„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში
დაგეგმილ იმ ცვლილებებს ეხმაურება,
რომლითაც ComCom-ს ბანკებისგან მაუწყებლების შესახებ კონფიდენციალური
ინფორმაციის მიღება სასამართლოს მეშვეობით შეეძლება და მიიჩნევს, რომ
მარეგულირებლისთვის მსგავსი უფლებამოსილების მინიჭების აუცილებლობა არ
არსებობს.
კოალიციის შეფასებით, ComCom-თვის საბანკო კონფიდენციალურობის დარღვევის შესაძლებლობის მინიჭება მედიაზე ფინანსური ზეწოლისა და შანტაჟის ახალი იარაღია:
„აღნიშნული ცვლილებები არ ითვალისწინებს მკაფიო კრიტერიუმებსა და ბოროტად გამოყენებისგან დაცვის მექანიზმებს. „ქართული ოცნება“ ბოროტად იყენებს საკუთარ გავლენებს პოლიტიზებულ სახელმწიფო უწყებებზე, მათ შორის მარეგულირებელზე, მედიის საქმიანობის შესაზღუდად. კომუნიკაციების კომისია არ არის მიუკერძოებელი ინსტიტუტი, ის „ქართული ოცნების“ კონტროლის ქვეშ მყოფი ორგანოა, ხოლო მისი თავმჯდომარე რეპრესირებული რეჟიმის მხარდაჭერის გამო არის დასანქცირებული“.
„მედიის ადვოკატირების კოალიციის“ განცხადებით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები მედიის სისტემური დევნის ფონზე ხორციელდება:
„ჯერ კიდევ უკანონო პატიმრობაში იმყოფება პირველი სინდისის პატიმარი ჟურნალისტი ქალი მზია ამაღლობელი, მიღებულია ათობით ანტიდემოკრატიული კანონი, მათ შორის დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმები გამოუძიებელია, გრძელდება მედიის წარმომადგენლებზე მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანია, საზოგადოებრივ მაუწყებელში ხელმძღვანელობა უკანონოდ ათავისუფლებს პროფესიონალ და დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, ხურავს გადაცემებს და.ა.შ.
წარმოდგენილი კანონპროექტი ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლს, OSCE/ODIHR-ისა, ვენეციის კომისიის და ევროპის საბჭოს რეკომენდაციებს, რომელიც კრძალავს მარეგულირებელი მექანიზმების პოლიტიკური ზეწოლისთვის გამოყენებას“.
კოალიცია, რომელიც ადამიანის უფლებების დამცველ და მედიის საკითხებზე მომუშავე 17 ორგანიზაციას აერთიანებს, მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული ცვლილებები წარმოადგენს კიდევ ერთ ნაბიჯს ავტორიტარული რეჟიმის მშენებლობისკენ, სადაც მედიის დამოუკიდებლობა და გამოხატვის თავისუფლება სისტემურად ირღვევა.
„დამოუკიდებელ მედიას უნდა შეეძლოს პროფესიული მოვალეობის შესრულება, ინფორმაციის მოძიება თუ გავრცელება, ასევე კრიტიკული კითხვების დასმა და მათზე პასუხების მოთხოვნა“, - აღნიშნულია კოალიციის განცხადებაში.
„ქართული ოცნების“ წევრების საკანონმდებლო ინიციატივით, რომელიც პარლამენტის ბიურომ 2 ივნისს დაარეგისტრა, შესაბამისი ცვლილებები „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში“ და საქართველოს კანონებში: „მაუწყებლობის შესახებ’’, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ’’ და „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ შევა.
დაგეგმილი ცვლილებებით, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ და „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამის მუხლებში, რომელიც საბანკო საიდუმლოებას შეეხება, გაჩნდება ჩანაწერი, რომ ნებისმიერი გარიგების (მათ შორის, გარიგების დადების მცდელობის შემთხვევაში), განხორციელებული გადახდის ოპერაციის, ანგარიშის, ანგარიშიდან განხორციელებული ოპერაციისა და ანგარიშზე არსებული ნაშთის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასაც შეიძლება მიეცეს.
ვრცლად ინიციირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე იხილეთ „მედიაჩეკერის“ მასალა - კომუნიკაციების კომისიას მაუწყებლების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიღება ბანკებისგან სასამართლოს მეშვეობით შეეძლება