აზერბაიჯან-საქართველოს მედიაფორუმს POSTV-ის წარმომადგენლებთან ერთად, „პირველი არხის“ წამყვანი, რამილია ალიევაც ესწრებოდა
06.12.2025

ბაქოში გამართულ აზერბაიჯან-საქართველოს მედიაფორუმს - „მედიის როლი საზოგადოებრივი ნდობის ფორმირებასა და ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“ საქართველოდან  POSTV-ის წარმომადგენლებთან ერთად, საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტის „მრავალფეროვანი საქართველოს“ ხელმძღვანელი, ტელეწამყვანი რამილია ალიევაც ესწრებოდა

----------------------------

პრესის თავისუფლების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის -  „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, აზერბაიჯანში მედიის თავისუფლების ხარისხი 25.47 ქულით არის შეფასებული და ის 180 ქვეყნიდან 167-ე ადგილს იკავებს.

„პრაქტიკულად, მთელი მედიასექტორი ოფიციალური კონტროლის ქვეშაა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტელევიზია ყველაზე პოპულარული ინფორმაციის წყაროა. ქვეყნის შიგნიდან არცერთი დამოუკიდებელი ტელევიზია ან რადიო არ გადაიცემა და ყველა კრიტიკული პოზიციის მქონე ბეჭდური გაზეთი დახურულია“, - წერს RSF-ი აზერბაიჯანის შესახებ.

საქართველოში ამ ინდექსით, 180 ქვეყნიდან 114-ე ადგილზეა. ქვეყანაში მედიის თავისუფლების ხარისხი კი 50.53 ქულით არის შეფასებული.

----------------------------

საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანი რამილია ალიევა, POSTV-ის გადაცემის - „ევროკრატია - ყოფილი ევროპა“ წამყვანთან, იოანე შაიშმელაშვილთან ერთად მონაწილეობდა პანელურ სესიაში - „მედიაეკოსისტემის გაძლიერება ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“. 

Oxu.Az-ის ინფორმაციით, „პანელზე განიხილეს მედია ეკოსისტემის გაძლიერების მიმდინარე პრაქტიკა საინფორმაციო ომების, დეზინფორმაციული კამპანიებისა და უცხოური გავლენის მცდელობების ფონზე“.  

მეორე პანელურ სესიაზე - „ერთობლივი თანამშრომლობა ჟურნალისტების პროფესიონალიზმისა და საზოგადოების მედიაწიგნიერების ამაღლების საქმეში“ სიტყვით გამომსვლელებს შორის კი იყვნენ POSTV-ის ანალიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი გია აბაშიძე და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორი მაია პაჭკორია.

გია აბაშიძემ ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა, რომ ამ ფორუმზე დამსწრეებს გაუზიარა „BBC-ის სამარცხვინო სიუჟეტზე ნაცმარგინალთა გზავნილები“. Oxu.Az-ის ინფორმაციით, BBC-ზე ისაუბრა იოანე შაიშმელაშვილმაც. 

„პირველი არხის“ ინფორმაციით, აზერბაიჯან-საქართველოს მედიაფორუმის გახსნისას აზერბაიჯანის მედიის განვითარების სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა, აჰმად ისმაილოვმა თქვა, რომ „მედიასუბიექტებს შორის ურთიერთნდობის განმტკიცება და საერთო საკომუნიკაციო დღის წესრიგის ფორმირება განსაკუთრებული მნიშვნელობისაა რეგიონში სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების თვალსაზრისით“. 

განახლება: სამთავრობო „იმედის“ ინფორმაციით, მედიაფორუმში მათი ტელეკომპანიის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.

საქართველოში დამოუკიდებელ და კრიტიკულ მედიას მუშაობა რთულ გარემოში უწევს. „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 10 თვეზე მეტია უკანონო პატიმარია.
„ქართულმა ოცნებამ“ ერთიმეორის მიყოლებით მიიღო მედიის შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები. 31 მაისიდან ამოქმედდა „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“, რომელსაც „ქართული ოცნება“ ამერიკული FARA-ს სიტყვასიტყვით ნათარგმნს უწოდებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები კი მიიჩნევენ, რომ ის მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ორგანიზაციებისა და მედიების გაჩუმებას, დისკრედიტაციასა და დევნას. მნიშვნელოვნად შეიზღუდა მედიისთვის სასამართლოში მუშაობაც.
ანტიკორუფციულმა ბიურომ მედიის ნაწილს წერილობით აცნობა, რომ დაწყებულია წარმოება მათი საქმიანობის „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობის დადგენის მიზნით და მედიაორგანიზაციებისგან სხვადასხვა კატეგორიის მოცულობითი ინფორმაცია გამოითხოვა. ანტიკორუფციულმა ბიურომ იმავე საფუძვლით საქმის წარმოება დაიწყო „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ წინააღმდეგაც.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებების საფუძველზე, კომუნიკაციების კომისიამ „უცხოური ძალისგან“ დაფინანსების მიღების შეწყვეტა დაავალა ტელე და რადიო მაუწყებლებს: „ფორმულა“, „ფორმულა მულტიმედია“, „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა“(რადიო „მარნეული), „რადიო-ტვ ნორი“ და „სისტემა გამა“. „ქართული ოცნების“ საჩივრების საფუძველზე ComCom-მა კრიტიკული ტელევიზიები სამართალდამრღვევებად ცნო „მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევისთვისაც”.
სატელევიზიო მაუწყებლობა შეწყვიტა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილმა ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა ნინო ზაუტაშვილი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი; დახურა გადაცემები „რეალური სივრცე“, „ამ შაბათ-კვირას“ და მათი გუნდის წევრებს, რომლებმაც ახალ შეთავაზებაზე უარი თქვეს, ხელშეკრულებები შეუწყვიტა. ისინი რამდენიმე თვეა „პირველი არხის“ სარედაქციო პოლიტიკას ღიად აკრიტიკებენ და პოლიტიკურ გავლენებზე საუბრობენ.
ამასთან, დღემდე არ დასჯილან გასულ წელს, პროევროპული აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე (გურამ როგავა, ალექსანდრე ქეშელაშვილი, მაკა ჩიხლაძე, გიორგი შეწირული და სხვები) თავდამსხმელები.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ