რა ხდება “დოჟდის” ირგვლივ?
08.12.2022
ტელეკომპანია "დოჟდს", რომელმაც რუსეთში დაბლოკვის შემდეგ ლატვიიდან მაუწყებლობდა, 6 დეკემბერს ლატვიის კომუნიკაციების მარეგულირებელმა ლიცენზია გაუუქმა.

რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ კრიტიკულად განწყობილი ტელეკომპანია "დოჟდი" სამშობლოში მალევე დაიბლოკა უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის შემდეგ.

არხის ირგვლივ არაერთი ბრალდება ისმის, მენეჯმენტი კი ცდილობს აუდიტორია თავის სიმართლეში დაარწმუნოს.

ბრალდებები “დოჟდის” წინააღმდეგ

რუსეთიდან განდევნილმა დამოუკიდებელმა ტელეკომპანია “დოჟდმა” სხვა რუსული დამოუკდებელი მედიასაშუალებების მსგავსად თავშესაფარი ლატვიაში იპოვა და შეწყვეტილი მაუწყებლობაც ივლისში ლიცენზიის მიღების შემდეგ განაგრძო.

თუმცა, ჯერ კიდევ ივლისში ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამბობდა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსი ჟურნალისტების ლატვიაში გადასვლა ქვეყნის ინფორმაციული სივრცის უსაფრთხოებასა და დაზვერვასთან დაკავშირებულ რისკებს შეიცავდა.

პირველი მოწოდება ლატვიაში “დოჟდის” დახურვის შესახებ აგვისტოში გავრცელდა, როდესაც ლატვიელმა რეჟისორმა, ალვის ჰერმანისმა ტელეკომპანია გააკრიტიკა რიგის მერთან ჩაწერილი ინტერვიუს შემდეგ. თუმცა, მაშინ მედიაექსპერტებს არხის მხრიდან დარღვევა არ აღმოუჩენიათ.

ჯარიმა

2022 წლის 2 დეკემბებერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ ტელეკომპანია “დოჟდი” 10 000 ევროთი დააჯარიმა.

დაჯარიმება გამოიწვია:

  • ეთერში რუკის ჩვენებამ, რომელზეც ყირიმი რუსეთის ნაწილად იყო წარმოჩენილი.
  • რუსეთის ჯარის მიმართ ფრაზა “ჩვენი არმიის” გამოყენებამ.

მაშინ მარეგულირებელი ორგანოს საბჭოს თავმჯდომარემ, ივარს აბოლინსმა, განმარტა, რომ ბოლო თვეებში ეს არხის მეორე მნიშვნელოვანი დარღვევა იყო და მესამე ასეთი შემთხვევა შეიძლებოდა, არხისთვის ლიცენზიის გაუქმებით დასრულებულიყო. ივარს აბოლინსს არ დაუზუსტებია, რა იყო არხის "პირველი დარღვევა".

წამყვანთან დაკავშირებული სკანდალი

უკრაინელი აქტივისტების მწვავე კრიტიკა გამოიწვია 1 დეკემბერის საღამოს “დოჟდის” პირდაპირ ეთერში გაჟღერებულმა სიტყვებმა.

გადაცემის “აქ და ახლა” წამყვანმა ალექსეი კოროსტელევმა მოუწოდა ყველას, ვისაც "აქვს ინფორმაცია და მტკიცებულებები რუსეთში სამხედრო მობილიზაციის, ფრონტზე სამხედროების პირობების შესახებ, ან ვისაც უნდა ისაუბროს რუსეთის არმიის პრობლემებზე", დაკავშირებოდნენ არხს სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ მისამართზე.

  • "ჩვენთვის მოწერილი ბევრი ისტაორია ქვეყნდება და იმედი გვაქვს… რომ ბევრ, მათ შორის, სამხედროს, დავხმარებოდით აღჭურვილობითა და ელემენტარული საჭიროებებით ფრონტზე, რადგან ისტორიები, რომლებსც ნათესავები ჰყვებიან და ვაქვეყნებთ, გულწრფელად, საშინელია.” - თქვა წამყვანმა.

ტელეკომპანიის ბოდიში

2 დეკემბერს, გამთენიისას “დოჟდის” მთავარმა რედაქტორმა ტიხონ ძიადკომ "ტელეგრამზე" ტელეწამყვანის “შეცდომაში შემყვანი” ფრაზის გამო მაყურებელს ბოდიში მოუხადა და განმარტა, რომ "ტელეკომპანია არ დახმარებია, არ ეხმარება და არ დაეხმარება რუსეთის არმიას."

ამასთანავე რედაქციამ პირდაპირი ეთერის ჩანაწერიდან ალექსეი კოროსტელევის ფრაზა ამოიღო, ხოლო ტელეწამყვანი ალექსეი კოროსტელევი გაათავისუფლა.

მომხდარს გამოეხმაურნენ ლატვიის ხელისუფლების წარმომადგენლებიც. მათ შორის ლატვიის თავდაცვის მინისტრი, რომელმაც თქვა, რომ “დოჟდი” რუსეთში უნდა დაბრუნდეს, მის თანამშრომლებს კი ლატვიის ბინადრობის უფლება შეუჩერდეთ.

იმავე დღეს ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა “დოჟდის” გადაცემაში გაჟღერებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

გათავისუფლებულმა ტელეწამყვანმა, ალექსეი კოროსტელევმა "ტელეგრამის" არხზე დაწერა, რომ მისი სიტყვები კონტექსტიდან იყო ამოღებული და რუსი ჯარისკაცებისთვის დასახმარებლად არაფერი გაუგზავნია.

  • “ვწუხვარ თუ არა მშიერი, ყველასგან მიტოვებული მობილიზებულების გამო? დიახ. პუტინი კარგი ადამიანია? არა. ახლა “დოჟდს” პრობლემები აქვს. არ მინდა არხის დახურვის მიზეზი გავხდე. თუ ჩემი გათავისუფლება ტელეკომპანიას გადაარჩენს და ჩემს კოლეგებს მუშაობის გაგრძელების საშუალებას მისცემს, ამას არ ვეწინააღმდეგები და ვიღებ ყოველგვარი ფარული წყენის გარეშე.” - წერს ტელეწამყვანი.

6 დეკემბერს ლატვიის მაუწყებელთა მარეგულირებელმა “დოჟდის” მაუწყებლობის ლიცენზია გააუქმა და ეს გადაწყვეტილება “ეროვნული უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხეს” დაუკავშირა.

“დოჟდის” პასუხი ბრალდებებზე

რუსული ტელევიზიის მიმართ სამ ძირითად ბრალდებას ბოლო დღეებში არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა და ტელეწამყვანმა, ეკატერინე კოტრიკაძემ და მთავარმა რედაქტორმა ტიხონ ძიადკომ უპასუხეს:

1. რუკაზე ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში - დიზაინერის შეცდომა ტექნიკური შეცდომა და უყურადღებო მონტაჟი.

2. “ჩვენი არმია” - “ნათქვამი იყო რუსი სამხეროების მიერ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულის კონტექსტში. დიახ, ჩვენ ვართ რუსული პასპორტის მფლობელები და ვამუწყებლობთ რუსული აუდიტორიისთვის. დიახ, ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი არმიის შესახებ, რომელიც მეზობელ ქვეყანაში უდანაშაულო ხალხს ხოცავს.” - ამბობს კოტრიკაძე.

3. ტელეწამყვანის განცხადება რუსული არმიის დახმარებაზე - “ჩვენი წამყვანის კომენტარი სხვადასხვანაირად არის ინტერპრეტირებული. “ტვიტერზე” ვნახე ზოგი ამბობდა, რომ “დოჟდი” რუსულ არმიას უკრაინაში აღჭურვილობას უგზავნის. “დოჟდს” არასდროს გაუგზავნია, უგზავნის და გაუგზავნის აღჭურვილობას, ტანსაცმელს, იარაღს, საკვებს ან ნებისმიერ რამეს რუსულ არმიას ფრონტზე თუ მის მიღმა. “დოჟდი” არ გეგმავს ჩაერთოს ასეთ აქტივობაში სხვა ნებისმიერი არმიის მიართ.” - ამბობს ტიხონ ძიადკო.

ძიადკოს განმარტებით, ნახენები ელექტრონული ფოსტის მისამართი ინფორმაციის შესაგროვებლად სექტემბერში, რუსეთში სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების დაანონსების შემდეგ შექმნეს, რათა ამ პროცესის შესახებ მაყურებლისგან ინფორმაცია მიეღოთ. ალექსეი კოროსტელევი კი ეთერში, მომდევნო სტუმრის შემოსვლამდე დროის შესავსებად "დაუწერელი ტექსტით საუბრობდა, და შეცდომა დაუშვა".

“დოჟდი” გათავისუფლებულ წამყვანს დაბრუნებას სთხოვს

6 დეკემბრის საღამოს, მას შემდეგ, რაც "დოჟდს" ლიცენზია შეუჩერდა, არხის გენერალურმა დირექტორმა ნატალია სინდეევამ “ტელეგრამზე” ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც რამდენიმე დღის წინ გათავისუფლებულ ტელეწამყვანს ალექსეი კოროსტელევს ბოდიში მოუხადა და დაბრუნებისკენ მოუწოდა.

“დოჟდის” დირექტორმა არხზე დაბრუნება სთხოვა წამყვანებს, მარგარიტა ლიუტოვასა და ვლადიმირ რომენსკისაც, რომლებმაც “დოჟდი” კოროსტელევის გათავისუფლების პროტესტის ნიშნად დატოვეს.

ავტორი : ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ