რა არის მეტავერსი?
08.11.2021
ცუკერბერგის „მეტავერსი“ ჯერ მხოლოდ კონცეფციაა, მაგრამ მასზე უკვე ბევრს მსჯელობენ.

2017 წელს ეგვიპტის მთავრობამ “ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი“ 21 ვებგვერდი დაბლოკა, მათ შორის დამოუკიდებელი მედია გამოცემა “მადა მასრი“ (Mada Masr).

ეგვიპტეში მედიას პირდაპირ თუ ზოგჯერ ირიბად სახელმწიფო აკონტროლებს. ქვეყნის მასშტაბით 500-ზე მეტი ვებგვერდია დაბლოკილი და სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტების გამო არაერთ ადამიანს აპატიმრებენ. სწორედ ამის გამო, მოსახლეობას ნაკლები წვდომა აქვს მნიშვნელოვან, ობიექტურად გაშუქებულ ახალ ამბებზე.

მაგრამ ხელისუფლებამ ვერ გაითვალისწინა ერთი რამ: ინფორმაციის მიღების კლასიკური გზების გარდა, თანამედროვე ტექნოლოგიით შესაძლებელია სხვა, ალტერნატიული გზების პოვნა.

„რეპორტიორებმა საზღვრებს გარეშე“ ამბების გასავრცელებლად მიაგნო ხერხს - და ამისთვის პოპულარული თამაში Minecraft გამოიყენა.

Minecraft არის თამაში, სადაც შეგიძლია ვირტუალურ სივრცეში ააშენო ქალაქები, შექმნა არმია, ებრძოლო მითოლოგიურ არსებებს, გააშენო პლანტაციები - მოკლედ, აქ შეგიძლია, შექმნა საკუთარი სამყარო - ლიმიტი მხოლოდ ფანტაზიაა. და თუ აქ ამ ყველფარის გაკეთება შეიძლება, შეიძლება ინფორმაციის გავრცელებაც.



„რეპორტიორებმა საზღვრებს გარეშე“ Minecraft-ში ციფრული ბიბლიოთეკა ააშენა, რომლის წიგნებშიც თამაშის 100 მილიონზე მეტ მომხმარებელს შეუძლია, სახელმწიფოებში დაცენზორებული სტატიების წაიკითხოს. მათ შორისაა ეგვიპტეში დაბლოკილი Mada Masr-ის მასალებიც, რომლებიც ხელისუფლებას კორუფციაში ამხელს.

რა შუაშია ამასთან მეტავერსი?

მეტავერსიც Minecraft-ის მსგავსად ვირტუალურ სამყაროს მოიცავს ოღონდ თუ მაინკრაფტში შექმნილ სამყაროს ეკრანზე უყურებთ, მეტავერსში შეგიძლიათ ამ სამყაროში ვირტუალურად შეხვიდეთ.

წარმოიდგინეთ ინტერნეტი, ოღონდ ისე, რომ ინფორმაციის ბრტყელი ეკრანიდან მიღების ნაცვლად, შეგეძლოთ, შიგნით, ვირტუალურ სივრცეში გადახვიდეთ - ეს „მეტავერსის“ კონცეფციის ერთადერთი ახსნა არ არის - ეს „ფეისბუქის“ დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის ვერსიაა.

ცუკერბერგმა 2021 წლის 28 ოქტომბერს კომპანიას სახელი შეუცვალა, „მეტა“ დაარქვა და დააანონსა, რომ ის ახალ ეტაპზე გადადის და მეტავერსის განვითარებაზე იწყებს მუშაობას.

რა არის მეტავერსის კონცეფცია?

„მეტა“ ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც „მიღმა“, „ვერსი (verse)“ კი სიტყვა Universe-დან არის მიღებული, რაც სამყაროს ნიშნავს. ამ ორი სიტყვის გაერთიანებით ვიღებთ მეტავერსს - Meta+Universe = Metaverse.

მეტავერსის აზრის გასაგებად პირველ რიგში საჭიროა ვირტუალური რეალობისა (VR) გაფართოებული რეალობის (AR) არსის გაგება.

ვირტუალური რეალობა (Virtual Reality - VR)

ვირტუალური რეალობა კომპიუტერულად შექმნილი ვიზუალური, სიმულაციური გარემოა. სპეციალური სათვალეების, ჩაფხუტისა და სხვა მოწყობილობების დახმარებით ადამიანები ხედავენ სამგანზომილებიან გამოსახულებას და ექმნებათ ისეთი შეგრძნება, რომ ისინი ამ სამყაროში არიან. მაგალითად, მოძრაობენ ვირტუალურად შექმნილ ოთახში, თხილამურებით სრიალებენ თოვლზე და ა.შ

დღეს ასეთი ვირტუალური სამყაროები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არსებობს და ზოგიერთი მოწყობილობა ისეა განვითარებული, რომ სპეციალური კოსტუმით ან ხელთათმანით ვირტუალური წვიმის წვეთების შეგრძნებაც კი შესაძლებელია.

გაფართოებული რეალობა (Augmented Reality - AR)

გაფართოებული რეალობა რეალურ სამყაროში ვირტუალური ობიექტების შემოტანაა მობილურის, პლანშეტის, ვირტუალური სათვალის ან სხვა შესაბამისი ხელსაწყოს საშუალებით.

მაგალითად, შეგიძლიათ შეხვიდეთ ავეჯის მაღაზიის ვებგვერდზე და გაფართოებული რეალობის აპლიკაციის საშუალებით შეამოწმოთ, როგორ გამოიყურება მათი მაგიდა თქვენს მისაღებ ოთახში. ბუნებრივია, ეს მაგიდის მხოლოდ ვირტუალური გამოსახულება იქნება, მაგრამ ის რეალურ დროში, რეალური ზომით და ფორმით თქვენს ოთახში იდგმება, როდესაც მას მობილური ტელეფონით, პლანშეტით ან ვირტუალური სათვალით შეხედავთ.



მეტავერსი ცალკე არც ვირტუალური, არც გაფართოებული რეალობაა. ის ორივეს მოიცავს. ეს არის საერთო ონლაინ სივრცეში ფიზიკური, გაფართოებული და ვირტუალური რეალობების კომბინაცია, რომელშიც ადამიანი სრულად ჩართულია.

ცუკერბერგს დაახლოებით ასეთი სივრცის შექმნა უნდა, მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ კონცეფციაა და ის "ფეისბუქის" დამფუძნებელს არ გამოუგონია.

მეტავერსის იდეა ახალი არ არის

ტერმინ „მეტავერსს“ პირველად ამერიკელი მწერლის, ნილ სტივენსონის 1992 წელს გამოქვეყნებულ სამეცნერო ფანტასტიკის ჟანრის წიგნში Snow Crash-ში ვხვდებით. წიგნში მოქმედება 21-ე საუკუნეში ხდება და „მეტავერსი“ ნამდვილი ადამიანების ავატარებით დასახლებული
სამგანზომილებიანი ვირტუალური სამყაროა.
alt
2018 წელს გამოსულ ფილმში, Ready Player one (რომელიც ამავე სახელწოდების 2011 წლის წიგნზეა დაფუძნებული), აღწერილია ასეთივე სამყარო, სადაც 2045 წელს კლიმატის ცვლილების შემდეგ სიღარიბით მოცულ დედამიწაზე ადამიანები ხსნას უფასო ონლაინ თამაშ „ოაზისში“ პოულობენ.

„ოაზისი“ ვირტუალური ალტერნატიული სამყაროა, რომელში მოხვედრისთვისაც სპეციალური სათვალეები და მოწყობილობაა საჭირო. მასში შესულ ადამიანებს კი შეუძლიათ გააკეთონ ის, რაც უნდათ - ითამაშონ, საყიდლებზე იარონ, ისწავლონ...

თუმცა ვირტუალური და გაფართოებული რეალობა სამეცნიერო ფანტასტიკური ჟანრის მიღმაც არსებობს.

დღეს ხელმისაწვდომი ალტერნატიული და გაფართოებული რეალობის პლატფორმები

წლების განმავლობაში ვირტუალური და გაფართოებული რეალობა წარმატებულად დამკვიდრდა თამაშების ინდუსტრიაში. მაგალითად, AR-ზე დაფუძნებულმა პოლულარულმა თამაშმა Pokémon GO-მ ბოლო 5 წელიწადში 5 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. ამ თამაშის პერსონაჟები თქვენს რეალურ სივრცეში ჩნდებიან და ამის დანახვა სმარტფონის ეკრანიდან შეგიძლიათ.

დღეს, მეტავერსის შექმნაზე რამდენიმე კომპანია მუშაობს, მათ შორის Epic Games, Microsoft და Roblox.

ჰოლოგრამების გამოყენებით კოლაბორაციისა და კომუნიკაციების პლატფორმა Microsoft Mesh კომპანია „მაიკროსოფტმა“ წელს წარადგინა. ერთმანეთთან ვირტუალურ სივრცეში ჰოლოგრამული გამოსახულებებით დასაკავშირებლად ადამიანებმა Microsoft-ის ვირტუალური რეალობის (VR) ან გაფართოებული რეალობის (AR) სათვალეები უნდა გამოიყენონ.



2020 წლის აპრილში, კოვიდ პანდემიის დასაწყისში, მეტავერსზე მომუშავე თამაშ Fortnite-ში რეპერ, ტრევის სკოტის ვირტუალურ კონეცერტს 10 მილიონზე მეტი ადამიანი დაესწრო. შემსრულებელმა კი 20 მილიარდი აშშ დოლარი გამოიმუშავა, რაც იმაზე მეტია, ვიდრე მის ზოგიერთ რეალურ კონცერტზე მიღებული შემოსავალი.



Fortnite-ის გავლენას გასართობი ინდუსტრიის მთავარი მოთამაშეებიც ხედავენ. მაგალითად, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ვიდეო სტრიმინგის პლატფორმა „ნეტფლიქსი“ Fortnite-ს უფრო დიდ კონკურენტად მიიჩნევს, ვიდრე თავის პირდაპირ კონკურენტებს - HBO-სა და Hulu-ს.

ვირტუალურ სივრცეში სრულფასოვნად ჩართვისთვის, შესაბამისი მოწყობილობების განვითარებაცაა საჭირო. 2021 წლის სექტემბერში „ფეისბუქმა“ „რეი-ბანთან“ თანამშრომლობით გამოუშვა Ray-Ban Stories – ჭკვიანი სათვალე. აქსესუარი 20 სხვადასხვა სტილში 299 აშშ დოლარად იყიდება და გარდა სათვალის ფუნქციისა, ფოტო-ვიდეო გადაღების, დარეკვის, ზარებზე პასუხის, მუსიკისა და პოდკასტების მოსმენის საშუალებას იძლევა.



დაუდასტურებელი ინფორმაციით, მსგავსი სათვალის შექმნაზე Apple-იც მუშაობს.

როგორ გაერთიანდება ეს ყველაფერი მეტავერსში?

ინტერნეტში „მეტავერსის“ განმარტების ძებნისას სხვადასხვაგვარ პასუხს გადააწყდებით: „ინტერნეტის მემკვიდრე“, „ალტერნატიული ციფრული რეალობა“, „ვირტუალური სივრცეების გაერთიანება“ და ა.შ. მაგრამ ჯერ არ არსებობს ერთი, საყოველთაოდ მიღებული განმარტება, რომელიც ამას ახსნიდა.

თუმცა ყველა თანხმდება, რომ ეს იქნება ინტერნეტის მსგავსად ერთი ღია სივრცე, რომელშიც თავს მოიყრის სხვადასხვა ვირტუალური სამყარო.

მაგალითად, წარმოიდგინეთ, მომავალში ადვილად ხელმისაწვდომი გახდეს ისეთი მოწყობილობები, რომლებიც საშუალებას მოგცემთ ვირტუალურ სამყაროში იმოძრაოთ, შეეხოთ ობიექტებს, შეხვდეთ და ესაუბროთ მეგობრებს და შეგრძნებების დონეზე აღიქვათ ციფრული სამყარო. ამ დროს კი რეალურად სახლში იქნებით და ამისთვის ოთახიდან გასვლაც არ დაგჭირდებათ.

მართალია, მეტავერსი რეალურად ჯერ არ არსებობს, მაგრამ არსებობს ტექნოლოგიური კომპანიების იდეა, რომლის რეალობად ქცევას ისინი არც ისე შორეულ მომავალში ხედავენ.

რას და როგორ შევძლებთ მეტავერსში?

დღეს თავისუფლად არის შესაძლებელი, ვიდეოზარის საშუალებით დაუკავშირდეთ თქვენგან შორს მყოფ ადამიანებს, მაგრამ ეს ფიზიკური შეხვედრა არ არის. თქვენ შორის ბარიერია, ეკრანი, რომელიც უბრალოდ თქვენს გამოსახულებებს აკავშირებს ერთმანეთთან.

ახლა წარმოიდგინეთ, მოხვდეთ ვირტუალურ სივრცეში, სადაც ადამიანების პირისპირ ნახვა, მათთან ერთად ოფისში მუშაობა შეგეძლებათ.

მეტიც, ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, შეძლებთ წარსულში იმოგზაუროთ, გაერთოთ, და ამისგან რეალური შეგრძნებები მიიღოთ. მოკლედ, მეტავერსის გამოყენების თეორიული შესაძლებლობები უსაზღვროა.

მეტავერსში, როგორც ალტერნატიულ ციფრულ სამყაროში, მომხმარებლები შექმნიან თავიანთ სივრცეებს, შესაძლოა განავითარონ ბიზნესი, იყიდონ და გაყიდონ მეტავერსისთვის განკუთვნილი პროდუქტი, მომსახურება ან თუნდაც გააქირავონ ვირტუალური მიწა, სადაც რომელიმე კომპანია თავის ვირტუალურ მაღაზიას გახსნის და ა.შ

მაგალითად, წარმოიდგინეთ, „დისნეილენდის“ მფლობელმა კომპანიმ მეტავერსში შექმნას თავისი გასართობი პარკი და ის ადამიანები, რომლებიც დისნეილენდში ფიზიკურად სტუმრობას ვერ ახერხებენ, მას მეტავერსში ეწვევიან და თითქმის რეალურის მსგავსი გამოცდილებას მიიღებენ.

მარკ ცუკერბერგის ხედვა

მიუხედავად იმისა, დღეს მეტავერსის კონცეფციის განვითარებაზე რამდენიმე კომპანია მუშაობს, მარკ ცუკერბერგი პირველია, ვინც ამ მიმართულებით მასშტაბური გეგმები დაისახა, დიდი ინვესტიცია ჩადო და გამოაცხადა, რომ მისი კომპანიის მთავარი მიმართულება ამ კონცეფციის ხორცშესხმა იქნება.

მარკ ცუკერბერგის ხედვით, „მეტავერსს“ მომხმარებლები რამდენიმე მიმართულებით გამოიყენებენ:

1. კომუნიკაცია: საკუთარ სივრცეში მეგობრებთან შეკრება, ფილმების ერთად ყურება, და ა.შ. 



2. გართობა: მაგალითად, რეალურ კონცერტზე ვირტუალურად დასწრება და ვირტუალურ სამყაროში წვეულებაზე წასვლა. 



3. მუშაობა: საკუთარი სახლიდან ოფისში ვირტუალურად შესვლა, გაფართოებული რეალობისა და ჰოლოგრამების საშუალებით კომუნიკაცია და ა.შ.



4. განათლება: მაგალითად, ნებისმიერ ისტორიულ დროში მოგზაურობა, ბუნების შესწავლა, მომზადება სამედიცინო ოპერაციების ჩატარებისთვის და სხვა. 



5. ფიტნესი: ვარჯიში სხვადასხვა გარემოში, იოგა ვირტუალურ სივრცეში და ა.შ. 



6. თამაშები: გეოგრაფიულად სხვაგან მყოფ ადამიანთან ჭადრაკის ან მაგიდის ჩოგბურთის ფიზიკურად, მის ჰოლოგრამასთან თამაში. 



7. კომერცია: ბიზნესისთვის შესაძლებლობა მეტავერსში გაყიდოს ვირტუალური და ფიზიკური პროდუქტები, შექმნას მაღაზიები, რომლებსაც მომხმარებლები მთელი მსოფლიოდან ესტუმრებიან. 



მარკ ცუკერბერგი ამბობს, რომ მეტავერსი ხელს შეუწყობს გარემოს დაცვასაც. მაგალითად, სამუშაო ვიზიტისთვის ერთი ადგილიდან მეორეში თვითმფრინავით მგზავრობის ნაცვლად, ადამიანები მეტავერსში ტელეპორტირდებიან, ასე დაიზოგება ავიარეისებით გარემოსთვის მიყენებული ზიანი.

„მეტას“ დამფუძნებელი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, მომავალში სმარტფონები ადამიანების ცხოვრების მთავარი ნაწილი აღარ იყოს. შესაბამისად, კიდევ უფრო დაჩქარდება და შეიცვლება კომუნიკაციის ფორმები. მაგალითად, ახალი ტექნოლოგიები ეკრანზე ტექსტის აკრეფის ნაცვლად ადამიანის ბრძანებებს ჟესტიკულაციით, ხმოვანი მითითებით ან თუნდაც გონებაში გაფიქრებით შეძლებენ. ამ ყველაფრისთვის კი პირველ რიგში, შესაბამისი ტექნოლოგია დაგვჭირდება, რომელიც მარტივად მოსახმარი, მსუბუქი და პატარა ზომის იქნება. ცუკერბერგის ხედვით ეს, შესაძლოა, ჭკვიანი სათვალეები იყოს.

რატომ დებს „ფეისბუქის“ დამფუძნებელი ამხელა ინვესტიციას კონცეფციაში, რომელიც დღეს, ფაქტობრივად, არ არსებობს? ამაზე ერთი პასუხი შესაძლოა ის იყოს, რომ სხვა ტექნოლოგიური კომპანიებისგან განსხვავებით, მას ყველაზე დიდი აუდიტორია ჰყავს - 3 მილიარდზე მეტი მომხმარებელი.

„მარკ ცუკერბერგს უნდა, რომ ბევრი ადამიანი აალაპარაკოს ამ თემაზე, მეტავერსის იდეის პოპულარულობა მოიმატებს, მოთხოვნა გაიზრდება და ამ ტექნოლოგიების განვითარებაც გაუადვილდებათ, რადგან მეტი ფული ჩაიდება ამაში, შესაბამისად, მეტი ინჟინერი ეყოლებათ და მეტი რესურსი ექნებათ, სწრაფად განვითარებისთვის“, - გვეუბნება ტექნოლოგიების შესახებ ონლაინ გამოცემის Next.on.ge-ს რედაქტორი დათო სამნიაშვილი.

გამოწვევები და სკეპტიკოსები

„ფეისბუქის“ რებრენდიგი და მეტავერსზე ორიენტირებულ კომპანიად გადაქცევა სოციალური ქსელის სკანდალს „ფეისბუქის ქაღალდებს“ დაემთხვა. „ფეისბუქის“ ყოფილი თანამშრომელი ფრენსის ჰაუგენი კომპანიას არაერთ ბრალდებას უყენებს და უსაფრთხოებაზე წინ ფინანსური მოგების დაყენებაში ამხელს.

„ფეისბუქის“ რებრენდინგსა და მეტავერსზე მუშაობის აქტიურად დაწყებას მალევე გამოუჩნდა კრიტიკოსები. მათ შორის, „ტვიტერის“ თანადამფუძნებელი ჯეკ დორსი, The Daily Show-ს წამყვანი ტრევორ ნოა, აშშ-ის კონგრესის წევრი, ალესანდრია ოკასიო კორტესი. “გუგლის“ ყოფილი დირექტორი ერიკ შმიდტი ფიქრობს, რომ ხელოვნური ინტელექტი, როგორიც მეტავერსია ადამიანურ ურთიერთობებს ჩაანაცვლებს.

„ყველა, ვინც მეტავერსზე საუბრობს, საუბრობს სამყაროებზე, რომლებიც ამ მსოფლიოზე უფრო სასიამოვნოა - იქ უფრო მიდიდარი, სიმპათიური, ლამაზი, ძლიერი, სწრაფი ხარ. ასე, რომ რამდენიმე წელიწადში ადამიანები აირჩევენ მეტავერსში უფრო მეტი დრო დაჰყონ. და ვინ ადგენს წესებს? მსოფლიო უფრო ციფრული გახდება, ვიდრე ფიზიკური ეს კი სულაც არაა საუკეთესო რამ საზოგადოებისთვის“, - უთხრა The New York Time-ს შმიდტმა, რომელიც „გუგლში“ 2001-2020 წლებში მუშაობდა.

რადგან მეტავერსი საერთო სივრცეს მოიცავს, საჭირო გახდება დიდი ტექნოლოგიური კომპანიების ურთიერთთანამშრომლობა, რათა მათ მიერ შექმნილი მოწყობილობები და პლატფორმები ერთმანეთს დაუკავშირდეს. ეს კი ახალი სტანდარტების დამკვიდრებასაც მოითხოვს.

დათო სამნიაშვილი მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით, რეგულაციები გახდება საჭირო: „საჭირო იქნება სხვადასხვა სპეციფიკური ტექნოლოგიის გაერთიანება და დიდი ძალისხმევა სახელმწიფოების მხრიდან. საკანონმდებლო რეგულირებას ვგულისხმობ, თუმცა ეს უნდა იყოს არა ქვეყნების დონეზე, არამედ საერთო შეთანხმება მსოფლიოში, რათა დაცული იყოს მომხმარებლების უფლებები.“

მომხმარებლის პირადი მონაცემების დაცვა

მომხმარებლების უფლებებზე საუბრისას ბუნებრივად ჩნდება შეკითხვები მონაცემების უსაფრთხოების შესახებ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უკვე წლებია, საუბარია „ფეისბუქის“ პრობლემებზე მომხმარებლების პირადი მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით.

2018 წელს გაირკვა, რომ მონაცემთა ანალიზის კომპანია Cambridge Analytica-მ „ფეისბუქის“ მილიონობით მომხმარებლის მონაცემები მათი ნებართვის გარეშე შეაგროვა და საარჩევნო პოლიტიკური კამპანიებისთვის გამოიყენა. ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ ცუკერბერგს აშშ-ის კონგრესის წინაშე მონაცემების დაცვის შესახებ კითხვებზე პასუხების გაცემა მოუწია. თუმცა, „ფეისბუქისგან“ განსხვავებით, არ ვიცით, რა ინფორმაციას შეაგროვებს მეტავერსი მომხმარებლის შესახებ. რადგან მეტავერსში არა ეკრანის მიღმა, არამედ მის შიგნით ვიქნებით, სავარაუდოდ, მეტავერს პლატფორმებისთვის ჩვენ შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია შეიძლება გახდეს ხელმისაწვდომი, მათ შორის მანერები, სხეულის ენა, ჩვევები და ა.შ.

ამ გამოწვევის საპასუხოდ მარკ ცუკერბერგი ამბობს, რომ საკითხებზე უკვე მუშაობენ.

ვინ გააკონტროლებს მეტავერსს?

კიდევ უფრო ბევრს გაურკვევლობას იწვევს ის, თუ ვინ გააკონტროლებს მეტავერსს? ის რამდენიმე კომპანიის კუთვნილება იქნება თუ კრიპტოვალუტის მსგავსად დეცენტრალიზებული სისტემა შეიქმნება?

„ყველაზე მისაღები ვარიანტი იქნება მეტავერსის არა კონკრეტული ინდივიდების, კორპორაციების ან თუნდაც არჩეული პრეზიდენტების მიერ კონტროლი, არამედ ტექნოლოგიების ისე განვითარება, რომ მთლიანი ვირტუალური სივრცე სუპერ ხელოვნურმა ინტელექტმა - ე.წ სუპერკომპიუტერმა აკონტროლოს და მომხმარებლების მიმართ თანაბარი მიდგომები განსაზღვროსო“, - ამბობს დათო სამნიაშვილი.

„ამის პოტენციალი კვანტურ კომპიუტერებშია. თუ მეტავერსი კერძო კომპანიებმა აკონტროლეს, მომხმარებლების მანიპულირებას შეძლებენ. შეიძლება მიკარნახონ როგორი ტანსაცმელი, ადამიანი და სხვა რამ უნდა მომწონდეს, ეს კომპანიები ამას თუ მხოლოდ მოგებისთვის აკეთებენ, რა თქმა უნდა, საშიშია. ცოტა ფუტურისტულად თუ შევხედავთ და დავუშვებთ, რომ იარსებებს სუპერკომპიუტერი, მაშინ მისი ინტერესი სარგებლის მიღება ან ვირტუალურ რეალობაში ჩვენი დიდხანს დატოვება არ იქნება. ის უბრალოდ სწორ რეგულაციებს შექმნის.“, - გვეუბნება next.on.ge-ის რედაქტორი.

დეზინფორმაცია

მეტავერსის იდეის განხილვისას კიდევ ერთი გამოწვევა მომხმარებლების ვირტუალურ სამყაროსთან მიჯაჭვულობა და მათი დეზინფორმაციისგან დაცვაა.

ფეისბუქის მამხილებლის მიერ გავრცელებული „ფეისბუქის ქაღალდებიდან“ ირკვევა, რომ სოციალური ქსელი დეზინფორმაციას არასაკმარისად ებრძვის. მაგალითად, „ფეისბუქი“ პრიორიტეტს ანიჭებდა პოსტებს, რომლებსაც „გაბრაზების“ ბევრი რეაქცია ჰქონდა. ვიეტნამის ბაზარზე დასარჩენად კომუნისტურ პარტიას „ანტისახელმწიფოებრივი პოსტების“ ნაწილობრივ ცენზურაში დათანხმდა და დროული რეაგირება არ ჰქონია კოვიდ-19-ის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე. ამის გათვალისწინებით კი საკითხავია, როგორ გავუმკლავდებით დეზინფორმაციის საფრთხეებს მეტავერსში?

„სწორედ აქ შემოდის მეტავერსის რეგულაციის მომენტი. სოციალური ქსელები ინფორმაციის სიზუსტეზე უნდა იყოს ორიენტირებული და არა ის, რომ მე თუ ანტივაქსერული იდეები მაწუხებს, ერთი ორს მოვძებნი და შემდეგ ალგორითმი ერთსა და იმავე კონტენტს მიჩვენებს, ამით სოციალური ქსელები მანიპულირებენ ჩემზე, რომ დიდხანს დამტოვონ ქსელში“, - ამბობს დათო სამნიაშვილი.

შესაბამისად, გამოწვევაა ისიც, თუ როგორი იქნება ალტერანატიულ ციფრულ სამყაროში დეზინფორმაციასთან ბრძოლის გზები, რადგან შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მეტავერსში დეზინფორმაციის გავრცელების ახალი, ბევრად დახვეწილი ხერხები გაჩნდება.

სხვა გამოწვევები

რადგან მეტავერსი დღეს მხოლოდ იდეაა, მის ირგვლივ სხვა ბევრი კითხვა და გამოწვევა იჩენს თავს. მათ შორის:

• მოწყობილობების განვითარება და მასობრივად ხელმისაწვდომობა.

• მეტავერსის შესაძლებლობების ბოლომდე გამოსაცდელად საჭირო იქნება ხარისხიანი და სწრაფი ინტერნეტი. ისინი, ვისაც ხარისხიან ინტერნეტზე წვდომა არ ექნებათ მეტავერსს სრულყოფილად ვერ გამოიყენებენ. ამ სივრცის მოხმარება, შესაძლოა, გამოწვევად იქცეს უსინათლო ადამიანებისთვისაც.

• ჯერ გაურკვეველია მეტავერსის ეკონომიკის განვითარება. როგორი ფორმით გადაინაცვლებს რეკლამები სოციალური მედიიდან მეტავერსში და გახდება თუ არა ეს შემოსავლის მთავარი წყარო.

მაინც, რას მოიტანს მეტავერსი?

„მთავარი იდეა არის, რომ მეტავერსი გამოვიყენოთ პროგრესისთვის და არა რეგრესისთვის. ნებისმიერ ტექნოლოგიას შეუძლია პროგრესიც და რეგრესიც მოიტანოს, მაგრამ იმ მცირეხნიანი გამოცდილებით, რაც გვაქვს - ტექნოლოგიებმა მაინც პროგრესი მოიტანა. მგონია, რომ მეტავერსსაც საბოლოო ჯამში დადებითი მხარე უფრო ექნება, ვიდრე უარყოფითი“,- ფიქრობს დათო სამნიაშვილი.

მსოფლიოში მეტავერსის შექმნის შესახებ აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, „მეტას“ დამფუძნებელს, მარკ ცუკერბერგს სჯერა, რომ მეტავერსი მობილური ინტერნეტის მემკვიდრეა, რომელიც ბევრ ახალ შესაძლებლობას გააჩენს და წლების შემდეგ მისი კონცეფცია რეალობად იქცევა.

უცნობია გამართლდება თუ არა ამ ეტაპზე მსოფლიოში მე-7 უმდიდრესი ადამიანის იდეა. მარკ ცუკერბერგმა, რომლის ამჟამინდელი ქონება 127 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, მეტავერსის განვითარებისთვის პირველ ეტაპზე 10 მილიარდი აშშ დოლარი გამოყო. ცუკერბერგის ქონება მილიარდიანი სხვაობებით ზოგჯერ რამდენიმე დღეშიც იცვლება. მაგალითად, 2021 წლის მაისში „მეტას“ დამფუძნებელი მხოლოდ ერთ კვირაში 8 მილიარდი აშშ დოლარით გამდიდრდა, 5 თვის შემდეგ, ოქტომბერში კი ერთ დღეში 6 მილიარდ აშშ დოლარამდე დაკარგა.

ავტორი : ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ