ცნობილი რუსი ჟურნალისტისა და ადამიანის უფლებათა დამცველის, „ნოვაია გაზეტას“ სპეციალური კორეპონდენტის, ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობიდან 20 წელი გავიდა. ის 48 წლის ასაკში, 2006 წლის 7 ოქტომბერს, მოსკოვში, საკუთარი სახლის სადარბაზოში მოკლეს. პოლიტკოვსკაიას საერთაშორისო აღიარება ჩეჩნეთის მეორე ომის შესახებ გამოქვეყნებულმა სტატიებმა მოუტანა.
ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის მე-20 წლისთავს მედიისა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციები გამოეხმაურნენ.
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ“ ამ თარიღის აღსანიშნავად და პოლიტკოვსკაიას ხსოვნისთვის პატივის მისაგებად ვიდეორგოლებიც გამოაქვეყნა. როგორც RSF-ი წერს, ამ ოცი წლის განმავლობაში, რუსეთში დამოუკიდებელი ჟურნალისტიკისთვის ხელმისაწვდომი სივრცე თანდათან და სისტემატურად შემცირდა:
„2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, პრაქტიკულად ყველა დამოუკიდებელი მედიასაშუალება აიკრძალა, დაიბლოკა, „უცხოეთის აგენტად“ ან „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადდა, ან იძულებული გახდა, საქმიანობა ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაეგრძელებინა.
„ნოვაია გაზეტა“, ანა პოლიტკოვსკაიას გაზეთი, ამ რეპრესიების კლასიკური მაგალითია. 2000 წლიდან მოყოლებული, გაზეთის 6 ჟურნალისტი და კონტრიბუტორი მოკლეს. 2022 წელს გაუქმდა მისი ბეჭდური და ონლაინგამოცემის ლიცენზიები, ხოლო მის ყოფილ მთავარ რედაქტორსა და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატს, დმიტრი მურატოვის 2023 წელს, „უცხოეთის აგენტის“ სტატუსი მიენიჭა. 2026 წლის 4 სექტემბერს, რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ „ნოვაია გაზეტა“ „უცხოეთის აგენტად“ გამოაცხადა და მასთან დაკავშირებული106 ადამიანი „უცხოელ აგენტებთან აფილირებულ“ პირთა სიას დაამატა“.
პოლიტკოვსკაიას მკვლელობის საქმეზე რუსეთში, 2021 წელს, ხანდაზმულობის ვადის ამოწურვის ფონზე ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების საერთაშორისო მექანიზმების გაძლიერების მოწოდებით გამოდის „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“.
IPI-ის ადვოკატირების მიმართულების დირექტორი, ემი ბრულეტი აღნიშნავს, რომ ანა პოლიტკოვსკაიას სასტიკი მკვლელობიდან 20 წლის შემდეგაც კი, დანაშაულზე პასუხისმგებელი მთავარი პირები დღემდე არ დასჯილან:
„ეს ხაზს უსვამს ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად უფლებამოსილი დამოუკიდებელი, საერთაშორისო მექანიზმის გადაუდებელ საჭიროებას, მაშინ როდესაც ამ გამოძიებების ჩატარებასა და სამართლიანობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ამას არ გააკეთებს“.
„მისი გამბედაობა არასდროს მიეცემა დავიწყებას“ - ანა პოლიტკოვსკაიას იხსენებს „პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრიც“. როგორც ECPMF-ი წერს, ოცი წლის შემდეგაც კი, მისი სახელი მჭიდროდ უკავშირდება ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლასთან:
„პოლიტკოვსკაიას ესმოდა, რომ ჟურნალისტიკა სახიფათო სწორედ მაშინ ხდება, როცა თავის საქმეს აკეთებს: სვამს რთულ შეკითხვებს, ამხელს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას და აჟღერებს იმ ადამიანთა სათქმელს, რომელთა ტანჯვაც სხვაგვარად, შესაძლოა, უხილავი დარჩენილიყო“.
2018 წელს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) დაადგინა, რომ რუსეთმა ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის შემკვეთის დასადგენად ეფექტური გამოძიება ვერ ჩაატარა. ჟურნალისტის მკვლელობასთან დაკავშირებით რამდენიმე ადამიანი პასუხისგებაში მიეცა, თუმცა დამკვეთის ვინაობა დღემდე უცნობია.
ანა პოლიტკოვსკაია ჩეჩნეთის მეორე ომსა და ომის შემდგომ პერიოდში ადამიანის უფლებების დარღვევებს იკვლევდა, წერდა გატაცებების, წამების, მკვლელობებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობის შესახებ. არ ერიდებოდა ვლადიმერ პუტინის ხელისუფლების კრიტიკას. არის ავტორი წიგნისა „პუტინის რუსეთი“. მიღებული აქვს არაერთი საერთაშორისო ჯილდო. მძიმე და სახიფათო პირობებში მუშაობის მიუხედავად, მას საგამოძიებო საქმიანობა არ შეუწყვეტია.
ცნობისთვის, რუსეთი 2026 წლის პრესის თავისუფლების ინდექსში 180 ქვეყნიდან 172-ე ადგილს იკავებს.

