როგორ (არ) უნდა გაშუქდეს უკრაინის ომი მედიაში
21.04.2022
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა ტვიტერზე დაიჩივლა, ზოგიერთი გარე დამკვირვებელი უკრაინის ომს ისე უყურებს, როგორც „ნეტფლიქსის“ ახალ სატელევიზიო სერიალსო.

პოდოლიაკი აღნიშნავს, რომ მხატვრული სერიალებისგან განსხვავდებით, უკრაინაში ყოველი ახალი ეპიზოდი სამშობლოს მცველების მიერ დაღვრილი სისხლით იწერება. ამ შემთხვევაში, ვერც ისეთი სცენარისტების იმედზე ვიქნებით, ვინც კეთილი დასასრულის გარანტიას მოგვცემდნენ.

როგორ იქცა ზოგიერთი ადამიანისთვის და მედიისთვის უკრაინის ომი მხატვრულ სერიალად და როგორ შეიძლება აღვუდგეთ წინ ამ მავნე ტენდენციას? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ქვემოთ შევეცდები.

დავიწყებ იმით, რომ უამრავი სამეცნიერო კვლევა ადასტურებს ადამიანების მიდრეკილებას ნეგატიური ინფორმაციის მიმართ. მაგალითად, ნეგატიური ხასიათის ნიუსებს პოზიტიური შინაარსის ახალ ამბებზე უფრო ხშირად კითხულობენ. ამის მიზეზი ის არის, რომ უარყოფითი ინფორმაცია ადამიანებში მკვეთრ ფსიქოფიზიოლოგიურ რეაქციებს იწვევს. (შესაძლოა, განსხვავებული სურათი მივიღოთ სოციალური ქსელების კვლევისას, თუმცა ამ სფეროში ბევრი რამ ჯერაც გაურკვეველია).

უკრაინის ომის გაშუქებისას, თვალშისაცემია, რომ ზოგიერთი საერთაშორისო და ადგილობრივი მედია უფრო ხშირად კონცენტრირდება ნეგატიურზე, ვიდრე პოზიტიურზე. ეს შეიძლება გამართლებული იყოს არა მხოლოდ მარკეტინგული, არამედ უპირველესად, მორალური თვალსაზრისითაც: ჩვენი მთავარი მორალური ვალდებულებაა ის, რომ ყურადღება მივაპყროთ და დავეხმაროთ მათ, ვისაც უჭირს. თუმცა პარალელურად, ჩნდება იმის საფრთხე, რომ ნეგატივი მივიღოთ ნეგატივისთვის და ამან კონკრეტული ნაბიჯების არგადადგმისკენ და პასიურობისაკენ გვიბიძგოს. უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველს სწორედ ეს აწუხებს.

კვლევებით დასტურდება, რომ პოდოლიაკის წუხილი გამართლებულია. ნეგატივზე ზედმეტად ფოკუსირება და მოვლენების გარდაუვალ კატასტროფად აღქმა ორი აზრით შეიძლება იყოს კონტრპროდუქტიული.

  • პირველი: ცნობილია, რომ შიში ადამიანებში იწვევს ევოლუციურ რეაქციას, რომელიც მათ მხოლოდ საკუთარი თავისა და ახლობლების დაცვისკენ უბიძგებს. ზედმეტმა ფოკუსირებამ ნეგატივზე შესაძლოა, ჩვენში შიშის გაღვივება და შესაბამისად, სხვების მიმართ სოლიდარობის გრძნობის შემცირება გამოიწვიოს.
  • მეორე: ნეგატიურმა ახალი ამბებმა შეიძლება გააძლიერონ უიმედობის გრძნობა. ასეთი ახალი ამბების მომხმარებლებს, დიდი ალბათობით, გაუჩნდებათ განცდა, რომ ისინი მაინც ვერაფერს შეცვლიან და შესაბამისად, მოქმედებასაც აზრი არ აქვს.

ზედმეტი ნეგატივისგან თავის არიდება შესაძლებელია ახალი ამბების იმგვარად გადმოცემით, რომ აქცენტი გამოსავლის პოვნაზე გაკეთდეს და არა კატასტროფის გარდაუვალობაზე. სამწუხაროდ, ბოლო ორი თვის განმავლობაში, საერთაშორისო მედიაში ვხედავთ ამის სრულიად საპირისპირო ტენდენციას: უკრაინის ომი შუქდება, როგორც გარდაუვალი კატასტროფა, რომლის შეჩერებაც შეუძლებელია.

უკრაინის ომის დაწყების პირველივე დღეებიდანვე საერთაშორისო მედიის ნაწილი ფოკუსირებული იყო დასავლეთის მთავრობების განცხადებებზე, რომელთა მიხედვითაც რუსი ოკუპანტების ჯარი კიევს რამდენიმე დღეში აიღებდა. ამ პროგნოზის უკრიტიკოდ მიღებამ (წესით, კრიტიკული მედია სკეპტიკურად უნდა იყოს განწყობილი მსგავსი „პროგნოზების“ მიმართ) და მასზე კონცენტრირებამ ხელი შეუწყო უკრაინის ომის გარდაუვალ კატასტროფად აღქმას. ამან თავის მხრივ წაახალისა ისეთი ნიჰილისტური წარმოდგენის დამკვიდრება, რომ რუსეთის შეჩერება პრინციპულად შეუძლებელია.

ნეგატივზე ზედმეტი ფოკუსირება რომ კონტრპროდუქტიულია, ცხადია, არ ნიშნავს იმას, რომ ომის გაშუქების დროს მხოლოდ პოზიტივზე უნდა გავამახვილოთ ყურადღბა - ამას თავისი უარყოფითი მხარეები აქვს - მაგალითად, ასეთ დროს შეიძლება, რომ არარეალისტურმა მოლოდინებმა ზედმეტ იმედგაცრუებამდე და საბოლოოდ, ნიჰილიზმამდე მიგვიყვანოს. ასევე, შეიძლება, რომ ჭარბმა პოზიტივმა ხელი შეგვიშალოს რაციონალურ აზროვნებაში და მცდარი ნაბიჯების გადადგმისკენ გვიბიძგოს.

ამიტომ, უკრაინის ომის შემთხვევაში, ნეგატივსა და პოზიტივს შორის ჯანსაღი შუალედის პოვნა და ე.წ. კონსტრუქციული და დაბალანსებული ჟურნალისტიკის წახალისება უნდა იყოს როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი მედიის მთავარი პრიორიტეტი. სხვა შემთხვევაში, გამოვა, რომ მედია, თავისდა უნებურად, წაახალისებს აპათიასა და ნიჰილიზმს, რაც თავის მხრივ, სამყაროში ბნელი ძალების გავლენას კიდევ უფრო მეტად გაზრდის.

ყველა ჩვენგანმა უნდა გავითავისოთ, რომ უკრაინის ომი არ არის სატელევიზიო შოუ, რომელსაც ჩვენგან დამოუკიდებლად, კეთილი ან ბოროტი დასასრული აქვს. ის რეალურ დროში მიმდინარე ტრაგედიაა, რომლის შეჩერებაც გარკვეულწილად, მთელ დანარჩენ ცივილიზებულ მსოფლიოზეა დამოკიდებული. ამ ომის სწორად აღქმა და მასში მომხდარი ტრაგედიების გადმოცემა მისი სამართლიანი დასასრულისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

ბლოგის ავტორი : გიორგი ცხადაია;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ