რატომ ვერ წყვეტ “სქროლვას”?
02.12.2022
თუკი ძილის წინ ან დღის ნებისმიერ დროს საათობით ხართ მობილურის ეკრანთან და “ფეისბუქის”, “ინსტაგრამის”, “ტიკტოკის” ან სხვა სოციალური ქსელების პოსტებს ერთმანეთის მიყოლებით ნახულობთ, პოსტების ქვეშ კომენტარებსაც კითხულობთ, თან ხვდებით, რომ ეს ინფორმაცია არაფერში გადგებათ და ამდენი ხნით ინტერნეტის გამოყენება გავნებთ, მაგრამ “სქროლვას” თავს მაინც ვერ ანებებთ, მარტო არ ხართ.

ამ ფენომენის აღსაწერად ცალკე ტერმინიც კი არსებობს. “დუმსქროლინგი” - ინტერნეტში ნეგატიური ამბების განუწყვეტლივ თვალიერება. ტერმინი, სავარაუდოდ, 2018 წლიდან არსებობს, თუმცა პოპულარობა პანდემიის პერიოდიდან მოიპოვა.

ეს ჩვევა ადამიანისთვის დამაზიანებელია და შესაძლოა ნეგატიური ფიქრები და უმიედობის გრძნობა გამოიწვიოს. როგორც ფსიქოლოგი ამელია ალადო NPR-თან ამბობს, “დუმსქროლინგი” ადამიანებს ნეგატიურობის წრეში ითრევს, რაც შფოთვას აუარესებს.

რა იწვევს “დუმსქროლინგს”?

გამოცემა Insider-ის ინფორმაციით, ინტერნეტში ინფორმაციის შეუჩერებლად თვალიერების ხელშემწყობი რამდენიმე ფაქტორი არსებობს, მათ შორის:

  • ნეგატიურობისკენ მიკერძოება: ადამიანის მიდრეკილება მიაქციოს ყურადღება, შეისწავლოს ან გამოიყენოს უარყოფითი ინფორმაცია.
  • გაურკვევლობა: როდესაც ადამიანს სურს ინფორმაცია მიიღოს თემაზე, რომელიც მისთვის ბუნდოვანია ან რომელზეც, რამდენიმე ურთიერთსაწინააღმდეგო აზრი არსებობს.
  • შფოთვა: ზოგიერთი ადამიანი “დუმსქროლინგს” შფოთვის სამართავად იყენებს, თუმცა ამ ქცევამ თავად შეიძლება გამოიწვიოს მეტი შფოთვა.
  • რაღაცის გამოტოვები შიში (FOMO): “დუმსქროლინგი” შესაძლოა ასოცირდებოდეს რაღაცის გამტოვების შიშთან და რწმენასთან, რომ ადამიანი ფხიზლად უნდა იყოს, რათა რაიმე მნიშვნელოვანი არ გამოტოვოს.
  • თვითკონტროლის ნაკლებობა: თავშეკავების ნაკლებობა სოციალური ქსელების გამოყენების დროს.

ინფორმაციის შეუჩერებლად თვალიერების სურვილი შესაძლოა განპირობებული იყოს რთული მომენტების დროს ცოდნაში უსაფრთხოების განცდით, ასევე სოციალური მედიის პლატფორმების მუდმივად განახლებადი ინფორმაციის დიზაინით.

“დუმსქროლინგი” აზარტულ თამაშებთან დაკავშირებულ ქცევებს იმეორებს, რადგან ადამიანები ინტერნეტში ინფორმაციას არა მხოლოდ ცუდი ამბის, არამედ დადებითი ამბებისთვისაც ათვალიერებენ.

  • “ჩვენ შეპყრობილი ვართ ჰორიზონტზე კარგი ამბის გამოჩენის შესაძლებლობით. თუნდაც უბრალოდ საყვარელი ლეკვის ვიდეოს პოვნით დროებითი კმაყოფილებისთვის.” - ამბობს ფსიქოლოგი ჯეიდ ვუ, რომელიც “დუმსქროლინგს” აზარტულ თამაშ “სლოტს” ადარებს, სადაც ადამიანი თამაშს მოგების იმედით განაგრძობს მოუხედავად იმისა, რომ წაგების შანსი უფრო მეტია.
  • “დუმსქროლინგით” დაკავებული ადამიანისთვის წაგება ნეგატიური ამბების ნახვას და მასთან დაკავშირებული უარყოფითი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ეფექტის გავლენას ნიშნავს.

ახალი ამბების კითხვა მნიშვნელოვანია, თუმცა ინფორმაციის გადაჭარბებულად მიღებამ და ნეგატიურ ინფორმაციაზე ყურადღების გამახვილებამ შესაძლოა ძილის პრობლემები გამოიწვიოს, გავლენა იქონიოს მუშაობის უნარზე ან ხელი შეუშალოს ადამიანებს ოჯახთან და მეგობრებთან დროის გატარებაში.

თუკი ადამიანი მუდმივად დასტრესილია და ვერ ისვენებს, ქრონიკულმა სტრესმა შესაძლოა დაავადებების გამოწვევის რისკი გაზარდოს.

როგორ შევწყვიტოთ საათობით “სქროლვა”?

ფსიქოლოგები “დუმსქროლინგის” დასძლევად რამდენიმე რჩევას გამოყოფენ:

  • დააყენეთ ტაიმერი, დააწესეთ შეზღუდვები ინტერნეტში ინფორმაციის თვალიერებაზე. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რა ხდება მსოფლიოში, ამიტომ გამოსავალი არა ინტერნეტის გამოყენების სრულად აკრძალვა, არამედ ზღვარის დაწესებაა.
  • მობილურის ჩართვისას თავს შეახსენეთ რატომ იყენებთ მას, რომელი ინფორმაციის პოვნას ცდილობთ, შემდეგ კი თქვენ თავს პერიოდულად ჰკითხეთ: ვიპოვე ის რაც მჭირდებოდა?
  • ინტერნეტში თვალიერების ნაცვლად მეტი დრო ისეთ რამეზე დახარჯეთ, რაც პოზიტიურ ემოციებს გამოიწვევს, იქნება ეს ნაყინის მირთმევა თუ მეგობრებთან საუბარი.
  • გაიჩინეთ ჰობი. ადამიანები ხშირად სოციალურ ქსელებს მოწყენილობის შესამსუბუქებლად იყენებენ, რაც შეიძლება “დუმსქროლინგში” გადაიზარდოს. თუკი მოიწყენთ, ეცადეთ იმ აქტივობით დაკავდეთ, რომელიც გსიამოვნებთ და მოწყენილობის დაძევაში დაგეხმარებათ.
  • ვარჯიში “დუმსქროლინგთან” გამკვალვების კარგი გზაა, რადგან განწყობას აუმჯობესებს, ამცირებს შფოთვას და სტრესის ჰორმონებს, ხოლო ხელს უწყობს ბედნიერების ჰორმონების გამოყოფას. ექსპერტების რეკომენდაციით, მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის კარგია კვირაში 150 წუთით საშუალო ინტენსივობის ფიზიკური აქტივობა.

ავტორი : ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ