კორონავირუსისგან გარდაცვლილი ჟურნალისტები
14.04.2020
ახალი კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო მასშტაბით უკვე ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მათ შორის არიან ჟურნალისტებიც.

ენტონი კოსი - New York Post-ის 48 წლის ფოტოჟურნალისტი, COVID-19-ით 12 აპრილს გარდაიცვალა. 25 წლის განმავლობაში, ცნობილი ფოტოჟურნალისტის ობიექტივმა უამრავი ლეგენდარული სპორტული ღონისძიება გააშუქა. „ის ყოველთვის იყო სწორ დროს სწორ ადგილას“, - ასე იხსენებენ მას კოლეგები.

ბრაჰმა კანჩიბოთლა - United News of India-ს 66 წლის კორეპონდენტი ვირუსისგან 5 აპრილს გარდაიცვალა. აშშ-ში 28 წლიანი კარიერის განმავლობაში იგი 11 წელი ფინანსური გამოცემის - Merger Markets-ის რედაქტორად მუშაობდა. პარალელურად, ყოველდღიურ გამოცემა United News of India-სთან თანამშრომლობდა.

ანიკ ჯესდანუნი - Associated Press-ის რედაქტორის მოადგილე ტექნოლოგიების მიმართულებით. იგი COVID-19-სგან 51 წლის ასაკში 2 აპრილს გარდაიცვალა. ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ჯესდანუნი მკითხველს ინტერნეტის არსისა და საზოგადოებაზე მისი გავლენის შესწავლაში ეხმარებოდა.

ანასტასია მეტროვა - რუსული გამოცემა - Business Interest-ის 36 წლის რედაქტორი ვირუსისგან 31 მარტს გარდაიცვალა. „მწერალი, მხატვარი და ორი შვილის მარტოხელა დედა“ - ასე იხსენებენ მას კოლეგები რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებასთან (RFE/RL) საუბარში.

მარკ ეკერტი - Mahoning Matters-ის ხელმძღვანელი ვირუსისგან 30 მარტს გარდაიცვალა. რედაქტორის, მარკ სვიტვუდის გადაწყვეტილებით, მისი ასაკი არ გასაჯაროვდა.

მარია მერკადერი - CBS News-ის 54 წლის ჟურნალისტი COVID-19-სგან 29 მარტს გარდაიცვალა. CBS-თან თანამშრომლობის წლებში მარიამ მაყურებლისთვის არაერთი უდიდესი მნიშვნელობის მქონე ისტორია გააშუქა. მათ შორის იყო პრინცესა დაინას სიკვდილი და 11 სექტემბრის ტრაგედია.

ალან ფინდერი - The New York Times-ის 72 წლის გადამდგარი რეპორტიორი და რედაქტორი, რომელიც გამოცემისთვის არასრული განაკვეთით კიდევ მუშაობდა, ვირუსისგან 24 მარტს გარდაიცვალა.

ლარი ეჯვორტი - NBC News-ის 61 წლის თანამშრომელი კორონავირუსისგან 19 მარტს გარდაიცვალა. „ლარი კეთილი ადამიანი და NBC-ის დიდი ოჯახის სული და გული იყო“, - თქვა NBC News-ის საგარეო ურთიერთობათა მთავარმა კორესპონდენტმა ანდრეა მიტჩელმა.


 
მომზადებულია poynter.org-ის მასალის გამოყენებით
გარეკანის ფოტო - AP Photo/Julio Cortez

ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ