2020 წელს 50 ჟურნალისტი მოკლეს - RSF
12.01.2021
ჟურნალისტების უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის - „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ (RSF) ინფორმაციით, 2020 წლის განმავლობაში, მსოფლიო მასშტაბით, სულ 50 ჟურნალისტი მოკლეს. ეს მაჩვნებელი 2019 წელს 53-ის ტოლი იყო. ორგანიზაციისვე ცნობით, მათი უმეტესობა (2/3) არა ომის პირობებში მყოფ ქვეყნებში მოკლეს.

RSF-ის განცხადებით, მაგალითად, 2016 წელს, ჟურნალისტების მკვლელობების 58% საომარ ზონებში ფიქსირდებოდა, გასულ წელს კი - ეს მაჩვენებელი 32%-მდე შემცირდა და მედიის წარმომადგენელთა მკვლელობის 68% არასაომარ ზონებში გამოვლინდა, მათგან ყველაზე მეტი - 8 მექსიკაში, 4 ინდოეთში, 3-3 კი - ფილიპინებსა და ჰონდურასში. ჟურნალისტების მკვლელობების უმრავლესობა მათ საქმიანობას უკავშრდებოდა. მაგალთად, მათი 84% გამიზნულად მოკლეს, 2019 წელს ეს მაჩვენებელი 63-ს შეადგენდა.

RSF-ის ინფორმაციით, გასულ წელს, რამდენიმე ჟურნალისტი ბარბრაროსული მეთოდების გამოყენებით მოკლეს. მაგალითად, მექსიკაში გამოცემა El Mundo-ს რეპორტიორს, ვალდივია როდრიგესს თავი მოკვეთეს, ერთ-ერთი ადგილობრივი ახალი ამბების ვებგვერდის - Punto x Punto Noticias-ის რედაქტორი ვიქტორ ფერნანდო ელვარეს ჩავესი კი დაანაწევრეს. ამასთან, ინდოეთში, გაზეთ „რაშტრია სვაროპის“ რეპორტიორი რაკეშ სინგჰი ცოცხლად დაწვეს, ირანშ კი - გამოცემა Amadnews რუჰოლა ზამი ჩამოარჩვეს. „შესაძლოა, ზოგიერთმა თქვას, რომ ჟურნალისტები უბრალოდ საკუთარი საქმიანობის მსხვერპლი ხდებიან, თუმცა ისინი განსაკუთრებულ სამიზნეებად მაშინ იქცევიან ხოლმე, როდესაც მნიშვნელოვან საქმეებს იძიებენ და აშუქებენ“, - თქვა „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ გენერალურმა მდივანმა ქრისტოფ დელუარმა.

გასული წლების მსგავსად ჟურნალისტების მკვლელობის დიდი ნაწილი კორუფციისა და საჯარო ფონდების არასათანადოდ გამოყენების საქმეების გამოძიებას უკავშირდება. ამისთვის გასულ წელს 10 ჟურნალისტი მოკლეს, 4 ორგანიზაბული დანაშაულის საქმის გამოძებისთვის, 7 კი - საპროტესტო აქციების გაშუქებისას.

RSF-ის ცნობით, 2020 წლის მდგომარეობით, საკუთარი საქმიანობისთვის პატიმრობაში 387 ჟურნალისტი იმყოფება, რაც 2019 წლის მონაცემების იდენტურია. ორგანიზაციის შეფასებით, დაკვებული ჟურნალისტების რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს.

გასულ წელს, 35%-ით გაიზარდა ქალი ჟურნალისტების თვითნებური დაკავების მაჩვენებელიც, ამასთან 4-ჯერ გაიზარდა ჟურნალისტების დაკავების მაჩვენებელი კოვიდ-19-ის გავრცელებიდან პირველ სამ თვეშიც. ამასთან, პანდემიის თემის გაშუქებისთვის 14 ჟურნალისტი დააკავეს, რომლებიც კვლავ პატიმრობაში რჩებიან.

RSF-ის განცხადებით, ჟურნალისტური საქმიანობისთვის ყველაზე სახიფათო ქვეყნებია - მექსიკა, ერაყი, ავღანეთი, პაკისტანი და ინდოეთი.

ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ