ქარტია: შსს-სა და სასამართლოების მიზანია, ჯარიმების მსუსხავი ეფექტის პოტენციალის გამოყენებით, ჟურნალისტებს საპროტესტო აქციების გაშუქებაზე უარი ათქმევინონ
09.06.2025


„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასამართლოებს მოუწოდებს, „გზის გადაკეტვისთვის“ ჟურნალისტების უკანონოდ დაჯარიმების პრაქტიკაზე უარი თქვან.

ქარტიის განცხადებით, ბოლო ხანებში შსს-ს მიდგომა შეიცვალა. თავიდან უწყება ჟურნალისტებისთვის გამოწერილ ჯარიმებს აუქმებდა, [როდესაც ისინი წარადგენდნენ: პრესის ბარათს, ცნობას სამსახურიდან, ფოტოებს, ვიდეოკადრებსა და სხვა იმ მტკიცებულებებს, რითაც დასტურდებოდა, რომ დაჯარიმების მომენტში ჟურნალისტები პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ] ივნისში კი ჟურნალისტებმა საჩივრების დაკმაყოფილებაზე  შსს-სგან უარი მიიღეს:

„ჟურნალისტებისა და მათი უფლებადამცველების თქმით, ეს დადგენილებები შაბლონურია, რაც აჩვენებს,რომ შსს-ს გადაწყვეტილების მიღებისას მათი პროფესიული კუთვნილება და სამუშაოს სპეციფიკა საერთოდ არ გაუთვალისწინებია. 

სასამართლო პრაქტიკაც იმავეს აჩვენებს იმ შემთხვევებზე, სადაც საქმე სასამართლომდე მივიდა“. 

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისთვის“ ეს ცვლილება აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ შსს-სა და სასამართლოების მიზანია, ჯარიმების მსუსხავი ეფექტის პოტენციალის გამოყენებით, ჟურნალისტებს საპროტესტო აქციების გაშუქებაზე უარი ათქმევინონ, რათა ამ აქციების შესახებ ინფორმაციამ საზოგადოებამდე არ მიაღწიოს: 

„დაჯარიმებულთა შორის არიან როგორც სამაუწყებლო, ისე ონლაინ მედიაში დასაქმებული ჟურნალისტები, როგორც დამწყები, ისე გამოცდილი პროფესიონალები, როგორც ფრილანსერები და მედიასაშუალებებში შტატიან პოზიციებზე დასაქმებულები. 

კომუნიკაცია ჟურნალისტებსა და შსს-ს შორის და სასამართლო პროცესები ნათლად აჩვენებს, რომ არც შსს-სა და არც სასამართლოში არ ესმით ან არ სურთ გაიგონ, თუ როგორ ფუნქციონირებს მედია და რა პროცესებისა და პრაქტიკის შედეგად იქმნება მედიაპროდუქტი. განსაკუთრებულად რთული გასაგები მათთვის ონლაინ მედიის სპეციფიკა აღმოჩნდა. ზოგიერთ შემთხვევაში შსს-მ ონლაინ მედიისგან მტკიცებულებებად მოითხოვა პირდაპირი ჩართვები და იმ დღესვე გამოქვეყნებული მასალები. 

ცალკე წუხილის საგანია ჯარიმის ოდენობა - 5,000 ლარი, რაც მედიაში დასაქმებულებისთვის  არაპროპორციულად მძიმე ტვირთს წარმოადგენს“.

  • დაჯარიმებულთა შორის არის „პუბლიკას“ ჟურნალისტი ბასტი მგალობლიშვილი, რომელსაც შსს გზის გადაკეტვას 14 თებერვალს ედავებოდა. მგალობლიშვილმა 6 ივნისს, ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა, რომ შსს-მ საჩივარი არ დაუკმაყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ მან მტკიცებულებები წარადგინა იმის საჩვენებლად, რომ იმ დღეს პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
  • 31 მაისს დააჯარიმეს „მედია აპრილის“ მთავარი რედაქტორი ხატია ღოღობერიძე. ჟურნალისტი იმ დღეს, 29 მარტს, ქალების მარშზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. შსს-ს შესაბამისი მასალები მიაწოდა ღოღობერიძემაც.
  • 30 მაისს სასამართლომ დააჯარიმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ნათია გოგსაძე. შსს მას „გზის გადაკეტვას“ 2 თებერვალს ედავებოდა. 
  • 23 მაისს სასამართლომ დააჯარიმა „პუბლიკას“ ჟურნალისტი მარიამ ქავშბაიაც, რომელსაც შსს „გზის გადაკეტვას“ 3 თებერვალს ედავებოდა.
  • 3 ივნისს დააჯარიმეს ფოტოჟურნალისტი გოგა ჩანადირიც.
  • OC Media-ს დამფუძნებელსა და ფოტოჟურნალისტ მარიამ ნიკურაძეს კი შსს-მ 4 ჯარიმა გამოუწერა. ნიკურაძემ 4 ივნისს დაწერა, რომ მათგან ერთზე შსს-მ მისი საჩივარი არ დააკმაყოფილა.  

ორგანიზაციის განცხადებით, გასაჩივრებულ ოქმებზე უარის მოლოდინში არიან სხვა ჟურნალისტებიც. 

„ჟურნალისტებისა და მათი უფლებადამცველების შეფასებით, რასაც ქარტიაც იზიარებს, ჟურნალისტების დაჯარიმება გზის გადაკეტვის გამო პროფესიული მოვალეობის შესრულებისას წარმოადგენს გაუმართლებელ ჩარევას მედიის საქმიანობის თავისუფლებაში. ქარტიისთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია შსს და სასამართლოების მიდგომის სისტემური ხასიათი და ის გულგრილობა, რასაც ისინი იჩენენ წარდგენილი მტკიცებულებების მიმართ. ჟურნალისტები მაშინაც კი მკაცრად ისჯებიან, როცა ისინი ცდილობენ არ დაარღვიონ თვით იმგვარი კანონები, რომლებიც სამართლიანობის საბაზისო ტესტსაც ვერ უძლებენ“. 

ქარტია შსს-ს და სასამართლოებს მოუწოდებს, იმოქმედონ კანონიერად და სამართლიანად, შეწყვიტონ მართლმსაჯულების სისტემის მიმართ ნდობის დაზიანება და ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელშეშლა, მათ წინააღმდეგ ფინანსური ბერკეტების გამოყენების გზით. 

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ