უნგრეთი კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების კრიმინალიზებას გეგმავს
30.03.2020
უფლებადამცველი ჯგუფები მიიჩნევენ, რომ უნგრეთის პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების კრიმინალიზებას გულისხმობს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს უპრეცენდენტო ძალაუფლებას აძლევს, რაც მედიის თავისუფლებისთვის, შესაძლოა, საფრთხის შემცველი აღოჩნდეს.

კორონავირუსის პრევენციის შესახებ ორბანის მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მნიშვნელოვანია, რომ აღმასრულებელ რგოლს საკანონმდებლო ორგანოსთან კონსულტაციის გარეშე, თავისუფლად შეეძლოს მოქმედება. კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით, საგანგებო მდგომარეობის დროს, მთავრობას ყველა სხვა კანონის გვერდის ავლით, ქვეყნის სპეციალური დეკრეტის საფუძველზე მართვის უფლება ეძლევა. ამასთან, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილება შევა, რომლის მიხედვითაც კორონავირუსის შესახებ „ყალბი“ და „გამოგონილი ამბების“ გავრცელება ერთიდან ხუთ წლამდე პატიმრობით დაისჯება.

მართალია, გასული კვირის დასაწყისში ოპოზიციამ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა დაბლოკა, თუმცა, უმრავლესობა მის მიღებას მიმდინარე კვირას გეგმავს. ორბანის პარტიას პარლამენტში დეპუტატების 2/3 ჰყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ მმართველ ძალას მისი მიღება არ გაუჭირდება.

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ამ გადაწყვეტილებით ადგილობრივ მედიის თავისუფლებას და პლურალიზმს საფრთხე შეუქმნა.

„როგორც კი კანონპროექტი ძალაში შევა, მას მედიაზე საგანგაშო გავლენა ექნება და ის ჟურნალისტებს თვითცენზურის დაწესებას აიძულებს“, - აცხადებენ ისინი და იქვე დასძენენ, რომ „ბევრი მედიასაშაულება დახურვის საფრთხის წინაშე დადგება, თუკი პოლიცია მტკიცებულების სახით მათი სერვერების კონფისკაციას გადაწყვეტს“.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ბოლო წლების განმავლობაში, უნგრეთში მედიის თავისუფლების კუთხით ისედაც უკან გადადგმული ნაბიჯების ფონზე, ორბანის ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებელ პრესას საბოლოოდ დაასამარებს.

უნგრეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას ევროკომისიის პრესსპიკერი კრისტიან ვიგანტიც გამოემხმაურა და განმარტა, რომ „დემოკრატია დამოუკიდებელი და თავისუფალი მედიის გარეშე ვერ მუშაობს. კრიზისის დროს, ისე როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებმა საკუთარი საქიანობა სათანადოდ და ზუსტად შეასრულონ, რათა დეზინფორმაციის გავრცელება თავიდან იქნას აცილებული“.

უნგრეთის მთავრობის ინიციატივის მიმართ შეშფოთება ევროპარლამენტმაც გამოხატა და განმარტა: „კრიზისის დროს მიღებული ნებისმიერი არაორდინარული გადაწყეტილება ისე უნდა მიიღებოდეს, რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, კანონის უზენაესობა და დემოკრატიული პრინციპები იყოს დაცული“.

უნგრეთის მთავრობის ინიციატივას სპეციალური განცხადებით, მედიის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ევროპა ორბანის შემოთავაზებას წინ უნდა აღდგეს“. ორგანიზაცია საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს და იმ საფრთხეებზე მიუთითებს, რაც მათი შეფასებით, უნგრეთის პარლამენტის მიერ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში დადგება.

„შემთავაზებული კანონპროექტი პრესის თავისუფლების კუთხით რეპრესიების ერთგვარად სისრულეში მოყვანისკენ წინგადადგმული ნაბიჯი იქნება“, - ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.

ბოლო მონაცემებით,უნგრეთში COVID-19-ის 447 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. ვირუსისგან 34 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 15 კი - გარდაიცვალა.



მომზადებულია balkaninsight.com-ისა და rsf.org-ის მასალების გამოყენებით

გარეკანის ფოტო: EPA-EFE/Marton Monus HUNGARY OUT


ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ