ComCom: კერძო მაუწყებლებთან შედარებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები, შედარებით, უკეთ იყო დაცული
05.06.2025



კომუნიკაციების კომისიამ გასულ წელს ჩატარებული წინასაარჩევნო თვისებრივი მედიამონიტორინგის ტენდენციები 189-გვერდიან წლიურ ანგარიშში რამდენიმე აბზაცით ასახა, საიდანაც საზოგადოებრივ მაუწყებელს მხოლოდ 1 წინადადება ეხება:

„კერძო მაუწყებლებთან შედარებით, „საზოგადოებრივ მაუწყებელსა“ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის“ ეთერებში, ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები, შედარებით, უკეთ იყო დაცული“.

კომუნიკაციების კომისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის დროს, რაოდენობრივთან ერთად, თვისებრივი მედიამონიტორინგი საზოგადოებრივ მაუწყებლებზე, „ტელეიმედზე“, „რუსთავი 2“-ზე, „პოსტვ“-ზე, „მთავარ არხსა“ და „ტელეკომპანია პირველზე“ ჩაატარა. 

როგორც ComCom-ი წერს, თვისებრივმა მედიამონიტორინგმა აჩვენა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მედიაგარემო პლურალისტური და მრავალფეროვანი იყო:

„მაყურებელი, მიმდინარე მოვლენებისა და წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ ინფორმაციას, სხვადასხვა წყაროდან იღებდა, საარჩევნო სუბიექტებს კი, ჰქონდათ შესაძლებლობა მაუწყებლის ეთერიდან პოტენციური ამომრჩევლებისთვის მიემართათ და საკუთარი პროგრამა გაეცნოთ. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ გასული წლებისგან განსხვავებით, მაუწყებლების ეთერში არ ისმოდა სიძულვილის ენა. 

მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მედიაგარემო პლურალისტური და მრავალფეროვანი იყო, კვლავ გამოწვევად დარჩა მიკერძოება და მკვეთრი პოლარიზაცია, რაც დასტურდება როგორც ხარისხობრივი, ისე რაოდენობრივი მონიტორინგის შედეგებით. კერძო მაუწყებლებში, როგორც საინფორმაციო გამოშვებების, ისე საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანები, უმეტესწილად, ღიად აფიქსირებდნენ საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებებს და აკეთებდნენ პირდაპირ მოწოდებებს“. 

მედიამონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, „მთავარ არხსა“ და „ტელეკომპანია პირველზე“ მკვეთრად ნეგატიური განწყობა შეიმჩნეოდა „ქართული ოცნებისა“ და საქართველოს მთავრობის მიმართ.

„მომზადებული სიუჟეტები, ჟურნალისტური გამოძიებები, ასევე, მიწვეულ სტუმრებთან გამართული დისკუსიები, მიმართული იყო მთავრობის, „ქართული ოცნებისა“ და მისი პოლიტიკის ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენისკენ. პარალელურად, შეინიშნებოდა პოზიტიური დამოკიდებულება ოპოზიციური პარტიების მიმართ. „მთავარ არხზე“ განსაკუთრებულად პოზიტიურად შუქდებოდა „კოალიცია ცვლილებებისთვის“, ხოლო „ტელეკომპანია პირველზე“ შესამჩნევი იყო გამოკვეთილი სიმპათია „ძლიერი საქართველოს“ მიმართ. 

აღნიშნული მაუწყებლების ეთერში ადგილი ჰქონდა ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების დარღვევას, მათ შორის, საინფორმაციო გამოშვებებსა და გადაცემებში გვხვდებოდა შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია, ისმოდა მძიმე ბრალდებები, რომლებიც არ იყო გამყარებული მტკიცებულებებით. მიკერძოებული დამოკიდებულება შეინიშნებოდა ჟურნალისტების ირონიულ კომენტარებში. ჟურნალისტები აკეთებდნენ ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტების მხარდასაჭერ მოწოდებებსაც“. 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ „პოსტვ“-ისა და „ტელეიმედის“ ეთერებში შესამჩნევი იყო მიკერძოება „ქართული ოცნებისადმი“: 

„როგორც საინფორმაციო გამოშვებებში, ისე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებში, მთავრობისა და „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებული ღონისძიებები ყოველთვის პოზიტიურად შუქდებოდა. პარალელურად, ოპოზიციური პარტიების შესახებ მომზადებული გადაცემები მიმართული იყო მათი და მათი დაპირებების ნეგატიურად წარმოჩენისკენ. მიკერძოება შეინიშნებოდა საარჩევნო სუბიექტებისთვის გამოყოფილი დროის პროცენტულ გადანაწილებაშიც. ასევე, აღნიშნული მაუწყებლების ეთერებში ადგილი ჰქონდა ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების დარღვევას. მაუწყებლების ეთერში განთავსებული გადაცემები თანხვედრაში იყო მმართველი პარტიის წინასაარჩევნო პროგრამასთან. გადაცემის წამყვანები, ხშირად, ახდენდნენ საკუთარი თავის იდენტიფიცირებას მმართველ პარტიასთან, აკეთებდნენ პარტიის მხარდამჭერ მოწოდებებსა და კომენტარებს“.

რაც შეეხება „რუსთავი 2“-ს, როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, „წინასაარჩევნო პროცესების გაშუქებისას, მთავარი პრობლემა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ბალანსის პრინციპის დარღვევა იყო. შეიმჩნეოდა კრიტიკული დამოკიდებულება ოპოზიციური პარტიების წინასაარჩევნო დაპირებების მიმართ“.

 2025 წლის 20 მაისს, წლიურ ანგარიშთან ერთად, გამოქვეყნდა წინასაარჩევნო რაოდენობრივი მედიამონიტორინგის ანგარიშიც

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ