სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტის, ალექსანდრ
ვუჩიჩის პარტიის ოპოზიციურ „სტუდენტურ სიასთან“ დამარცხების
შემდეგ, სერბული საზოგადოებრივი ტელეარხის, RTV-ის წამყვანმა, გორან
ერორმა ინფორმაციის მრავალწლიანი დამალვისა და მოვლენების ცალმხრივი
გაშუქებისთვის მაყურებელს პირდაპირ ეთერში ბოდიში
მოუხადა.
„საზოგადოებრივი მაუწყებელი მრავალი წლის განმავლობაში არ ასრულებდა თავის ფუნქციას. ის დუმდა, თვალს ხუჭავდა, მოვლენებს ცალმხრივად და კრიტიკის გარეშე აშუქებდა, არ სვამდა სწორ კითხვებს ან საერთოდ არ სვამდა მათ. ამისთვის ჩვენ ვალდებულნი ვართ, ბოდიში მოვუხადოთ მაყურებელს“, - თქვა გორან ერორმა პირდაპირ ეთერში განცხადების წაკითხვისას.
მისივე თქმით, სერბეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი იბრძოდა იმისთვის, რომ არხის ჟურნალისტებსა და რედაქტორებს თავისუფლად და ეთიკური პრინციპების დაცვით მუშაობის შესაძლებლობა ჰქონოდათ: „სამწუხაროდ, ბრძოლა დროულად ვერ მოვიგეთ, მაგრამ გვჯერა, რომ ეს ბრძოლა მნიშვნელოვანია“.
RTV-ს წამყვანმა მაყურებელს ბოდიში იმის გამოც მოუხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „სტუდენტური სიის“ გამარჯვების ამსახველი კადრები არ აჩვენეს.
ცნობისთვის, 26 ოქტომბერს RTV-ის პირველი არხის მთავარი რედაქტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნენად ჩაჩიჩმა თანამდებობა დატოვა.
ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მაყურებელს ბოდიში უნგრეთის სახელმწიფო ტელეარხმა, M1-მაც მოუხადა.
„საზოგადოებრივი მაუწყებელი არ უნდა იტყუებოდეს. ბოდიშს გიხდით იმის გამო, რომ ამას ამდენი წლის განმავლობაში ვაკეთებდით! საზოგადოებრივი მაუწყებელი იწყებს ტრანსფორმაციას, რათა მომავალში დამოუკიდებელი და სანდო გახდეს. საინფორმაციო სამსახურის მუშაობა დროებით შეჩერებულია. დარჩით ჩვენთან!“ - მიმდინარე წლის 7 ივლისს, M1-ის ეთერში საინფორმაციო გადაცემის ნაცვლად, ეს განცხადება გაჩნდა და არხმა მაუწყებლობა დროებით შეაჩერა.
„ისტორიული დღე“ - მომხდარს ასე გამოეხმაურა უნგრეთის პრემიერ მინისტრი, პეტერ მადიარი.
„დღეს დასრულდა სახელმწიფო მედიაპლატფორმებზე პროპაგანდისტული მაუწყებლობა. ისინი იტყუებოდნენ ღამით, იტყუებოდნენ დღისით, იტყუებოდნენ ყველა არხზე. ახლა ყველაფერი დასრულდა“, - დაწერა მან სოციალურ ქსელ X-ზე.
საარჩევნო კამპანიის დროს, მადიარი
აცხადებდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, საზოგადოებრივ
მაუწყებელში სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ პარტიულ პროპაგანდას
შეაჩერებდა.

