RSF: ჩინეთში მედია თავისუფალი რომ ყოფილიყო, შესაძლოა, პანდემია აგვეცილებინა
27.03.2020
მედიის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ (RSF) განცხადებით, რომ არა ჩინეთის მთავრობის მხრიდან მედიის კონტროლი და ცენზურა, ადგილობრივი მედიაშუალებები საზოგადოებას კორონავირუსის ეპიდემიის სიმძიმის შესახებ უფრო ადრე ამცნობდნენ, რაც ათასობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენდა. შედეგად კი, შესაძლოა, ვირუსის გავრცელებით გამოწვეული პანდემია თავიდან აგვეცილებინა.

RSF-ის განცხადებაში საუტგემპტონის უნივერსიტეტის მიერ 13 მარტს გამოქვეყნებული კვლევის შედეგებზეც არის ყურადღება გამახვილებული, რომლის თანახმადაც, ჩინეთი შემთხვევების 86%-ს შეამცირებდა, საჭირო ზომები უფრო ადრე რომ მიეღო. RSF 24 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში რამდენიმე ეტაპს გამოყოფს, რომელთა შესახებ დროული ინფორმირების პირობებში პანდემია თავიდან იქნებოდა აცილებული:

18 ოქტომებრი - კორონავირუსის პანდემიის შესახებ ჩატარებული სიმულაციის თაობაზე ჩინეთში ინფორმაცია რომ გავრცელებულიყო

2019 წლის 18 ოქტომბერს, ჯანდაცვის უსაფრთხოების ცენტრის წარმომადგენელმა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმთან და მელინდა და ბილ გეიტსების ფონდთან თანამშრომლობით კორონავირუსის პანცდემიის შესახებ სიმულაცია მოაწყო, რომელმაც საგანგაშო შედეგები აჩვენა. RSF-ის განმარტებით, ჩინეთში ინტერნეტი რთული ელექტრონული ცენზურით რომ არ კონტროლდებოდეს და კომუნისტურ პარტიას მედიისთვის მკაცრი ინსტრუქციების გათვალისწინება რომ არ ეიძულებინა, ეს ინფორმაცია საზოგადოების ყურადღებას მიიპყრობდა.

20 დეკემბერი - ქალაქ ვუჰანის ხელისუფლებას ჟურნალისტებისთვის ინფორმაცია დროულად რომ მიეწოდებინა

პირველი დადასტურებული შემთხვევიდან უკვე ერთ თვეში ქალაქ ვუჰანში საეჭვო ინფექციის მქონე უკვე 60 პაციენტი იყო რეგისტრირებული, რომელთაგანაც რამდენიმე თევზის ერთ-ერთ მაღაზიას სტუმრობდა. მიუხედავად ამისა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ამის შესახებ ჟურნალისტების ინფორმირება საჭიროდ არ მიიჩნია.

ხელისუფლებას ჟურნალისტებისთვის ეპიდემიის აფეთქების შესახებ ინფორმაცია რომ არ დაემალა, რომელიც ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტთან იყო დაკავშირებული, მოსახლეობა აღნიშნულ ობიექტში ვიზიტს მის ოფიციალურად დახურვამდე უფრო ადრე შეწყვეტდა.

25 დეკემბერი - ექიმ ლუ ხსიაოჰონგს მედიისთვის საკუთარი შიშების გაზიარების შესაძლებლობა რომ ჰქონოდა

ვირუსის შესახებ ინფორმაციის გაგებიდან ერთი კვირის თავზე, ქალაქ ვუჰანის ერთ-ერთი კლინიკის ექიმმა ლუ ხსიაოჰონგმა უკვე გამოთქვა ეჭვი, რომ ისი ადამიანიდან ადამინს გადაეცემოდა. იმ შემთხვევაში, ჩინეთში ჟურნალისტების წყაროების მიმართ მკაცრი სადამსჯელო ზომები რომ არ იყოს გავრცელებული, ექიმი მედიას ინფორმაციას მიაწოდებდა და ხელისუფლებას შესაბამისი ზომების მიღებას აიძულებდა, რაც მხოლოდ სამი კვირის შემდეგ მოხდა.

30 დეკემებერი - ე.წ. „მამხილებლების“ ადრეული განგაში მედიის მობილიზებას მოახდენდა

ვუჰანის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა და რამდენიმე თანამშრომელმა, მათ შორის, ლი ვენლიანგმა, რომელიც მოგვიანებით კორონავირუსით გარდაიცვალა, ეპიდემიის შესახებ განგაში გააცხადეს. მოგვიანებით, 3 იანვარს, ისინი ვუჰანის პოლიციამ „ჭორების“ გავრცელების გამო დააპატიმრა“.

პრესას და სოციალურ მედიას შესაძლებლობა, რომ ჰქონოდათ, ე.წ. „მამხილებლების“ შესახებ ინფორმაცია უფრო ადრე გაევრცელებინათ, საზოგადოება მოსალოდნელ საფრთხეს სათანადოდ გაანალიზებდა და ხელისუფლებისადმი წნეხს გააძლიერებდა.

31 დეკემბერი - სოციალურ მედიას განგაშის შესახებ ინფორმაციის გავრცელება თავისუფლად რომ შესძლებოდა

ჩინეთმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, განგაშის შესახებ ოციფიალურად 31 დეკემბერს აცნობა, თუმცა იმავდროულად ჩინეთში ერთ-ერთ ყველაზე პოლულარულ სოციალურ ქსელს WeChat-ს პანდემიასთან დაკავშრებულ სიტყვებზე ცენზურის დაწესება მოსთხოვა.

ცენზურის დაწესების გარეშე, სოციალურ ქსელი WeChat-ი, რომელსაც დაახლოებით მილიარდამდე მომხმარებელი ჰყავს ჩინეთში, ჟურნალისტებს ვირუსისა და შესაბამისი რეკომენდაციების შესახებ ინფორმაციის ფართოდ გავრცელების შესაძლებლობა ექნებოდათ.

5 იანვარი - სამცნიერო მედიას ვირუსის გენომზე ინფორმაცია რომ უფრო ადრე ჰქონოდა

ჩინეთში მეცნიერთა ერთ ნაწილს ვირუსის გენომის შესახებ ინფორმაცია უკვე 5 იანვარს ჰქონდა, თუმცა ხელისუფლებამ მისი გასაჯაროებისგან თავი შეიკავა. ჩინეთის ხელისუფლება უფო გახსნილი რომ ყოფილიყო, სამეცნიერო მედიას ინფორმაციას მყისიერად მიაწოდებდა, რაც ვაქცინის გამოგონებისთვის საჭირო კვლევების ხანგრძლივობას კიდევ უფრო შეამცირებდა.

13 იანვარი - საერთაშორისო საზოგადოება პანდემიის რისკებზე დაიწყდება საუბარს

საერთაშორისო მედიას ყველა იმ ინფორმაციასთან წვდომა 13 იანვარზე უფრო ადრე რომ ჰქონოდა, რასაც ჩინეთის ხელისუფლება ვირუსის შესახებ ფლობდა, საერთაშორისო საზოგადოება ინფექციის გავრცელების რისკების შემცირებაზე დაიწყებდა ზრუნვას და ეპიდემია პანდემიაში არ გადაიზრდებოდა.

RSF-ის 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, ჩინეთს მედიის თავისუფლების ინდექსში 180 ქვეყანას შრის 177-ე ადგილი უკავაია.


გარეკანის ფოტო: MATK PALSTON/AFP

ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ