.

მოგვიანებით “POSTV-ის” ჟურნალისტებმა სიუჟეტების სერია მიუძღვნეს ტვ პირველის კიდევ ერთ მასალას, რომელიც შეეხებოდა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან მიმართებაში შესაძლო კორუფციულ სქემებს. “POSTV-ის” მტკიცებით, “TV პირველის” ეს მასალა იყო ე.წ. fake news.

ამავე პერიოდში ტელეკომპანია “პირველი” რამდენიმე ჟურნალისტმა დატოვა, მათ შორის იყვნენ, არხის სახეები - ნინო ჟიჟილაშვილი, დიანა ტრაპაიძე და ვახო სანაია.

არხზე განვითარებულ პროცესებსა და შალვა რამიშვილის მხრიდან მუქარის შემცველ განცხადებებს ორშაბათს ტელეკომპანია “პირველის” ყოფილი დირექტორი და ამჟამად ტოქშოუ “რეაქციის” ავტორი და წამყვანი ინგა გრიგოლია გამოეხმაურა.

“ ბოლო პერიოდში დიდი შტურმია ჩვენზე: გვიტევს ხელისუფლება, გვიტევენ ტროლები, ბოტები, მეფის კარის კლოუნები, ამოშანთვით და განადგურებითაც გვემუქრებიან… შეაშინეთ, ვინც შეგიშინებიათ, თქვენი მუქარები მეტად მესასაცილოება… შეცდომები ამ არხზეც დაგვიშვია და სხვა არხზეც, ამ შეცდომების გამო ცხარედაც გვიკამათია, გვიჩხუბია კიდეც და, ალბათ, კიდევ დავუშვებთ და გვაპატიეთ, თუ ყოველთვის ვერ ვართ უშეცდომოები... გვაკრიტიკეთ, ოღონდ ამოშანთვით ნუ დაგვემუქრებით”, - განაცხადა გრიგოლიამ.

გრიგოლიას მეორე დღეს, ასევე, სატელევიზიო ეთერში გამოეხმაურა შალვა რამიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ “პოსტვ”-ის ამოცანაა რეიტინგში მისი კონკურენტის “TV პირველის” მონაცემებისთვის გადასწრება სექტემბრისთვის, როდესაც წინასაარჩევნო კამპანია ყველაზე აქტიურ ფაზაში გადაინაცვლებს ქვეყანაში. ის კიდევ ერთხელ დაესხა თავს ნოდარ მელაძეს, მას ბრალი დასდო არაეთიკურობაში, ყალბი ამბების მომზადებაში და იქვე აღნიშნა, რომ მელაძე სწორედ ამ გზით ახერხებს რეიტინგული პროდუქციის შექმნას.

“TV პირველი” და “მთავარი” - არის “ნაციონალური მოძრაობის” სექტა… ჩვენი კონკურენტი ახლა არის “TV პირველი”, რომელიც ახლა იშხამება, იწამლება - სექტემბერში ჩვენ “TV პირველს” ვაჯობებთ - პირდაპირ გეტყვით ჩვენს ამოცანას”, - განაცხადა შალვა რამიშვილმა, რომელმაც იქვე ასე დაახასიათა “POSTV-ის” აუდიტორია: ის, ვისაც ეზიზღება “ნაციონალური მოძრაობა” და ის, ვისაც ჰქონდა პრეტენზია, ესენი ტყუილებს რომ იძახიან, რატომ არ პასუხობენო.

თუკი “POSTV-ის” აქტიური სამიზნე ბოლო პერიოდში “TV პირველია”, რომლის კრიტიკული სიუჟეტების ანალიზს და მათზე სახელისუფლებო რაკურსით პასუხების მომზადებას არაერთ მასალას უძღვნის, ეს მეთოდი უკვე დიდი ხანია დაამკვიდრა ტელეკომპანია “იმედმა” “მთავარ არხთან” მიმართებაში. “მთავარი არხის” დირექტორის, ამ ტელევიზიის ჟურნალისტების მიერ მომზადებული მასალების კრიტიკა, მათი მხილება სიყალბეში, არაერთხელ გამხდარა “იმედის” გადაცემების მთავარი თემა. როგორც წესი, “იმედი” აქტიურად იცავს სახელისუფლებო პოზიციებს, როდესაც “მთავარი არხი” ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ინტერესებზე ამზადებს კრიტიკულ მასალებს და ა.შ.

მთელ ამ ურთიერთდაპირისპირებაში რა თქმა უნდა დაზარალებული რჩება მაყურებელი, რომელიც ვერ იღებს ზუსტ, მიუკერძოებელ, დაბალანსებულ ცნობებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. თანაც იმ ფონზე, როდესაც ტელევიზიები საქართველოში კვლავ რჩებიან ინფორმაციის მიღების მთავარ წყაროდ.